№ბს-392-387(3კ-14) 3 თებერვალი, 2015 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე;
კასატორები (მოპასუხეები) – 1. ქ. ბათუმის მერია;
წარმომადგენელი - მ. ხ-ე;
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი - ნ. ვ-ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ს-ი;
წარმომადგენელი - რ. ფ-ე;
სარჩელზე მოპასუხეები - ქ. ბათუმის საკრებულო;
ნ. შ-ი;
წარმომადგენელი - რ. შ-ე;
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელე: ა. ს-ი;
მოპასუხეები: ქ. ბათუმის მერია; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური; ნ. შ-ი;
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
სარჩელის საგანი:
1. ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილების ბათილად ცნობა;
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2006 წლის 1 სექტემბერს განხორციელებული ჩანაწერის, რომლითაც ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე 17,94 კვ.მ. ფართი დარეგისტრირდა ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად, ბათილად ცნობა;
3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
4. ,,ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული 17, 94 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის 831 არასასოფლო-სამეურენო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მასზე წილობრივად მიმაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად საკუთრების განკარგვაზე პირობის გარეშე აუქციონის გამოცხადების შესახებ“ თვითმმართველის ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 9 იანვრის №02/05 ბრძანების ბათილად ცნობა;
5. 2013 წლის 28 იანვრის თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს პირობის გარეშე გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ბათილად ცნობა;
6. თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 თებერვლის №02/74 ბრძანების ბათილად ცნობა;
7. თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნ. შ-ზე 2013 წლის 25 თებერვალს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი №83 მოწმობის ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძველი: მართლზომიერი მფლობელისა და მემკვიდრის საკუთრების უფლების დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები: ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 31 ივლისის №573 გადაწყვეტილებით ც. ტ-ს გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე 18 კვ.მ. ფართი. აღნიშნულ ფართს ფლობდა და სარგებლობდა ც. ტ-ი, მისი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული ქონების ფლობა და სარგებლობა განაგრძო შვილმა - ალ. ს-მა.
ბათუმის ნოტარიუსის, ხ. კ-ის მიერ 2013 წლის 23 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, მოსარჩელემ მემკვიდრეობით მიიღო მამის - ალ. ს-ის დედის (ბებიის – ც. ტ-ის) სამკვიდრო მთელი აქტივებითა და პასივებით.
მოსარჩელის განმარტებით, მისი მამკვიდრებელი ც. ტ-ი ცხოვრობდა და შესაბამისად, ჩაწერილი იყო ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში (ყოფილი ... ქ. №6). რაც დასტურდება ასევე აღნიშნულ ფართზე გაცემული ჩაწერისა და აღრიცხვის პირადი ბარათებით.
მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ჯერ კიდევ ქ. ბათუმის მერიის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილების საფუძველზე, ეს საცხოვრებელი ბინა აღირიცხა ბათუმის მერიის საკუთრებაში, რომელიც შემდგომ აუქციონის გზით გადავიდა ნ. შ-ის საკუთრებაში.
მოსარჩელის განმარტებით, ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 31 ივლისის №573 გადაწყვეტილება და ასევე პირადი აღრიცხვის ბარათიც ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების შესაბამისად წარმოადგენს სადავო ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტს, რომლის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე 18 კვ.მ. ფართის კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენს მოსარჩელე.
სამართლებრივი: მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულება და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი (იხ.ს.ფ. 48-62; ტ.1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ს-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. შ-ს აკერძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. ბათუმი, ... ქ. №6; ფართი: 17,94 კვ.მ. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ... გასხვისება (იხ. ს.ფ. 39-43; ტ.1).
მოპასუხემ - ქ. ბათუმის მერიამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
ფაქტობრივი: მოპასუხის მტკიცებით, სადავო ქონება ტექბიუროში ქ. ბათუმის მერიის სახელზე ირიცხებოდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა 2006 წლის 26 ივლისის N2641 წერილით მიმართა ქ. ბათუმის ადგილობრივ თვითმმართველობას, სადაც მიუთითა, რომ ქ. ბათუმის მერია, ქ. ბათუმში ... ქ. N6-ში ფლობს 17.94 კვ.მ ფართს, რომელიც საჭიროებდა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხვას, სწორედ აღნიშნულის საფუძველზე 2006 წლის 24 აგვისტოს ქ. ბათუმის მერიამ მიიღო დადგენილება და ქ. ბათუმში, ... ქ.N6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებული ფართი 17.94 კვ.მ აღრიცხა ქ. ბათუმის მერიის სახელზე. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სამართლებრივი: სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებული არ აქვს (იხ. ს.ფ. 125-131; ტ.1).
მოპასუხემ - ნ. შ-მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
ფაქტობრივი: ქ. ბათუმის მერიიდან გამოთხოვილი წერილებიდან დასტურდება, რომ 2006 წლის 20 ივლისს ბმა ,,...“ თავმჯდომარემ ქ. ბათუმის მერიას განცხადებით მიმართა, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში არსებული სახლი 1998 წლის ხანძრის შედეგად განადგურდა და მხოლოდ შენობის ნანგრევები იყო დარჩენილი, ასევე მიუთითებდა, რომ მისი ინფორმაციით ამავე მისამართზე 17,94 კვ.მ. ფართი ირიცხებოდა ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად და სთხოვდა, როგორც ფართის მესაკუთრეს, ამხანაგობაში გაწევრიანებას.
ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილებით დადგინდა ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე 17.94 კვ.მ. ფართის საჯარო რეესტრში ქ. ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, აღნიშნული დადგენილება გამოქვეყნდა გაზეთ ,,...“ 2006 წლის 1 სექტემბრის №126 ნომერში, აქვე განმარტებული იყო მისი გასაჩივრების წესი.
ქ. ბათუმის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილების საფუძველზე ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე 17,94 კვ.მ. ფართი საჯარო რეესტრში აღირიცხა ბათუმის მერიის საკუთრებად.
თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს, საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 9 იანვრის №02/05 ბრძანებით ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში 17,94 კვ.მ. ფართზე და წილობრივ მიწის ნაკვეთზე გამოცხადდა პირობის გარეშე აუქციონი, ასევე აუქციონის ჩატარების წესი და პირობები.
2013 წლის 28 იანვარს გამართულ აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა ნ. შ-ი, რის საფუძველზეც გადაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №83.
აუქციონში გამარჯვების ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე 17,94 კვ.მ. ფართი 2013 წლის 26 აპრილს საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. შ-ის სახელზე.
სამართლებრივი: მოპასუხის განმარტებით, იგი წარმოადგენს ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში აუქციონის შედეგად ქონების კეთილსინდისიერ შემძენს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 85-ე და 311-ე მუხლები (იხ. ს.ფ. 134-142; ტ.1).
მოპასუხემ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
ფაქტობრივი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში 2006 წლის 1 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა ქ. ბათუმის მერიის განაცხადი №6941 საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით-უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ბათუმი, ... ქ. №6. განაცხადზე დართული იყო ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ბათუმი, ... ქ. N6, 17.94 კვ.მ ფართზე აღირიცხა ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლება, 2009 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით კი მოხდა მხოლოდ ცვლილებების რეგისტრაცია. მოპასუხე მიუთითებს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ კონკრეტული სარეგისტრაციო განცხადების, ასევე მასზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში 2013 წლის 6 მარტს ნ. შ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა წარადგინა სარეგისტრაციო განაცხადი, რომლითაც ითხოვდა ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე უძრავი ნივთის საკუთრების რეგისტრაციას, განცხადებას ერთვოდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი №83 მოწმობა, თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 თებერვლის №02/74 ბრძანება, რომლის შესაბამისად ნ. შ-ს საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. ბათუმში, ... №6-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული 17,94 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 831 კვ.მ. არარასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მასზე წილობრივად მიმაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 მარტის №882013095216-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან განცხადებას არ ერთვოდა მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი/ინფორმაცია და დაევალა წარმოედგინა, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სათანადო წესით დამოწმებული აზომვითი ნახაზი, რაც 2013 წლის 26 მარტს წარმოდგენილ იქნა სარეგისტრაციო სამსახურში. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით კვლავ შეუჩერდა ნ. შ-ს სარეგისტრაციო წარმოება, იმ მოტივით, რომ განცხადებას არ ერთვოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, კერძოდ, განმცხადებელს განემარტა, რომ დამატებით უნდა წარმოედგინა 2013 წლის 28 იანვრის ოქმი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის განუყოფელ ნაწილს. 2013 წლის 16 აპრილს დამატებით წარმოადგინა 2013 წლის 28 იანვრის თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს პირობის გარეშე გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების ოქმის დამადასტურებელი ოქმი(ხელშეკრულება) და ნ. შ-ის კანონიერი წარმომადგენლის ჟ. ზ-ოს მიერ რ. შ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა. რის შემდეგაც სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა ნ. შ-ის საკუთრებად.
სამართლებრივი: საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, 21-ე და 23-ე მუხლები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლი (იხ. ს.ფ. 179-187; ტ.1).
საქმის გარემოებები:
,,კომუნალური საცხოვრებელი ბინების გადაფორმების შესახებ“ ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 31 ივლისის N573 გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ბინა მდებარე ბათუმი, ... ქუჩა N6, საცხოვრებელი ფართი: 18 კვ.მ გადაეცა ც. ა. ასულ ტ-ს. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ ც. ტ-ის რეგისტრაციის ადგილია ქ. ბათუმი, ... ქ. N6. უძრავი ქონების პირადი აღრიცხვის ბარათებით დასტურდება, რომ სადავო ფართზე ასევე რეგისტრირებულები იყვნენ ტ-ი ც. (დაბადებული 1927 წელს); ს-ი ალ. (დაბადებული 1951 წელს) და ს-ი ა. ა. ძე (დაბადებული 1977 წელს).
2013 წლის 23 აპრილს გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც, ალ. ს-ის პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა - ა. ს-მა საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც ეკუთვნოდა მამკვიდრებლის დედას - ც. ტ-ს (სამკვიდროში ასევე შედიოდა სადავო ფართი).
ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა სადავო ფართი, მდებარე ქ. ბათუმი, ... ქ. N6-ში მდებარე 17.94 კვ.მ ფართი საკუთრების უფლებით აღრიცხა ქ. ბათუმის მერიის სახელზე.
ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ქ. ბათუმში, ... ქ. N6-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში უფლების დამდგენი საბუთი წარმოდგენილი არ ყოფილა.
თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 თებერვლის N02/05 ბრძანებით გამოცხადდა პირობის გარეშე აუქციონი სადავო ფართზე, სადაც გამარჯვებულად გამოვლინდა ნ. შ-ი, რომელსაც 2013 წლის 25 თებერვლის N2/74 ბრძანების თანახმად საკუთრების უფლებით გადაეცა სადავო ფართი, მდებარე ქ. ბათუმში ... ქუჩა N6-ში მრავალბინიან სახლში არსებული 17.94 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, 831.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მასზე წილობრივად მიმაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილება; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე სადავო ფართის - 17,94 კვ.მ. ქ. ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2006 წლის 1 სექტემბერს განხორციელებული ჩანაწერი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება №882009189092-03 რეგისტრაციის შესახებ; ა. ს-ის სარჩელი თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს- საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 9 იანვრის №02/05 ბრძანების; 2013 წლის 28 იანვრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულება); თვიმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 თებერვლის №20/74 ბრძანებისა და საკუთრების დამადასტურებელი №83 მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 228-249; ტ.1).
სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტები:
,,კომუნალური საცხოვრებელი ბინების გადაფორმების შესახებ“ ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 31 ივლისის №573 გადაწყვეტილებით ნება დაერთო აღმასკომის კომუნალური მეურნეობის განყოფილების საბინაო სამმართველოს საცხოვრებელი ბინის მდებარე, ბათუმი, ... ქ. №6,. საცხოვრებელი ფართი: 18 კვ.მ. ც. ა. ასულ ტ-ისთვის გადაფორმებაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ ც. ტ-ის რეგისტრაციის ადგილია - ქ. ბათუმი, ... ქ. №6.
უძრავი ქონების პირადი აღრიცხვის ბარათით დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში რეგისტრირებული იყვნენ - ტ-ი ც. ა. ასული (დაბადებული 1927 წელს), ა-ი ალ. მ. ძე (დაბადებული 1951 წელს) და ა-ი ა. ა. ძე (დაბადებული 1977 წელს).
ც. ტ-ი გარდაიცვალა 2000 წლის 9 აპრილს. ც. ტ-ის მემკვიდრე იყო ალ. ს-ი (პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან, შვილი), რომელმაც მიიღო დედის - ც. ტ-ის სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები, მაგრამ არ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები. ალ. ს-ი გარდაიცვალა 2006 წლის 8 აგვისტოს.
ბათუმის ნოტარიუსის, მიერ 2013 წლის 23 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ალ. ს-ის პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა - ა. ს-მა საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც ეკუთვნოდა მამკვიდრებლის დედას - ც. ტ-ს და რომელიც წარმოადგენდა სამკვიდრო ქონებაში შემავალ აქტივებსა (მოთხოვნის უფლება პენსიაზე, ფულად თანხებზე, მოძრავი და უძრავი ქონება, საკუთრების უფლების შეძენა უძრავ ნივთზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივებს (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებების მესამე პირთა მიმართ - მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში).
ამხანაგობა ,,...“ წარმომადგენელმა დ. კ-მა 2006 წლის 20 ივლისის წერილით მიმართა ქ. ბათუმის მერიას, სადაც მიუთითა, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში ჩამოყალიბდა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“. აღნიშნულ მისამართზე არსებული სახლი 1998 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა და დღეისათვის იქ მხოლოდ შენობის ნანგრევებია და ტერიტორია ნაგავსაყრელად არის ქცეული, ამავე წერილში მიუთითა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით აღნიშნულ მისამართზე 17,94 კვ.მ. ფართი ირიცხება ქ. ბათუმის მერიის სახელზე, რის გამოც ქ. ბათუმის მერიას სთხოვა შევიდეს საბინაო ამხანაგობაში და ხელი შეუწყოს საქმიანობაში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 26 ივლისის №2641 წერილით ქ. ბათუმის ადგილობრივ თვითმმართველობას ეცნობა, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში ფლობდა 17,94 კვ.მ. ფართს, რომელიც საჭიროებს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხვას.
აღნიშნული წერილის საფუძველზე ქ. ბათუმის მთავრობის მიერ 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილებით დადგინდა, რომ ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის (ქ. ბათუმის მერია) სახელზე საკუთრების უფლებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრდეს ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე 17,94 კვ.მ. ფართი, დასახელებული დადგენილების საფუძველზე, საჯარო რეესტრში განხორციელდა შესაბამისი ჩანაწერი და ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე უძრავი ქონება ფართით: 17, 94 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. ბათუმის მერიის სახელზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 7 ივლისის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით განხორციელდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებული ცვლილებების რეგისტრაცია, მდებარე ქ. ბათუმი, ... ქ. №6.
თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 9 იანვრის №02/05 ბრძანებით ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული 17,94 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის, 831,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მასზე წილობრივად მიმაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად საკუთრებაში განკარგვაზე გამოცხადდა პირობის გარეშე აუქციონი. უძრავი ქონების საწყის ფასად დასახელდა 25000 ლარი.
თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თამჯდომარის 2013 წლის 9 იანვრის №02/05 ბრძანებით გამოცხადებული პირობის გარეშე აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა არასრულწლოვანი პირი ნ. შ-ი (კანონიერი წარმომადგენლის დედის ჟ. ზ-ოს სახით). აღნიშნულის გათვალისწინებით, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს და აუქციონში გამარჯვებულს შორის 2013 წლის 28 იანვარს გაფორმდა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება).
თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 თებერვლის №20.74 ბრძანების თანახმად, ნ. შ-ს საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქუჩა №6-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული 17,94 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 831.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მასზე წილობრივად მიმაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...).
აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ნ. შ-ის სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №83.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მოპასუხე ნ. შ-ისათვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე აუქციონზე გამოტანილ ქონებაზე ა. ს-ს გააჩნდა ინტერესი, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ... ქ. №6, ფართით: 17,94 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ქ. ბათუმის მერიის სახელზე, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, კი რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლებოდა სწორად, ვიდრე არ დადგინდებოდა მათი უზუსტობა.
სასამართლოს დასკვნები - საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ს-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილება; ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე სადავო ფართის - 17,94 კვ.მ. ქ. ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2006 წლის 1 სექტემბერს განხორციელებული ჩანაწერი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება №882009189092-03 რეგისტრაციის შესახებ; ა. ს-ის სარჩელი თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს- საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 9 იანვრის №02/05 ბრძანების; 2013 წლის 28 იანვრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულება); თვიმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 თებერვლის №20/74 ბრძანებისა და საკუთრების დამადასტურებელი №83 მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №107 დადგენილების მე-4 პუნქტის საფუძველზე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ასევე საწარმო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მინიჭებული ჰქონდათ მათ ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლება, რაც გამორიცხავს იმავე პირობებში სარგებლობაში გადაცემის უფლების შეზღუდვას. რის გამოც საქალაქო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 31 ივლისის №573 გადაწყვეტილება წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტს, რომლითაც შესაძლებელი იყო პრივატიზაციის უფლების მოპოვება. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების დროს ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე ფართი ირიცხებოდა ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის ბალანსზე.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, ვინაიდან სადავო ფართი არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მოსარჩელეს შემხებლობა არ ჰქონია სადავო ფართთან და განმარტა, რომ ტექბიუროში შესაბამისი რეგისტრაცია, წარმოადგენს შენობა-ნაგებობის მხოლოდ ტექნიკურ დახასიათებას და იგი ფართის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ დანიშნულებას არ გამოხატავს. ამასთან, ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 31 ივლისის №573 გადაწყვეტილება ც. ტ-ის მიმართ აღმჭურველ აქტს წარმოადგენს და მის მიმართ მას კანონიერი ნდობა გააჩნდა.
საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 155-156-ე და 161-ე მუხლების ანალიზის შედეგად განმარტა, რომ მართლზომიერი მფლობელი დაცულია მესაკუთრის მსგავსად და მას აქვს მფლობელობის პერიოდში მესაკუთრის იდენტური უფლება-მოვალეობები და მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული მესაკუთრის უფლება ისარგებლოს ან არ ისარგებლოს ნივთით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ც. ტ-ი უფლებამოსილი იყო მისთვის გადაცემული ფართი გამოეყენებინა საკუთარი შეხედულებისამებრ, რამდენადაც ნივთით სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს სხვა პირმა ნივთით.
საქალაქო სასამართლომ ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 245 აგვისტოს №237 დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გასაჩივრებული დადგენილების მიღების დროისათვის მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის და ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების მიზნებიდან გამომდინარე კანონიერი მოსარგებლის სტატუსით პირის აღჭურვა დაკავშირებულია ორი წინაპირობის არსებობასთან, კერძოდ: 1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სათანადო დოკუმენტის არსებობა (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა), რომელიც პირს ანიჭებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით სარგებლობის უფლებას და 2. პირი ასეთი დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობს აღნიშნული ფართით.
საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მთავრობას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, დაედგინა, რომ ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის (ქ. ბათუმის მერია) სახელზე საკუთრების უფლებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირებულიყო ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე 17,94 კვ.მ. ფართი, ვინაიდან ეს ფართი თავის დროზე ც. ტ-ს ჰქონდა გადაცემული ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 31 ივლისის №573 გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნული აქტი კი ძალაში იყო, ხოლო ქ. ბათუმის მერიის საკუთრებაში კი ამ წესით შეიძლებოდა აღრიცხულიყო ის ფართი, რომელიც იყო საბინაო ფონდში. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე კანონიერ მოსარგებლეს - თავდაპირველად ც. ტ-ს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ კი მის მემკვიდრეს - ა. ს-ს უქმნიდა ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში (ამჟამად ... ქ. №6) მდებარე ფართის პრივატიზაციის განხორციელების საკმარის საფუძველს, რომლის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი შეეზღუდა იმის გამო, რომ სადავო ქონება აღრიცხულ იქნა ქ. ბათუმის მერიის სახელზე.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ კანონიერი მოსარგებლე სარგებლობდა თუ არა სადავო ფართით, საქალაქო სასამართლოს მითითებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ პირი გარკვეული გარემოებების გამო ვერ დაეუფლა ნივთს, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის სამართლებრივ საფუძვლად, რომ მას უფლება არ ჰქონდა გამოეყენებინა კანონმდებლობით მინიჭებული უფლება სადავო ბინის პრივატიზაციაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც ფართით სარგებლობის უფლება კანონიერი საფუძვლით - ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 31 ივლისის №573 გადაწყვეტილებით აქვს მოპოვებული.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გაშვების თაობაზე და ასევე მოსაზრება, რომ ა. ს-ისათვის გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გაზეთ ,,...“ დადგენილების გამოქვეყნების დღიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე და 58-ე მუხლების მიხედვით და მიუთითა, რომ გასაჩივრებული დადგენილება მოსარჩელემ ბათუმის მერიისგან გამოითხოვა 2013 წლის 2 მაისს, ხოლო სასამართლოში სარჩელი აღძრა 2013 წლის 10 მაისს.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, ვინაიდან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (2006 წელს 1 სექტემბერს მოქმედი– 252-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; ანალოგიურ დანაწესს ითვალისწინებს დღეს მოქმედი ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26.3 მუხლიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილების ბათილად ცნობის გამო, შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.
დანარჩენი გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების, კერძოდ, თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 9 იანვრის №02/05 ბრძანების, 2013 წლის 28 იანვარს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების), თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 თებერვლის №20.74 ბრძანებისა და ამ ბრძანების საფუძველზე ნ. შ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის №83 ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს შეფასებით, პრივატიზაცია არის ერთიანი პროცესი, რომელიც შედგება სხვადასხვა სტადიისაგან (მაგ.: ინფორმაციის გამოქვეყნება, პრივატიზაციის თაობაზე პირის გამარჯვებულად გამოცხადება, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა), შესაბამისად, მოსარჩელის საბოლოო რეალური ინტერესების მისაღწევად მოთხოვნის ამ ნაწილში ა. ს-ის სარჩელი ერთობლიობაში უნდა იქნეს განხილული.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება) და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, მოპასუხე ნ. შ-ის, როგორც მყიდველის საკუთრების უფლებას ამ შემთხვევაში იცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები, კეთილსინდისიერი მყიდველის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უტყუარობა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის მონაცემები მხოლოდ მაშინ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უსწოროდ თუ ამ ჩანაწერების საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ აუქციონზე გატანილი ქონება, მდებარე, ქ. ბათუმში, ... ქ. №6 ფართით: 17,94 კვ.მ. საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ქ. ბათუმის მერიის სახელზე, შესაბამისად, მოპასუხე ნ. შ-მა არ იცოდა და ობიექტურად არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ უძრავი ქონება, რომელიც მან შეიძინა აუქციონზე, სადავო იყო და მის მიმართ ინტერესი გააჩნდა მოსარჩელეს, აღნიშნულის გათვალისწინებით ნ. შ-ი მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენს და მისი საკუთრების უფლება კანონით არის დაცული (ი.ხ. 228-249; ტ.1).
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №107 დადგენილებით; ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 32-ე მუხლებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს მოსარჩელის - ა. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 50 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 250-253; ტ.1).
აპელანტი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი - ნ. ვ-ე;
მოწინააღმდეგე მხარე: ა. ს-ი;
წარმომადგენელი - რ. ფ-ე;
სარჩელზე მოპასუხეები: ქ. ბათუმის მერია;
წარმომადგენელი - მ. კ-ე;
ნ. შ-ი;
კანონიერი წარმომადგენელი - ჟ. ზ-ო;
წარმომადგენელი - რ. შ-ე.
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 დამატებითი გადაწყვეტილებისა და 18 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელაციის მოტივები:
სამართლებრივი: საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი განიმარტებოდა, როგორც ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტ¬რაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდე¬ბუ¬ლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
აპელანტმა სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8, 21-ე და 23-ე მუხლები, ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი.
ამდენად განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების შედეგად, სათანადო საფუძვლების არსებობისას, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციის თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ კონკრეტული სარეგისტრაციო განცხადების, ასევე მასზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასებისას და ურთიერთშეჯერებისას.
საჯარო რეესტრის მტკიცებით, არასაწორია საქალაქო სასამართლოს განმარტება: ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილების ბათილად ცნობის გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერი ქ. ბათუმში, ... ქ. №6 მდებარე 17, 94 კვ,მ ფართზე, ქ. ბათუმის მერიის საკუთრების შესახებ სწორედ იმ უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განხორციელდა, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, წარმოადგენს როგორც თავდაპირველი ჩანაწერის, ასევე უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი და არასწორია საქალაქო სასამართლოს განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით (იხ. ს.ფ. 268-289; ტ.1).
აპელანტი: ქ. ბათუმის მერია;
წარმომადგენელი - მ. კ-ე;
მოწინააღმდეგე მხარე: ა. ს-ი;
წარმომადგენელი - რ. ფ-ე;
სარჩელზე მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი - ნ. ვ-ე;
ნ. შ-ი;
კანონიერი წარმომადგენელი - ჟ. ზ-ო;
წარმომადგენელი - რ. შ-ე;
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილება და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: მითითებული არ არის.
სამართლებრივი: არასწორია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ქ. ბათუმის მერიის 2006 წლის გადაწყვეტილებით სადავო ფართის მერიის სახელზე აღრიცხვით არ მომხდარა მოსარჩელის კანონით დაცული უფლების ხელყოფა, რადგან საქმეში არსებული არა ერთი დოკუმენტით დადასტურებულია, რომ სადავო ქონება, რომელიც აღირიცხა ქ. ბათუმის მერიაზე, ტექაღრიცხვის სამსახურში რეგისტრირდებოდა მერიის საკუთრებად. შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2006 წელს ფართის რეგისტრაციაზე და 2009 წელს ამავე ფართის დაზუსტებული ფორმით რეგისტრაციაზე არ ეწინააღმდეგებოდა იმ დროს მოქმედ კანონმდებლობას (იხ. ს.ფ. 270-278; ტ.1).
აპელანტი: ა. ს-ი;
წარმომადგენელი - რ. ფ-ე;
მოწინააღმდეგე მხარეები : ქ. ბათუმის მერია;
წარმომადგენელი - მ. კ-ე;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი - ნ. ვ-ე;
ნ. შ-ი;
კანონიერი წარმომადგენელი - ჟ. ზ-ო;
წარმომადგენელი - რ. შ-ე;
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები ეფუძნება სარჩელში აღწერილ გარემოებებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და ქ. ბათუმის საკრებულო საქმეში ჩაება, როგორც მოპასუხე (იხ. ს.ფ. 75-77; ტ. 2).
სააპელაციო სასამართლოს განჩინების /სარეზოლუციო/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. ბათუმის მერიისა და ა. ს-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 88-113; ტ.2).
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებით მოწესრიგებული იყო საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) განხორციელების პირობები. აღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზაციის ობიექტი შეიძლებოდა ყოფილიყო სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა). ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი (ბინა), ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლების ოჯახის წევრები იყვნენ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმ საკანონმდებლო სივრცის პირობებში, როდესაც საწარმო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მინიჭებული ჰქონდათ მათ ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლება, ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 31 ივლისის №573 გადაწყვეტილება, წარმოადგენდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტს, რომლითაც შესაძლებელი იყო საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის უფლების მოპოვება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმის მთავრობას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, დაედგინა, რომ ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის (ქ. ბათუმის მერიის) სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულიყო ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე 17,94 კვ.მ. ფართი, ვინაიდან, ეს ფართი ც. ტ-ს ჰქონდა გადაცემული ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 31 ივლისის №573 გადაწყვეტილების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები ფართის კანონიერ მოსარგებლეს - ც. ტ-ს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ კი მოსარჩელე ა. ს-ს, რომელმაც, როგორც ალ. ს-ის პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის დედის _ ც. ტ-ის სამკვიდრო ქონება, უქმნიდა ქ. ბათუმში, ... ქუჩა №6-ში (ამჟამინდელი ... ქუჩა №6-ში) მდებარე საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის განხორციელების საკმარის საფუძველს, რისი შესაძლებლობაც შეეზღუდა იმის გამო, რომ სადავო ფართი რეგისტრირებულ იქნა ქ. ბათუმის მერიის სახელზე. აქედან გამომდინარე, საპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილება ქ.ბათუმში, ... ქუჩა №6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებული ფართის ქ.ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის (ქ.ბათუმის მერიის) სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირების თაობაზე ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. აღნიშნული გარემოება კი, თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილების საფუძველზე ქ. ბათუმში, ... ქუჩა №6-ში მდებარე 17.94 კვ.მ. ფართზე ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 07 ივლისის №882009189092-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ნ. შ-ის პირობის გარეშე აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია და მის სახელზე საკუთრების დამადასტურებელი №83 მოწმობა გაცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა შემძენის _ ნ. შ-ის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უძრავ ნივთებზე შემძენის ინტერესებს იცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი, რომლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, რეესტრში აღირიცხება უძრავ ნივთებზე საკუთრების და სხვა სანივთო უფლებები, ამასთანავე საჯარო რეესტრში აღირიცხება უკვე მოპოვებული უფლება. უფლებათა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში აუცილებელია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და მას მნიშვნელობა აქვს ბრუნვის სტაბილურობის და მესამე პირთა ინტერესებისათვის. საჯარო რეესტრი ასრულებს მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ აუქციონზე გატანილი ქონება, მდებარე ქ.ბათუმში, ... ქუჩა №6-ში, ფართით 17.94 კვ.მ., საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ქ. ბათუმის მერიის სახელზე. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე აუქციონის გამოცხადების დროისათვის ა. ს-ს ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი არ ჰქონია აღძრული და რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის გამო საჩივარი არ ჰქონია შეტანილი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იქნებოდა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის ვარაუდის შექმნის საფუძველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აუქციონის გამოცხადებისას, ნ. შ-ის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) შედგენისას და მის სახელზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისას უძრავი ქონების გამსხვისებელი რეგისტრირებული იყო ქონების მესაკუთრედ, ქონების რეალიზაციის მომენტში დავა საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებით არ არსებობდა, აუქციონზე გატანილი უძრავი ნივთი უფლებრივად უნაკლო იყო და მესამე პირებს არ შეეძლოთ ჰქონოდათ რაიმე პრეტენზია მის მიმართ. ამდენად, სახეზე იყო ყველა საფუძველი საიმისოდ, რომ შემძენს გამსხვისებელი ქონების მესაკუთრედ მიეჩნია, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შემძენს ჰქონდა საკმარისი საფუძველი ევარაუდა უძრავი ნივთის არამესაკუთრისაგან შეძენა, ქონების გადაცემამდე შემძენის არაკეთილსინდისიერების დამადასტურებელი რაიმე ფაქტი საქმეზე დადგენილი არ არის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ ნ. შ-ი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენდა, რის გამოც არ არსებობს ა. ს-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული 17,94 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის, 831.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მასზე წილობრივად მიმაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად საკუთრებაში განკარგვაზე პირობის გარეშე აუქციონის გამოცხადების შესახებ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანო _ საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 09 იანვრის №02/05 ბრძანების, 2013 წლის 28 იანვრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების), ნ. შ-ისათვის ქ. ბათუმში, ... ქუჩა №6-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული 17.94 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის, 831.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მასზე წილობრივად მიმაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანო _ საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 თებერვლის №02/74 ბრძანებისა და ნ. შ-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი №83 მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორი: ქ. ბათუმის მერია;
წარმომადგენელი - მ. ხ-ე;
მოწინააღმდეგე მხარე: ა. ს-ი;
წარმომადგენელი - რ. ფ-ე;
სარჩელზე მოპასუხეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი - შ. ბ-ი;
ნ. შ-ი;
წარმომადგენელი - არ გამოცხადდა;
ქ. ბათუმის საკრებულო;
წარმომადგენელი - არ გამოცხადდა.
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმება ქ. ბათუმის მერიის საპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასაციის მოტივები:
პროცესუალურ-სამართლებრივი: სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სრული სამართლებრივი შეფასება და მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება.
მატერიალურ-სამართლებრივი: საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათ შორის, ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე გამოთავისუფლებული ბინა. აღნიშნული ნორმის საფუძველზე ცალსახად დგინდება, რომ ბინის პრივატიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ფართი არის ავარიული ან სარეკონსტრუქციო, ხოლო ლიკვიდირებული (დანგრეული) ობიექტის პრივატიზებას დადგენილება არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ობიექტის ლიკვიდაციის შემთხვევაში, ბინის მოსარგებლე კარგავს ასეთ ობიექტზე (ლიკვიდირებულ, არარასებულ ობიექტზე) პრივატიზაციის უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან სადავო 17,94 კვ.მ. ფართი, 1998 წლის ხანძრის გამო განადგურდა, შესაბამისად, ამავე ბინის მოსარგებლემ განადგურებისთანავე დაკარგა პრივატიზაციის უფლება ბინაზე (იხ ს.ფდ. 127-134; ტ.1).
კასატორი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი - შ. ბ-ი;
მოწინააღმდეგე მხარე: ა. ს-ი;
წარმომადგენელი - რ. ფ-ე;
სარჩელზე მოპასუხეები - ქ. ბათუმის მერია;
წარმომადგენელი - მ. ხ-ე;
ქ. ბათუმის საკრებულო;
წარმომადგენელი - არ გამოცხადდა.
ნ. შ-ი;
წარმომადგენელი - არ გამოცხადდა
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გამოიყენეს კანონი ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’, რომლის 26-ე მუხლის მიხედვით რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის აქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. სარეგისტრაციო სამსახური მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა კანონის ის ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
ამ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 138-148; ტ. 2).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ა. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 214-216; ტ. 2).
კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა ნ. ვ-ემ წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივაციით: გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინება საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებისსაქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების №ბს-1188-152(კ-10) და 2011 წლის 20 ივლისის განჩინება №ბს-925-918(კ-11), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნება ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. თავის დროზე განხორციელდა კანონიერად, ხოლო შემდეგ რეგისტრაციის საფუძველი ანუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა, აღნიშნული წარმოადგენს არა რეგისტრაციის ბათილად ცნობის, არამედ რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს, ხოლო თუ რეგისტრაცია თავიდანვე კანონის დარღვევით განხორციელდა, მითითებული წარმოშობდა მის ბათილად ცნობის საფუძველს (იხ. ს.ფ. 203-205; ტ. 2).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და ისინი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია (იხ. ს.ფ. 54-57; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. ბათუმის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ა. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მოსარჩელის სათანადოობის საკითხს, რის შედეგად არასწორი მსჯელობა განავითარეს დავის საგნის - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის ინსტიტუტთან დაკავშირებით, რამაც განაპირობა უკანონო და იურიდიულად დაუსაბუთებელი სასამართლო დასკვნის ჩამოყალიბება.
საკასაციო სამართალწარმოების სტადიაზე ა. ს-ის სარჩელის საგანს წარმოადგენს ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების №237 დადგენილების, ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის - ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე სადავო ფართის - 17,94 კვ.მ. შესახებ, ასევე, ამ დადგენილების საფუძველზე, სადავო ფართის - 17,94 კვ.მ. აღრიცხვის თაობაზე 2006 წლის 1 სექტემბერს განხორციელებული ჩანაწერი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება №882009189092-03 რეგისტრაციის შესახებ, ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძველს - მოსარჩელის სარგებლობისა და პოტენციური მესაკუთრის უფლების შელახვა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მთელ რიგ მტკიცებულებებს, კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათით უდავოდ დასტურდება, რომ ც. ტ-ის რეგისტრაციის ადგილი იყო - ქ. ბათუმი, ... ქ. №6 ;
უძრავი ქონების პირადი აღრიცხვის ბარათით უდავოდ დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში რეგისტრირებული იყვნენ - ტ-ი ც. ა. ასული (დაბადებული 1927 წელს), ა-ი ალ. მ. ძე (დაბადებული 1951 წელს) და ა-ი ა. ა. ძე (დაბადებული 1977 წელს /იხ. ს.ფ. 73-75; ტ.1./);
,,კომუნალური საცხოვრებელი ბინების გადაფორმების შესახებ“ ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 31 ივლისის №573 გადაწყვეტილებით ნება დაერთო აღმასკომის კომუნალური მეურნეობის განყოფილების საბინაო სამმართველოს გადაუფორმოს საცხოვრებელი ბინა მდებარე, ბათუმი, ... ქ. №6, საცხოვრებელი ფართი: 18 კვ.მ. ც. ა. ასულ ტ-ს, თუმცა ც. ტ-ის ან მისი ოჯახის წევრების მიერ ეს უფლება რეალიზებული არ ყოფილა, ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის;
ც. ტ-ი გარდაიცვლა 2000 წლის 9 აპრილს. ც. ტ-ის მემკვიდრე იყო ალ. ს-ი (პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან, შვილი), რომელმაც მიიღო დედის - ც. ტ-ის სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები, მაგრამ არ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები. ალ. ს-ი გარდაიცვალა 2006 წლის 8 აგვისტოს.
ბათუმის ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 23 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის, თანახმად, ალ. ს-ის პირველი რიგის მემკვიდრემ შვილმა - ა. ს-მა საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც ეკუთვნოდა მამკვიდრებლის დედას - ც. ტ-ს და რომელიც წარმოადგენდა სამკვიდრო ქონებაში შემავალ აქტივებსა (მოთხოვნის უფლება პენსიაზე, ფულად თანხებზე, მოძრავი და უძრავი ქონება, საკუთრების უფლების შეძენა უძრავ ნივთზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივებს (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებების მესამე პირთა მიმართ - მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში).
აღნიშნულიდან გამომდინარე, მცდარი და დაუსაბუთებელია ქვემდგომი სასამართლოების დასკვნა, რომ „საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები ფართის კანონიერ მოსარგებლეს - ც. ტ-ს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ კი მოსარჩელე ა. ს-ს, რომელმაც, როგორც ალ. ს-ის პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის დედის _ ც. ტ-ის სამკვიდრო ქონება, უქმნიდა ქ. ბათუმში, ... ქუჩა №6-ში (ამჟამინდელი ... ქუჩა №6-ში) მდებარე საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის განხორციელების საკმარის საფუძველს, რისი შესაძლებლობაც შეეზღუდა იმის გამო, რომ სადავო ფართი რეგისტრირებული იქნა ქ.ბათუმის მერიის სახელზე“, ვინაიდან: ც. ტ-ს 2000 წლამდე (გარდაცვალებამდე) არ გამოუყენებია კანონით მინიჭებული უფლება ბინის პრივატიზაციის უფლების მინიჭების მოთხოვნის თაობაზე, რის გამოც სადავო ფართი მის სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა, შესაბამისად, ალ. ს-ი არ წარმოადგენდა ამ ფართის მემკვიდრეს, ისევე, როგორც მისი გარდაცვალების შემდეგ სადავო ფართი ვერც მისი სამკვიდრო მასის ობიექტი ვერ გახდებოდა.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული დასკვნების სამართლებრივი საფუძველი, არცერთ სასამართლოს არ მიუთითებია, რაც ნიშნავს, რომ იგი არ ემყარება მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც იურიდიული თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო კოდექსის VI წიგნი ადგენს და აწესრიგებს მემკვიდრეობის სამართლის ინსტიტუტებს, განსაზღვრავს ამ სამართლის ცნებებს, მემკვიდრეობის წარმოშობის საფუძვლებს და ა.შ., მითითებული წიგნის მე-13 თავით განსაზღვრულია სამკვიდროს დაცვის ცნება, წინაპირობები, უფლებამოსილი ორგანო და დაცვის ღონისძიებები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამემკვიდრეო სამართლის ინსტიტუტის - სამკვიდრო მასის ცნების მიხედვით, სადავო ვერ იქნება ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა. ს-ი ვერ იქნება მემკვიდრე მამკვიდრებლის იმ ქონებაზე, რომელიც გარდაცვალების მომენტში მამკვიდრებლის საკუთრებას არ წარმოადგენდა, ამდენად, ბათუმის ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 23 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის უფლება სადავო ქონებაზე კანონით დაცული არ არის, რის გამოც მისი რეალიზაციის იურიდიული შესაძლებლობა არ არსებობს.
ასევე, დაუსაბუთებელი და მეტიც, გაუგებარია სასამართლოთა მიერ განსახილველ დავაში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების გამოყენება, და სააპელაციო სასამართლოს ჩამოყალიბებული დასკვნა, საქალაქო სასამართლოს მსჯელობის - „ქ. ბათუმის მთავრობას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, დაედგინა, რომ ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის (ქ. ბათუმის მერიის) სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულიყო ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე 17,94 კვ.მ. ფართი,“ გაზიარების თაობაზე, იმაზე დაყრდნობით, რომ ეს ფართი ც. ტ-ს ჰქონდა გადაცემული ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 31 ივლისის №573 გადაწყვეტილების საფუძველზე,
რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მიუხედავად, ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1964 წლის 31 ივლისის №573 გადაწყვეტილებისა, ც. ტ-ის და მისი ოჯახის წევრების მიერ ეს უფლება რეალიზებული არ ყოფილა, ბინა, ც. ტ-ის და მისი შვილის - ალ. ს-ის არც სიცოცხლის განმავლობაში და არც გარდაცვალების შემდგომ, გადაფორმებული არ ყოფილა, არც ბინის პრივატიზაციის შესახებ მოთხოვნის უფლების რეალიზაცია არ მომხდარა, ამგვარი ნების გამოვლენის ამსახველი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ არარეალიზებული უფლების მემკვიდრეობით გადასვლის იურიდიულ შესაძლებლობას მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
მითითებული შეფასებებიდან გამომდინარე, გაურკვეველია განსახილველი სარჩელით კანონით დაცული რომელი უფლების მოთხოვნის რეალიზაციას ახდენს მოსარჩელე, შესაბამისად, მის რომელ უფლებას ან კანონიერ ინტერესს მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, როგორც ამას იმპერატიულად ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი ადმინისტრაციული სარჩელის ამ სახის დასაშვებად მიჩნევის წინაპირობებში.
საქმის მასალების მიხედვით, ამხანაგობა ,,...“ წარმომადგენლის დ. კ-ის 2006 წლის 20 ივლისის წერილით ირკვევა, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში ჩამოყალიბდა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,...“. აღნიშნულ მისამართზე არსებული სახლი 1998 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა და დღეისათვის იქ მხოლოდ შენობის ნანგრევებია და ტერიტორია ნაგავსაყრელად არის ქცეული, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით აღნიშნულ მისამართზე 17,94 კვ.მ. ფართი ირიცხება ქ. ბათუმის მერიის სახელზე, რის გამოც ქ. ბათუმის მერიას სთხოვა შევიდეს საბინაო ამხანაგობაში და ხელი შეუწყოს საქმიანობაში (იხ.ს.ფ.148; ტ1 ).
აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება, რომ სადავო ფართით წლების განმავლობაში არავის უსარგებლია, ა. ს-ს რაიმე მტკიცებულება, რომ 1998 წლიდან ც. ტ-ი ან ოჯახის რომელიმე წევრი ამ ფართით სარგებლობდა, არ წარმოუდგენია, შესაბამისად, გასაჩივრებული დადგენილებით არ შელახულა მისი, როგორც მოსარგებლის უფლება, ასეთის დაუდასტურებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ქვემდგომმა სასამართლოებმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს არასწორად მიუსადაგეს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის თაობაზე“ ნორმები, როცა მიუთითეს, რომ ამ ნორმატიული აქტის „მიზნებიდან გამომდინარე კანონიერი მოსარგებლის სტატუსით პირის აღჭურვა დაკავშირებულია ორი წინაპირობის არსებობასთან, კერძოდ: 1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სათანადო დოკუმენტის არსებობა (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა), რომელიც პირს ანიჭებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით სარგებლობის უფლებას და 2. პირი ასეთი დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობს აღნიშნული ფართით“, შემდეგ გარემოებათა გამო: ციტირებული ნორმით ტერმინის - კანონიერი მოსარგებლის დეფინიციის ერთერთ სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს: „პირი ასეთი დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობს აღნიშნული ფართით,“ რაც განსახილველ შემთხვევაში ა. ს-ს არ დაუდასტურებია, შესაბამისად იგი ვერ ისარგებლებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით მინიჭებული უფლებებით, რის გამოც გასაჩივრებული დადგენილებით არც ამგვარი სამომავლო უფლების პერსპექტივა არ შელახულა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციიო სამსახურის 2006 წლის 26 ივლისის №2641 წერილით ქ. ბათუმის ადგილობრივ თვითმმართველობას ეცნობა, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში ფლობდა 17,94 კვ.მ. ფართს, რომელიც საჭიროებს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხვას (იხ.ს.ფ.146; ტ1 ), ამ თარიღის მდგომარეობით, სადავო ფართის ქ. ბათუმის მერიის სახელზე აღრიცხვის ფაქტი და საფუძველი გასაჩივრებული არ არის;
აღნიშნული წერილის საფუძველზე ქ. ბათუმის მთავრობის მიერ 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილებით დადგინდა, რომ ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის (ქ. ბათუმის მერია) სახელზე საკუთრების უფლებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდეს ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე 17,94 კვ.მ. ფართი;
აღნიშნული დადგენილება გამოქვეყნდა გაზეთ ,,...“ 2006 წლის 1 სექტემბრის №126 ნომერში (იხ, ს.ფ. 150; ტ.1. );
მითითებული დადგენილების საფუძველზე, საჯარო რეესტრში განხორციელდა შესაბამისი ჩანაწერი და ქ. ბათუმში, ... ქ. №6-ში მდებარე უძრავი ქონება ფართით: 17, 94 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. ბათუმის მერიის სახელზე;
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ს-ის სარჩელი არ არის მიმართული მისი რომელიმე კანონით დაცული უფლების ან კანონიერი ინტერესის შელახვის ან დაცვის მიზნით, ამგვარი უფლების არარსებობის გამო.
დადგენილია, რომ აღნიშნული დადგენილება მოსარჩელემ ბათუმის მერიისგან მოითხოვა 2013 წლის 2 მაისს, ხოლო სასამართლოში სარჩელი აღძრა 2013 წლის 10 მაისს;
სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა და არ მისცა სამართლებრივი შეფასება საქალაქო სასამართლოს დასკვნას - მოპასუხის არგუმენტის - ქ. ბათუმის
მთავრობის 2006 წლის 24 აგვისტოს №237 დადგენილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გაშვების თაობაზე, რომ ა. ს-ისათვის გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გაზეთ ,,...“ დადგენილების გამოქვეყნების დღიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე და 58-ე მუხლების მიხედვით, არგაზიარების თაობაზე იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული დადგენილება მოსარჩელემ ბათუმის მერიისგან გამოითხოვა 2013 წლის 2 მაისს, ხოლო სასამართლოში სარჩელი აღძრა 2013 წლის 10 მაისს, რომ სზაკ-ის 58-ე მუხლის მიხედვით აქტის გამოქვეყნების წინაპირობები სახეზე არ იყო და იგი ინდივიდუალურად უნდა გადასცემოდა მოსარჩელეს.
საკასაციო სასამართლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის ინსტიტუტთან დაკავშირებით სზაკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება:
1. აქტის გასაჩივრების ვადის გასვლას;
2. აქტის გასაჩივრების შემთხვევაში მის უცვლელად დატოვებას.
განსახილველ საქმეში სადავო დადგენილება გამოქვეყნდა ადგილობრივ პრესაში სზაკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, დადგენილია, რომ აქტი არავის არ გაგზავნია.
საკასაციო სასამართლო სზაკ-ის 55-58-ე მუხლების დანაწესების საფუძველზე განმარტავს, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის ხელმისაწვდომობის და მისი გაცნობის სტანდარტს, წესსა და პირობებს. ასე, მაგ:, 55-ე მუხლით ორგანოს აქტის გამოქვეყნების წინაპირობას წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული შემთხვევა, ანუ აქტის გაცნობის წესი კანონის მიხედვით უნდა იყოს გამოქვეყნება, აქვეა დადგენილი საგამონაკლისო პირობა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს, ოფიციალური გაცნობის წესი შეცვალოს გამოქვეყნებით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება 50-ზე მეტ პირს, რაც საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი ხარჯვის პრინციპითაა ნაკარნახევი და სავსებით მიზანშეწონილია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-1580-1509(კ-09) სა-
ქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო, მოპასუხის, ა. -ის მიმართ, ჩამოყალიბებულ განმარტებაში, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა: „ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლას არაორაზროვნად და მკაფიოდ უკავშირებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობას /ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლი/, რაც ნიშნავს, რომ აქტით განსაზღვრული მოწესრიგება, სამართლებრივი შედეგი შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მხოლოდ ადრესატისათვის აქტის გადაცემის შემთხვევაში. ამდენად, სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს ადრესატის აქტის გამოცემის თარიღის შემდგომი სამართლებრივი მდგომარეობა (უფლება-მოვალეობების დადასტურება, დაწესება, შეცვლა, შეწყვეტა)“.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აქტის ოფიციალური გაცნობის კანონით დადგენილი წესი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა ცნობილია აქტის ადრესატი/ადრესატთა წრე, აგრეთვე დაინტერესებული პირები.
გასაჩივრებული დადგენილების შინაარსი ცხადყოფს, რომ აქტის სამართლებრივი შედეგი არ ზემოქმედებს უშუალო ადრესატის ან მესამე პირთა კანონიერ ინტერესებზე, რამდენადაც ტექინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით ქ. ბათუმის მერიის სახელზე აღრიცხული ფართის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების მოთხოვნით საჯარო რეესტრისადმი მიმართვის უფლებას ეხება, ამდენად, აქტის ოფიციალური გაცნობის წესის გამოყენების ვალდებულება ადრესატის გარეშე ალოგიკური, შესაბამისად, არაკანონიერია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარ ვითარებაში, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება ერთადერთი ლეგიტიმური საშუალებაა მისი საზოგადოების წევრებისათვის გაცნობის უზრუნველსაყოფად, რაც სავსებით ლოგიკურად და კანონიერად გამოიყენა მოპასუხე ქ. ბათუმის მერიამ, რაც გულისხმობს ამ აქტის სზაკ-ის 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნების დღეს ძალაში შესვლას.
აღნიშნულ გარემოებათა გამო, გასაჩივრებული დადგენილება გამოქვეყნდა რა გაზეთ ,,...“ 2006 წლის 1 სექტემბრის ნომერში, აქტი ძალაში შევიდა გამოქვეყნების დღესვე, საიდანაც უნდა აითვალოს მისი გასაჩივრების ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით შეტანის თაობაზე არ გამომდინარეობს სზაკ-ის 55-58-ე მუხლების სწორი, კანონშესაბამისი გაგება-განმარტებიდან.
საკასაციო სასამართლოს შეფასებებიდან გამომდინარე ასევე დაუსაბუთებელია ქვემდგომი სასამართლების გადაწყვეტილებები სადავო ფართის - 17,94 კვ.მ. აღრიცხვის თაობაზე 2006 წლის 1 სექტემბერს განხორციელებული ჩანაწერის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009
წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების №882009189092-03 რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში, როგორც ძირითადი მოთხოვნის თანმდევი შედეგის, სარჩელის უსაფუძვლობის გამო.
კასატორების საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა. ს-ის სარჩელის, როგორც უსაფუძვლოსა და დაუსაბუთებლის, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, აღარ არსებობს საჯარო რეესტრის საკასაციო საჩივრის მოტივებზე მსჯელობის საჭიროება.
ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 30 აპრილის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნ. შ-ს აეკრძალა მის
საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება (იხ. ს.ფ. 39-43; ტ.1), მასზედ გაცემული სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 44; ტ.1), რომელთა გაუქმების შესახებ ნ. შ-ს უფლება აქვს მიმართოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს 53-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ს-ს დაეკისროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის, ჯამში 540 ლარის გადახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 399-ე, 408.3-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. ბათუმის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 30 აპრილის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნ. შ-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება, მასზედ გაცემული სააღსრულებო
ფურცელი, რომელთა გაუქმების შესახებ ნ. შ-ს უფლება აქვს მიმართოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;
5.მოსარჩელე ა. ს-ს დაეკისროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის
სახით გადახდილი 300 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის, ჯამში 450 ლარის გადახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე