Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-584-571(კ-14) 20 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. ჭ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ე. ჭ-ის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საარქივო სამმართველოს ქობულეთის არქივის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - ე. ჭ-ის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საარქივო სამმართველოს ქობულეთის არქივის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქობულეთში, სოფ. ... საკომლო წიგნში მ. თ-ის კომლში 1996-2005 წლიდან არსებულ ჩანაწერის ე. ჭ-ის კომლში რეგისტრაციის თაობაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 6 დეკემბრის №13 საოქმო გადაწყვეტილების, 2013 წლის 15 იანვრის №16631 საკუთრების უფლების მოწმობისა და ასევე მის საფუძველზე, საჯარო რეეტრში განხორციელებული ე. ჭ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების (ჩანაწერის), ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-14; ტ.1).

შემდგომ მ. ჭ-ემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა მ. თ-ის კომლში ე. ჭ-ის ჩაწერის თაობაზე ციხისძირის თემის საკრებულოს ქმედების უკანონოდ აღიარება და ე. ჭ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის, როგორც თანამდევი შედეგის არარად ცნობა, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 6 დეკემბრის №13 საოქმო გადაწყვეტილების, 2013 წლის 15 იანვრის №16631 საკუთრების უფლების მოწმობისა და მის საფუძველზე, საჯარო რეეტრში განხორციელებული ე. ჭ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების (ჩანაწერის) ბათილად ცნობას (იხ. ს.ფ. 50-66; ტ.1).

შესაგებლით ქობულეთის არქივმა სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 108-116; ტ.1).

შესაგებლით სარჩელი არ ცნო ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 118-125; ტ.1).

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ სცნო (იხ. ს.ფ. 127-134; ტ.1).

შესაგებლით ე. ჭ-ემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 159-167; ტ.1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 250-264; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 277-288; ტ.1).

სააპელაციო შესაგებლით ე. ჭ-ემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 30-37; ტ.2).

საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სააპელაციო შესაგებლით ასევე მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 39-46; ტ.2).

ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა სააპელაციო შესაგებლებით მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 48-54; 65-72; 75-89; ტ.2).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინებით მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრით წარმოებული საქმიდან №3/ბ-73-2014 ცალკე წარმოებად გამოიყო მ. ჭ-ის სარჩელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქობულეთის არქივის მიმართ ციხისძირის თემის საკრებულოს ქმედების (საკომლო წიგნში ჩანაწერის განხორციელების) უკანონოდ აღიარების შესახებ და ამ ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 155; ტ.2).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინებით მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 6 დეკემბრის №13 საოქმო გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 15 იანვრის №16631 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ მ. ჭ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში (იხ. ს.ფ. 160-168; ტ.2).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 175-183; 195-204; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 206-207; ტ.2).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით ე. ჭ-ემ მოითხოვა მ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 213-214; ტ.2).

წერილობითი მოსაზრებით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ (იხ. ს.ფ. 216-217; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო განჩინების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ მ. ჭ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ჭ-ეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს დ. ვ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. მ. ჭ-ეს უნდა დაუბრუნდეს დ. ვ-ის მიერ მის საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 28 ოქტომბრის №5 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე