№ბს-428-423(2კ-14) 3 თებერვალი, 2015 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე;
კასატორები (მოპასუხეები) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; წარმომადგენელი - ნ. ქ-ი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო; წარმომადგენელი - თ. ქ-ა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. გ-ე; წარმომადგენელი - დ. ა-ე;
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის განჩინება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელე: გ. გ-ე;
წარმომადგენელი - დ. ა-ე;
მოპასუხეები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - კ. ე-ი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი - თ. ვ-ე, დ. ჩ-ი;
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და 24-ე მუხლის საფუძველზე ქმედების განხორციელება
სარჩელის საგანი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილის 2013 წლის 24 სექტემბრის №750 ბრძანების ბათილად ცნობა;
2. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 15 აგვისტოს №1604660 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელის სახელზე ,,B” კატეგორიის მართვის მოწმობის გაცემის დავალება;
სარჩელის საფუძველი: სადავო აქტების კანონსაწინააღმდეგობა
ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელის განმარტებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ამავე სააგენტოს თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილების 2012 წლის 13 ოქტომბრის №1364135 წერილთან (სამსახურებრივ ბარათთან) დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
სამსახურებრივ ბარათთან ერთად მოპასუხეს გაეგზავნა 2012 წლის 24 სექტემბრის №1275525 განცხადება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 17 სექტემბრის №06/885 დასკვნა, რომელიც ეხებოდა დაბადების თარიღის მონაცემების გასწორებას და მის სახელზე კანონიერი მონაცემებით მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემას. მოპასუხესთან ასევე გადაიგზავნა 2001 წლის 9 მარტს გაცემული AC№... მართვის მოწმობის გაცემის რეესტრი და 2006 წლის 26 სექტემბრს გაცემული AH№... მართვის მოწმობის გაცემის რეესტრის ასლები. ასევე, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილების 2012 წლის 20 ოქტომბრის №1396866 სამსახურებრივი ბარათი, მისი 2012 წლის 15 ოქტომბრის №1370052 განცხადება, ხოლო ამავე განყოფილების 2012 წლის 22 ოქტომბრის №1401713 სამსახურებრივი ბარათით გადაიგზავნა სააგენტოში არსებული მისი მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების 2001 წლის მარტის №56 საგამოცდო კომისიის ოქმი.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული დოკუმენტების გადაგზავნა მოპასუხესთან გამოწვია იმ გარემოებამ, რომ 2012 წლის 24 სექტემბერს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილებას მიმართა განცხადებით, რომელსაც დაურთო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 17 სექტემბრის №06/855/დ დასკვნა დაბადების თარიღის გასწორებასთან დაკავშირებით და ამ დასკვნის საფუძველზე მოითხოვა მართვის მოწმობის შეცვლა ახალი მართვის მოწმობით, რომელშიც უნდა ჩასწორებულიყო შეცდომით მითითებული დაბადების თარიღი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №1430572 გადაწყვეტილებით გ. გ-ის განცხადება 2006 წლის 26 სექტემბერს გაცემული AH№... , ,,B” კატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლის მოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მითითებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 9 მარტის №56 საგამოცდო ოქმი გ. გ-ის გამოცდის ჩაბარების ნაწილში და 2001 წლის 9 მარტის მართვის მოწმობის გაცემის რეესტრი, AC№... ,,B” კატეგორიის მართვის მოწმობის გაცემის ნაწილში. ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, კი ბათილად გამოცხადდა 2006 წლის 26 სექტემბერს გაცემული AH№... , ,,B” კატეგორიის მართვის მოწმობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, რომლის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №1430572 გადაწყვეტილება და მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული იქნა 2013 წლის 24 სექტემბრის №750 ბრძანება, რომლითაც კვლავ ძალაში დარჩა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 15 აგვისტოს №1604660 გადაწყვეტილება.
სამართლებრივი: მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე (იხ.ს.ფ. 1-10; ტ.1).
მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს შესაგებელი: მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, შემდეგი საფუძვლებით:
ფაქტობრივი: გ. გ-ის მიერ 2012 წლის 24 სექტემბერს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განცხადებით მიმართვის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მისი დაბადების თარიღი იყო არა 1982 წლის 5 ივნისი, არამედ 1983 წლის 5 ივნისი, რომელიც მითითებული იყო მის სახელზე 2001 წლის 9 მარტს გაცემულ AC№... და 2006 წლის 26 სექტემბერს გაცემულ AH№... მართვის მოწმობაში. აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია არც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, უფრო მეტიც, აღნიშნულის არსებობა გახდა შემდგომში საფუძველი იმისა, რომ გაუქმებულიყო მოსარჩელის, გ. გ-ის სახელზე 2006 წლის 26 სექტემბერს გაცემული AH№... მართვის მოწმობა, რასაც საფუძვლად დაედო დაინტერესებული მხარის გ. გ-ის უკანონო ქმედება, კერძოდ, მის მიერ მართვის მოწმობის გამცემ ორგანოში 2001 წლის 9 მარტს არასწორი (ყალბი) მონაცემების მითითებით გაცემული მოქალაქის მართვის მოწმობის (ან პასპორტის) წარდგენა.
მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული გარემოების არარსებობა, თავის მხრივ, გამორიცხავდა გ. გ-ის მართვის მოწმობის მისაღებ თეორიული და პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებას, ვინაიდან იმ დროისათვის (2001 წლის 9 მარტს) გ. გ-ეს შესრულებული არ ჰქონდა 18 წელი, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის აღნიშნული გარემოება, ცნობილი იყო, აღნიშნულის შესახებ არ მიუთითებია, რაც ცალსახად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის გამოყენების საფუძველია.
სამართლებრივი: სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონზე (იხ. ს.ფ. 32-41; ტ.1).
მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაგებელი: მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, შემდეგი საფუძვლებით:
ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხეს ფაქტობრივ გარემოებებზე არ უმსჯელია.
სამართლებრივი: მოპასუხის მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ 2011 წლის 9 მარტს და 2006 წლის 26 სექტემბერს გ. გ-ეზე გაიცა AC№... ,,B” კატეგორიის და AH№... ,,B” კატეგორიის მართვის მოწმობები. ასევე წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 17 სექტემბრის №06/855/დ დასკვნა ,,მოქალაქე გ. მ. გ-ის გაყალბებული დაბადების თარიღის გაცემის გასწორების და მის სახელზე კანონიერი მონაცემებით საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ“, რომლითაც დგინდება, რომ აღნიშნული საჩივრის ავტორი დაბადებულია 1983 წლის 5 ივლისს, შესაბამისად, მართვის მოწმობის გაცემის მომენტისათვის იგი იყო 17 წლის. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებით დამტკიცებული ,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების“ (რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №627 ბრძანებით) მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვებიან პირები შემდეგი კატეგორიის და ასაკის მიხედვით: ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,BC“ კატეგორიების სატრასპორტო საშუალებების, მოტოეტლებისა და ხელით სამართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის - 18 წელი, ხოლო მოსწავლეები, საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრებისა და ავტოსაქმის სწავლების სრული კურსის გავლისას, გამოცდაზე დაიშვებიან 18 წლის ასაკის შესრულების შემდეგ. შესაბამისად, გ. გ-ე არ იყო მართვის მოწმობის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ ასაკს მიღწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა (იხ. ს.ფ. 32-41; ტ.1)
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილის 2013 წლის 24 სექტემბრის №750 ბრძანება, რომლითაც უცვლელად დარჩა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 15 აგვისტოს №1604660 გადაწყვეტილება და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის სახელზე გასცეს ,,B” კატეგორიის მართვის მოწმობა; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაეკისრათ მოსარჩელე გ. გ-ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები:
2001 წლის 9 მარტის №56 საგამოცდო კომისიის ოქმის და AC №... მართვის მოწმობის გაცემის რეესტრის საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა AH №... ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობა.
მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებისას 2001 წლის 09 მარტს მოსარჩელეს არ ჰქონდა შესრულებული 18 წელი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისის განვითარების სააგენტოს 2012 წლის 17 სექტემბრის №06/855 /დ დასკვნით, მოსარჩელის დაბადების თარიღი შესწორდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №1430572 გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე გ. გ-ის სახელზე გაცემული AC №... ,,B’’ და AH №... ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობები და აღნიშნული მოწმობის საფუძვლები.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
სადავოა გასაჩივრებული აქტების კანონიერება.
სასამართლოს დასკვნები - გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილის 2013 წლის 24 სექტემბრის №750 ბრძანება, რომლითაც უცვლელად დარჩა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 15 აგვისტოს №1604660 გადაწყვეტილება და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის სახელზე გასცეს ,,B” კატეგორიის მართვის მოწმობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, 1999 წლის 28 მაისის ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-161 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია შემდეგი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი: „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი; ამავე კანონის მე-171 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების ზოგიერთი პირობა, მათ შორის „B“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა. ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია შემდეგი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი: „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი; ხოლო ამავე კანონის 57-ე მუხლით განსაზღვრულია 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების ზოგიერთი პირობა, მათ შორის „B“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა. სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს და საშუალებას აძლევს 18 წლამდე ასაკს მიღწევამდე პირმა მიიღოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობაზე და განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. სასამართლოს მითითებით, სასამართლო იცავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. აღნიშნული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისას გარკვეულწილად გაითვალისწინოს მიზანშეწონილობის, რაციონალობის ასპექტები. კონკრეტულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაზე 2006 წლის 24 სექტემბერს გაცემული AH №... ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელე 2006 წლიდან მართავს ავტომანქანას. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, 65-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლით, 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 417-ე, 418-ე მუხლებით, 581-ე მუხლის პირველი ნაწილით (იხ. ს.ფ. 147-186; ტ.1).
პირველი აპელანტი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; წარმომადგენელი - კ. ე-ი;
მოწინააღმდეგე მხარე: გ. გ-ე;
წარმომადგენელი: დ. ა-ე;
სარჩელზე მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო; წარმომადგენელი - დ. ჩ-ი;
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: ფაქტობრივ გარემოებებზე აპელანტს არ მიუთითებია.
პროცესუალურ-სამართლებრივი: საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონის ის მუხლები, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში - მართვის მოწმობების გაცემის დროისათვის არ იყო ძალაში; გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებები არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან, კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების“ (იმ დროისათვის მოქმედი კანოქვემდებარე ნორმატიული აქტი) მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებში მითითებულია, რომ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ საკვალიფიკაციო გამოცდებზე დაიშვებიან პირები შემდეგი კატეგორიების და ასაკის მიხედვით: „A“, „B“, „C“, „BC“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების, მოტოეტლებისა და ხელით სამართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის – 18 წელი, ხოლო მოსწავლეები, საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრებისა და ავტოსაქმის სწავლების სრული კურსის გავლისას, გამოცდაზე დაიშვებიან 18 წლის ასაკის შესრულების შემდეგ. შესაბამისად, გ. გ-ე არ იყო მართვის მოწმობის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ ასაკს მიღწეული.
აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ გამოიყენა ის კანონი, რომელიც იმ დროისათვის არ იყო ძალაში, არასწორად იმსჯელა აღნიშნული პროცედურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმზე - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გამსვლელი პირის ასაკზე, კერძოდ, მოქალაქე გ. გ-ეზე 2001 წლის 9 მარტს და 2006 წლის 26 სექტემბერს გაიცა AC N... და AH N... მართვის მოწმობები, ხოლო იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა აღნიშნულ გარემოებას და საშუალებას არ აძლევდა 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლის საშუალებას.
მატერიალურ-სამართლებრივი: სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ,,საგზაო მოძრაობის უსართხოების შესახებ“ საქართველოს კანონი (იხ. .ს.ფ. 161-170; ტ.1).
მეორე აპელანტი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო; წარმომადგენელი - დ. ჩ-ი;
მოწინააღმდეგე მხარე: გ. გ-ე;
წარმომადგენელი: დ. ა-ე;
სარჩელზე მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; წარმომადგენელი - კ. ე-ი;
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: ფაქტობრივ გარემოებებზე აპელანტს არ მიუთითებია.
პროცესუალურ-სამართლებრივი: საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონის ის მუხლები, რომლებიც მართვის მოწმობების გაცემის დროისათვის არ იყო ძალაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების“ (იმ დროისათვის მოქმედი კანოქვემდებარე ნორმატიული აქტი) მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებში მითითებულია, რომ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ საკვალიფიკაციო გამოცდებზე დაიშვებიან პირები შემდეგი კატეგორიების და ასაკის მიხედვით: „A“, „B“, „C“, „BC“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების, მოტოეტლებისა და ხელით სამართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის – 18 წელი, ხოლო მოსწავლეები, საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრებისა და ავტოსაქმის სწავლების სრული კურსის გავლისას, გამოცდაზე დაიშვებიან 18 წლის ასაკის შესრულების შემდეგ. შესაბამისად, გ. გ-ე არ იყო მართვის მოწმობის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ ასაკს მიღწეული.
აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად იმსჯელა აღნიშნული პროცედურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმზე - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გამსვლელი პირის ასაკზე, კერძოდ, მოქალაქე გ. გ-ეზე 2001 წლის 9 მარტს და 2006 წლის 26 სექტემბერს გაიცა AC N... და AH N... მართვის მოწმობები, ხოლო იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა აღნიშნულ გარემოებას და საშუალებას არ აძლევდა 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლის საშუალებას.
მატერიალურ-სამართლებრივი: სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი (იხ. .სფ. 175-185).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება /სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელე გ. გ-ემ 2001 და 2006 წლებში აიღო ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობა, რომლითაც სარგებლობდა წლების განმავლობაში. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ პირადობის მოწმობაში შესაბამის სამსახურს შეატანინა ცვლილება, კერძოდ, პირადობის მოწმობაში შეიცვალა მისი დაბადების თარიღი. ამის შემდეგ, 2012 წელს გ. გ-ემ განცხადებით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და პირადობის მოწმობაში თარიღის შეცვლის გამო მოითხოვა მართვის მოწმობის შეცვლაც. ამის ნაცვლად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს საერთოდ გაუუქმა (ბათილად სცნო) ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობა, იმ მოტივით, რომ 2001 წელს, როდესაც გ. გ-ემ აიღო მართვის მოწმობა, იგი ამ დროისათვის არ იყო 18 წელს მიღწეული პირი და შესაბამისად, არ არსებობდა მასზე მართვის მოწმობის გაცემის სამართლებრივი საფუძველი.
აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ 2001 წელს, როდესაც გ. გ-ემ აიღო მართვის მოწმობა, იგი ამ დროისათვის არ იყო 18 წელს მიღწეული პირი და შესაბამისად, არ არსებობდა მასზე მართვის მოწმობის გაცემის სამართლებრივი, კანონისმიერი საფუძველი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ 2001 წელს მოქმედი კანონმდებლობა, როდესაც გ. გ-ემ აიღო მართვის მოწმობა, ნამდვილად არ ითვალისწინებდა 18 წელს მიუღწეველ პირზე მართვის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას. სააპელაციო პალატის განმარტებით, 2001 წელს მოქმედებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს 366-ე ბრძანებით დამტკიცებული ,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესები’’, რომლის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ითვალისწინებდა ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას მხოლოდ 18 წელს მიღწეული პირებისათვის.
სააპელაციო პალატის შეფასებით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, არ არსებობდა გ. გ-ეზე გაცემული ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2001 წლის შემდეგ, 2006 წელს გ. გ-ემ ხელმეორედ აიღო მართვის მოწმობა, რა დროსაც მას უკვე შესრულებული ჰქონდა 18 წელი. ამდენად, ფაქტობრივად მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ბათილად ცნო არა 2001 წელს, არამედ 2006 წელს გაცემული მართვის მოწმობა, რისი საფუძველიც არ არსებობდა, ვინაიდან ამ მართვის მოწმობის გაცემის დროს გ. გ-ეს უკვე შესრულებული ჰქონდა 18 წელი.
სააპელაციო პალატამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ და ,,,ვ’’ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, განმარტა, რომ ზოგადად მართვის მოწმობა, მათ შორის, ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობაც, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი მის მფლობელს ანიჭებს გარკვეულ უფლებას - შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას.
სააპელაციო პალატის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, 2001 წელს მოსარჩელეზე ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობა კიდევაც რომ გაცემულიყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მას, როგორც იმ პერიოდისათვის 18 წელს მიუღწეველ პირს (მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2001 წელს გ. გ-ე არ იყო 18 წელს მიღწეული) რომც არ ჰქონოდა მართვის მოწმობის აღების უფლება, მაინც არ არსებობდა მისთვის გაცემული ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობის, როგორც აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან იგი არსებითად და თუნდაც არაარსებითადაც საერთოდ არ არღვევდა არც სახელმწიფო, არც საზოგადოებრივ და მით უფრო, არც სხვა პირთა კანონიერ უფლებებს და ინტერესებს. გარდა ამისა, გ. გ-ეს, როგორც დაინტერესებულ მხარეს, კანონიერი ნდობა ჰქონდა მასზე გაცემული მართვის მოწმობის მიმართ და ამ მართვის მოწმობის საფუძველზე მან განახორციელა გარკვეული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება - მართავდა ავტომანქანას, შესაბამისად, მართვის მოწმობის გაუქმებით მას მიადგა ზიანი. გარდა ამისა, საქმის მასალებით ვერ დგინდება, რომ თავის დროზე მართვის მოწმობის გაცემა მოსარჩელეზე მოხდა მისი მხრიდან უკანონო ქმედებით და შესაბამის ორგანოში არასწორი დოკუმენტის თუ ინფორმაციის წარდგენით. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს სასამართლოში არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2001 წელს მართვის მოწმობის გაცემაში გ. გ-ეს მიუძღვის რაიმე სახის ბრალი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. გ-ეზე ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობის გაცემა რომც მომხდარიყო უკანონოდ, მაინც არ არსებობდა მისი, როგორც აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი (იხ. ს.ფ. 24-35; ტ.2).
კასატორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - ნ. ქ-ი;
მოწინააღმდეგე მხარე: გ. გ-ე;
წარმომადგენელი: დ. ა-ე;
სარჩელზე მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - თ. ქ-ა;
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასაციის მოტივები:
სამართლებრივი: კასაცია დამყარებულია იმავე მოტივებზე, რაზეც აპელაცია, დამატებით მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. გ-ის კანონიერი ნდობის საკითხის არასწორი სამართლებრივი შეფასება გააკეთა აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიმართებაში. მართვის მოწმობის გაცემას საფუძვლად დაედო დაინტერესებული მხარის გ. გ-ის უკანონო ქმედება, არასწორი მონაცემების მითითებით, გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენა საგამოცდო სამსახურში, რამაც დაარღვია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი (დარღვეულია სატრასპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების წინაპირობები, კერძოდ, გამოცდაზე დაიშვება 18 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელმაც გაიარა სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ ლიცენზირებულ დაწესებულებაში.) და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებით დამტკიცებული ,,სატრასპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების“ (სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ საკვალიფიკაციო გამოცდებზე დაიშვებიან პირები შემდეგი კატეგორიების და ასაკის მიხედვით: „A“, „B“, „C“, „BC“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების, მოტოეტლებისა და ხელით სამართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის – 18 წელი), აღნიშნული თავისთავად გამორიცხავს გ. გ-ის მიერ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების გადაწყვეტილებასა და 2001 წელსა და 2006 წელს მართვის მოწმობებთან მიმართებაში კანონიერი ნდობის არსებობას. კასატორის მტკიცებით, ნათელია, რომ გ. გ-ეს მიუძღვის ბრალი მისი პირადობის მონაცემებში უსწორობის არსებობისას, რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 17 სექტემბრის №06/855/დ დასკვნა, თუმცა, აღნიშნული საქმეზე გამოძიება არ დაიწყო იმის გამო, გ. გ-ემ განცხადება აღნიშნული უსწორობის შესახებ შეიტანა იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა 2011 წლის 14 ივნისის საქართველოს კანონი ,,ამნისტიის შესახებ“. შესაბამისად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ გ. გ-ეს არ გააჩნია კანონიერი ნდობა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია (იხ. ს.ფ. 42-51; ტ.2).
კასატორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი - თ. ქ-ა;
მოწინააღმდეგე მხარე: გ. გ-ე;
წარმომადგენელი: დ. ა-ე;
სარჩელზე მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - ნ. ქ-ი;
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასაციის მოტივები:
სამართლებრივი: კასაცია ეფუძნება იმავე მოტივებს, რასაც აპელაცია დამატებით მითითებულია, რომ გ. გ-ეს მიუძღვის ბრალი მისი პირადობის მონაცემებში უსწორობის არსებობაზე, რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 17 სექტემბრის №06/855/დ დასკვნით, თუმცა, აღნიშნულ საქმეზე იმიტომ არ აღიძრა მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის საქმე, რომ გელა გ-ემ განცხადება აღნიშნული უსწორობის შესახებ შეიტანა იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა 2011 წლის 14 ივნისის საქართველოს კანონი ,,ამნისტიის შესახებ“. შესაბამისად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ გ. გ-ეს არ გააჩნია კანონიერი ნდობა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია (იხ. ს.ფ. 54-63; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით გ. გ-ემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 73-74; ტ.2).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა თავის მხრივ წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პირს აძლევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას და ანიჭებს მას გარკვეულ პრივილეგიას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან მიმართებაში (ქვეითი, მეხრე და სხვა) შესაბამისად, მისი მინიჭების პროცესიც მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონმდებლობით მისი მინიჭებისათვის დადგენილ განსხვავებულ რეგულაციებს და სატრანსპორტო საშუალების მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოში მოქმედ ნორმებსა და დადგენილ სტანდარტებს (იხ. ს.ფ. 76-77; ტ.1).
საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტომ და იმავე გარემოებებზე მითითებით, რაზეც უთითებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის წერილობით მოსაზრებაში (იხ. ს.ფ. 79-80; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც აბსოლუტური კასაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, გ. გ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კასაციის დაშვების წანამძღვრის განმარტება კონკრეტულ საქმეზე:
განსახილველი საკასაციო საჩივრების მოტივი, სადავო სამართალურთიერთობაში გამოსაყენებელი ნორმების შინაარსის განმარტების თაობაზე საგულისხმო და განსაკუთრებულია, რამაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით შექმნა აბსოლუტური კასაციის წანამძღვრები, შესაბამისად, მოცემულ საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი, კერძოდ, მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ უნდა განმარტოს:
1. აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატის ქმედუნარიანობის ფაქტის გავლენა აქტის კანონიერების დადგენისა და შეფასებისას;
2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები;
3. უკანონო აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების შემზღუდველი სამართლებრივი ინსტიტუტის - პირის კანონიერი ნდობის უფლების არსებობის შემოწმების/დადგენის სტანდარტი;
4. 2011 წლის 14 ივნისის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების მოქმედების გავრცელების არეალი და სამართლებრივი შედეგები.
საკასაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს რამდენად კანონშესაბამისად ხდება, როგორც ადმინისტრაციული, ისე სასამართლო ორგანოების მიერ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისას მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების კანონთან შესაბამისობის შემოწმება, პირის კანონიერი ნდობის უფლების ხარისხის გამოკვლევა-დადგენის და ადეკვატური სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემის საკითხს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ჩამოყალიბებული სამართლებრივი შეფასებები და სასამართლო დასკვნები სასარგებლო იქნება, როგორც საპოლიციო, ისე საერთოდ ადმინისტრაციული ორგანოების მმართველობითი საქმიანობისათვის, ასევე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე პირთათვის, რამდენადაც საპოლიციო სამართალი განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის განსაკუთრებულ ნაწილს, განსაზღვრავს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უზრუნველყოფის ინსტრუმენტებს, პროცედურებსა და წესებს, ადგენს ქმედების ხასიათის მიხედვით დიფერენცირებულ შეფასებას და განსაზღვრავს პასუხისმგებლობის სახეებს, რომელიც მთლიანად უნდა დაეფუძნოს საჯარო მმართველობისა და კანონიერი ადმინისტრირების განხორციელების სზაკ-ით დამკვიდრებულ ღირებულებათა სისტემას. ამდენად, აღნიშნული სამართლის ინსტიტუტების სწორი გაგება-გამოყენება უშუალოდ განაპირობებს ადამიანთა ყოფას, საზოგადოებრივი წესრიგის ხარისხსა და კულტურას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, სახელმძღვანელოდ რეკომენდირებული სასამართლო შეფასებები და დასკვნები დღემდე სასამართლო აქტებში არ ასახულა, რის გამოც იგი ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, ასევე სასარგებლო იქნება საქართველოს ადმინისტრირების სისტემის მომავალი პრაქტიკისათვის და აღმჭურველი აქტის ადრესატის უფლებების განსაზღვრისათვის.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2 მუხლისა და 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები; სასამართლომ დავა გადაწყვიტა ისე, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, სადავო სამართალურთიერთობას არასწორად შეუფარდა სამართლის ნორმა, სასამართლო დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში შეკრებილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზისა და შეფასებიდან, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებში არ არის გაქარწყლებული სააპელაციო საჩივრების მოტივები.
სადავო სამართალურთიერთობა წარმოიშვა აღმჭურველი აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსა და აღმჭურველი აქტის ადრესატს, გ. გ-ეს შორის.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასაციის მოტივები არ ემყარება პრეტენზიას ქვემდგომი სასამართლოების მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენასთან დაკავშირებით, რის გამოც სსსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად, შესაბამისად, საჭირო არ არის მათი დამატებითი გამოკვლევა, კერძოდ:
2001 წლის 9 მარტის №56 საგამოცდო კომისიის ოქმის და AC №... მართვის მოწმობის გაცემის რეესტრის საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა AH №... ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობა;
მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებისას 2001 წლის 09 მარტს მოსარჩელეს არ ჰქონდა შესრულებული 18 წელი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისის განვითარების სააგენტოს 2012 წლის 17 სექტემბრის №06/855 /დ დასკვნით შესწორდა მოსარჩელის დაბადების არასწორი თარიღი კანონიერი მონაცემით (იხ.ს.ფ.92-94; ტ.1.);
საქართველოს სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №1430572 გადაწყვეტილებით (იხ.ს.ფ. 75-80; ტ.1.), ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე გ. გ-ის სახელზე გაცემული AC №... ,,B’’ და AH №... ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობები და აღნიშნული მოწმობის საფუძვლები, რომელიც სადvო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით (იხ.ს.ფ. 98-106; ტ.1.) და დაევალა ახალი აქტის გამოცემა;
მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2013 წლის 15 აგვისტოს გამოსცა № 1604660 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. გ-ის განცხადება მის სახელზე გაცემული AH №... ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლის მოთხოვნის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 9 მარტს საგამოცდო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გ. გ-ის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების და მართვის უფლების მინიჭების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი გ. გ-ის სახელზე 2001 წლის 9 მარტს გაცემული AC №... ,,B’’ და 2006 წლის 26 სექტემბერს გაცემული AH №... ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობები; დაევალა საქართველოს სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილებას შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება მართვის მოწმობების გაცემის რეესტრებში და საგამოცდო კომისიის №56 ოქმში (იხ.ს.ფ. 81-86; ტ.1.);
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 24 სექტემბრის №750 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ზემომითითებულ გადაწყვეტილებაზე, დაუსაბუთებულობის გამო(იხ.ს.ფ. 11-15; ტ.1.).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, მათ შორის, საერთოდ არ მისცა სამართლებრივი შეფასება გ. გ-ის სახელზე 2001 წლის 9 მარტს გაცემული AC №... ,,B’’ მართვის მოწმობას, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. გ-ეზე ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობის გაცემა რომც მომხდარიყო უკანონოდ, მაინც არ არსებობდა მისი, როგორც აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი (იხ. განჩინების გვ.11; ს.ფ. 34; ტ.2), მითითებული დასკვნიდან გაუგებარია სასამართლომ გ. გ-ეზე გაცემული ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობა მიიჩნია უკანონოდ თუ კანონიერად, რაც არ შეესაბამება საქმის მასალების შეფასების საპროცესო სტანდარტს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა შემოწმდეს რამდენიმე ასპექტით, კერძოდ:
1.ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატის ქმედუნარიანობის ფაქტის გავლენა აქტის კანონიერების დადგენისა და შეფასებისას.
სარჩელის დავის საგნის - საქართველოს სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 15 აგვისტოს № 1604660 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 9 მარტს საგამოცდო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გ. გ-ის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების და მართვის უფლების მინიჭების შესახებ, როგორც მისი გამოცემის მომენტისთვის უკანონო აქტი, გ. გ-ის კანონით დადგენილ ასაკობრივ კრიტერიუმთან შეუსაბამობის გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობებში მონაწილე პირის ქმედუნარიანობა ერთ-ერთი პრინციპული საკითხია, რამდენადაც ადმინისტრაციული კანონმდებლობა უფლებადამდგენი ნორმების გარდა ითვალისწინებს უფლებათა შემზღუდველ და ამკრძალავ წესებსაც, რომლის შესრულების ვალდებულება ამ ურთიერთობების სპეციფიკიდან გამომდინარე, სუბიექტის ქმედუნარიანობის შემთხვევაში დადგება. აღნიშნული ფაქტის გამო, ადმინისტრაციული კანონმდებლობის მთელი რიგი ნორმატიული აქტები დიფერენცირებულად განსაზღვრავს ნორმის სუბიექტის ასაკობრივ კრიტერიუმს.
მიუხედავად დიფერენცირებული მიდგომების დაშვებისა, კანონმდებელმა სზაკ-ის 74-ე მუხლით დაადგინა ადმინისტრაციული ქმედუნარიანობის საერთო სტანდარტი ნეგატიური დათქმის პრინციპის საფუძველზე სამოქალაქო კოდექსის მე-12-16 მუხლებზე მითითებით.
ადმინისტრაციული ქმედუნარიანობის სპეციფიკურ საკითხზე და მის სამართლებრივ მნიშვნელობაზე სადავო აქტის კანონიერების დადგენისას საკასაციო სასამართლომ იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-1104-1506 (კ-07) – დ. ს-ის სარჩე- ლისა გამო, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის“ საპროცესო უფლებამონაცვლე ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიმართ (www.supremecourt.ge).
1999 წლის 28 მაისის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებით დამტკიცებული ,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-8 პუნქტის მიხედვით დადგენილია მძღოლის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების ასაკობრივი კრიტერიუმი, რომლის დადგენა, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განეკუთვნება კანონმდებლის დისკრეციას, ამ უფლების მოპოვების შედეგად მძღოლის სტატუსის მიღება პირს მართვის სატრანსპორტო საშუალების შესაძლებლობას ანიჭებს, რაც ნიშნავს მის ჩართვას საერთო-სატრანსპორტო ქსელში, საგზაო მოძრაობის მონაწილედ გახდომას, ამ ურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობების შეგნებისა და გასიგრძეგანების აუცილებლობას და უშუალოდ ეხება მესამე პირთა სიცოცხლესა და უსაფრთხოებას, ლოგიკურია, რომ კანონმდებელი მძღოლის სტატუსის მინიჭებისთვის ადგენს ქმედუნარიანობის სტანდარტს, რასაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა გააჩნია ამ სფეროში გადაწყვეტილების კანონიერებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. გ-ე თავისი ნამდვილი ასაკის პირობებში არ იქნებოდა დაშვებული მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, შესაბამისად, ვერც მართვის უფლება მიენიჭებოდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, 1999 წლის 28 მაისის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებით დამტკიცებული ,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-8 პუნქტის დანაწესები ასაკობრივი კრიტერიუმის დადგენასთან დაკავშირებით არის სამართლებრივი სტანდარტი, რომე-
ლიც ამ სფეროში მმართველობის კანონიერებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების საფუძველზე განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა და უშუალოდ ზემოქმედებს აქტის კანონიერების ხარისხზე.
2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. მმართველობის კანონიერების პრინციპი ასევე ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას.
კანონიერების პრინციპის რეალიზაციის მიზნით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება ფასდება, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე, ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლებით.
საკასაციო სასამართლო ამოწმებს რა გასაჩივრებული საქართველოს სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 15 აგვისტოს № 1604660 გადაწყვეტილებით გაუქმებული 2001 წლის 9 მარტს საგამოცდო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გ. გ-ის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების და მართვის უფლების მინიჭების შესახებ და გ. გ-ის სახელზე 2001 წლის 9 მარტს გაცემული AC №... ,,B’’ და 2006 წლის 26 სექტემბერს გაცემული AH №... ,,B’’ კატეგორიის მართვის მოწმობების გამოცემის მომენტში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მიიჩნევს, რომ ისინი ცალსახად არ შეესაბამებოდა მათი გამოცემის მომენტში ამ აქტებით განსაზღვრული სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ სტანდარტს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. 1999 წლის 28 მაისის ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული იყო სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების ორი საფუძველი:
ა) გამოცდაზე დაშვებული პირი უნდა იყოს 18 წლის ასაკს მიღწეული;
ბ) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ ლიცენზირებულ დაწესებულებაში.
ანალოგიურ წინაპირობებს ითვალისწინებდა აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 30 აგვისტოს №366 ბრძანებით დამტკიცებული ,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის - სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ საკვალიფიკაციო გამოცდებზე კატეგორიების მიხედვით დაიშვებიან შემდეგი ასაკის პირები: ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,BC“, - კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების, მოტოეტლების და ხელით სამართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სამართავად – 18 წელი და მე-8 პუნქტის დანაწესი - მოსწავლეები, საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრებისა და ავტოსაქმის სწავლების სრული კურსის გავლისას, გამოცდაზე დაიშვებიან 18 წლის ასაკის შესრულების შემდეგ;
2. დადგენილია, რომ გ. გ-ე სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ საკვალიფიკაციო გამოცდებზე დაშვებულ იქნა მის მიერ წარდგენილი პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომლის მონაცემების მიხედვით იგი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ასაკობრივ კრიტერიუმს;
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 17 სექტემბრის №06/855/დ დასკვნის ,,მოქალაქე გ. მ. გ-ის გაყალბებული დაბადების თარიღის გაცემის გასწორების და მის სახელზე კანონიერი მონაცემებით საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ“, რომლითაც დგინდება, რომ გ. გ-ემ მიმართა სააგენტოს კანონიერი მონაცემით საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიღების მოთხოვნით (იხ.ს.ფ.91; ტ.1.), მოქალაქე დაეთანხმა 2011 წლის 14 ივნისის საქართვე-
ლოს კანონს „ამნისტიის შესახებ“, რათა არ დაიწყოს მის მიმართ გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა; დაბადების №1596 სააქტო ჩანაწერის მიხედვით მოქალაქე გ. მ. გ-ის დაბადების თარიღია 1983 წლის 5 ივლისი, ხოლო პირადობის მოწმობის № ა1091855 მიხედვით დაფიქსირებულია დაბადების თარიღი - „1982 წლის 05 ივნისი“, სააგენტოს მითითებული გადაწყვეტილებით სააქტო ჩანაწერზე დაყრდნობით მოქალაქეზე გაიცა პირადობის მოწმობა კანონიერი მონაცემებით; გ. გ-ის განცხადება დაექვემდებარა 2011 წლის 14 ივნისის საქართველოს კანონს „ამნისტიის შესახებ“ და საქმის მასალები არ გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს(იხ.ს.ფ.92-94; ტ.1.);
4. ცალსახაა, რომ გ. გ-ის პირადობის მოწმობაში დაბადების თარიღის კანონიერი მონაცემის ასახვის შემთხვევაში იგი, ასაკობრივი კრიტერიუმის მოტივით არ იქნებოდა დაშვებული მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, შესაბამისად, მის მიმართ არ გაიცემოდა აღმჭურველი ინდიდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, და თუ გაიცემოდა, სახეზე იქნებოდა სზაკ-ის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით აქტის ბათილად ცნობის საფუძველი - მატერიალურ-სამართლებრივ კანონთან, 1999 წლის 28 მაისის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილთან შეუსაბამობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებული აქტით გაბათილებული აქტები უდავოდ არ შეესაბამებოდა მათი გამოცემის მომენტში მოქმედ კანონმდებლობას მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც სწორად დაადგინა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, იმ მომენტიდან, როცა იგი აღმოაჩენს(მიხვდება), რომ მის მიერ გამოცემული კანონიერ ძალაში შესული აქტი ეწინააღმდეგებოდა აქტის გამოცემის მომენტში მოქმედ კანონმდებლობას, მმა-
რთველობის კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულია ბათილად ცნოს იგი (სზაკ-ის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილი), რაც ადმინისტრირების პრაქტიკაში მიღებული, კანონშესაბამისი პრაქტიკაა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას გ. გ-ის განცხადების შესწავლის შედეგად დაადგინა რა მის მიერ გამოცემული კანონიერ ძალაში შესული აქტის შეუსაბამობა აქტის გამოცემის მომენტში მოქმედ კანონმდებლობასთან, თავისი ინიციატივით ბათილად ცნო საგამოცდო კომისიის 2001 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება გ. გ-ის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების და მართვის უფლების მინიჭების შესახებ, აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული კომპეტენციის საფუძველზე.
აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერი სტანდარტი საკასაციო პალატამ დაადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №№ბს-298-295(კ-14) – რ. ს-ას სარჩელისა გამო, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის - ა. ი-ის მონაწილეობით,
და განმარტა:
„ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს აქტის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო მმართველობის მიზნიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით დაინტერესებული პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლების პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ მას გააჩნია კანონიერი მოლოდინი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერების სტანდარტთან შესაბამისობაზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების კონსტიტუციური რანგის პრინციპი განმარტებული უნდა იქნეს ფართო გაგებით, პირს გააჩნია უფლება - არა მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს, არამედ თვით კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადასინჯვის თხოვნით, შეთავაზებით მიმართოს, რომლის გაზიარება-არგაზიარება, ბუნებრივია, ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივ შეფასებას ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების პრინციპის ამ ფორმითაც რეალიზების შესაძლებლობის განმარტება-გაგების ლეგიტიმაცია ხელს შეუწყობს სახელწიფოში ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის პრაქტიკის დამკვიდრებას, მით უფრო საკანონმდებლო ხარვეზის პირობებში, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს ადმინისტრაციული წარმოების სპეციფიკურ სახეს - აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თავისი ინიციატივით გადასინჯვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელე რ. ს-ას წარმომადგენლის მიერ სწორედ ამ ფორმით იქნა რეალიზებული ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების პრინციპი, რასაც ადეკვატური სამართლებრივი შეფასება უნდა მოჰყოლოდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, შედეგად მას უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება -კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრა-
ციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თავისი ინიციატივით გადასინჯვასთან დაკავშირებით, უზრუნველეყო დაინტერესებული პირების მოწვევა პროცედურაში და მიეღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, აქტის ბათილად ცნობის ან აქტის ბათილად არცნობის თაობაზე, შესაბამისი დასაბუთებით.“
დადგენილია, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნას მოსარჩელე აფუძნებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არა პროცედურული ნორმების, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დარღვევაზე.
მიუხედავად, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნისა (იხ. აქვე, გვ 27), რომ გასაჩივრებული აქტით გაბათილებული აქტები უდავოდ არ შეესაბამებოდა მათი გამოცემის მომენტში მოქმედ კანონმდებლობას მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც სწორად დაადგინა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ,
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერების პრინციპის დარღვევა არ არის უპირობო საფუძველი აქტის ბათილად ცნობისათვის, როცა უკანონო აქტი აღმჭურველი ხასიათისაა, რაზეც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს ქვემოთ.
საკასაციო სასამართლო აქტის კანონიერების საფუძვლად ვერ მიიჩნევს იმას, რომ დღეისათვის მოქმედი 2013 წლის 24 დეკემბრის საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 55-ე მუხლის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნე-ბი, მე-4 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია შემდეგი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი: „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი, ვინაიდან ამავე კანონის 57-ე მუხლით განსაზღვრულია 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის სატრანსპორ-ტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების ზოგიერთი პირობა, მათ შორის, „B“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა, რაც გ. გ-ეს, ბუნებრივია, არ წარუდგენია ადმინისტრაციულ ორგანოში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ
,,2006 წელს გ. გ-ემ ხელმეორედ აიღო მართვის მოწმობა, რა დროსაც მას უკვე შესრულებული ჰქონდა 18 წელი. ამდენად, ფაქტობრივად მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ბათილად ცნო არა 2001 წელს, არამედ 2006 წელს გაცემული მართვის მოწმობა, რისი საფუძველიც არ არსებობდა, ვინაიდან ამ მართვის მოწმობის გაცემის დროს გ. გ-ეს უკვე შესრულებული ჰქონდა 18 წელი’’, მისი კანონშეუსაბამობის გამო, ვინაიდან 2006 წელს გაცემული მართვის მოწმობა ეფუძნება სწორედ უკანონო 2001 წლის 9 მარტს საგამოცდო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას გ. გ-ის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების და მართვის უფლების მინიჭების შესახებ, სადავო არ არის, რომ გ. გ-ე 2006 წელს გამოცდაზე არ გასულა და შესაბამისად, მის მიმართ ამ საფუძველზე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების და მისთვის მართვის უფლების მინიჭების შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონსაწინააღმდეგო აქტის საფუძველზე გამოცემული აქტი - 2006 წელს გაცემული მართვის მოწმობა, ვერ ჩაითვლება კანონშესაბამისად, როგორც საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპის საფუძველზე განხორციელების სტანდარტის უგულვებელმყოფი.
3. უკანონო აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების შემზღუდველი სამართლებრივი ინსტიტუტის - პირის კანონიერი ნდობის უფლების არსებობის შემოწმების/დადგენის სტანდარტი;
საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ საგამოცდო კომისიის 2001 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება გ. გ-ის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების და მართვის უფლების მინიჭების შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აღმჭურველი ხასიათისაა მისი ადრესატის გ. გ-ისთვის, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დეფინიციის საფუძველზე, როგორც დაინტერესებული მხარისთვის უფლების მიმნიჭებელი აქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-192-184(3კ-13) – ნ. კ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიის ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირების - მ. მ-ისა და ა. ე-ის მონაწილეობით, განისაზღვრა უკანონო აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები და სტანდარტი:
„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა გულისხმობს მისი უკანონო ხასიათის დადგენას გამოცემის მომენტში, ანუ აქტი გამოიცა მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ, რაც მისი გაუქმების უპირობო საფუძველია მმართველობის კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე. მიუხედავად აღნიშნულისა, აღმჭურველი ადმინისტრაციულ - სამართ-
ლებრივი აქტების მიმართ კანონმდებელი უშვებს დიფერენცირებულ სამართლებრივ მიდგომას აქტის მოქმედების შეწყვეტის თარიღის განსაზღვრით. დიფერენცირებული მიდგომის მოტივი მდგომარეობს აღმჭურველი აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების დაცვის ინტერესის პრიორიტეტულობაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გადაამოწმოს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, რაც თავის მხრივ, მმართველობის კანონიერების პრინციპის უზრუნველყოფას ემსახურება. იმ შემთხვევაში, თუ აქტი აღმჭურველი ხასიათისაა, მისი კანონიერების გადამოწმებისას აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეაფასოს აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება, როგორც ეს გათვალისწინებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის მე-4-7 ნაწილებით.
აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოარკვიოს: მიუხედავად აქტის უკანონობისა, ექცევა თუ არა იგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით განსაზღვრულ კატეგორიაში, რადგან გატარებული მმართველობითი ღონისძიების სტაბილურობის და პირის კანონიერი ნდობის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად აცხადებს თვით კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადგენს მისი გაბათილების დაუშვებლობის სტანდარტს, პირის კანონიერი ნდობის არსებობის პირობებში. საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601.4 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ცალსახად მიიჩნევს, რომ თუ კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტით ილახება სხვა პირის კანონიერი უფლებები, შეუძლებელია მისი სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება მესამე პირის კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, რადგან ერთი აქტის მიმართ სხვადასხვა პირების კანონიერი უფლებებისადმი დიფერენცირებული მიდგომა, თანაც ამ უფლებების უპირატესობის დაუსაბუთებლობის პირობებში, სრულიად არასამართლიანია.
თავის მხრივ, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულია, როგორ უნდა შემოწმდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობა, კერძოდ, თუ მხარემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი.
საკასაციო სასამართლო ზემომითითებული ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (მიუხედავად მისი უკანონობისა) განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის _ კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას.
ამ პირობებში უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვა-
ნესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი და თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი", რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი". ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს
პრინციპიდან. ამდენად, შეუძლებელია ცალსახად პრობლემის გადაწყვეტა. ადმინისტრაციული წარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინოს ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება.“
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ
„გ. გ-ეს, როგორც დაინტერესებულ მხარეს, კანონიერი ნდობა ჰქონდა მასზე გაცემული მართვის მოწმობის მიმართ და ამ მართვის მოწმობის საფუძველზე მან განახორციელა გარკვეული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება - მართავდა ავტომანქანას, შესაბამისად, მართვის მოწმობის გაუქმებით მას მიადგა ზიანი.“ (იხ. განჩინების გვ.11; ს.ფ. 34; ტ.2), კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტის არასათანადო გააზრების გამო, შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი, მისი ნამდვილი შინაარსის არასწორი გაგება-განმარტების საფუძველზე, კერძოდ:
ზემომითითებულ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-192-184(3კ-13) – ნ. კ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიის ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირების - მ. მ-ისა და ა. ე-ის მონაწილეობით, საკასაციო სასამართლომ დაადგინა კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტის გამოკვლევისა და შეფასების სტანდარტი, რომელშიც განმარტა: „დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი ანუ სახეზე არა გვაქვს კანონიერი ნდობა, თუ: ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (მაგ: არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარმოდგენა თუ მოტყუება), ბ) ან მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ,ან უნდა სცოდნოდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, თუ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, ანუ ადრესატმა დახარჯა ის ფინანსური შემოსავლები (უმუშევრობის დახმარება, სტიპენდია, ერთჯერადი სოციალური დახმარებები და ა.შ.), რომელიც მან მიიღო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და რომლის უკან დაბრუნება შეუძლებელია, ან მისი ამოღების შედეგად მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება ამ სიკეთეს, არ შეიძლება ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ, ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს, ან ინტერესებს. ამ საფუძვლებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს, რომლის კანონიერი ნდობაც ამ აქტის მიმართ არის დაცვის ღირსი, უნდა აუნაზღაურდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით მიყენებული ქონებრივი ზიანი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მათ მიერ გამოცემული აქტების კანონიერების შემოწმებისას სამართლებრივი შეფასება უნდა მისცენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უკანონო აქტის ბათილად ცნობის დაუშვებლობის გამომრიცხავი გარემოებების ჩამონათვალიდან არის თუ არა სახეზე რომელიმე გარემოება.
აღნიშნული გარემოებების დადგენის პირობებში კანონმდებელი უკანონო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, კერძოდ, თუ მისი სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს სხვა პირთა კანონიერი ნდობის უფლების დაცვას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მმართველობის კანონიერების პრინციპსა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპს შორის შეპირისპირების დროს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოახდინონ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისადმი მიყენებული ზიანის და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მესამე პირებისა და საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და წარმოების სახე (წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფრო მეტ ნდობას იმსახურებს ვიდრე ზეპირი. ასევე, რაც უფრო ფორმალურია ადმინისტრაციული წარმოება, მით უფრო მეტია პირის კანონიერი ნდობის ხარისხი), მისი უკანონობის სიმძიმე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ გასული დრო. ყოველივე ამის გათვალისწინებით შესაძლებელია შეიზღუდოს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობები. განგრძობადი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემთხვევაში, რომელთა საფუძველზეც ხდება ფულადი დახმარების მიღება, შესაძლებელია უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება მისი მოქმედების შეწყვეტით ბათილად გამოცხადების დღიდან, ასევე შეიძლება ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადება მისი მოქმედების მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით, შეწყვეტით (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60¹ მუხლის 7-ე ნაწილი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დოქტრინა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ მოიცავს ორ ასპექტს. კერძოდ, თუ რა შემთხვევაშია აქტი კანონიერი ან უკანონო და მეორე მხრივ, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლწინააღმდეგობა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს
კანონიერი ნდობა, თუ ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება და ბ) ან მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო, ან უნდა სცოდნოდა.“
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ. გ-ის კანონიერი ნდობის უფლებას აღმჭურველი აქტის მიმართ, რადგან დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 17 სექტემბრის №06/855/დ დასკვნის ,,მოქალაქე გ. მ. გ-ის გაყალბებული დაბადების თარიღის გაცემის გასწორების და მის სახელზე კანონიერი მონაცემებით საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ“ მიხედვით გ. გ-ემ მიმართა სააგენტოს კანონიერი მონაცემით საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიღების მოთხოვნით (იხ.ს.ფ.91; ტ.1.), მოქალაქე დაეთანხმა 2011 წლის 14 ივნისის საქართველოს კანონს „ამნისტიის შესახებ“, რათა არ დაიწყოს მის მიმართ გამოძიება და სისხლისსამართლებრვი დევნა; დაბადების №1596 სააქტო ჩანაწერის მიხედვით მოქალაქე გ. მ. გ-ის დაბადების თარიღია 1983 წლის 5 ივლისი, ხოლო პირადობის მოწმობის № ა1091855 მიხედვით დაფიქსირებულია დაბადების თარიღი - 1982 წლის 05 ივნისი, სააგენტოს მითითებული გადაწყვეტილებით სააქტო ჩანაწერზე დაყრდნობით მოქალაქეზე გაიცა პირადობის მოწმობა კანონიერი მონაცემებით; გ. გ-ის განცხადება დაექვემდებარა 2011 წლის 14 ივნისის საქართველოს კანონს „ამნისტიის შესახებ“ და საქმის მასალები არ გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს (იხ.ს.ფ.92-94; ტ.1.).
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გ. გ-ის კანონიერი ნდობის უფლება მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის, სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-60¹ მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადებით განსაზღვრული კრიტერიუმის საფუძველზე, კერძოდ:
ა) აქტის გამოცემას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (მაგ: არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარმოდგენა თუ მოტყუება),
ბ) ან მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო, ან უნდა სცოდნოდა.
ფაქტია, რომ გ. გ-ემ იცოდა პირადობის მოწმობაში უკანონო პერსონალური მონაცემის - დაბადების თარიღის თაობაზე, რამდენადაც საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომ მონაცემის უსწორობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან სხვა რომელიმე საჯარო დაწესებულების მოხელეთა დაუდევრობამ გამოიწვია, წარმოდგენილი არ არის, პირიქით, გ. გ-ემ ისარგებლა 2011 წლის 14 ივნისის საქართველოს კანონის „ამნისტიის შესახებ“, საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი პოლიტიკური ნებით, კერძოდ, კანონის პრეამბულის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენ პირებს, ხოლო 1-ლი მუხლის მიხედვით ამნისტია შეეხო იმ პირს, რომელიც ამ კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ამ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განაცხადებს მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე ან 362-ე მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია თავის ან ახლო ნათესავის სასარგებლოდ ყალბი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან, გამოყენებასთან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან ან/და ამ დოკუმენტში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანასთან.
პირის კანონიერი ნდობის უფლებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთგზის იმსჯელა თავის გადაწყვეტილებებში, ასე მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე ¹ბს-1433-1391(კ-08), ი/მ ,,თ. ა-ე” სარჩელისა გამო, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ, სასამართლო დავასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატამ აღნიშნა:
„საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თავისი არსით სუბორდინაციული ხასიათი გააჩნია. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომის და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება
უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილში გასაჩივრების უფლების განმარტებისას დაშვებულია არსებითი ხასიათის შეცდომა, ვინაიდან საგადასახადო კოდექსი ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან განსხვავებულ, სპეციალურ გასაჩივრების ვადას, რის გამოც საგადასახადო აქტების გასაჩივრების მიმართ მოქმედებს სწორედ სპეციალური, კერძოდ, 20-დღიანი ვადა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ვინაიდან საგადასახადო ორგანომ დაუშვა სამართლებრივი შეცდომა აქტის გასაჩივრების უფლების განმარტებისას, ხოლო ფიზიკური პირი სარგებლობს, აღჭურვილი და დაცულია კანონიერი ნდობის ინსტიტუტით, იგი უფლებამოსილია აქტი გაასაჩივროს იმ წესით და ვადაში, როგორც ეს ადმინისტრაციულმა ორგანომ განუმარტა.
საწინააღმდეგო განმარტების პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველთვის შეუძლია არასწორად განუმარტოს, ანუ შეცდომაში შეიყვანოს პირი, რაც სავსებით გამორიცხავდა საჩივრის ან სარჩელის წარდგენის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებული სამართლებრივი შეცდომა ვერ გახდება პირის სარჩელის დასაშვებობის დამაბრკოლებელი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.“
აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-1250-1194(კ-09), შპს ,,...“ სარჩელისა გამო, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ, აღნიშნულია:
„საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებას წარმოადგენს დაინტერესებულ პირთა სრული ინფორმირება არა მხოლოდ უფლებრივი ასპექტით, არამედ მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილია. გადასახადის გადამხდელის ვალდებულება – იცოდნენ კანონი, უშუალოდ გამომდინარეობს საგადასახადო /და არა მხოლოდ/ მოსამსახურის ვალდებულებისგან – ასწავლოს (განუმარტოს) კანონი. შესაბამისად, გადამხდელის პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როცა საჯარო მოსამსახურის პასუხისმგებლობა – სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, უზრუნველყოფილია.
საქმის გარემოებების და ზემომითითებული ნორმების შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ საგადასახადო ორგანოს საჯარო მოსამსახურე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის განემარტა, რომ მას მოთხოვნა საკონტროლო-სალარო აპარატის შეკეთების თაობაზე უნდა წარედგინა წერილობითი სახით ფაქტის გამოვლენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა საჯარიმო სანქცია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შპს „პანორამას“ მიერ ზეპირი ფორმით საგადასახადო კოდექსის 139.11 მუხლით დადგენილ ვადაში საგადასახადო ორგანოს თანამშრომლისათვის მიმართვა გულისხმობს, რომ მხარემ დადგენილ ვადაში კეთილსინდისიერად უზრუნველყო კანონით გათვალისწინებული ვალდებულების _ სალარო აპარატის დაზიანების თაობაზე ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენა, ხოლო, თავის მხრივ, ადმინისტრაციულმა ორგანომ /საჯარო მოსამსახურემ/ არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობა და არ განუმარტა მხარეს სამართლებრივი ფორმით სწორად როგორ უნდა უზრუნველეყო ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, პასუხისმგებლობა შესაძლებელია დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე ბრალეულად არ შეასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა. მეტიც, საჯარო მოსამსახურის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, კანონის ფორმალური დანაწესის შეუსრულებლობის პირობებშიც კი, გამორიცხავს გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომას.
სადავო სამართალურთიერთობაში დადგენილია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერი მოქმედება და პირიქით, საჯარო მოსამსახურის მხრიდან მისი კანონიერი ნდობის უფლების უგულებელყოფა, ადმინისტრაციული სამართლის, მათ შორის, საჯარო სამსახურის პრინციპების და საჯარო მოსამსახურის ეთიკის სტანდარტის დარღვევა, რაც ობიექტურად და მიუკერძოებლად შეფასდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ მოქმედი კანონმდებლობის ნორმების სწორი გამოყენება-განმარტების საფუძველზე.“
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მართვის მოწმობის საფუძველზე მოსარჩელემ განახორციელა გარკვეული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება - მართავდა ავტომანქანას, შესაბამისად, მართვის მოწმობის გაუქმებით მას მიადგა ზიანი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია, რადგან არ ეფუძნება იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების, როგორც კანონიერი ნდობის სამართლებრივი საფუძვლის არსის სწორ გაგება-განმარტებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ნებისმიერი აღმჭურველი აქტი რაიმე უფლებას ან სარგებელს ანიჭებს ადრესატს, რომელიც ბუნებრივია, ამ აქტით მიღებული სიკეთის გამოყენებისას სხვადასხვა სახის მოქმედებებს განახორციელებს, მაგრამ იმისთვის, რომ კანონიერი ნდობის უფლება წარმოეშვას, სახეზე ერთობლიობაში უნდა იყოს ორი წინაპირობა: 1. იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, როგორადაც ავტომანქანის მართვა არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, ვინაიდან ასეთად მიიჩნევა იმგვარი მოქმედება, რომელიც იურიდიულ შედეგებს იწვევს და 2. უკანონო აქტის ბათილად ცნობით ადრესატს მიადგება ზიანი.
იმ ვითარებაში, როცა სახეზეა გ. გ-ის კანონიერი ნდობის უფლების გამომრიცხველი გარემოება, რამდენადაც უკანონო აქტის გამოცემა გამოიწვია მისმა უკანონო ქმედებამ - გაყალბებული მონაცემით (დაბადების თარიღის) პირადობის მოწმობის წარდგენამ ადმინისტრაციულ ორგანოში, კანონიერი ნდობის უფლების წინაპირობების მტკიცება, უსაგნოა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტით დაცულია მხოლოდ კეთილსინდისიერი პირი, როგორადაც ვერ დაკვალიფიცირდება გ. გ-ის ქმედება, ვინაიდან მოქალაქემ ბრალეული მოქმედებით (აწ ამნისტირებული სს პასუხისმგებლობისგან) თავად შეიყვანა შეცდომაში რამდენიმე სახელმწიფო თუ საჯარო დაწესებულება, თავისი არასწორი პერსონალური მონაცემების მეშვეობით მოიპოვებდა იმგვარ უფლებებს, რომელსაც იგი კანონის მიხედვით, კანონიერი მონაცემებით ვერ მოიპოვებდა ისევე, როგორც თავს არიდებდა რიგ მოვალეობებს, რისი შესრულების ვალდებულებაც წარმოეშობოდა.
კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტის გავრცელება როგორც კეთილსინდისიერ, ისე არაკეთილსინდისიერ პირთა მიმართ, ამ ინსტიტუტის დანიშნულებისა და არსის იგნორირებას, ვერგაგებას ნიშნავს და მისი ამგვარი ინტერპრეტაციის დამკვიდრება კანონსაწინააღმდეგოა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. გ-ის კანონიერი ნდობის სამტკიცებლად ვერ გამოდგება მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ იგი პროფესიით მძღოლია და მისთვის მოწმობის უფლების გაუქმებით პროფესიულ სტატუსს კარგავს, რის გამოც ზიანი ადგება, ვინაიდან მას ეს უფლება არ მოუპოვებია კეთილსინდისიერი გზით, ან ადმინისტრაციულ ორგანოთა სამართლებრივი შეცდომის დაშვების, მოხელეთა დაუდევარი ან გულგრილი დამოკიდებულების საფუძველზე, რის გამოც მისი ინტერესები კანონით დაცულ სიკეთეს არ განეკუთვნება.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა ასევე არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ „არ არსებობდა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან იგი არსებითად და თუნდაც არაარსებითადაც საერთოდ არ არღვევდა არც სახელმწიფო, არც საზოგადოებრივ და მით უფრო, არც სხვა პირთა კანონიერ უფლებებს და ინტერესებს“ ( იხ.განჩინების გვ. 11, ს.ფ. 34; ტ. 2), შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი, მისი ნამდვილი შინაარსის არასწორი გაგება-განმარტების საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის მიზანი სწორედ იმგვარი ნორმატიული სტანდარტების შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვას /ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.2. მუხლი/.
იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი კრძალავს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, როცა დადგენილია დაინტერესებული მხარის, იგულისხმება აქტის ადრესატი, კანონიერი ნდობის უფლება, საგამონაკლისო დათქმით, თუ ამგვარი აქტი არსებითად არღვევს მესამე პირის (სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის) კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან.
ამდენად, კანონის ნება აღნიშნული ნორმის დადგენისას გამომდინარეობს მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების დაცვის მიზნიდან. საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ ნორმის სქემატური ხასიათი ასეთია: აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტშია არა მხოლოდ ერთ - კანონიერების პრინციპთან, არამედ ერთდროულად, ორ უმნიშვნელოვანეს პრინციპთან, კანონიერებისა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლებასთან, თუმცა, ამავდროულად, კანონმდებელი ამავე მუხლის მე-6 ნაწილით მაინც არ ტოვებს უკანონო აღმჭურველი აქტის კანონიერი ნდობის უფლების მქონე ადრესატს სამართლებრივი დაცვის გარეშე, მხოლოდ სხვა ფორმით, მას კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის საფუძველზე აუნაზღაურდება აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ზიანი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი მოწესრიგებით კანონმდებელი უაღრესად სამართლიან სტანდარტს ადგენს, რაც სრულად შეესაბამება და უზრუნველყოფს სზაკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით გაცხადებულ ადმინისტრაციული სამართლის მიზნის მიღწევას.
საკასაციო სასამართლო დაბეჯითებით აღნიშნავს, რომ მითითებული სტანდარტი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დადგენილია უკანონო აღმჭურველი აქტის ადრესატის კანონიერი ნდობა, რაც განსახილველ დავაში სახეზე არ არის, აქტის ადრესატის უკანონო ქმედების გამო.
4. 2011 წლის 14 ივნისის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების მოქმედების გავრცელების არეალი და სამართლებრივი შედეგები.
საკასაციო სასამართლო მოსარჩელე გ. გ-ის კანონიერი ნდობის უფლების სამტკიცებლად უსაფუძვლოდ მიიჩნევს 2011 წლის 14 ივნისის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის კონტექსტშიც, მტკიცების იურიდიულად გაუმართლებელი ხასიათის გამო, ვინაიდან მითითებული კანონით სახელმწიფომ გამოავლინა პოლიტიკური ნება ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მიზნით.
2011 წლის 14 ივნისის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების მოქმედების გავრცელების არეალი არ მოიცავს ამავდროულად პირის სამოქალაქო ან
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების სფეროებს, როგორც მაგალითად, „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონის შემთხვევაში, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხო გადასახადის გადამხდელებსა და საგადასახადო აგენტებს, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე არ განახორციელეს საგადასახადო ვალდებულებათა დეკლარირება ან/და გადახდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული საგადასახადო ამნისტიის სამართლებრივი შედეგი გავრცელდა სამართლის ყველა დარგის სფეროში წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ, ვინაიდან შესრულებულად ჩაითვალა საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ 2004 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები და შეწყდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სამართალწარმოება.
2011 წლის 14 ივნისის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებისას კა-ნონმდებელს ამგვარი ნება არ გამოუვლენია, შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლდა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რაც არ გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შედეგად, მისი ყველა სხვა შემდგომი ქმედებები, თუკი არამართლზომიერი ხასიათით გამოვლინდა სამართლის სხვა სფეროშიც, ასევე ამნისტირებულია.
აღნიშნულის გამო, საკასაციო სასამართლოს კანონშესაბამისად მიაჩნია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული აქტი, შესაბამისად, არ არსებობს სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღების ისევე, როგორც სარჩელის დაკმაყოფილების პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობა, მისი იურიდიული უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243.2 და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო;
4. გ. გ-ეს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/