კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-12-12(კს-15) 30 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. მ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 6 აპრილს გ. ტ-ომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ქობულეთში, ... ქ. №...-ვ-ში მდებარე ბინა №41-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 5 მარტის აქტის ბათილად ცნობა და ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი აქტის გამოცემისა და საკუთრების მოწმობის გაცემის მოპასუხისათვის დავალება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ს. მ-ე.
2012 წლის 22 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ განცხადებით მიმართა ნ. მ-ემ.
განმცხადებლის მითითებით, იგი სადავო ბინის ერთ ოთახში (ქ. ქობულეთში, ... ქ. №...-ვ-ში მდებარე ბინა №41) 1984 წლიდან ცხოვრობდა ოჯახთან ერთად მისი მეპატრონის - ო. მ-ას თანხმობით. შესაბამისად, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეეხებოდა მის უფლებებსაც.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. მ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ტ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ტ-ომ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით გ. ტ-ოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება; გ. ტ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება ქ. ქობულეთში, ... ქ. №...-ვ-ში მდებარე ბინა №41-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ქობულეთში, ... ქ. №...-ვ-ში მდებარე ბინა №41-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გ. ტ-ოს განცხადებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
2014 წლის 6 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გ. ტ-ომ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინებით გ. ტ-ოს განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 23 იანვრის №01-19/33 ბრძანებით აღსრულებულია ნებაყოფლობით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ტ-ომ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინებით გ. ტ-ოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინება და გ. ტ-ოს განცხადების განხილვის სტადიიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ. ტ-ოს განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარადგინა ნ. მ-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ნ. მ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე გ. ტ-ო სარჩელით ითხოვდა ქ. ქობულეთში, ... ქ. №...-ვ-ში მდებარე ბინა №41-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 5 მარტის აქტის ბათილად ცნობასა და ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი აქტის გამოცემისა და საკუთრების მოწმობის გაცემის მოპასუხისათვის დავალებას. მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებდა იმ ფაქტობრივ საფუძვლებზე, რომ იგი იყო სადავო ბინის კანონიერი მოსარგებლე, კერძოდ, ბინა ქობულეთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 26 დეკემბრის №301 გადაწყვეტილების საფუძველზე გადაცემული ჰქონდათ მარია დემენტევასა და ო. მ-ას. ამ უკანასკნელთა სახელზე 1984 წლის 3 თებერვალს გაცემული იყო ბინის ორდერი №00330. მოსარჩელე კი მარია დემენტევას ანდერძისმიერი მემკვიდრე იყო.
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. მ-ე, როგორც თავადვე უთითებდა საქმეში წარმოდგენილ შესაგებლებში, სადავო ბინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა 1984 წლიდან ბინის ერთ-ერთი დამქირავებლის - ო. მ-ას თანხმობით, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2007 წლიდან გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან. ამჟამად ბინაში არც ო. მ-ა ცხოვრობს, უფრო მეტიც, ამ უკანასკნელს ბინის პრივატიზაცია არ მოუხდენია და ბინა მის საკუთრებად არ აღრიცხულა. 1984 წლის 3 თებერვლის №00330 ბინის ორდერის თანახმად, ო. მ-ა მარია დემენტევასთან ერთად იყო მხოლოდ სადავო ბინის დამქირავებელი.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა ქ. ქობულეთში, ... ქ. №...-ვ-ში მდებარე ბინა №41-ის საკუთრებაში გადაცემა. ამჟამად მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება აღსრულების ეტაპზეა. ნ. მ-ე წარმოდგენილი კერძო საჩივრით სწორედ აღსრულებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას ხდის სადავოდ. ნ. მ-ე საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე იყო ჩაბმული მესამე პირად, რაც ამ უკანასკნელს საქმის განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია და არ მოუთხოვია საპროცესო სტატუსის შეცვლა (ს.ფ. 202-204; ტ.I).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა.
ნ. მ-ე, როგორც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი, არ სარგებლობს მხარეთათვის მინიჭებული ყველა საპროცესო უფლებით, კერძოდ, მას არ გააჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლება, რადგან იგი არ წარმოადგენს მოცემულ დავაზე იმ სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტს (საქმის მასალებით არ დასტურდება დავის საგნის მიმართ მისი კანონიერი უფლებისა თუ ინტერესის არსებობის ფაქტი), რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. საქმის მასალებით არ დასტურდება ნ. მ-ის მიერ სადავო ბინის მართლზომიერი ფლობის ან სხვა კანონიერი უფლების არსებობის ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე