Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-702-688(კ-კს-14) 12 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. კ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 მარტის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ვ. კ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირების - გ. ს-ისა და რ. ს-ის მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2014 წლის 11 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე #ბს-702-688(კ-კს-14) ვ. კ-ის კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 მარტის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტისა და 396.3 მუხლის მოთხოვნებს, რადგან კერძო საჩივარში მითითებული იყო მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებაზე და არ იყო მითითებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები, არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული განჩინების უკანონობა, არ შეიცავდა განმარტებას იმის თაობაზე, თუ რას მოითხოვდა კონკრეტულად მომჩივანი და კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (იხ. ტ. 5; ს.ფ. 245-246).

2014 წლის 10 დეკემბერს ვ. კ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ტ. 5; ს.ფ. 252).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს ვ. კ-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად 10 დღით, რათა წარმოედგინა დასაბუთებული კერძო საჩივარი გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ საფუძვლებზე და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბებული მოთხოვნის მითითებით (იხ. ტ. 5; ს.ფ. 257-258).

2015 წლის 8 იანვარს ვ. კ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით (იხ. ტ. 5; ს.ფ. 265-266).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. კ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, რაც გაუგრძელდა 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით 10 დღით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო სრულყოფილად, რამდენადაც წარმოადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მიუთითა გასაჩივრებული განჩინების რეკვიზიტი, ხოლო ვ. კ-ის წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას და არ შეიცავს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 მარტის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს მითითებული განჩინების უკანონობა. საკასაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის მითითებისა და საპროცესო ვადის გაგძელების შესახებ განჩინებებში მითითების მიუხედავად, კერძო საჩივრის ავტორმა კვლავ არ წარმოადგინა დასაბუთებული კერძო საჩივარი, მხოლოდ ზოგადად მიუთითა განჩინების უკანონობაზე, მაგრამ არ გაუკრიტიკებიათ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ჩამოყალიბებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები, არ მიუთითებია რომელი საპროცესო თუ მატერიალური ნორმების დარღვევით გამოიტანა განჩინება სააპელაციო სასამართლომ, რაც სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, შესაძლებელია გამხდარიყო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. კ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. კ-ს სსსკ-ის 447-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 412-419-ე, 447-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. კ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; ვ. კ-ს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე მის მიერ 2014 წლის 9 დეკემბრის #923-64-1 ქვითრით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი სრულად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე /ნათია წკეპლაძე/