საქმე ¹#ბს-746-732(კს-14) 20 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს ,,...“;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა;
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 1 აპრილს შპს ,,...“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 26 ივნისის #28896 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის მოსარჩელის მითითებით პირად სააღრიცხვო ბარათზე დაფიქსირებული სადავო ზედმეტობის - 99 822 ლარის დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშზე გადატანის დავალება (იხ. ტ. 1; ს.ფ. 1-12).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 26 ივნისის #28896 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის მითითებით პირად სააღრიცხვო ბარათზე დაფიქსირებული სადავო ზედმეტობის - 99822 ლარის გადატანა დამატებული ღირებულების გადასახადში (იხ. ტ.1; ს.ფ.90-95).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1; ს.ფ. 101-146).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად (იხ. ტ.1; ს.ფ. 3-4).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო (იხ. ტ. 2; ს.ფ. 5-7).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბარდა 2014 წლის 29 ივლისს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება ჰქონდა 2014 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, რასაც სადავოდ არც სააპელაციო სასამართლო ხდის. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ჩააბარა საქართველოს ფოსტას 2014 წლის 12 აგვისტოს და არა 13 აგვისტოს, როგორც სააპელაციო სასამართლო უთითებს განუხილველად დატოვების განჩინებაში. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ფოსტაში ჩაბარებული გზავნილების რეესტრი #2233507 და აღნიშნულ რეესტრში მითითებული კორესპონდენციის საქალაქო სასამართლოში ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება (იხ. ტ. 2; ს.ფ. 18-19).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2014 წლის 29 ივლისს, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2014 წლის 13 აგვისტოს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული შტამპით; კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 30 ივლისს და ამოიწურა 2014 წლის 12 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას გამოიყენა მხოლოდ სსსკ-ის 369-ე მუხლი, რაც არ იყო საკმარისი აპელაციის დასაშვებობის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევისათვის და შესაბამისი სასამართლო დასკვნის ჩამოყალიბებისთვის, მაშინ, როცა მითითებული ნორმის გამოყენებისას სასამართლომ უნდა უზრუნველყოს აპელაციის დასაშვებობის ყველა შესაძლო გარემოების გამორიცხვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით დადგენილი ოფიციალობის პრინციპის საფუძველზე, მით უფრო იმ პირობებში, როცა სააპელაციო საჩივარს ერთვოდა კონვერტი (იხ. ტ. 1; ს.ფ. 147).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია, არსებობდა თუ არა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანისთვის დადგენილი ვადის დაცვას, რითაც დააბრკოლა ეფექტიანი სამართალწარმოების განხორციელება, ვინაიდან, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს ინიციატივის გამოყენების შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განხილვა არ შეფერხდებოდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არის ყველასთვის გარანტირებული ფუნდამენტური პროცედურული უფლება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას, არამედ - შეუფერხებელ და ეფექტიან სამართალწარმოებას.
საკასაციო სასამართლო აფასებს რა კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ 2014 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ფოსტაში ჩაბარებული გზავნილების რეესტრს #2233507 და აღნიშნულ რეესტრში მითითებული კორესპონდენციის საქალაქო სასამართლოში ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულების მიხედვით, მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში - 2014 წლის 12 აგვისტოს. მხარის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა საკმარის საფუძველს, იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა შეამოწმოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა აღნიშნული მტკიცებულებები, რომლის გამოკვლევა-შეფასება სხვა პროცესუალურ შედეგს გამოიწვევდა.
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ აპელანტის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედება, შესრულებულია ვადაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფოსტას ჩაბარდა სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე - 2014 წლის 12 აგვისტოს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის 12 აგვისტოს #2233507 რეესტრში აღნიშნული კორესპონდენცია ნომრით 040013573995 იდენტურია სააპელაციო საჩივარზე დართულ კონვერტზე მითითებულ ნომერთან) (იხ. ტ. 1; ს.ფ. 147).
სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია თუ არა სსსკ-ის 368-ე მუხლით დადგენილი აპელაციის დასაშვებობის სხვა წინაპირობების შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 61-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ნათია წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მაია ვაჩაძე/
/პაატა სილაგაძე/