საქმე ¹#ბს-674-660(კს-14) 9 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ც-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნესტორ ლუტიძის სარჩელისა გამო, მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის - ა. ც-ის მონაწილეობით).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2014 წლის 27 ოქტომბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-674-660(კს-14) ა. ც-ის კერძო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ა. ც-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.2 მუხლის მოთხოვნას. ვინაიდან, კერძო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ტ. II; ს.ფ. 101-102).
2014 წლის 26 ნოემბერს ა. ც-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება ერთი კვირით ხარვეზის აღმოფხვრის ვადაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (იხ.ტ. II; ს.ფ. 105-106).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ა. ც-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით (იხ.ტ. II; ს.ფ. 107-108).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ა. ც-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე. საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დამატებით განესაზღვრა საპროცესო ვადა 7 დღით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ა. ც-ეს გაეგზავნა 2014 წლის 2 დეკემბერს. სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, განჩინება ა. ც-ეს ჩაჰბარდა პირადად 2014 წლის 4 დეკემბერს (იხ. ტ. II; ს.ფ. 110), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ დამატებით განსაზღვრული 7-დღიანი საპროცესო ვადა ამოეწურა 2014 წლის 11 დეკემბერს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ც-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ც-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე