Facebook Twitter

საქმე #ბს-646-631(2კ-14) 20 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

sაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. და რ. ჯ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ლ. ჯ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მესამე პირების - გ. და რ. ჯ-ების მონაწილეობით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ლ. ჯ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-10; ტ.1).

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით ლ. ჯ-ის სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში (იხ. ს.ფ. 187-189; ტ.1).

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ჯ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 191-196; ტ.1).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად წარმოებაში მიღების ეტაპიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 209-218; ტ.1).

შესაგებლით მოპასუხე - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 5-12; ტ.2).

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მოსარჩელის მითითების შესაბამისად, მოპასუხე მხარედ განისაზღვრა გორის მუნიციპალიტეტის (გამგეობა, საკრებულო); ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ბათილად იქნეს ცნობილი ხიდისთავის თემის საკრებულოს მიერ 2005 წლის 28 მარტს გაცემული №359, №360 და №510 ცნობები, 2005 წლის 18 აპრილის №108 დადგენილება და 2005 წლის 12 აპრილის შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი. ამავე განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ - გ. და რ. ჯ-ები (იხ. ს.ფ. 34-37; ტ.2).

წერილობითი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს ასევე მესამე პირებმა - გ. და რ. ჯ-ებმა (იხ. ს.ფ. 40-46; ტ.2).

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 174-180; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჯ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 184-194; ტ.2).

სააპელაციო შესაგებლით მესამე პირება - გ. და რ. ჯ-ებმა მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 13-19; ტ.3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხიდისთავის თემის საკრებულოს გამგებლის 2005 წლის 28 მარტის №359 ცნობა, 2005 წლის 28 მარტის №360 ცნობა და 2005 წლის 18 აპრილის №510 ცნობა; ბათილად იქნა ცნობილი გორის რაიონის გამგეობის 2005 წლის 12 აპრილის №108 დადგენილება და 2005 წლის 4 აპრილის შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი (იხ. ს.ფ. 105-122; ტ.2).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა - გ. და რ. ჯ-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 129-137; 161-168; ტ.3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 20 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 138-144; ტ.3).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გ. და რ. ჯ-ების საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 170-171; ტ.3).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით ლ. ჯ-მა მოითხოვა გ. და რ. ჯ-ების საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 175-177; ტ.3).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 დეკემბრის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (იხ. ს.ფ. 182-184; ტ.3).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, გ. და რ. ჯ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებით, კასატორის _ გ. და რ. ჯ-ების საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის - გ. და რ. ჯ-ების მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს გ. და რ. ჯ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. და რ. ჯ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. ჯ-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს გ. და რ. ჯ-ების საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. და რ. ჯ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.

რ. ჯ-ს უნდა დაუბრუნდეს გ. და რ. ჯ-ების საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 14 ნოემბრის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე ბს-646-631(2კ-14) 3 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ლ. ჯ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე გორის მუნიპალიტეტის გამგეობის მიმართ, მესამე პირების - რ. და გ. ჯ-ების მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2014 წლის 22 ოქტომბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე #ბს-646-631(2კ-14) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 ,,ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნას. კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას თუ რაში მდგომარეობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა და არ შეიცავდა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ცამოყალიბებულ განაცხადს (იხ. ტ. 3; ს.ფ. 149-150).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაეგზავნა 2014 წლის 4 ნოემბერს და სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინება ჩაჰბარდა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელს ნ. ა-ს 2014 წლის 5 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 156 და შპს ,,...“ მიერ წარმოდგენილი შესწორებული დასტური ს.ფ. 179), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2014 წლის 17 ნოემბერს (შაბათ-კვირის გათვალისწინებით), მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორს ხარვეზი არ შეუვსია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396, 401-ე, 447-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე