№ბს-66-64(კ-14) 19 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი; წარმომადგენელი – ლ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; წარმომადგენელი – ე. ა-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 16 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 17 დეკემბრის №93406 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ მოპასუხისთვის 32769.84 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელის მტკიცებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღსრულების მომსახურების საფასურის (მის მიერ წინასწარ გადახდილი 32769.84 ლარის) დაბრუნებაზე უარი იმ პირობებში განაცხადა, როდესაც მას ასეთი სახის მომსახურება არ გაუწევია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 17 დეკემბრის №93406 გადაწყვეტილება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მოსარჩელის განცხადებაზე მსჯლეობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 12 ნოემბერს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა აპლიკაციით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „...“ მიმართ და მოითხოვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოების დაწყება, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რესპოდენტისათვის 1 638492 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემისა და მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მიზნით. 2012 წლის 5 დეკემბერს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რესპოდენტის შპს „...“ წინააღმდეგ, აპლიკანტის სსიპ „დაცვის პოლიციის“ დეპარტამენტის 2012 წლის 12 ნოემბრის №12111330/7335 განცხადების საფუძველზე, განახორციელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოება №12111330.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, საქმე №2/14897-12, განცხადება შპს „...“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების თაობაზე წარმოებაში იქნა მიღებული. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და სხვა მოქმედებებთან ერთად შპს „...“ მიმართ აიკრძალა ახალი იძულებითი ღონისძიების დაწყება. აღნიშნული განჩინება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჩაბარდა 2012 წლის 5 დეკემბერს.
2012 წლის 6 დეკემბერს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომლითაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს №12 111 330/8938 ბრძანების მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანა (რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებდა) და გამარტივებული წარმოების სამსახურისათვის აღსრულების საფასურის საგარანტიო თანხის 2%-ის - 32 769.84 ლარის ოდენობით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე გადარიცხვის დავალება მოითხოვა.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 17 დეკემბრის №93406 გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უარი ეთქვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს №12 111 330/8938 ბრძანების მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანასა და გამარტივებული წარმოების სამსახურის მიერ აღსრულების საფასურის საგარანტიო თანხის 2%-ის - 32 769.84 ლარის ოდენობით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე გადარიცხვაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის წარმოებაში იყო აპლიკანტის - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ №12111330 განცხადება რესპონდენტის - შპს „...“ (ს/ნ ...) მიმართ. აპლიკანტმა „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ №12111330 განცხადების შეტანისას გამოიყენა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება და იმთავითვე მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, ასევე შეასრულა ამავე პუნქტით დადგენილი ვალდებულება, ანუ აპლიკანტმა საგარანტიო თანხის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეიტანა იმავე კანონით გათვალისწინებული აღსრულების წინასწარი საფასური. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპლიკანტმა გამოხატა ნება, „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, რაც შესაბამისი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე წარმოადგენს შეუქცევად მოთხოვნას. რესპონდენტს - შპს „...“ 2012 წლის 22 ნოემბერს ჩაბარდა შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე. რესპონდენტის - შპს „...“ მიერ არ განხორციელებულა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არც ერთი მოქმედება. შესაბამისად, 2012 წლის 5 დეკემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოიცა №12111330/8938 „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანება აპლიკანტის მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების შესაბამისი ნორმებით დადგენილი პროცედურა. კონკრეტულ შეთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ადგილი არ ჰქონია გამარტივებული წარმოებისთვის დადგენილი პროცედურების დარღვევას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური. გადაწყვეტილებით დგინდება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 5 დეკემბერის №12111330/8938 ბრძანება იმავე დღეს შევიდა ძალაში ანუ იქცა აღსასრულებელ გადაწყვეტილებად და დაექვემდებარა დადგენილი წესით აღსრულებას. შესაბამისად, აპლიკანტის მოთხოვნისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბრძანება დაუყოვნებლივ მიაქცია აღსასრულებლად.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე. თუ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას წინასწარ მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, კრედიტორი აღარ წარადგენს განცხადებას აღსრულების დაწყების მოთხოვნით. ამავე კანონის 38-ე მუხლის 71 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყებისას აღსრულების წინასწარი საფასური ჩაითვლება კრედიტორის მიერ გადახდილად, თუ გამარტივებული წარმოებისას მან აღნიშნული საფასური საგარანტიო თანხის სახით სრულად შეიტანა აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მითითებული მუხლების შინაარსის გათვალისწინებით, აპლიკანტის მიერ გამარტივებული წარმოების დაწყებისას დაყენებული მოთხოვნა, „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, შეუქცევადია. ამასთან, აპლიკანტის მიერ საგარანტიო თანხის სახით გადახდილი აღსრულების წინასწარი საფასური იცვლის სტატუსს და ითვლება სააღსრულებო წარმოების დასაწყებად კრედიტორის მიერ გადახდილ აღსრულების წინასწარ საფასურად, მას შემდეგ რაც აპლიკანტის მოთხოვნისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო მიაქცევს „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანებას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2012 წლის 6 დეკემბერს „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ №12111330/8938 ბრძანება დაუყოვნებლივ მიაქცია აღსასრულებლად, რაც დასტურდება 2012 წლის 6 დეკემბრის №100957275 მიღების ბარათით. შესაბამისად, აპლიკანტის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების შეტანისას გადახდილი საგარანტო თანხა 2012 წლის 6 დეკემბერს აღსრულების დაწყების მომენტიდან გადავიდა კრედიტორის მიერ გადახდილი აღსრულების წინასწარი საფასურის რეჟიმში. ამასთან, გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საუბარია აღსრულების დაწყებაზე და არა კონკრეტული სააღსრულებო ღონისძიების განხორციელებაზე, რაც ურთიერთშენაცვლებად ცნებებს არ წარმოადგენს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები კრძალავს შესაბამისი განცხადების წარმოებაში მიღების შემდგომ ახალი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო საკუთრივ სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყება არ იკრძალება, ვინაიდან, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები ახალი სააღსრულებო ღონისძიებების განხორციელების აკრძალვის მსგავსად ერთიან რეჟიმში აყენებს მიმდინარე სააღსრულებო ღონისძიებების შეჩერებასაც. მიმდინარე სააღსრულებო მოქმედებები ექვემდებარება შეჩერებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს საკუთრივ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტას და საფასურის დაბრუნების საფუძვლის წარმოშობას.
აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, ზემოაღნიშნული გარემოებები საინტერესოა მხოლოდ საკითხის ანალიზისათვის და მისი სწორი შეფასებისათვის, ვინაიდან, პრაქტიკულად აღსრულების დაწყების დროისათვის განჩინება შპს „...“ გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ არ იყო გამოქვეყნებული და ის გამოქვეყნებულ იქნა მხოლოდ მომდევნო დღეს. გამომდინარე აქედან, სააღსრულებო წარმოება (კრედიტორი - შპს „დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, მოვალე - შპს „...“) დაიწყო 2012 წლის 6 დეკემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის (როგორც (კრედიტორის) დავალიანების გადახდევინების შესახებ დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევის თაობაზე, აპლიკანტის მოთხოვნის შემსრულებელი სუბიექტის) მიმართვის საფუძველზე.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, გარდა სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავებისა, განსახილველად გადაეცემა ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სასამართლოებს. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინება გამოქვეყნებულ იქნა 2012 წლის 7 დეკემბერს, რაც დასტურდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ. გვერდზე განთავსებული ცნობით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ №12111330/8938 ბრძანება გამოიცა 2012 წლის 5 დეკემბერს. შესაბამისად, არ არსებობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება - დავის გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლოსათვის გადაცემის თაობაზე, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუკი პროტესტის წარმოუდგენლობის გათვალისწინებით, განსახილველი საკითხი მაინც მიჩნეული იქნებოდა დავად.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინების საფუძველზე ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, აღსრულების ღონისძიების განხორციელების უფლებამოსილება აქვს აღმასრულებელს. სააღსრულებო მოქმედება მიმართულია უშუალოდ მოვალის ქონებაზე, რაც საბოლოოდ იწვევს ქონების სამართლებრივი მდგომარეობის ცვლილებას. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ გამართლებულად მიიჩნია, რომ უნდა შეჩერდეს ან არ დაიწყოს იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიება და არა სააღსრულებო წარმოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსაზრებით, არ დარღვეულა გამარტივებული წარმოებისათვის დადგენილი პროცედურული მოთხოვნები, რაც გამორიცხავდა სადავოდ ქცეული ბრძანების სრულად ან/და ნაწილობრივ გაუქმების ფაქტობრივი ან სამართლებრივი წინაპირობების არსებობას.
ამასთან, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოხდა „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ №12111330/8938 ბრძანების აღსასრულებლად მიქცევა, ხოლო სააღსრულებო საქმე ამჟამად არის შეჩერებული ზემოაღნიშნული განჩინების გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა გადახდის ბრძანებაში ცვლილების განხორციელებისა და საგარანტიო თანხის აპლიკანტისათვის დაბრუნების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, საქმე №2/14897-12, განცხადება შპს „...“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების თაობაზე წარმოებაში იქნა მიღებული. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და სხვა მოქმედებებთან ერთად შპს „...“ მიმართ აიკრძალა ახალი იძულებითი ღონისძიების დაწყება, რაც სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჩაბარდა 2012 წლის 5 დეკემბერს, როდესაც თავად 5 დეკემბერს გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება და სასამართლო განჩინების და დეპარტამენტის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, ფორმალურად მაინც მიიღო გადახდის ბრძანება აღსასრულებლად წარმოებაში. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღსრულების მომსახურების საფასურის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, როდესაც მას ასეთი მომსახურება არ გაუწევია. ასეთი ქმედების განხორციელება სასამართლო განჩინებით აკრძალული იყო.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე უნდა ემსჯელა მოსარჩელის განცხადებაზე და გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას. სასამართლოს მითითებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის წარმოებაში იყო აპლიკანტის - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ №12111330 განცხადება _ შპს „...“ (ს.ნ„...“) მიმართ, რომლის საფუძველზე აპლიკანტი ითხოვს გადახდის ბრძანების აღსრულებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას, აპლიკანტმა საგარანტიო თანხის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს ამ კანონით გათვალისწინებული აღსრულების წინასწარი საფასური.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპლიკანტმა საგარანტიო თანხის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეიტანა კანონით გათვალისწინებული წინასწარი საფასური, რაც ნიშნავს იმას, რომ აპლიკანტმა გამოხატა ნება „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2012 წლის 5 დეკემბერს გამოსცა №12111330/8938 ბრძანება, რომლის საფუძველზეც შპს „...“ მიმართ დაიწყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოება, რაც ძალაში შევიდა იმავე დღეს და დაექვემდებარა დადგენილი წესით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების საფუძველზე. თუ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას წინასწარ მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, ამ შემთხვევაში კრედიტორი აღარ წარადგენს განცხადებას აღსრულების დაწყების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 71 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყებისას აღსრულების წინასწარი საფასური ჩაითვლება კრედიტორის მიერ გადახდილად, თუ გამარტივებული წარმოებისას მან აღნიშნული საფასური საგარანტიო თანხის სახით სრულად შეიტანა აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
მითითებული მუხლების შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ აპლიკანტის მიერ გამარტივებული წარმოების დაწყებისას დაყენებული მოთხოვნა „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანების გამოცემის თაობაზე, მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შეუქცევადი იყო. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2012 წლის 6 დეკემბერს „დავალიანების გადახდის შესახებ“ ბრძანება დაუყოვნებლივ მიაქცია აღსასრულებლად და აპლიკანტის მიერ დავალიანების შესახებ განცხადების შემოტანისას გადახდილი საგარანტიო თანხა, 2012 წლის 6 დეკემბერს, აღსრულების დაწყების მომენტიდან, გადავიდა კრედიტორის მიერ გადახდილ აღსრულების წინასწარ საფასურად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება და მიიჩნია, რომ დასახელებული ნორმით დაუშვებელია სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყება, ანუ მითითებული ნორმა კრძალავს შესაბამისი განცხადების წარმოებაში მიღების შემდგომ, ახალი სააღსრულებო მოქმედების განხორციელებას და არა სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებას. სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს, როგორც აღინიშნა, წარმოადგენს კრედიტორის წერილობითი განცხადება და განცხადების წარმოებაში მიღება და აღსრულების ამ სახით დაწყება არ წარმოადგენს აღსრულების ახალ ღონისძიებას.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებო საქმე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია და სააღსრულებო მოქმედებები შეჩერებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინების საფუძველზე. შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, აღსრულება ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს, რაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის თანახმად, საფასურის გადახდის გარეშე დაუშვებელია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ უკანონოა წინასწარ გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი, რამდენადაც მას ასეთი მომსახურება არ გაუწევია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. კასატორი მიუთითებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები იძულებით აღსრულების ღონისძიებას წარმოადგენდა, რაც მას სასამართლოს განჩინებით ეკრძალებოდა. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2012 წლის 5 დეკემბრის ბრძანება არ არის შედგენილი კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით 2014 წლის 10 ივლისს 13:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2012 წლის 12 ნოემბერს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა აპლიკაციით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „...“ მიმართ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოების დაწყებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რესპოდენტისათვის 1 638492 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის მიზნით. ამასთან, აპლიკანტმა ბრძანების აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.
2012 წლის 5 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აპლიკანტის - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2012 წლის 12 ნოემბრის №12111330/7335 განცხადების საფუძველზე რესპოდენტის - შპს „...“ წინააღმდეგ განახორციელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოება №12111330 და გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ №12111330/8938 ბრძანება, რომლითაც შპს „...“ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ 1638492.00 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა დაეკისრა; ხოლო ბრძანება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, საქმე №2/14897-12, შპს „...“ განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში შპს „...“ მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო და სხვა მოქმედებებთან ერთად შპს „...“ მიმართ აიკრძალა იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიების დაწყება. აღნიშნული განჩინება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2012 წლის 5 დეკემბერს ჩაბარდა.
2012 წლის 6 დეკემბერს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და 2012 წლის 5 დეკემბრის №12111330/8938 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის ამოღება, რომელიც ბრძანების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას ითვალისწინებდა და აღსრულების საფასურის საგარანტიო თანხის 2%-ის - 32 769.84 ლარის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე გადარიცხვა მოითხოვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 17 დეკემბრის №93406 გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უარი ეთქვა ბრძანებაში ცვლილების განხორციელებისა და საგარანტიო თანხის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ სამართალურთიერთობას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არამხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა იწვევს; კასატორი სადავოდ არ ხდის შპს „...“ მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. შესაბამისად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 17 დეკემბრის №93406 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და მის მიერ საგარანტიო თანხის სახით გადახდილი აღსრულების წინასწარი საფასურის – 32769.84 ლარის დაბრუნებას მოითხოვს.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2012 წლის 12 ნოემბრის განცხადება ორ დამოუკიდებელ მოთხოვნას - 1. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემასა და 2. მის აღსასრულებლად მიქცევას მოიცავდა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XVI1 თავი განსაზღვრავს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოების პირობებს. აღნიშნული კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამასთან, აპლიკანტს შესაძლებლობა ეძლევა აღნიშნული განცხადების წარდგენისას დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება მოითხოვოს (914 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების შეტანისას აპლიკანტი იხდის სააპლიკაციო საფასურს, რომლის ოდენობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება (914 მუხლის მე-5 პუნქტი). საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-10 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობა შეადგენს აპლიკანტის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების წარდგენისას (სააპლიკაციო საფასური) – 100 ლარს თითოეული სამართლებრივი საფუძვლით წარდგენილ მოთხოვნაზე. სააპლიკაციო საფასური წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემისათვის დადგენილ სავალდებულო გადასახდელს, რომელიც გადაიხდევინება დამოუკიდებლად იმისა, ითხოვს თუ არა აპლიკანტი ბრძანების აღსრულებას. ხოლო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას, აპლიკანტმა საგარანტიო თანხის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს ამ კანონით გათვალისწინებული აღსრულების წინასწარი საფასური. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენს გადახდილი აქვს 1. სააპლიკაციო საფასური – 100 ლარის ოდენობით, რომელიც დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სავალდებულო გადასახდელს წარმოადგენს და 2. საგარანტიო თანხის სახით აღსრულების წინასწარი საფასური – 32 769.84 ლარის ოდენობით, რომელიც აპლიკანტს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ბრძანების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შეაქვს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2012 წლის 5 დეკემბრის თარიღით გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ №12111330/8938 ბრძანება, რომელიც მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ამავე თარიღით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჩაბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინება, რომლითაც შპს „...“ მიმართ აიკრძალა იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიების დაწყება. საყურადღებოა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე მათთვის ცნობილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინების თაობაზე. ამდენად, სასამართლო განჩინებით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნის (აღსრულების აკრძალვის) მიუხედავად სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბრძანება მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
განსახილველ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სააღსრულებო ორგანოების მოქმედებათა კანონიერების შეფასება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპერატიულ მოთხოვნათა გათვალისწინებით. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული იმპერატიული მოთხოვნის უმთავრეს მიზანს ყოველგვარი სააღსრულებო პროცედურის, მოქმედების დაწყების დაუშვებლობა წარმოადგენს. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინების გაცნობის მომენტიდან აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იყო არ დაეწყო ახალი სააღსრულებო წარმოება.
ამასთან, მოსარჩელემ შეიტყო რა შპს „...“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, მან დაუყოვნებლივ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების მე-2 პუნქტის (რომელიც ბრძანების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას ეხება) ამოღებისა და 32 769.84 ლარის დაბრუნების მოთხოვნით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. აღნიშნული მოთხოვნის პარალელურად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იცოდა რა ბრძანების აღსრულების შეუძლებლობის შესახებ, მიზანმიმართულად ფორმალურად მიიღო წარმოებაში აღსასრულებელი საქმე, მიიღო აღსრულების საფასური და შეაჩერა სააღსრულებო წარმოება. ეს იმ პირობებში, როდესაც აღსრულების დაწყების შემდგომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი გამორიცხავს კრედიტორისათვის წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის დაბრუნების შესაძლებლობას (38.8. მუხლი). ასეთ შემთხვევაში ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყება მხოლოდ აღსრულების საფასურის მიღებას ემსახურება, რაც საკასაციო სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემისას აღნიშნული ბრძანების აღსრულების მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა თავისი არსით კრედიტორისთვის პროცედურის გამარტივებას ისახავს მიზნად და მისი ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული აპლიკანტს აძლევს შესაძლებლობას გამარტივებული გზით, ერთ განცხადებაში მოაქციოს ორი დამოუკიდებელი მოთხოვნა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გამარტივებული საქმის წარმოება და სააღსრულებო წარმოება სრულიად სხვადასხვა პროცედურებს წარმოადგენს, რაც საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმაც დაადასტურა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გამარტივებული წარმოების მიზანი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაა, ხოლო აღსრულების მიზანს აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების სისრულეში მოყვანა წარმოადგენს. საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასური კი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების მიზნით გაწეული მომსახურების სავალდებულო გადასახდელს წარმოადგენს. ამასთან, აღსრულების პროცესის დაწყება კრედიტორის ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, აღსრულების დაწყებამდე აპლიკანტს არ შეიძლება შეეზღუდოს დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნაზე უარის თქმისა და წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის დაბრუნების შესაძლებლობა. სააღსრულებო პროცედურის გამარტივების მიზნით წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასური აპლიკანტისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთად არ უნდა იქცეს. აპლიკანტი რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს აღნიშნული საფასურის გადახდის მომენტიდან. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისათვის საჭირო ხარჯების მომჩივნისათვის დაკისრება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის ნამდვილი არსის დარღვევად მიიჩნია (Apostol v. Georgia, §65).
მოცემულ შემთხვევაში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ საგარანტიო თანხის სახით გადახდილი აღსრულების წინასწარი საფასურის გადახდა მიმართული იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის შემდგომ დამატებითი განცხადების გარეშე ბრძანების აღსრულების უზრუნველსაყოფად. მოსარჩელის ინტერესსა და მიზანს აღსრულების რეალურად განხორციელება და კუთვნილი თანხის მიღება წარმოადგენდა; ხოლო აღსრულების დაწყების დაუშვებლობის პირობებში, დაუშვებელია შეიზღუდოს საგარანტიო თანხის სახით გადახდილი აღსრულების წინასწარი საფასურის დაბრუნების შესაძლებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 17 დეკემბრის №93406 გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საგარანტიო თანხის სახით გადახდილი აღსრულების წინასწარი საფასური – 32769.84 ლარი.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის გათვალისწინებით, მოპასუხეს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (პირველი ინსტანციის სასამართლოში – 983 ლარის ოდენობით, საკასაციო სასამართლოში – 300 ლარის ოდენობით) სულ – 1283 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 17 დეკემბრის №93406 გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაუბრუნდეს მის მიერ საგარანტიო თანხის სახით გადახდილი აღსრულების წინასწარი საფასური – 32769.84 ლარი;
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1283 ლარის (983+300) ანაზღაურება;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე