საქმე #ბს-654-639(კ-14) 20 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე დ. გ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირების - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ს. ჯ-ისა და გ. მ-ის მონაწილეობით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორცილების დავალდებულების თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
დ. გ-მა სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 ივლისის №882012383652-03 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის საკადასტრო გეგმის გაცემის დავალება (იხ. ს.ფ. 1-9; ტ.1).
მოპასუხეებმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურმა წერილობითი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა (იხ. ს.ფ. 46-54; ტ.1).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 ივლისის №882012383652-03 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №149881 გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გასცეს საკადასტრო გეგმა დ. გ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...); მოპასუხეებს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს თანაბარწილად დაეკისრათ 100 ლარისა (სახელმწიფო ბაჟი) და 400 ლარის (წარმომადგენლისთვის გაწეული ხარჯი) ჯამში - 500 ლარის გადახდა დ. გ-ის სასარგებლოდ (იხ. ს.ფ. 139-146; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 151-163; ტ.1).
სააპელაციო შესაგებლით დ. გ-მა მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 9-16; ტ.2)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ ს. ჯ-ი და გ. მ-ე (იხ. ს.ფ. 24-25; ტ.2)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 50-64; ტ.2).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 72-79; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით დ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (იხ. ს.ფ. 102-103; ტ.2).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 ივლისის №882012383652-03 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №149881 გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გასცეს საკადასტრო გეგმა დ. გ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...); მოპასუხეებს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს თანაბარწილად დაეკისრათ 100 ლარისა (სახელმწიფო ბაჟი) და 400 ლარის (წარმომადგენლისთვის გაწეული ხარჯი) ჯამში - 500 ლარის გადახდა დ. გ-ის სასარგებლოდ (იხ. ს.ფ. 191-199; ტ.2).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 207-219; ტ.1).
სააპელაციო შესაგებლით დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 247-255; ტ.2).
სააპელაციო შესაგებლით დ. გ-მა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 263-269; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 აპრილის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 289-305; ტ.2).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 313-323; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 334-335; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 7 ნოემბრის №21842 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე