#ბს-633-620(კ-14) 16 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 22 ივლისს მ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა მ. გ-ასათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამობის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 28 ივნისის დასკვნის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ამ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ამ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მ. გ-ამ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზნით, 2013 წლის 15 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2013 წლის 28 ივნისს გაიცა დასკვნა მ. გ-ასათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამობის შესახებ, რომლის ბათილად ცნობაც წარმოადგენს მოცემული დავის საგანს.
აღნიშნული დასკვნის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ერთის მხრივ იმსჯელა უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს სახელმწიფოსთან პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხზე, ხოლო მეორეს მხრივ, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხზე.
კასატორი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის ერთ-ერთ არგუმენტად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოქალაქეობის მინიჭების შესახებ მის განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო არა საქართველოს პრეზიდენტმა, არამედ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელიც დაეყრდნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და საქართველოს დაზღვერვის სამსახურის უარყოფით პასუხებს.
სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის N80 ბრძანებულებით დამტკიცებული „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის“ მე-6 მუხლის მიხედვით, სააგენტო, ამ დებულების მე-5 მუხლის მე-5, 51 და 54 პუნქტების შესაბამისად, წყვეტს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და ამზადებს დასკვნას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის თაობაზე.
ამავე წესის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა დასრულდება სააგენტოში და დასკვნა 3 დღეში ეგზავნება უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის ორგანული კანონით დადგენილმა რეგულაციებმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა არსებულ დანაწესში.
მითითებული კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლებს, პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამდენად, ახალი რეგულაციების ფარგლებში მოსარჩელის მიერ მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის ხელახლა მიმართვის პირობებში, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე