Facebook Twitter

საქმე№ბს-338-334 (კ-14) 12 თებერვალი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.14წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ 02.02.12წ. სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის შპს „…“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის იმ სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც დარეგისტრირდა შპს „…“ საკუთრების უფლება ქ. ფოთში ... მდებარე 1000 მეტრის სიგრძის ხაზოვან ნაგებობაზე, ასევე მოითხოვა ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 02.05.12წ. №882012187335-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.05.12წ. №68183 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირების დავალება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 30.05.12წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 02.05.12წ. №882012187335-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.05.12წ. №68183 გადაწყვეტილებები, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის ის სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლითაც შპს „…“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ქ. ფოთში ... მდებარე 1000 მეტრის სიგრძის ხაზოვან ნაგებობაზე, ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირება.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.13წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 25.09.13წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.02.14წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.14წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე