№ბს-670-656(კ-14) 17 თებერვალი, 2015 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე;
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. მ-ე;
მესამე პირი - ნ. ა-ი;
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. მ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 17 სექტემბრის №882013438069-03 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის №882013438069-03 2013 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 12 ნოემბრის №208691 და 2013 წლის 13 დეკემბრის №233758 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, რითაც დაკმაყოფილდება ნ. მ-ის მიერ 2013 წლის 11 სექტემბერს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განცხადება ქ. ბათუმში, ... ... ქ. №31-ში, ბინა 19-ის ნ. მ-ის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, გამოცემის დავალება (იხ. ს.ფ. 1-12).
მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 46-55).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით ნ. მ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 17 სექტემბრის №882013438069-03 გადაწყვეტილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 12 ნოემბრის №208691 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ს.ფ. 68-72).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ა-ი (იხ. ს.ფ. 85-88).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 18 ოქტომბრის №882013438069-03 გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, ... ... ქ. №1-ში მდებარე №13 საცხოვრებელ ბინაზე ნ. მ-ის საკუთრების უფლების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 დეკემბრის №233758 გადაწყვეტილება ნ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, ... ... ქ. №1-ში მდებარე №13 საცხოვრებელ ბინაზე ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; მოპასუხეებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ნ. მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 100 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (იხ. ს.ფ. 113-132).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 139-151).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 187-201).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 209-222).
საკასაციო სასამართლოში 2014 წლის 19 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა მიუთითეს, რომ ნ. მ-ე დაეთანხმა სარეგისტრაციო სამსახურის კანონიერი შეჩერების საფუძველს და რეგისტრაციის მიზნით სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა 1999 წლის 18 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით იქნა მოთხოვნილი, რაც გახდა ნ. მ-ის საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველი, ამასთან, უძრავი ნივთი განკარგულ იქნა ნ. მ-ის მიერ და იგი დღეის მდომარეობით წარმოადგენს თ. და ქ. ლ-ეების საკუთრებას უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 232-233).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 241-243).
საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 20 იანვრის განჩინებით მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია (იხ. ს.ფ. 251-255).
2015 წლის 6 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს წარუდგინა სარეგისტრაციო მასალები, კერძოდ საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ 2014 წლის 2 ივლისს ნ. მ-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, ... ქ. №1-ში, ბ. №13 მდებარე 39,92 კვ.მ. უძრავი ქონება; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება №1-100, დამოწმების თარიღი: 18/06/1999 წელი (იხ. ს.ფ. 267)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ივნისის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და ნ. მ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესაბამისად: საცხოვრებელი ბინის ტექნიკური პასპორტით დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ... ... ქუჩა №1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა №13 საკუთრების უფლებით ირიცხება ნ. მ-ის სახელზე, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია-ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, №1-100, დამოწმებული 18/06/1999წელი (იხ. ს.ფ. 19).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით ასევე დასტურდება, რომ ქ.ბათუმში, ... ... ქუჩა №1-ში მდებარე ბინა №13 საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ. მ-ის სახელზე (იხ. ს.ფ. 18).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 ივლისის №TT2012042596-03 რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილებით ნ. მ-ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ ტექნიკური არქივის მონაცემების თანახმად ქ. ბათუმში, ... ... ქუჩა №1-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებული ნ. მ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტი-18/06/1999 წლის ნოტარიული ხელშეკრულება №1-100, საარქივო მასალებში არ ინახება (იხ. ს.ფ. 20).
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის №16/1770 წერილით, ნ. მ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში არსებულ 1999 წლის სანოტარო არქივში ვერ იქნა მოძიებული 1999 წლის 18 ივნისს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (რეესტრის №1-100) ნ. ა-სა და ნ. მ-ის მონაწილეობით (იხ. ს.ფ. 21).
2013 წლის 11 სექტემბერს, ნ. მ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ... ... ქუჩა №1, ბინა №13 (იხ. ს.ფ. 14).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 17 სექტემბერს გადაწყვეტილებით №882013438069-03 შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ განცხადებას თან არ ახლდა უფლების დამდგენი დოკუმენტი-ნასყიდობის ხელშეკრულება №1-100, დამოწმებული 18.06.1999წელი და დაევალა აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა (იხ. ს.ფ. 16).
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ. მ-ემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტში, რომლის 2013 წლის 12 ნოემბრის №208691 გადაწყვეტილებით ნ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 22-25; 27-29).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2013 წლის 18 ოქტომბერს №882013438069-04 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 17).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 18 ოქტომბრის №882013438069-04 გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’, ნ. მ-ემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2013 წლის 13 დეკემბრის №233768 გადაწყვეტილებით ნ. მ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე (იხ. ს.ფ. 30-33; 35).
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა მიუთითეს, რომ ნ. მ-ე დაეთანხმა სარეგისტრაციო სამსახურის კანონიერი შეჩერების საფუძველს და რეგისტრაციის მიზნით სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა 1999 წლის 18 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით იქნა მოთხოვნილი, რაც გახდა ნ. მ-ის საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველი, ამასთან, უძრავი ნივთი განკარგულ იქნა ნ. მ-ის მიერ და იგი დღეის მდომარეობით წარმოადგენს თ. და ქ. ლ-ეების საკუთრებას უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 232-233).
2014 წლის 2 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ნ. მ-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, ... ქ. №1-ში, ბ. №13 მდებარე 39,92 კვ.მ. უძრავი ქონება; უფლების დამადასტურებელ დოკუმნეტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება №1-100, დამოწმების თარიღი» 18/06/1999 წელი (იხ. ს.ფ. 267).
საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. მ-ის სარჩელზე დავის საგნის არარსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის №882013438069-03 2013 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 დეკემბრის №233758 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, რითაც დაკმაყოფილდება ნ. მ-ის მიერ 2013 წლის 11 სექტემბერს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განცხადება ქ. ბათუმში, ... ... ქ. №31-ში, ბინა 19-ის ნ. მ-ის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, გამოცემის დავალება (იხ. ს.ფ. 1-12).
საკასაციო სასამართლოში 2015 წლის 6 თებერვალს წარმოდგენილი განცხადებითა და თანდართული დოკუმენტებით, კერძოდ, 2014 წლის 2 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ნ. მ-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, ... ქ. №1-ში, ბ. №13 მდებარე 39,92 კვ.მ. უძრავი ქონება; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება №1-100, დამოწმების თარიღი» 18/06/1999 წელი (იხ. ს.ფ. 267).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. მ-ის სარჩელზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272-ე მუხლის ,,ა1" პუნქტის საფუძველზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო, ვინაიდან, მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესი მოცემული მომენტისთვის რეალიზებულია და მხარეთა შორის კონფლიქტი ამოწურულია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და ნ. მ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) ნახევარი _ 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 9.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,აI" პუნქტის, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
3. ნ. მ-ის სარჩელზე დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ 2014 წლის 14 ნოემბრის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის) ნახევარი _ 150 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/