ბს-332-328(კ-14) 5 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) - სს ,,…“, წარმომადგენელი - ნ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი - მ. ბ-ი; 2. შპს ,,...“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 8 ოქტომბერს სს ,,...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს ,,...“ მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სს ,,...“ 2009-2010 წლებში საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა საკუთრების უფლება სამტრედიაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 3 ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №; № და №), რომლებზეც განთავსებულია რკინიგზის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ლიანდაგი და ა. შ. 2013 წლის 6 სექტემბერს სს ,,...“ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 8 აპრილის №6/8349 წერილის საფუძველზე, სამტრედიაში მდებარე 450 მ. ლიანდაგი 2013 წლის 11 აპრილს საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა მოპასუხე - შპს ,,…“.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე - შპს ,,...“ სახელზე დარეგისტრირებული 450 მეტრი ლიანდაგი განთავსებულია სს ,,...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციის დროს წარდგენილი არ ყოფილა მიწის მესაკუთრის თანხმობა. სარეგისტრაციო სამსახურმა ლიანდაგის რეგისტრაციით მის ქვეშ არსებული მიწით სარგებლობის უფლება ისე უღიარა შპს ,,...“, რომ მიწის მესაკუთრის - სს „...“ პოზიცია არ გაურკვევია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლს და უსაფუძვლოდ ხელყოფს სს ,,...“ საკუთრების უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სამტრედიაში მდებარე 450 მეტრი ლიანდაგის შპს ,,...“ საკუთრებად რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,...“ საკუთრებად რეგისტრირებულია სამტრედიაში მდებარე 17361 კვ.მ. 10629კვ.მ. და 370 კვ.მ. მიწის ნაკვეთები. შპს ,,...“ საკუთრებად 2013 წლის 11 აპრილს დარეგისტრირდა 450 მ. რკინიგზის ლიანდაგი.
შპს ,,...“ საკუთრებად ხაზობრივი ნაგებობა რეგისტრირებულია, როგორც ცალკე უფლების ობიექტი და მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია შპს ,,...“ სახელზე არ მომხდარა. ამასთან, სს ,,...“ ლიანდაგზე საკუთრების უფლებას სადავოდ არ ხდის.
სამტრედიაში მდებარე ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 8 აპრილის №6/8349 წერილი. მოსარჩელე ასევე სადავოდ არ ხდის უფლების დამდგენ დოკუმენტს.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაზობრივი ნაგებობა არის საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი. შესაბამისად, ხაზობრივი ნაგებობა წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს, რომელზეც მოპასუხე შპს ,,...“ მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება, რასაც სადავოდ არ ხდის მოსარჩელე.
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია ცალკე უფლების ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრში სადავო რეგისტრაციით საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მხოლოდ მოპასუხე მხარის კუთვნილ ხაზობრივ ნაგებობაზე და არა ... კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაცია არ მოიცავს იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებულია ლიანდაგი.
ამასთან, რაიონული სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს თმენის ვალდებულებისათვის ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების ან უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საკითხი, იმის მიხედვით, რამდენად აქვს უფლება შპს ,,...“ ფლობდეს მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...“, რომელმაც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება განმარტებულია როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, უძრავი ნივთი არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყე, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, ხოლო ,,უ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უძრავ ქონებას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.
ხაზობრივი ნაგებობის, როგორც უძრავი ქონების ცნება კანონმდებელმა შემოიტანა 2007 წლის 18 დეკემბრის N5647 კანონით ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, რომლის მე-2 მუხლში რეგისტრაციის მიზნებისათვის ცალკე უფლების ობიექტად მიჩნეულ იქნა ხაზობრივი ნაგებობა ან მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი სხვა შენობა-ნაგებობა (მშენებარე ან აშენებული), რომელიც ცალკე უფლების ობიექტია (,,დ’’ ქვეპუნქტი), ხოლო უძრავ ნივთს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთი, ინდივიდუალური საკუთრების საგანი, ცალკე უფლების ობიექტი (,,ა’’ ქვეპუნქტი).
ამავე კანონის მე-17 მუხლში 2007 წლის 5 მაისს განხორციელებული ცვლილებით მიეთითა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდებოდა ასევე ცალკე უფლება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე. ამასთან ხაზობრივი ნაგებობა მიჩნეულ იქნა უძრავი ნივთის ისეთ არსებით შემადგენელ ნაწილად, რომელიც ცალკე უფლების ობიექტს წარმოადგენდა.
ამჟამად მოქმედი ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის (ტერმინთა განმარტება) ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ნივთი არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა, ხოლო ,,დ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ხაზობრივი ნაგებობა არის საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ხაზობრივი ნაგებობა, როგორც ცალკე უფლების ობიექტი წარმოადგენდა შპს ,,...“ საკუთრებას, რომელმაც ობიექტზე საკუთრების უფელება მოიპოვა პრივატიზაციის საფუძველზე, რაც აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, მითითებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტისათვის არ არსებობდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წინაპირობა, რაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიძლება გამხდარიყო რეგისტრაციის უარყოფის საფუძველი, რაც მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესის გავრცელების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული ნორმა აწესებს სხვის საკუთრებაზე ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მიწის მესაკუთრის თანხმობის აუცილებლობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის, რადგან მითითებული სარკინიგზო ხაზის განთავსებას სს ,,...“ საკუთრებაში ამჟამად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შპს ,,...“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...“, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების მოთხოვნები.
კასატორმა აღნიშნა, იგი სადავოდ არ ხდის ხაზობრივ ნაგებობად რეგისტრირებული 450 მ. ლიანდაგის კუთვნილების საკითხს, რომელიც ქარხანას შეძენილი აქვს პრივატიზაციის გზით. რკინიგზას უკანონოდ მიაჩნია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განლაგებული, ქარხნის კუთვნილი ლიანდაგის რეგისტრაცია ..., როგორც მიწის მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ასევე კანონის ანალოგიით არ გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დაგენილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
კასატორის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მესაკუთრეს აქვს ნივთის შეუზღუდავად სარგებლობისა და განკარგვის უფლება, ხოლო მესაკუთრის თანხმობის გარეშე ნივთით სარგებლობა ან რეგისტრაცია წარმოადგენს კონსტიტუციით აღიარებული, საკუთრების უფლების უხეშ ხელყოფას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 450 მ. ლიანდაგი, რომელიც განთავსებულია სს ,,...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ისე, რომ მიწის მესაკუთრის თანხმობა საჯარო რეესტრში წარდგენილი არ ყოფილა, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ.
ხაზოვანი ნაგებობის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის დროს უპირატესობა მიენიჭა ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრეს და იმავდროულად უგულებელყოფილ იქნა ..., როგორც მიწის მესაკუთრის უფლება.
კასატორის მოსაზრებით, სადავო რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურმა დაარღვია ზოგადი აკდმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნა, არ გამოიკვლია რეგისტრაციისათვის მნიშვნელოვანი არსებითი გარემოება - იყო თუ არა მიწის მესაკუთრის (რკინიგზის) თანხმობა რეგისტრაციაზე და შესაბამისად, მიწით სარგებლობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით სს ,,...“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სს ,,...“ საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,...“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2009 წლის 2 მარტსა და 2010 წლის 25 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკუთრების უფლებით სს ,,...“ სახელზე დარეგისტრირდა ქ. ... მდებარე 17361 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №...), 10629 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №...) და 370 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №...) მიწის ნაკვეთები.
2013 წლის 11 აპრილს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შპს ,,...“ საკუთრებად დარეგისტრირდა 450 მ. რკინიგზა. სარეგისტრაციო მონაცემებში უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული იყო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 8 აპრილის №6/8349 წერილი, რომლის თანახმად, შპს ,,...“ კაპიტალში პრივატიზაციის მომენტში ასევე შედიოდა რკინიგზის ლიანდაგი.
სს ,,...“ სადავოდ ხდის ხაზობრივი ნაგებობის - ლიანდაგის შპს ,,...“ სახელზე რეგისტრაციას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ლიანდაგი განთავსებულია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურს შპს ,,...“ საკუთრებად 450 მ. ლიანდაგის დარეგისტრირებამდე თანხმობა უნდა მოეთხოვა მიწის მესაკუთრისაგან - სს ,,...“.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასების, კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე ან 394-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლები.
სამოქალქო კოდექსის (1997 წლის 25 ნოემბრიდან ამოქმედებული) 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად ითვლება ის, რაც მიზნობრივადაა დაკავშირებული მასთან. ნივთის შემადგენელი ნაწილის თვისებაა, რომ იგი ყოველთვის მეორე ნივთთანაა დაკავშირებული. ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს მიეკუთვნება არა ის, რაც ამ ნივთის არსებას განსაზღვრავს, არამედ ის, რაც სამართლებრივად დაკავშირებულია ნივთთან და არ წარმოადგენს განსაკუთრებული უფლების ობიექტს. სხვანაირად, არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული ნივთთად და როგორც წესი, იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი.
მოქმედი კანონმდებლობა ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის განსაზღვრისას ითვალისწინებს ნივთის ნაწილის კავშირს ძირითად ნივთთან, მის ბრუნვაუნარიანობას, სამეურნეო დანიშნულებას. ცალკე უფლების ობიექტად შემადგენელი ნაწილის განხილვისათვის შესაძლებელი უნდა იყოს მისი ძირითადი ნივთისაგან გამოცალკევება განადგურების, დანიშნულების მოსპობის, სარგებლიანობის დაკარგვის გარეშე, ამასთან, კანონმდებლობით ასევე დაშვებულია, რომ ნივთის შემადგენელი ნაწილი გახდეს ცალკე უფლების ობიექტი.
ხაზობრივი ნაგებობა წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2007 წლის 11 მაისის კანონით „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მითითებული ნორმით განისაზღვრა უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე ძირითადი ნივთისაგან დამოუკიდებლად უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა.
აღნიშნული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება ასევე ცალკე უფლება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხაზობრივი ნაგებობა არის უძრავი ნივთის ისეთი არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ცალკე უფლების ობიექტია. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე ცალკე უფლების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“.
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროს ძალადაკარგული იყო ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ 2008 წლის 12 დეკემბრის კანონით, რომლის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უძრავი ნივთი განმარტებულია, როგორც: ,,მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა“. ამავე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტში ასევე განმარტებულია ხაზობრივი ნაგებობა - ,,საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი“.
ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობა შესაძლოა დარეგისტრირდეს ცალკე უფლების ობიექტად, ხოლო მითითებული ცვლილებების განხორციელებამდე იგი ითვლებოდა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად და ფაქტობრივად იზიარებდა მიწის ნაკვეთის სამართლებრივ ბედს, მისი განკარგვა შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთთან ერთად.
საქმის მასალების თანახმად, სადავო ხაზობრივი ნაგებობა 1987 წლიდან ირიცხებოდა ... სახელზე, ხოლო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 8 აპრილის №6/8349 წერილის თანახმად, ლიანდაგი ... ქონების განსახელმწიფოებრიობის დროსაც შედიოდა მის საწესდებო კაპიტალში და იგი არ ყოფილა ... ბალანსზე აღრიცხული, რასაც მხარეებიც არ უარყოფენ და მასზე სს „...“ პრეტენზიას არ აცხადებს.
სს „...“ საკუთრებად მიწის ნაკვეთები აღირიცხა 2009-2010 წლებში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა უშვებდა ძირითად ნივთსა და მის არსებით შემადგენელ ნაწილზე - ხაზობრივ ნაგებობაზე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უფლების არსებობის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სადავო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად კასატორის მითითებას სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის შესაბამისად: ,,მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას“. სადავო რეგისტრაციით შპს „...“ საკუთრებად დარეგისტრირდა მხოლოდ ხაზობრივი ნაგებობა, მის ქვეშ არსებული მიწისაგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, კასატორის აპელირება, რომ შეილახა მისი საკუთრების უფლება, უსაფუძვლოა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ მიწით სარგებლობის უფლება შესაძლოა სრულიად სხვა სამართლებრივ რეჟიმში გადაწყდეს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების წარმოშობის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის - დაცვას ემსახურება.
უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი და პირობები, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები და განისაზღვრება საჯარო რეესტრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესი.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
ზემოაღნიშნული კანონის 9.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასეთად შეიძლება, მიჩნეულ იქნეს, მაგ: კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, ან სხვა სახის რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი.
დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა ერთვოდეს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი არეგულირებს რეგისტრაციაზე უარის თქმის პირობებს, კერძოდ, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
რაც შეეხება კასატორის აპელირებას რეგისტრაციის განხორციელებისას მიწის მესაკუთრის - სს „...“ თანხმობის სავალდებულო წესით წარდგენასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
მითითებული დადგენილების მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად: ,,იმ შემთხვევაში, როდესაც მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს აქვთ სურვილი საკუთარი მიწის ნაკვეთების ტერიტორიაზე განათავსონ საერთო საკუთრების შენობა-ნაგებობა (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა), მაშინ ისინი ვალდებული არიან გააერთიანონ საკუთარი მიწის ნაკვეთები და დაარეგისტრირონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. აღნიშნული არ ვრცელდება ინდივიდუალური განაშენიანების ტერიტორიებზე საზიარო კედლის მქონე საცხოვრებელი სახლის ან საერთო სარგებლობის სამეურნეო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე“, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად: ,,ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შემთხვევაში აუცილებელია ყველა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა, რომელზეც უნდა განთავსდეს ხაზობრივი ნაგებობა“.
აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა თანხმობა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ამ მიწის ნაკვეთებზე ახალი ნაგებობის აგება და არა უკვე არსებული ხაზობრივი ნაგებობის საკუთრებად რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას რეგისტრაციის მიმართ მითითებული დანაწესის ანალოგიის წესით გამოყენების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ სამართლის ნორმის ანალოგიით გამოყენების სამართლებრივ რეგულაციას შეიცავს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის შესაბამისად, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სპეციალური (საგამონაკლისო) ნორმები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.
კონკრეტული სადავო ურთიერთობა, როგორც უკვე აღინიშნა, ეხება პრივატიზაციის გზით საკუთრების უფლების მოპოვების შედეგად საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციას, რაზედაც კანონის ანალოგია ვერ გავრცელდება ვინაიდან, ნორმატიული აქტი, რომელზედაც კასატორი აპელირებს, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობებთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს, შესაბამისად, ანალოგიის წესით მისი გამოყენება უფლების რეგისტრაციის მიმართ, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,...“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე