Facebook Twitter

№ბს-525-512(კ-14) 19 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი – ნ. ს-ე

წარმომადგენლები – გ. ს-ი; გ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს მთავარი პროკურატურა

წარმომადგენელი – ნ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; სამსახურში აღდგენა; იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 30 დეკემბერს ნ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი საქართველოს მთავარი პროკურორის 2012 წლის 15 დეკემბრის №267-მ ბრძანებით დაინიშნა ... რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 09:40 საათზე, ქ. ქუთაისში, ... გამზირზე, რესტორან ... წინამდებარე ტერიტორიაზე, სამტრედიის მიმართულებით ავტომობილით მოძრაობისას მის წინ მოძრავმა ავტომობილმა დაამახრუჭა მოხვევის მიზნით ისე, რომ არ ჩაურთავს მოხვევის მაჩვენებელი. მოსარჩელემ დაამუხრუჭა, თუმცა მაინც მსუბუქად შეეჯახა მის წინ თანმხვედრ მოძრავ ავტომობილს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია. შეჯახებაში ბრალეულად მოსარჩელე მიიჩნიეს და იგი 250 ლარით დაჯარიმდა. მოსარჩელის მითითებით, იგი არ იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. აღნიშნულ ფაქტზე 2013 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 15 აგვისტოს №96-მ ბრძანების ე.წ. შეუსრულებლობის ფაქტთან დაკავშირებით. მითითებული ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პროკურატურის მუშაკებს, მათ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფასთან, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-გამოყენებასთან, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან, ჩადენილია ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან რასაც მოჰყვა ადმინისტრაციული სახდელის სახით სპეციალური უფლების ჩამორთმევა, ევალებათ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას. აღნიშნული ვალდებულების შეუსროლებლობისთვის კი შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. გენერალურმა ინსპექციამ 2013 წლის 11 ნოემბრის დასკვნით დაადგინა, რომ ნ. ს-ის მიერ არ მოხდა გენერალური ინსპექციისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ შეტყობინება, რის საფუძველზეც მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე. საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 6 დეკემბრის №95-მ ბრძანებით ნ. ს-ე დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან. მოსარჩელის განმარტებით, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, მის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ მოყოლია ადმინისტრაციული სახდელის სახით მისთვის სპეციალური უფლების ჩამორთმევა. შესაბამისად, მას არ გააჩნდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციისათვის შეტყობინების ვალდებულება. აღნიშნულის მიუხედავად, იგი აპირებდა ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე, სუბორდინაციის დაცვით, მისი უშუალო უფროსისთვის ეცნობებინა, მაგრამ კონკრეტულ დროს ... რაიონული პროკურორი იმყოფებოდა თათბირზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, რამაც გამოიწვია თვით საპატრულო პოლიციის მიერ გენერალური ინსპექციისათვის ინფორმაციის მიწოდების დასწრება. მოსარჩელის მითითებით, დაუსაბუთებელია მისი განთავისუფლების ბრძანება, სადაც არ არის დასაბუთებული თუ რატომ მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეწონილად მის მიმართ ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. გასათვალისწინებელია, რომ მის მიმართ დანიშვნიდან განთავისფულების დღემდე ადგილი არ ჰქონია არცერთი დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მისი პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 6 დეკემბრის №95-მ ბრძანების ბათილად ცნობა, ... რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხისათვის 2013 წლის 6 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ. ს-ე საქართველოს მთავარი პროკურორის 2012 წლის 15 დეკემბრის №267 ბრძანებით დაინიშნა ... რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება და 2013 წლის 11 ნოემბრის №13-004 დასკვნის შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ნ. ს-ის მიმართ კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის დისციპლინური სახდელის - პროკურატურიდან დათხოვნის შეფარდება. საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 6 დეკემბრის №95-მ ბრძანებით, ... რაიონული პროკურატურის პროკურორი, უმცროსი იურისტი ნ. ს-ე 2013 წლის 6 დეკემბრიდან დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, 2013 წლის 29 ოქტომბერს 09:30 საათზე ... რაიონული პროკურატურის პროკურორს ნ. ს-ეს ქალაქ ქუთაისში, ... გამზირზე რესტორან ... წინამდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ავტომანქანით მოუვიდა ავარია, რის გამოც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააჯარიმეს 250 ლარით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანხმად, მთავარი პროკურორი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორებს, სხვა ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს, ხოლო იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტებზე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ“ საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 15 აგვისტოს №96-მ ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პროკურატურის მუშაკებს, მათ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფასთან, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-გამოყენებასთან, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან, ჩადენილია ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან რასაც მოჰყვა ადმინისტრაციული სახდელის სახით სპეციალური უფლების ჩამორთმევა, ევალებათ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას. იმავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის საქართველოს პროკურატურის მუშაკის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია მასზედ, რომ დასახელებული ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილი უნდა იყოს ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში იმისათვის, რომ პროკურატურის მუშაკს წარმოეშვას ვალდებულება აცნობოს გენერალურ ინსპექციას. ბრძანებაში ნათლად და არაორაზროვნად არის მითითებული, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ პროკურატურის მუშაკმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გენერალურ ინსპექციას.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროკურატურის მუშაკი დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 29 ოქტომბერს, 09:30 საათზე ... რაიონული პროკურატურის პროკურორს ნ. ს-ეს ქალაქ ქუთაისში, ... გამზირზე რესტორან ... წინამდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ავტომანქანით მოუვიდა ავარია, რის გამოც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 250 ლარი. მომხდარი ფაქტის შესახებ მოსარჩელე საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 15 აგვისტოს №96-მ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად ვალდებული იყო ეცნობებინა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისათვის, რაც მას არ შეუსრულებია. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: შენიშვნა; საყვედური; უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა; თანამდებობიდან განთავისუფლება; პროკურატურიდან დათხოვნა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო აქტის გამოცემის საფუძველი გახდა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2013 წლის 11 ნოემბრის №13-004 დასკვნა, რითაც საქართველოს მთავარი პროკურორის წინაშე დაისვა საკითხი ... რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ. ს-ის მიმართ, მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მთავარი პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის აუცილებელია იმ დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომლის დადებაც მხოლოდ მთავარი პროკურორის კომპეტენციას განეკუთვნება, პროკურატურის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებას შესაბამისი დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2013 წლის 11 ნოემბრის №13-004 დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურორმა 2013 წლის 6 დეკემბერს გამოსცა №95-მ ბრძანება ... რაიონული პროკურატურის პროკურორის, უმცროსი იურისტის ნ. ს-ის 2013 წლის 6 დეკემბრიდან პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტრესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორობასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება საბოლოო ჯამში შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა. ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საჯარო - სამართლებრივ ვალდებულებას ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის საქმის გარემოებების გამოკვლევის, დასაბუთების და კანონმდებლობის შესაბამისად მომზადების, მიღების, გამოცემის თაობაზე ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამგვარი აქტი ექვემდებარება გასაჩივრების პირობებში სასამართლოს მხრიდან სრული სასამართლო კონტროლის განხორციელებას, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე, ანუ მის კანონიერებაზე. დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მისი მხრიდან სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი მოსარჩელესთან მიმართებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის განჩინებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, ევროპის სოციალურ ქარტიას, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონს და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს. ამასთან, სადავო ბრძანება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი და იმავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ არ იქნა დაცული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, არ მოხდა საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერი გაწონასწორება და დაბალანსება. ამასთან, გადაწყვეტილება არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციის ფარგლებში; სასამართლოს მთავარ დანიშნულებას სწორედ იმ საკითხის განსაზღვრა წარმოადგენს, მოხდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამ უფლების კანონიერების ფარგლებში გამოყენება. სასამართლომ არ გამოიყენა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი და არასწორად განმარტა ამავე კანონის 38-ე მუხლი. 34-ე მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს პროკურატურის მუშაკის პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის საფუძვლებს. საქართველოს მთავარ პროკურორს მაშინ აქვს უფლება გამოიყენოს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი დისციპლინული სახდელი - პროკურატურიდან დათხოვნა, თუ ადგილი აქვს ამავე კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას. ნ. ს-ის მიერ კი ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი დისციპლინის უხეშ ან სისტემატურ დარღვევას. აღნიშნულს მას არც ედავებიან. გასაჩივრებული აქტი არ არის დასაბუთებული რატომ მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეწონილად ნ. ს-ის მიმართ გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - პროკურატურიდან დათხოვნა. კასატორის მითითებით, მისი დანიშვნიდან განთავისუფლებამდე ადგილი არ ჰქონია არცერთი სახის დისციპლინური სახდელის გამოყენებას.

ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მას არ გააჩნდა ვალდებულება დაუყოვნებლივ ეცნობებინა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისათვის მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, მის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ მოჰყოლია ადმინისტრაციული სახდელის სახით მისთვის სპეციალური უფლების ჩამორთმევა. აღნიშნულის მიუხედავად, იგი აპირებდა ავტოსაგზაო შემთხვევისთანავე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებინა მისი უშუალო უფროსისათვის, სუბორდინაციის დაცვით, მაგრამ კონკრეტულ დროს ... რაიონული პროკურორი იმყოფებოდა თათბირზე დასალეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, რამაც გამოიწვია გენერალური ინსპექციისადმი თვით საპატრულო პოლიციის მიერ ინფორმაციის მიწოდების დასწრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2015 წლის 22 იანვარს, 13:00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. ქვედა ინსტანციის სასამართლოები ფორმალურად მიუდგნენ სადავო საკითხს და ისე მიიღეს გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე, რომ ვერ დაასაბუთეს ნ. ს-ის მოთხოვნის უსაფუძვლობა.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის - ნ. ს-ის პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 6 დეკემბრის №95-მ ბრძანებას საფუძვლად დაედო სამსახურებრივი შემოწმების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის 2013 წლის 11 ნოემბრის №13-004 დასკვნა, რომლითაც საქართველოს მთავარი პროკურორის წინაშე დაისვა საკითხი ... რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ. ს-ის მიმართ, კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე. თავის მხრივ გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველი ნ. ს-ის მიერ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისათვის საგზაო-სატრანსპოტრო შემთხვევის შეუტყობინებლობის ფაქტი გახდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითბს „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტებზე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ“ საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 15 აგვისტოს №96-მ ბრძანების პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს პროკურატურის მუშაკებს, მათ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფასთან, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-გამოყენებასთან, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან, ჩადენილია ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან რასაც მოჰყვა ადმინისტრაციული სახდელის სახით სპეციალური უფლების ჩამორთმევა, ევალებათ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას; ხოლო იმავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის საქართველოს პროკურატურის მუშაკის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ბრძანება ახდენს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ იმ სამართალდარღვევათა ჩამონათვალს, რომელთა არსებობაც პროკურატურის მუშაკებს წარმოუშობს გენერალური ინსპექციისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულებას. მითითებული ნორმით საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფასთან, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-გამოყენებასთან და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გენერალური ინსპექციისათვის შეტყობინების ვალდებულება დადგენილია, მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევი პროკურატურის მუშაკი იმყოფება თუ არა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. ხოლო აღნიშნული ნორმა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ იგი ჩადენილია ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან რასაც მოჰყვა ადმინისტრაციული სახდელის სახით სპეციალური უფლების ჩამორთმევა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ გენერალური ინსპექციისათვის შეტყობინების ვალდებულება კუმულაციურად არ უკავშირდება სამართალდარღვევის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ჩადენას. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს კასატორის - ნ. ს-ის მოსაზრებას, ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას და მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 15 აგვისტოს №96-მ ბრძანების სავალდებულო მოთხოვნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულების თაობაზე.

აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნ. ს-ის დამოკიდებულებაზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტის შეტყობინების მიმართ და მიუთითებს კასატორის განმარტებაზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ იგი აპირებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობებინა მისი უშუალო უფროსისათვის, სუბორდინაციის დაცვით, მაგრამ კონკრეტულ დროს ... რაიონული პროკურორი იმყოფებოდა თათბირზე დასალეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, რამაც გამოიწვია გენერალური ინსპექციისათვის თვით საპატრულო პოლიციის მიერ ინფორმაციის მიწოდების დასწრება. საგულისხმოა, რომ აღნიშნულის საპირისპირო მოსაზრება საქმეზე არ წარმოდგენილა.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში შეფასების საგნად უნდა იქცეს ნ. ს-ის მიმართ გამოყენებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი დისციპლინული პასუხისმგებლობის ზომის - პროკურატურიდან დათხოვნის შესაბამისობა პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპთან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის გათვალისწინებული დისციპლინური სახდელებია: შენიშვნა; საყვედური; უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა; თანამდებობიდან განთავისუფლება; პროკურატურიდან დათხოვნა. თავის მხრივ პროკურატურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრულია აღნიშნული კანონის 34-ე მუხლით, რომლითაც პროკურატურის მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნის ერთ-ერთ საფუძველს სამსახურებრივი დისციპლინის უხეშად ან სისტემატურად დარღვევა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითბს, რომ მართალია ნ. ს-ისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად; დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ თუ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას ნ. ს-ის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - პროკურატურიდან დათხოვნის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა კი სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭიროებდა. ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელია ნ. ს-ის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომისთვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ნ. ს-ის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდებისას, აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. საგულისხმოა ნ. ს-ის ქმედებამ რა ზიანი მიაყენა სახელმწიფოსა და საჯარო წესრიგს; დაცულია თუ არა ნ. ს-ის მიმართ ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენებით თანაზომიერების პრინციპი. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოყენებული დისციპლინური სახდელის თანაზომიერება უნდა შეაფასოს იმის გათვალისწინებით, რომ ნ. ს-ის პროკურატურიდან დათხოვნის საფუძვლად ქცეული სამართალდარღვევა ჩადენილია გაუფრთხილებლობით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მოსარჩელე არ იმყოფებოდა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას არ მოყოლია ჯანმრთელობის დაზიანება. ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, მისი პროკურატურაში დანიშვნის დღიდან განთავისუფლების დღემდე მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის არცერთი ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული, რასაც არც საქმეში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უარყოფს. ნ. ს-ისთვის სანქციის შეფარდების პროცესში ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინება კი განაპირობებს გამოყენებული დისციპლინური სახდელის ადეკვატურობას.

ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ნ. ს-ის პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 6 დეკემბრის №95-მ ბრძანება და საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა დაევალოს საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, თანაზომიერებისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვით, კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ნ. ს-ის პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 6 დეკემბრის №95-მ ბრძანება და საქართველოს მთავარ პროკურატურას დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე