საქმე #ბს-690-676(კ-14) 20 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. მ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, ტ. მ-ისა და ნ. მ-ის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. მ-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, ტ. მ-ისა და ნ. მ-ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მ. მ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მდებარე ქუთაისი, ... გამზ. მე-... ჩიხი №18 (საკადასტრო კოდი: ...) 2012 წლის 4 ივლისს რეგისტრირებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ (დამოწმების თარიღი 04.07.2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) №88201316617-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ასევე 2012 წლის 4 ივლისს ნ. მ-სა და ტ. მ-ეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-17).
მოპასუხემ - ტ. მ-ემ შესაგებლებით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 46-54).
მოპაუხემ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა (იხ. ს.ფ. 68-76).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 4 ივლისს ნ. მ-სა და ტ. მ-ეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მ. მ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქუთაისი, ... გამზ. მე-... ჩიხი, №18 (ს/კ ...) 2012 წლის 4 ივლისს რეგისტრირებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება №88201316617-03 (04.07.2012). მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს მოსარჩელე მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, მოპასუხე ტ. მ-ეს მოსარჩელე მ. მ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 223 ლარისა და მოპასუხე - ნოდარი მდივანს მოსარჩელე მ. მ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 111,5 ლარის გადახდა; მოსარჩელე მ. მ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ 2013 წლის 16 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 111,5 ლარი, რომელიც ამოირიცხა შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბანკი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი:TRESGE 22 (იხ. ს.ფ. 169-181).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 184-192).
სააპელაციო შესაგებლით მ. მ-მა მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 214-221).
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა დააზუსტა მისი მოთხოვნა, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო საჩივარზე თქვა უარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 245).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარზე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა სააპელაციო წარმოება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მ. მ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქუთაისი, რუსთაველის გამზ. მე-8 ჩიხი, №18 (ს/კ 03.02.26.045) 2012 წლის 4 ივლისს რეგისტრირებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება №88201316617-03 (04.07.2012) განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 238-249).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (იხ. ს.ფ. 281-297).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 302-310).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 321-322).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 329-330).
მოწინააღმდეგე მხარემ - ტ. მ-ემ წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 332-335).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა ასევე წერილობითი მოსაზრებით მ. მ-მა (იხ. ს.ფ. 348).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 14 ნოემბრის №21984 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე