საქმე¹ბს-806-792(კს-14) 20 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 6 ივნისს ი. ხ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ და მოითხოვა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2014 წლის 7 მაისის #137 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო ი. ხ-ის 2014 წლის 31 მარტის #4669 განცხადების განხილვა და 2010 წლის 15 დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის გავლილად ჩათვლის დავალება (იხ. ს.ფ. 1-14).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 109-115).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 121-130).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტმა დაარღვია გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა (იხ. ს.ფ.133-134).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ჩაბარების გზავნილზე, რომელსაც ეყრდნობა სააპელაციო სასამართლო მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინების მიღებისას, არ არის მისი ხელმოწერა. ასევე, არ არის მინდობილი პირის ხელმოწერა, რაც სასამართლოსათვის ადვილი შესამჩნევი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მას ხელმოწერილი აქვს სააპელაციო საჩივარი და მოსამართლის სახელზე დაწერილი განცხადება (იხ. ს.ფ. 116). უწყებას მის მაგივრად ხელს აწერს არაუფლებამოსილი სხვა პირი. აბსოლუტურად განსხვავებული ხელწერით არის შესრულებული მისი სახელი და გვარი, ასევე ხელმოწერა, თარიღი და მისი პირადი ნომერი. უწყება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადასცა სააპელაციო საჩივრის შეტანის დღეს 2014 წლის 8 ნოემბერს მისი მეზობლის, ... ქ. #17-ში მცხოვრებმა თ. ქ-ამ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშვნა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იგი დაინტერესებული იყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებით და არაერთხელ მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. სასამართლოს განცხადებით მიმართა 2014 წლის 17 ოქტომბერს, მაგრამ ამ დროისათვისაც სავარაუდოდ გადაწყვეტილება მზად არ იყო. უწყება, რომლითაც გაეგზავნა გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ხელს აწერს არაუფლებამოსილი სხვა პირი, ხოლო თავად განჩინება დატოვებული იყო მისი ბინის შესასვლელთან. ხელმოწერები ასევე სხვა პირის მიერ არის შესრულებული, ხოლო პირადი ნომრის ბოლო ციფრში არის შეცდომა, კერძოდ, ნულის ნაცვლად მითითებულია ექვსი (იხ. ს.ფ. 138).
შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იმის გამო, რომ მას სასამართლო გადაწყვეტილება არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესის მიხედვით, ირღვევა მისი უფლებები, კერძოდ, რომ ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. რის გამოც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ს ა m ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ სწორად განმარტა კანონი; საპროცესო ნორმები არ დარღვეულა; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება ი. ხ-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქ. 19 და ჩაბარდა პირადად 2014 წლის 21 ოქტომბერს (პირადი #01005004480 (იხ. ს.ფ. 119), სააპელაციო საჩივარი ი. ხ-ის მიერ წარდგენილია სააპელაციო სასამართლოში 2014 წლის 10 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 121-130).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი სსსკ-ის 369.1. მუხლი სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.
სსსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი კი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას, ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ხ-ს ჩაჰბარდა 2014 წლის 21 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 119), სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია სააპელაციო სასამართლოში 2014 წლის 10 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 121-130), სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რამდენადაც სსსკ-ის 60.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 22 ოქტომბერს და ამოიწურა 2014 წლის 4 ნოემბერს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივებს, რომ მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ჩაბარების გზავნილზე, რომელსაც ეყრდნობა სააპელაციო სასამართლო, არ არის მისი ხელმოწერა. ასევე, არ არის მინდობილი პირის ხელმოწერა, რაც სასამართლოსათვის ადვილი შესამჩნევი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მას ხელმოწერილი აქვს სააპელაციო საჩივარი და მოსამართლის სახელზე დაწერილი განცხადება. გზავნილს მის მაგივრად ხელს აწერს არაუფლებამოსილი სხვა პირი. აბსოლუტურად განსხვავებული ხელწერით არის შესრულებული მისი სახელი და გვარი, ასევე ხელმოწერა, თარიღი და მისი პირადი ნომერი, რომლის ბოლო ციფრში არის შეცდომა, კერძოდ, ნულის ნაცვლად მითითებულია ექვსი, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება ი. ხ-ს გაეგზავნა 2014 წლის 17 ოქტომბერს საქმეში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქ. #19 (იხ. ს.ფ. 117). სასამართლოში დაბრუნებული უკუგზავნილის თანახმად, ი. ხ-ს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2014 წლის 21 ოქტომბერს, პირადი ნომერი 01005004480 (იხ. ს.ფ. 119). საკასაციო სასამართლოს მიერ ვიზუალური დათვალიერებით აღნიშნულ გზავნილზე მითითებული ი. ხ-ის ხელმოწერა პირობითად იდენტურია საქმეში დაცულ სხვა მასალებზე გაკეთებული ხელმოწერებისა (იხ. ს.ფ. 103; 145). ასევე, სასამართლოს მიერ ვიზუალური დათვალიერებით ი. ხ-ის პირადი ნომერი გზავნილზე მითითებულია 01005004480, რაც იდენტურია თავად მხარის მიერ სასარჩელო განცხადებაში მითითებული პირადი ნომრისა და არც ბოლო ციფრში სხვაობა, რომ ნულის ნაცვლად მითითებულია - 6, არ შეინიშნება ვიზუალური დათვალიერებით, ხოლო კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა განსხვავებული შეფასებით, რაც მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარის მტკიცების ტვირთს განეკუთვნება, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გაასაჩივროს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ი. ხ-ის მიერ უგულებელყოფილია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე