Facebook Twitter

ბს-587-574 (კ-14) 12 თებერვალი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩხორუწყუს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.14წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-ამ 16.10.13წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩხორუწყუს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩხორუწყუს სარეგისტრაციო სამსახურის 11.07.13წ. №8813315377-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.09.13წ. №160258 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე ჩხორუწყუს სარეგისტრაციო სამსახურისათვის ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავ ქონებაზე ნ. ბ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.10.13წ. განჩინებით ნ. ბ-ას სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 23.12.13წ. გადაწყვეტილებით ნ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.14წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 23.12.13წ. გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩხოროწყუს სარეგისტრაციო სამსახურის 11.07.13წ. №8813315377-03 გადაწყვეტილება და დაევალა ჩხორუწყუს სარეგისტრაციო სამსახურს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.09.13წ. №160258 გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.14წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩხოროწყუს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩხოროწყუს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩხოროწყუს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 22.10.14წ. №21625 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩხოროწყუს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.14წ. გადაწყვეტილება;

3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 22.10.14წ. №21625 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე