საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე #ბს-742-728(კ-14) 12 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. მ-ის წარმომადგენლის ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. მ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2014 წლის 26 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე #ბს-742-728(კ-14) მ. მ-ის წარმომადგენლის ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ის წარმომადგენლის ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის ,,გ“ და ,,ე” ქვეპუნქტისა და 396.3 მუხლის მოთხოვნებს, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული გასაჩივრებული განჩინების თარიღი, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზი) და საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (იხ. ს.ფ. 274-275).
2014 წლის 16 დეკემბერს მ. მ-ის წარმომადგენელმა ლ. ჭ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება რამდენიმე დღით (იხ. ს.ფ. 280-281).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ის წარმომადგენლის ლ. ჭ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით და დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული განჩინების ზუსტი რეკვიზიტების მითითებით და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ს.ფ. 282-283).
2014 წლის 22 დეკემბერს მ. მ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ს.ფ. 288-289).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა დამატებით 5 დღით, იმ მოტივით, რომ ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო. კერძოდ: წარმოადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული განჩინების ზუსტი რეკვიზიტების მითითებით (იხ. ს.ფ. 290-291).
2015 წლის 8 იანვარს მ. მ-მა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომელშიც მიუთითა გასაჩივრებული განჩინების ზუსტი რეკვიზიტები (იხ. ს.ფ. 296).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. მ-ის წარმომადგენლის ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, რაც გაუგრძელდა 2014 წლის 22 დეკემბრის განჩინებით 7 დღით და 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით - 5 დღით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ხარვეზი არ შეავსო სრულყოფილად, რამდენადაც წარმოადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მიუთითა გასაჩივრებული განჩინების რეკვიზიტი, ხოლო მ. მ-ის წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, ვინაიდან არ შეიცავს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს მითითებული განჩინების უკანონობა. საკასაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის მითითებისა და საპროცესო ვადის გაგძელების შესახებ განჩინებებში მითითების მიუხედავად, კასატორმა კვლავ არ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, მხოლოდ ზოგადად მიუთითა განჩინების უკანონობაზე, მაგრამ არ გაუკრიტიკებიათ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ჩამოყალიბებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები, არ მიუთითებიათ რომელი საპროცესო თუ მატერიალური ნორმების დარღვევით გამოიტანა განჩინება სააპელაციო სასამართლომ, რაც სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, შესაძლებელია გამხდარიყო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ის წარმომადგენლის ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. მ-ს სსსკ-ის 447-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 447-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ის წარმომადგენლის ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; მ. მ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2014 წლის 22 დეკემბრის #54 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი სრულად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.მოსამართლე /ნათია წკეპლაძე/