საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-723-709(კ-14) 15 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა დ. მ-ასა და ლ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _Qქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, მესამე პირების - ამხანაგობა „...“; შპს „...“ მონაწილეობით.
2013 წლის 28 მარტს მ. გ-ემ, მ. გ-მა, დ. მ-ამ, ლ. ნ-ემ, ლ. ა-მა, გ. ყ-მა, ნ. ნ-მა და თ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის №271902, 2012 წლის 10 ოქტომბრის №385788, 2010 წლის 9 ივლისის №01/1469 ბრძანებებისა და ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 20 თებერვლის №253 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება იბა „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის, მ. გ-ის, დ. მ-ას, ლ. ნ-ის, ლ. ა-ის, გ. ყ-ის, ნ. ნ-ისა და თ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. მ-ამ, ლ. ნ-ემ, მ. გ-ემ, მ. გ-მა, ლ. ა-მა, გ. ყ-მა, ნ. ნ-მა და თ. გ-მა, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განჩინებით მ. გ-ის, მ. გ-ის, ლ. ა-ის, გ. ყ-ის, ნ. ნ-ისა და თ. გ-ის ნაწილში სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დ. მ-ასა და ლ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. მ-ამ და ლ. ნ-ემ, რომლებმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს. კასატორებმა ასევე მოითხოვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის შესაბამისად, ყველა იმ განჩინებების კანონიერების გადასინჯვა, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა მათი შუამდგომლობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, რამდენადაც საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყვნენ გათავისუფლებულნი არც საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებისა და არც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის შესაბამისად, წინმსწრები განჩინებების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით კასატორებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს საპროცესო კომპეტენციას განეკუთვნება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების (განჩინებების) კანონიერების გადასინჯვა. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან (განჩინებასთან) ერთად იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს წინმსწრები განჩინებების კანონიერებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორები არ უთითებდნენ კონკრეტულად სააპელაციო სასამართლოს რომელ წინმსწრებ განჩინებებს ასაჩივრებენ შემაჯამებელ განჩინებასთან ერთად.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით კასატორებს დაუდგინა ხარვეზი და განუსაზღვრა ვადა მის შესავსებად, კერძოდ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეევსოთ ხარვეზი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი და მიეთითებინათ სააპელაციო სასამართლოს რომელ წინმსწრებ განჩინებებს ასაჩივრებენ; ამასთან, კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
Aსაქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნათ კასატორებს - დ. მ-ასა და ლ. ნ-ეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქ. 23) და 2015 წლის 5 იანვარს პირადად ჩაბარდა ლ. ნ-ეს (მანვე ჩაიბარა გზავნილი მისი მეუღლისათვის - დ. მ-ასათვის გადასაცემად), რაც დასტურდება გზავნილებზე პირის ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინების ასლი კასატორებს ჩაბარდათ 2015 წლის 5 იანვარს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2015 წლის 6 იანვარს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2015 წლის 15 იანვარს, 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორებმა არ შეავსეს ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დ. მ-ასა და ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს დ. მ-ასა და ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე