საქმე #ბს-604-591(კ-14) 20 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ს. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ს. ქ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების, მ. ვ-ისა და კ. ჯ-ის მიმართ, განაცდური საარსებო შემწეობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ს. ქ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების, მ. ვ-ისა და კ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონულ განყოფილებას დაეკისროს განაცდური საარსებო შემწეობის ანაზღაურება 2010 წლის 12 ივლისიდან 2012 წლის ნოემბრის თვემდე 912 ლარის ოდენობით და ასევე მოპასუხეებს დაეკისროთ მიყენებული ზიანის - 18000 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 2-11; 32-33).
შესაგებლით მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონულმა განყოფილებამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 37-45).
წერილობითი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს ასევე მოპასუხეებმა კ. ჯ-ემ და მ. ვ-მა (იხ. ს.ფ. 80-88; 90-98).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 110-115).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ქ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 123-132).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინებით ს. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 163-170).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ქ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 180-187; 198-205).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 208-209).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლებით მოპასუხეებმა მ. ვ-მა და კ. ჯ-ემ მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 219-225; 247-253).
საკასაციო შესაგებლით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონულმა განყოფილებამ (იხ. ს.ფ. 234-239).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებით, კასატორის _ ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის - ს. ქ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს ს. ქ-ის საკასაციო საჩივარის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე