Facebook Twitter

#ბს-799-785(3კს-14) 12 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ 1. ვ. კ-ე; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

მესამე პირი – ზ. კ-ე

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 6 სექტემბერს ვ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 4 ივნისის №001656 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 13 აგვისტოს №2321 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. კ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 4 ივნისის №001656 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 13 აგვისტოს №2321 განკარგულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცველელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება, ადმინისტრაციული საქმის (ზ. კ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების: ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, მესამე პირები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „…“, დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა) განხილვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეზე გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 4 ივნისის №001656 დადგენილება, რომლითაც ვ. კ-ე ქ. თბილისში, … ქ. №29-ში უნებართვოდ განხორციელებული დაშენებისთვის დაჯარიმდა 8000 ლარით. საქმის მასალების მიხედვით სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ზ. კ-ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა ადმინისტრაციული საქმე ზ. კ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების: ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, მესამე პირები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „…“, დავის საგანი: ქ. თბილისში, … ქ. №29-ში მდებარე უკანონო დაშენების ლეგალიზაცია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზ. კ-ის საჩივარი, ქ. თბილისში, … ქ. №29-ში მდებარე უძრავი ქონების უნებართვოდ აშენებული ფართის ლეგალიზების თაობაზე, არ არის შესული კანონიერ ძალაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლზე, რომლის მე-8 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო დაშენების ლეგალიზების საკითხის გადაწყვეტას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია უნებართვო მშენებლობისთვის პირის დაჯარიმების საკითხის გადაწყვეტისას. ე.ი. ვ. კ-ის დაჯარიმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასება დამოკიდებულია უნებართვო დაშენების ლეგალიზებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურებაზე ან მის უარყოფაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ დავაზე (მოსარჩელე - ვ. კ-ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრებზე უნდა შეჩერდეს საქმის წარმოება, ვინაიდან, ზ. კ-ის (სადავო ფართის ამჟამინდელი მესაკუთრე) მიერ აღძრულ სარჩელზე დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ვ. კ-ემ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორის - ვ. კ-ის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის წარმოება უსაფუძვლოდ შეაჩერა დაშენების ლეგალიზებაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით დაშენების მესაკუთრის - ზ. კ-ის ადმინისტრაციული საქმის არსებობის გამო, მაშინ, როდესაც ზედამხედველობის სამსახურის აქტის შესაფასებლად მნიშვნელოვანია არა აღნიშნული ფაქტი, არამედ ის გარემოება, რომ ზედამხედველობის სამსახურმა ვ. კ-ის დაჯარიმების შესახებ აქტი გამოსცა წინსწრებით, იმ დროს, რედესაც ჯერ კიდევ არ იყო მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება დაშენების ლეგალიზების თაობაზე.

კერძო საჩივრის ავტორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაჩერა საქმის წარმოება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევებზე საქმის წარმოების შეჩერების წესს. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 25.8 მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევაზე გაცემული მითითების ვადის შეჩერებას და არა სასამართლოში საქმის წარმოების შეჩერებას. სასამართლო აღნიშნულით ამკვიდრებს სამშენებლო სამართალდარღვევის უსასრულოდ გაჭიანურების პრაქტიკას.

კერძო საჩივრის ავტორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა განეხილა მოცემული საქმე. ერთადერთი გარემოება, როდესაც ლეგალიზების შესახებ განცხადების წარდგენამ შესაძლებელია იმოქმედოს დაჯარიმების შესახებ საქმის წარმოებასა და შედეგზე, არის შემთხვევა, როცა სამართალდამრღვევი მითითების მოქმედების ვადაში მიმართავს არქიტექტურის სამსახურს ლეგალიზების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაშიც კი ზედამხედველობის სამსახურს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება საქმის წარმოება შეაჩეროს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. ზ. კ-ეს ლეგალიზების შესახებ განცხადებით არქიტექტურის სამსახურისთვის მიმართული აქვს არა მითითების მოქმედების ვადაში, არამედ, მითითების გაცემამდე, რაზეც არქიტექტურის სამსახურმა უარი უთხრა 2012 წლის 15 თებერვლის ადმინისტრაციული აქტით. შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახური არ იყო ვალდებული შეეჩერებინა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ზ. კ-ის განცხადების გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით კი არ არსებობს არც სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საკითხის ამგვარი განმარტება საფრთხეს უქმნის სამშენებლო სამართალდარღვევის სფეროში კონტროლის ეფექტურ განხორციელებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული ვ. კ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კერძო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ვ. კ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვვით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო შემთხვევებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საააპელაციო სასამართლომ განსახილველი საქმის წარმოება აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეაჩერა, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ხოლო ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვა შეუძლებლად მიიჩნია ადმინისტრაციული საქმის - ზ. კ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების: ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, მესამე პირები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „…“, დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, განხილვისა და აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი (მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მერია და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური, მესამე პირები - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „…“, დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა) მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინება. ამდენად, აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განხილულია და სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი განსახილველი საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ვ. კ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კერძო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების, გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. კ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე