Facebook Twitter

#ბს-691-677(კ-14) 12 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 15 მარტს ააიპ „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების – ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად შპს „...“ მიუთითა.

მოსარჩელემ პროექტის შეთანხმების შესახებ 2009 წლის 14 იანვრის №01-22/23 ბრძანების, 2009 წლის 14 იანვარს გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობის, 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემული სმ №000906 მშენებლობის სანებართვო მოწმობის, არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების თაობაზე 2011 წლის 18 ოქტომბრის №1255 ბრძანების, არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების თაობაზე ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 25 იანვრის №135 ბრძანების, 2013 წლის 28 იანვარს გაცემული სმ №000572 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ნაწილობრივ (იმ ნაწილში, რომელიც ნებართვის მაძიებელს შენობის მომიჯნავე მხარეს ღიობებისა და აივნების მოწყობის უფლებასა და 12 მეტრზე დაბლა, ფანჯრებისა და ღიობების მოწყობის უფლებას აძლევს) ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერიის 2013 წლის 26 თებერვლის წერილის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი პროექტის შეთანხმების შესახებ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 14 იანვრის №01-22/23 ბრძანება, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 14 იანვარს გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობა, არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების თაობაზე არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 18 ოქტომბრის №1255 ბრძანება, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემული სმ №000906 მშენებლობის სანებართვო მოწმობა, არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების თაობაზე ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 25 იანვრის №135 ბრძანება, ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 28 იანვრის სმ №000572 მშენებლობის სანებართვო მოწმობა (ქ. ბათუმში, ... ქ. №38-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შპს „...“ მიერ განხორციელებული მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის სამეზობლო საზღვრის მხარეს, ფასადზე ფანჯრების გარდა სხვა სახის ღია ნაწილების მოწყობის ნაწილში); ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა ქ. ბათუმში, ... ქ. №38-ში შპს „...“ მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. მ-ე, შ. ე-ე, ნ. ო-ე, ნ. დ-ე, მ. მ-ა, ჯ. ფ-ე, თ. კ-ე, ი. ბ-ა, ჟ. დ-ე, ლ. შ-ა, რ. ც-ე, ც. ს-ე, ე. მ-ე, ჯ. კ-ი, თ. ე-ე, გ. დ-ე, ლ. ა-ო, რ. მ-ე, ნ. ფ-ე, ა. ბ-ი, ც. ფ-ა, ლ. გ-ე, გ. დ-ე, მ. ქ-ე, ს. ჭ-ა, ი. ბ-ა, ე. ჯ-ე, ნ. კ-ა, რ. ვ-ე, გ. ვ-ე, ჯ. შ-ე, ს. დ-ე, ნ. ე-ე, ნ. ტ-ი, მ. ყ-ა, მ. კ-ე, კ. ქ-ა, ც. კ-ა, კ. უ-ა, მ. ფ-ე, მ. ს-ა, მ. გ-ი, ლ. მ-ა, ე. გ-კ, ზ. ბ-ე, ნ. მ-ი, მ. მ-ე, ა. შ-ა, რ. ა-ე, ჟ. მ-ი, ა. მ-ე, ლ. კ-ა, გ. ა-ი, ნ. კ-ა, გ. გ-ა, ნ. მ-ი, ლ. რ-ე, ა. ლ-ე, ლ. ღ-ი, ნ. ე-ე, ჯ. ქ-ე, მ. ა-ა, დ. კ-ი, ე. თ-ე, ნ. ნ-ე, თ. ნ-ი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა რ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით რ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...“ საკასაციო საჩივარზე 2015 წლის 6 იანვარს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. შპს „...“ დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2015 წლის 6 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე