#ბს-815-801(კ-14) 12 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 25 მარტს ტ. ლ-მა და ნ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიისა და თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელე ნ. მ-ემ თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიისთვის 2014 წლის 30 იანვრის №3268 განცხადებისა და 2014 წლის 7 თებერვლის №40330 ადმინისტრაციული საჩივრის, მოსარჩელე ტ. ლ-მა თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულოსთვის 2014 წლის 14 თებერვლის №5092 ადმინისტრაციული საჩივრის, ხოლო მოსარჩელეებმა - ნ. მ-ემ და ტ. ლ-მა თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულოსთვის 2014 წლის 30 იანვრის №3269 განცხადებისა და 2014 წლის 7 თებერვლის №40331 ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებისა და ზეპირი მოსმენით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალება მოითხოვეს.
2014 წლის 7 აპრილს ტ. ლ-მა გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და დამატებით თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულოსთვის 2014 წლის 25 თებერვლის №6249 ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული წარმოების ჩატერებისა და ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
2014 წლის 10 აპრილს ტ. ლ-მა და ნ. მ-ემ გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნით მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოსთვის 2014 წლის 11 მარტის №7586 განცხადების, თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიისთვის 2014 წლის 11 მარტის №7586 განცხადების, თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიისა და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოსთვის 2014 წლის 11 თებერვლის №4646 და №4647, 2014 წლის 5 მარტის №6951 და №6952, 2014 წლის 7 აპრილის №10478 და №10479 ადმინისტრაციული საჩივრების წარმოებაში მიღებისა და ზეპირი მოსმენით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალება მოითხოვეს. ამასთან, მოსარჩელეებმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის განჩინებით ტ. ლ-სა და ნ. მ-ეს უარი ეთქვათ გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების მიღებაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ნ. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს მიმართ დარჩა განუხილველად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ტ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ტ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს ტ. ლ-ის 2014 წლის 30 იანვრის №3269 განცხადების, ასევე 2014 წლის 7 თებერვლის №40331 ადმინისტრაციული საჩივრის, ასევე 2014 წლის 14 თებერვლის №5092 ადმინისტრაციული საჩივრის გამო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, განცხადებისა და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე