Facebook Twitter

საქმე №ბს-699-685(კს-14) 16 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ქ. ზ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ფინანასთა სამინისტრო

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 4 ოქტომბერს ქ. ზ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ 30634 აშშ დოლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ზ-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინებით ქ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 369-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება ქ. ზ-ს ჩაბარდა 2014 წლის 10 თებერვალს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა 2014 წლის 24 თებერვალს ამოიწურა. ქ. ზ-მა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2014 წლის 29 მაისს, კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ზ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან თავისი საპროცესო უფლების რეალიზაცია მოახდინა კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ 2014 წლის 14 თებერვალს წარადგინა სააპელაციო საჩივარი, მაგრამ საქალაქო სასამართლოში დროულად არ დარეგისტრირდა მისი საჩივარი.

2014 წლის 10 ნოემბერს ქ. ზ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოდან ვიდეო თვალის 2014 წლის 14 თებერვლის მონაცემების ამოღება, რომლითაც დადასტურდება, რომ იგი ნამდვილად იმყოფებოდა 2014 წლის 14 თებერვალს საქალაქო სასამართლოში და შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

აღნიშნული განცხადება საქმეზე დასართავად სააპელაციო სასამართლოს მიერ გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ქ. ზ-ის კერძო საჩივარი მიებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. ზ-ს პირადად ჩაბარდა 2014 წლის 10 თებერვალს (იხ. ს.ფ. 82), რასაც კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა 2014 წლის 24 თებერვალს 24 საათზე ამოიწურა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სააპელაციო საჩივარზე საქალაქო სასამართლოს მიერ დასმულ შტამპს, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში დარეგისტრირებულია 2014 წლის 29 მაისს (მინიჭებული აქვს ნომერი 5-510300), გასაჩივრების ვადის დარღვევით. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინებით ქ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის 14 თებერვალს შეიტანა, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო, საჩივარი დროულად არ დარეგისტრირდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლითა და მე-19 მუხლის პირველ ნაწილით მინიჭებული საპროცესო კომპეტენციის ფარგლებში უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოება, კერძოდ, საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვოს როგორც 2014 წლის 14 თებერვლის, ასევე 2014 წლის 29 მაისის სარეგისტრაციო ჟურნალები, გამოიკვლიოს რა პროცედურების დაცვით ხდება სააპელაციო საჩივრების რეგისტრაცია. ასევე უნდა დაადგინოს არსებობს თუ არა ვიდეო ჩანაწერები ან მათი გადამოწმების შესაძლებლობა, რაზეც შუამდგომლობდა ქ. ზ-ი 2014 წლის 10 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისწარმოების დადგენილი წესების დაცვით როდის დარეგისტრირდა ქ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი და არსებობს თუ არა რეგისტრაციის თარიღში ეჭვის შეტანის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რამდენადაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მტკიცებულებათა მოპოვების საპროცესო კომპეტენცია საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412, 419-ე , 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ზ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე