Facebook Twitter
საქმე #ბს-399-394(2კ-14) 19 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე


სხდომის მდივანი - ა.ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი ნ.კ-ე (მინდობილობილობა 12.08.14წ., =166933) ც.ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – მ. ს-ე, წარმომადგენელი გ.გ-ე (რწმუნებულება 01.10.13წ., =131038605)

მესამე პირი - კ.ა-ე, წარმომადგენელი ფ.ბ-ა (მინდობილობა, 09.01.13წ., =130009413; 22.08.13წ., =130857767), ი.ს-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2014წ. გადაწყვეტილება




ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 18.12.12წ. გადაწყვეტილებით ც.ს-ის და კ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ.ქუთაისში, ... ქ. =23-ში მდებარე მიწაზე სერვიტუტის უფლების რეგისტრაცია, მ.ს-ეს აეკრძალა სერვიტუტით სარგებლობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.13წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა გზით სარგებლობის სერვიტუტის უფლება.
მ.ს-ემ 01.08.2013წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მოპასუხის 15.07.2013წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა გზით (66 კვ.მ) საერთო სარგებლობის უფლების შესახებ ჩანაწერი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი ოჯახი 1926 წლიდან სარგებლობდა ქ.ქუთაისში, ... ქ. =23-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული 67 კვ.მ. საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 14.10.1998წ. მისგან დამოუკიდებლად, საჯარო რეესტრში მიწაზე საერთო სარგებლობის ნაცვლად დარეგისტრირდა სერვიტუტის უფლება, რაც მართებულად გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სერვიტუტის უფლებასთან ერთად გააუქმა მიწაზე მისი სარგებლობის უფლება, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 1926 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და აღმასრულებელი ფურცლით.
საქალაქო სასამართლოში დავის განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ კ.ა-ე და ც.ს-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.12.2013წ. გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა სადავო რეგისტრაციის განხორციელების პერიოდში მოქმედ ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, 30.1 მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება ქ.ს-ის განცხადების საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის უფლების რეგისტრაცია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 18.12.12წ. გადაწყვეტილებით ც. ს-ის და კ.ა-ის სარჩელი დაკმყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისში, ... ქ.=23-ში მდებარე მიწაზე სერვიტუტის უფლების რეგისტრაცია, ასევე მ.ს-ეს აეკრძალა სერვიტუტის უფლებით სარგებლობა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებზე, მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, მე-5, მე-11 მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.2013წ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 18.12.2012 წ. გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სერვიტუტის უფლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მიწის ნაკვეთი სერვიტუტის უფლების გარდა, დატვირთული იყო სხვა რაიმე ვალდებულებით მოსარჩელის სასარგებლოდ. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება სარგებლობის უფლების უკანონოდ გაუქმების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.12.2013წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.ს-ის მიერ.
დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაერთო ი.ს-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2014წ. გადაწყვეტილებით მ.ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.12.2013წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.2013წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა გზით (66,36 კვ.მ.) საერთო სარგებლობის უფლების შესახებ ჩანაწერი, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2012წ. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით (საქმე =3/ბ-562).
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტის კანონიერების შესაფასებლად, უპირველესად უნდა დადგინდეს კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2012წ. გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლები. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია იმის დადგენა, სადავო უძრავ ნივთზე აწ გარდაცვლილ ქ.ს-ის სახელზე სერვიტუტის უფლების რეგისტრაცია მესაკუთრეს მეზობელი მიწის ნაკვეთთან მიმართებით სერვიტუტის გარდა ანიჭებდა თუ არა სხვა რაიმე უფლებას. სასამართლომ მიუთითა 16.09.1996წ. =1042-26წ. აღმასრულებელ ფურცელზე, 14.10.1998წ. მომზადებულ ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან და აღნიშნა, რომ აწ გარდაცვლილ ქ.ს-ის შვილის მ.ს-ის უფლება უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა დადგინდეს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც იყო ეს უფლება ტექნიკური ინვენტარიზაციის მასალებში აღრიცხული, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტის გამოცემისას არ გამოუკვლევია. პალატამ მიუთითა ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 2.6 მუხლზე და აღნიშნა, რომ 1998წ. 10 იანვრამდე ტექნიკური აღრიცხვის სამსახურების კომპეტენციას მიეკუთვნებოდა უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია. სააპელაციო პალატამ მიუთითა სზაკ-ის 96.1, სასკ-ის 32.4 მუხლებზე და მიიჩნია, რომ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან იგი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის და სათანადო შეფასების გარეშე. პალატამ აღნიშნა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონითა და ინსტრუქციით მინიჭებული უფლებამოსილებები და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურების ჩატარების შედეგად, ასევე უნდა შეაფასოს ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივში დაცული ყველა დოკუმენტი და დაადგინოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფარგლები, აგრეთვე გათვალისწინებულ უნდა იქნეს სერვიტუტის ბუნება, რომელიც სხვისი საკუთრებით შეზღუდულ სარგებლობას გულისხმობს. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ უარყოფს მოსარჩელის გარკვეულ უფლებას სადავო მიწის ნაკვეთზე, რასაც ეწინააღმდეგება სადავო აქტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2014წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ც.ს-ემ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა.
კასატორმა ც.ს-ემ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სასკ-ის მე-4, მე-19 და სსკ-ის 105-ე მუხლები, რაც გამოიხატა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა სრულყოფილად შეუფასებლობაში. არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობა, რადგან სადავო მიწასთან მიმართებით ტექ.ბიუროსა და საჯარო რეესტრში არ არსებობს დამატებითი დოკუმენტები, ქუთაისში, ... ქ. =23-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში მ.ს-ის სახელზე რაიმე უფლება არ ირიცხება. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ გაერკვა დავის საგანში, არ გაითვალისწინა, რომ სარჩელის საგანი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.12.2012წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოცემული სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სააპელაციო პალატა გასცდა დავის საგანს და სადავო აქტის კანონიერების გარდა სხვა გარემოებებზეც იმსჯელა. ც.ს-ე თვლის, რომ მ.ს-ის მიერ დასახელებული მე-20 საუკუნის აქტები არ ადასტურებენ მოსარჩელის უფლებას ნივთზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მ.ს-ე უფლებამოსილია აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე მიმართოს სარეგისტრაციო სამსახურს თავისი უფლების რეგისტრაციის მიზნით. კასატორმა აგრეთვე მიუთითა, რომ საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს შეეძლო თვითონ გამოეთხოვა სათანადო ორგანოებიდან საქმის გადაწყვეტისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები და ინფორმაცია.
კასატორმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა აღნიშნა, რომ ქუთაისში, ... ქ.23-ში მდებარე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციო სამსახურის 14.10.1998წ. =14/98 გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა სერვიტუტის უფლება, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.12.2012წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. დასახელებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კი ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოიცა სადავო 15.07.2013წ. გადაწყვეტილება შეზღუდული სარგებლობის უფლების გაუქმების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაედგინა 18.12.2012წ. გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლები, უნდა გაერკვია სერვიტუტით სარგებლობის აკრძალვა მოიცავდა თუ არა გზით საერთო სარგებლობის უფლების ჩანაწერის გაუქმებას, თუმცა სასამართლოს არ მიუთითებია რომელი გადაწყვეტილების საფუძველზე იყო რეგისტრირებული გზით საერთო სარგებლობის უფლება. კასატორმა აღნიშნა, რომ გზით საერთო სარგებლობის უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში უფლება გამოჩნდებოდა ამონაწერში საჯარო რეესტრიდან, რაც არ ფიქსირდება. კასატორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სერვიტუტის რეგისტრაციისას წარდგენილი დოკუმენტაცია და ასევე სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მ. ს-ის უფლებას უძრავ ნივთზე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში არ ინახება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა, რომ არ არსებობდა ასევე აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება, რადგან მისი სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანი არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, მხარეთა მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის და ც. ს-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.12წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ც.ს-ის და კ.ა-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სერვიტუტის უფლების რეგისტრაცია ც.ს-ის და კ.ა-ის უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.ქუთაისი, ... ქუჩის =23-ში და აეკრძალა მ.ს-ეს სერვიტუტის უფლებით სარგებლობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.04.13წ. განჩინებით მ.ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხდადდეს თუ წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.13წ. =882013322208-03 გადაწყვეტილება მიღებულია კანონიერ ძალაში მყოფი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.12წ. გადაწყვეტილების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.13წ. განჩინების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-4 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ის უნდა შესრულდეს, ადმინისტრაციული ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებულნი არიან ყოველნაირად შეუწყონ ხელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მართებულია ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო აქტით ქ.ქუთაისში, ... ქ. =23-ში სერვიტუტის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ 15.07.13წ. გადაწყვეტილების მიღება, მ.ს-ე თავის სასარჩელო განცხადებაში თავად აღნიშნავს, რომ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მართებულად მოხდა სერვიტუტის რეგისტრაციის გაუქმება (ტ.1, ს.ფ.3), თუმცა მოსარჩელის აზრით სადავო აქტით არამართლზომიერად გაუქმდა მიწაზე მისი სარგებლობის უფლება.
სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ 10.04.2014წ. გადაწყვეტილებაში სასამართლო უთითებს, რომ საქმის გარემოებები ორგანოს მიერ არასრულად არის გამოკვლეული, რის გამოც სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტი ნაწილობრივ - სარგებლობის უფლების გაუქმების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სადავო აქტის ნაწილის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ხელახალი განხილვისა და ახალი გადაწყვეტილების მისაღებად დაბრუნების დასაბუთებას. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.13წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა გზით (66,36 კვ.მ.) საერთო სარგებლობის უფლების შესახებ ჩანაწერი, თუმცა ასეთი ჩანაწერის არსებობა საქმის მასალების საფუძველზე სააპელაციო პალატას არ დაუდგენია, ხოლო სადავო აქტით სერვიტუტის რეგისტრაციის ბათილად ცნობის გარდა რაიმე სხვა საკითხი არ გადაწყვეტილა, შესაბამისად მას რაიმე სხვა ნაწილი არ გააჩნია. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სადავო 15.07.13წ. =882013322208-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა სერვიტუტის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ, სადავო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს ხსენებას საერთო სარგებლობის უფლების შესახებ, რის გამო არ დასტურდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლების დარღვევა. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს სადავო აქტის გამოცემისას არ გააჩნდა დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების ვალდებულება, რადგან სერვიტუტის უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა დადგენილი იყო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით, რაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უპირობოდ ქმნიდა სერვიტუტის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 18.12.2012წ. =3/ბ-562 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 14.10.1998წ. =17/98 გადაწყვეტილებით რეგისტრირებული სერვიტუტის უფლება ც.ს-ის და კ.ა-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, რაც აღსრულდა სარეგისტრაციო სამსახურის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კანონიერ ძალაში მყოფი სააპელაციო პალატის 18.12.2012წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო ორგანოს არ დავალებია სერვიტუტის უფლების ნაცვლად მიწის ნაკვეთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემა, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სადავო 15.07.13წ. გადაწყვეტილება გამოცემულია 10.07.13წ. განცხადების პასუხად, რომლითაც მოთხოვნილი იყო მხოლოდ სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული სერვიტუტის უფლების ბათილად ცნობა, შესაბამისად სარეგისტრაციო სამსახური ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას სხვა რაიმე უფლებასთან დაკავშირებით. ამდენად, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითება სარგებლობის უფლების გაუქმების ნაწილში სადავო 15.07.2013წ. აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ჩანაწერებით დასტურდება, რომ სერვიტუტის გარდა სადავო ნივთზე სხვა რაიმე ჩანაწერი არ არსებობს, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება მიწაზე სარგებლობის უფლების რეგისტრაციის ან მისი გაუქმების შესახებ არ იძებნება. საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.05.14წ. ცნობის (ტ.2, ს.ფ. 81) თანახმად, ქ.ქუთაისში, ... ქ.=23-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში მ.ს-ის სახელზე რაიმე უფლება აღრიცხული არ არის. ტექინვენტარიზაციის ბიუროში ჩანაწერის არარსებობას ადასტურებს აგრეთვე კასატორი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო სსკ-ის 102.1 მუხლის შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულებები დავის განხილვის არც ერთ ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) არ წარმოუდგენია. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში თავად მიიჩნევს დადგენილად, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალებში რაიმე სახის უფლება უძრავი ქონების სარგებლობასთან დაკავშირებით არ ფიქსირდება (ტ.2, ს.ფ.60). აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უფლება უნდა განსაზღვრულიყო იმ ფარგლებში, რა სახითაც იყო ეს უფლება ტექნიკური ინვენტარიზაციის მასალებში აღრიცხული, რაც სააპელაციო პალატის აზრით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გამოუკვლევია (ტ.2, ს.ფ.61). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო უარყოფს მის მიერვე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი სწორედ, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე დავის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგის მართლზომიერებას უნდა ასაბუთებდეს. სააპელაციო პალატის მითითება საქართველოს პრეზიდენტის 28.09.04წ. =416 ბრძანებულებაზე არ ასაბუთებს სადავო აქტის ბათილად ცნობას და ახალი აქტის გამოცემის დავალებას. ის გარემოება, რომ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადგილობრივი ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 28.09.04წ. =416 ბრძანებულებით, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურების ლიკვიდაციის გამო, ამ სამსახურში არსებულ მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივის მასალები გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მე-2 პუნქტი), რომლის ჩამოყალიბებამდე ტექაღრიცხვის სამსახურის კომპეტენციას მიეკუთვნებოდა უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია, არ ადასტურებს სადავო უძრავ ქონებაზე სარგებლობის უფლების რეგისტრაციას ტექაღრიცხვის ბიუროში. სააპელაციო სასამართლო არ უთითებს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის დადგენა საჭიროა სადავო სამართალურთიერთობის გადასაწყვეტად, გადაწყვეტილებაში არ არის აგრეთვე მითითებული სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების დანაწესების მიუხედავად, სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების დადგენის შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოებები. სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ დგინდება, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული არსებითი გარემოებების გამოკვლევას, რაც ორგანოს არ მოუხდენია და ამასთანავე, სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რის გამოც შეუძლებელი იქმნება სადავო აქტის კანონიერების შემოწმება. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია მტკიცებულებათა არასაკმარისობის შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს მტკიცებულებები, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მოახდინოს მათი სამართლებრივი შეფასება. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო პალატამ სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნო სადავო აქტი მაშინ, როდესაც არ დასტურდება სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინამძღვრები.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მხოლოდ სერვიტუტის უფლება, რომელიც ბათილად არის ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ 18.12.12წ. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნიდა სერვიტუტის უფლების რეგისტრაციის საფუძველს, 1926 წელს მიწა არსებობდა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში და არ განეკუთვნებოდა კერძო ბრუნვის საგანს, შესაბამისად შეუძლებელი იყო შეთანხმება სერვიტუტზე, როგორც საკუთრების უფლების შეზღუდვაზე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა გაირკვეს ანიჭებდა თუ არა განხორციელებული ჩანაწერი მ.ს-ეს რაიმე სხვა უფლებას არ ემყარება საკანონმდებლო საფუძველს, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის უფლების რეგისტრაცია ფაქტობრივად გამორიცხავს იმავე მიწის ნაკვეთზე იგივე მხარეების თანასარგებლობის უფლების რეგისტრაციას, რადგან სერვიტუტი, როგორც სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის სანივთო-სამართლებრივი უფლება, გულისმობს ორი ნაკვეთის არსებობას, რომელთაგან დატვირთული მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილის გამოყენება ხდება მთავარი მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ. სერვიტუტის შემთხვევაში სახეზეა სხვადასხვა პირის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთები, ხოლო საერთო სარგებლობის უფლების დადგენისას კი, სახეზეა ერთი მიწის ნაკვეთი, რომელზეც რამდენიმე პირს თანასწორად, თავიანთი წილების შესაბამისად აქვთ მიწაზე სარგებლობის უფლება მოპოვებული. ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება სადავო მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის უფლებასთან ერთად თანასარგებლობის უფლების შესაძლო რეგისტრაციის შესახებ.
სადავო უძრავ ქონებაზე სერვიტუტის რეგისტრაციის დროს მოქმედი კანონმდებლობის (,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 1 მუხ.) თანახმად, სერვიტუტი განისაზღვრებოდა, როგორც სხვის საკუთრებაში არსებული მიწით და სხვა უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება ან ქონების გამოყენებაზე დაწესებული რაიმე პირობა, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს მესაკუთრის უფლებებს. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ქ.ქუთაისში, ... ქ. =23-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია კ.ა-ის და ც.ს-ის თანასაკუთრებად (საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 676 კვ.მ.). საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ც.ს-ის საკუთრებაა - სახლის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით 239,29 კვ.მ., საერთო სარგებლობაში არსებული ფართი - 13,36 კვ.მ., კ.ა-ის საკუთრებაა სახლის გამოყოფილი ნაწილის საერთო ფართის - 65,44 კვ.მ., საერთო სარგებლობაში არსებული ფართი - 13,36 კვ.მ.. სკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, ასევე არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონების სარგებლობა. ამდენად, შეუძლებელია მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით დატვირთვა ან ნაკვეთზე თანასარგებლობის უფლების წარმოშობა მესაკუთრის თანხმობის გარეშე, რადგან სწორედ მესაკუთრის ნებაა განმსაზღვრელი მის ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის დადგენისას, მესაკუთრე წყვეტს ნივთის დატვირთვის, სარგებლობის, მართვისა და განკარგვის საკითხებს. საქმეზე დადგენილია, რომ სადავო ფართი იმყოფება კ.ა-ის და ც.ს-ის საკუთრებაში, რომლებიც არ ეთანხმებიან მათ საკუთრებაში მყოფი ქონების სარგებლობაში გადაცემას. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მითითება სარგებლობის უფლების აღრიცხვის თაობაზე არ ემყარება საკანონმდებლო საფუძველს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული საქმის დავის საგანს შეადგენს მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ რამოდენიმეჯერ დააზუსტა მოთხოვნა (ტ.1, ს.ფ. 5, 36, 52-53, 94, 182-184). 09.10.13წ. განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.13წ. =882013322208-03 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა - გზით (66,36 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე) საერთო სარგებლობის უფლების შესახებ ჩანაწერის გაუქმების ნაწილში, მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე მისი თანასაკუთრების უფლების აღიარება ქ.ქუთაისში, ... ქ. =23-ში მდებარე 66.36 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ც.ს-ესთან და კ.ა-ესთან ერთად. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 23.12.13წ. განჩინებით საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო მოსარჩელე მ.ს-ის მოთხოვნა თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში. სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 14.10.1998წ. მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტები აღრიცხულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში და საჭიროდ თვლის უძრავ ქონებასთან მიმართებაში მ.ს-ის უფლების იმ ფარგლებში განსაზღვრას, როგორი სახითაც იყო ეს უფლება ტექნიკური ინვენტარიზაციის მასალებში აღრიცხული. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ეს გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. საქმეში არ არის დაცული და ვერც სააპელაციო პალატა უთითებს რაიმე მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება ქ.ქუთაისში, ... ქ. =23-ში მდებარე ნაკვეთის სერვიტუტის გარდა რაიმე სხვა ვალდებულებით დატვირთვა. იმ შემთხვევაში თუ სერვიტუტის უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული დოკუმენტაცია (25.08.1926წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, 16.09.1926წ. აღმასრულებელი ფურცელი, 02.10.1926წ. ჩაბარების ფურცელი) სერვიტუტის გარდა სხვა უფლების რეგისტრაციის პირობას წარმოადგენდა, აღნიშნული ქმნიდა ამ უფლების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის და არა კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული სადავო აქტის არარსებულ ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნას. საქმის მასალების მიხედვით მოსარჩელემ მოითხოვა კანონიერ ძალაში მყოფი 18.12.12წ. სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოცემული სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სწორედ ხსენებული აქტის ბათილად ცნობა შეადგენს განსახილველი დავის საგანს. მოსარჩელის მეორე მოთხოვნა - თანამესაკუთრედ ცნობა გამოეყო მიმდინარე საქმეს, საქმე გამოყოფილ ნაწილში შეჩერებულია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში განსახილველია მხოლოდ სარეგისტრაციო სამსახურის აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა, აქტის კანონიერების შემოწმება. 25.08.1926წ. ნასყიდობის ხელშეკრულების, 16.10.1926წ. =488 აღმასრულებელი ფურცლის, 02.10.1926წ. ჩაბარების ფურცლის საფუძველზე სადავო ნაკვეთზე თანასაკუთრების ან თანასარგებლობის უფლების მოპოვების საკითხი სცდება მოცემული დავის საგანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია, პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ მისცა მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება, გადაწყვეტილება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, რადგან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტის ის ნაწილი, რომლის არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება. ამდენად, იქმნება სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეაფასოს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ც.ს-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2014წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: ლ. მურუსიძე


მ. ვაჩაძე