Facebook Twitter

#ბს-473-462(კს-14) 16 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ა. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) – ქ. თბილისის მერია, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა, თ. და ჟ. თ-ები.

მესამე პირები – თ. თ-ი, მ. და რ. თ-ები, გ. ი-ი, ვ. ჩ-ი

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.14წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ა-მა 02.06.1999წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ქ. თბილისის მერიის, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის, თ. და ჟ. თ-ების მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 17.06.97წ. №12.23.681 დადგენილების და 25.09.97წ. №19.20.1141 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ გაცემული №10-7437 და №0174-38 ორდერების გაუქმება და მოპასუხეების - თ. და ჟ. თ-ების თანმხლებ პირებთან ერთად სადავო ფართიდან (მდებარე ქ. თბილისში, ..., ... ქ. №3) გამოსახლება მოითხოვა.

სასამართლოს ინსტანციებს შორის საქმის არაერთხელ განხილვის შედეგად, საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.01.2010წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 25.09.2003წ. გადაწყვეტილება, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლოს 16.06.2010წ. განჩინებით ა. ა-ს უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის განხილვაზე დაუშვებლობის მოტივით.

ა. ა-მა 21.11.13წ. სააპელაციო სასამართლოს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.01.2010წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ მის მიერ მოპოვებული იქნა საბურთალოს რაიონის გამგეობის განკარგულებების ასლები, რომლებიც ეხება მუნიციპალური საწარმოების დაფუძნებას და აღნიშნა, რომ საქმის არსებითად განხილვის დროს ამ მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენის შემთხვევაში მისი სასარგებლო გადაწყვეტილება დადგებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.12.13წ. განჩინებით ა. ა-ს დაევალა სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მის მიერ დაცულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადა, ასევე სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.02.14წ. განჩინებით ა. ა-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.01.2010წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.02.14წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის საქმის წარმოების განახლების დავალება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოს 08.05.14წ. განჩინებით ა. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.07.14წ. განჩინებით ა. ა-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.01.2010წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარის მიერ არ იქნა მითითებული ახალ მტკიცებულებაზე, ხოლო ა. ა-ის მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო მტკიცებულებად, რომელიც დაადასტურებდა ისეთ გარემოებას, რომლის შესახებაც მხარემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა გადაწყვეტილების მიღების დროს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მხარეს საქმის არსებითად განხილვის დროს შეეძლო გამოეთხოვა ეს დოკუმენტაცია შესაბამისი ორგანოდან.

განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე, სსკ-ის 421-ე, 423-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ა. ა-ს არ ჰქონდა მუნიციპალური საწარმო ,,სურსათი 29-ის“ დაფუძნების და რეგისტრაციის შესახებ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 04.10.93 წლის N2262 და 31.07.92 წლის N4009 განკარგულებების ადრე მოპოვების შესაძლებლობა, რადგან მუნიციპალური საწარმო ,,სურსათი 29“ იყო ცალკე იურიდიული პირი, რომლის შესახებ ინფორმაცია დაცული იყო იმჟამინდელი კანონმდებლობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ა. ა-ის კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და დამატებით აღნიშნავს, რომ სსკ-ის 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, პროცესის შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპიდან (სსკ მე-4 მუხ.) გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა. ამასთან, სსკ 426-ე მუხლის თანახმად, ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განსჯად სასამართლოში უნდა იქნეს შეტანილი ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა.

განსახილველ შემთხვევაში ა. ა-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების განახლების საფუძვლად წარდგენილი იქნა მუნიციპალური საწარმო ,,სურსათი 29-ის“ დაფუძნების და რეგისტრაციის შესახებ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 04.10.93 წ. N2262 და 31.07.92 წ. N4009 განკარგულებები, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაცვის დასადასტურებლად წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 26.12.13წ. გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ა. ა-ის მიერ მუნიციპალური საწარმო ,,სურსათი 29-თან“ დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლის მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაცია არ ფიქსირდება. სასამართლოს წარედგინა ასევე ბ. ჟ-ის განცხადება იმის შესახებ, რომ მის მიერ 2012 წელს საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი ცნობა სახელმწიფო საწარმო ,,სურსათი 29-ის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით ა. ა-ს 16.11.13წ. გადაეცა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ა. ა-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი საქმის წარმოების განახლებისათვის. საქმის წარმოების განახლების პირობას წარმოადგენს ფაქტის სიახლე, ამასთანავე საუბარია არა უბრალოდ ახალ, არამედ ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე, ე.ი. ისეთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, რომელიც საქმის განხილვის დროს არსებობდა, მაგრამ არ იყო ცნობილი და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი განმცხადებლისათვის და სასამართლოსათვის, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებასა და მტკიცებულებაზე. აღნიშნული გარემოებები ქმნიან სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების დასაშვებობის აუცილებელ პირობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მუნიციპალური საწარმო ,,სურსათი 29-ის“ დაფუძნების და რეგისტრაციის შესახებ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 04.10.93წ. N2262 და 31.07.92წ. N4009 განკარგულებები არ ადასტურებენ ისეთი გარემოების არსებობას, რომლის შესახებაც მხარემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა გადაწყვეტილების მიღების დროს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მუნიციპალური საწარმო ,,სურსათი 29-ის“ შესახებ ინფორმაციის მოპოვება უფრო ადრე შეუძლებელი იყო. სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. სსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ბ. ჟ-ის განცხადება (ტ.6, ს.ფ. 41), რომ მან საქართველოს ეროვნული არქივიდან 2012 წელს გამოითხოვა საწარმო ,,სურსათი 29-ის“ შესახებ დოკუმენტების ასლები, რომელიც შემდეგ გადასცა ა. ა-ს, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.12.13წ. ცნობა (ტ.6, ს.ფ. 48) იმის შესახებ, რომ ა. ა-ს არ აქვს მიმართული საჯარო რეეესტრისადმი მუნიციპალური საწარმო ,,სურსათი 29“ დაკავშირებული დოკუმენტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებით, არ ადასტურებენ განმცხადებლის მიერ სასამართლო განხილვის პერიოდში განცხადებაში მითითებული მასალების (საბურთალოს გამგეობის 31.07.92წ. №4009 და 04.10.93წ. №2262 განკარგულებების) წარდგენის შეუძლებლობას და განმცხადებლის მიერ წარმოების განახლების შესახებ დადგენილი ვადის დაცვას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. ა-ს შეეძლო მიეღო ზემოაღნიშნული მტკიცებულებები შესაბამისი ორგანოდან საქმის არსებითად განხილვის დროს, საქმის განხილვის დროს ამ დოკუმენტის მიღების შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი არ გამორიცხავს სასამართლოწარმოების დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობის საწყისებს, შესაბამისად მოსარჩელე არ იყო გათავისუფლებული იმ გარემოებების დამტკიცებისაგან, რომელზედაც ამყარებდა ის თავის მოთხოვნას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების განახლების სავალდებულო პირობას შეადგენს ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც საქმის განხილვის დროს არ იყო ცნობილი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 04.10.93წ. №2262 განკარგულება, რომელსაც განმცხადებელი უთითებს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის პერიოდში ცნობილი იყო მოსარჩელისათვის და სასამართლოსათვის, ამდენად, ის ვერ იქნება მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის, საბურთალოს რაიონის გამგეობის 04.10.93წ. №2262 განკარგულება თან ერთვოდა მოსარჩელე ა. ა-ის სასარჩელო განცხადებას (ტ.1, ს.ფ.15), რაც გამორიცხავს ახლად აღმოჩენილ გარემოებად მისი მიჩნევის შესაძლებლობას. ახლად აღმოჩენილი არ არის აგრეთვე განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად დამატებით მითითებული ქ. თბილისის მერიის უძრავი ქონების აღრიცხვის სამმართველოს არასაცხოვრებელი ფართის სარეგისტრაციო მოწმობა №4126, ტექინვენტარიზაციის ბიუროს 05.03.1998წ. №24-231 ცნობა-დახასიათება, საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის 19.12.1994წ. №1-13/191, 20.12.1994წ. №1-13/193 ცნობა-დახასიათებები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამგეობის 04.10.93წ. №2262 განკარგულების მსგავსად ხსენებული დოკუმენტაცია თან ერთვოდა სარჩელს და დაცულია საქმეში (ტ.1, ს.ფ.8,11,12,13), სარჩელს ერთვოდა ასევე კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარზე თანდართული დოკუმენტები: 19.04.1996წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №23/340-ა და 16.04.96წ. ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ.4-7). ამდენად, აღნიშნული დოკუმენტების შესახებ ცნობილი იყო მხარეებისათვის და სასამართლოსათვის საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში. საქმის წარმოების განახლების პროცედურის ფარგლებს სცილდება საქმეში დაცული და სასამართლოსათვის ცნობილი მტკიცებულებების ხელახალი განხილვა-შეფასება, კანონმდებლობის ნორმების გამოყენების სისწორის, საკასაციო პალატის მითითების შესრულების სისრულის გადამოწმება, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს საზედამხედველო წარმოებას, ამასთანავე საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს იმ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, ამ გარემოებათა წრის გაფართოება არ დაიშვება.

რაც შეეხება საბურთალოს რაიონის გამგეობის 31.07.1992წ. №4009 განკარგულებას, ის ეხება სურსათვაჭრობის №29 მაღაზიის დამოუკიდებელ სახელმწიფო საწარმოდ რეგისტრაციას, განკარგულების ტექსტი არ შეიცავს რაიმე მითითებას ფართის ოდენობასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციას მნიშვნელობა აქვს ფართის ოდენობის დადგენის თვალსაზრისით, ხსენებული დოკუმენტი ასეთზე მითითებას არ შეიცავს. სსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოება არის იურიდიული ფაქტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია საქმის განხილვისათვის. შესაბამისად, სახეზე არ არის ისეთი მტკიცებულება, რომელიც საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთანავე, განკარგულება არ ადასტურებს ისეთ გარემოებას, რომლის შესახებაც მხარემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა გადაწყვეტილების მიღების დროს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების, განცხადების დასაშვებობის პირობები, არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობა, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად მისი გაუქმების საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს 31.07.14წ. გასაჩივრებული განჩინებით ა. ა-ის განცხადება მართებულად დარჩა განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.14წ. განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე