#ბს-683-669(კს-14) 16 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ სს „…“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭო
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 19 ნოემბერს სს „…“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
2014 წლის 8 იანვარს სს „…“ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეებად მიუთითა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭო და მოითხოვა სს „…“ დისკვალიფიკაციის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატენდერო კომისიის 2013 წლის 1 ოქტომბრის #962 გადაწყვეტილებისა და სახელმწიფო შესყიდვების საგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით სს „…“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „…“, რომელმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინებით სს „…“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „…“, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სს „…“ მოკლებული იყო შესაძლებლობას შეევსო ხარვეზი, რამდენადაც საწარმოში შემოწმებაზე იმყოფებოდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სარევიზიო ჯგუფი, რომელმაც 2008 წლიდან დღემდე პერიოდის საბუღალტრო მასალებთან ერთად ამოიღო ხელშეკრულებები, საზოგადოებაში შესული წერილები და სხვა დოკუმენტები, მათ შორის სააპელაციო სასამართლოსაგან მიღებული ხარვეზის შესახებ განჩინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სს „…“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს „…“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვვით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „…“. აპელანტმა წარდგენილი სააპელაციო საჩივრით ასევე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იმ საფუძვლით, რომ საწარმო იმყოფებოდა მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით სს „…“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, განესაზღვრა 10-დღიანი საპროცესო ვადა მის შესავსებად და სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო აქტების ჩაბარების წესის მარეგულირებელი ნორმები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავში, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ასევე გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინება 2014 წლის 6 ივნისს ჩაბარდა სს „…“ ოფისის მენეჯერს, რაც დასტურდება გზავნილზე პირის ხელმოწერით (იხ. ს.ფ. 286). შესაბამისად, ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა 2014 წლის 16 ივნისს 24 საათზე იწურებოდა. აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინებით სს „…“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზად იგი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ საწარმოში ტარდებოდა საგადასახადო შემოწმება, რა მიზნითად შესაბამისი ორგანოს მიერ ამოღებულ იქნა დოკუმენტები, რომელთა შორისაც იყო ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის განჩინებაც. შესაბამისად, აპელანტმა ვერ შეძლო ხარვეზის შევსება. აღნიშნულის დასადასტურებლად, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა მხოლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 28 აპრილის საგადასახადო შეტყობინება, რომლის თანახმად, სს „…“ ეცნობა, რომ იგეგმებოდა საწარმოს საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, კერძოდ, შემოწმება დაიწყებოდა მინიმუმ 10 სამუშაო დღეში, მაგრამ არა უგვიანეს აღნიშნული შეტყობინების გაცემიდან 30 დღისა. ამავე შეტყობინებით საზოგადოებას ეთხოვა საგადასახადო შემმოწმებლებისათვის ელექტრონული ფორმით ინფორმაციისა და ბუღალტრული აღრიცხვის მასალების მიწოდება.
წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რაზეც აპელირებს კერძო საჩივრის ავტორი, ანუ რეალურად როდის დაიწყო საგადასახადო შემოწმება, მოხდა თუ არა დოკუმენტების ამოღება და მათ შორის ამოღებულ იქნა თუ არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინება, ან ასეთ ვითარებაშიც, თუ საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობდა სასამართლოს განჩინების მხარისათვის ჩაბარების დროს, აღნიშნული გამორიცხავდა თუ არა სს „…“ მიერ მისი გაცნობის შესაძლებლობას. საქმის მასალებით დგინდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს განჩინებაუფლებამოსილ პირს - სს „…“ ოფისის მენეჯერს ჩაბარდა. შესაბამისად, მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა მას, ხოლო ხარვეზის შევსების დამაბრკოლებელი სხვა რაიმე გარემოების არსებობის პირობებში, მხარეს შეეძლო ესარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ს მუხლით მინიჭებული უფლებით და ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, რაც მას არ განუხორციელებია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა ისეთ ობიექტურ გარემოებაზე, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა ხარვეზის შევსებას ან შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვას.
შესაბამისად, სს „…“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „…“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე