Facebook Twitter

ბ-120-1(გან-15) 16 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე - თავმჯდომარე (მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ქ-ის, ჯ. ა-ის, გ. ი-ის, დ. ქ-ის, ს. შ-ისა და ჯ. ს-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 29 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართეს ვ. ქ-მა, ჯ. ა-ემ, გ. ი-ემ, დ. ქ-ემ, ს. შ-მა და ჯ. ს-მა.

განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ქ-ის, ჯ. ა-ის, გ. ი-ის, დ. ქ-ის, ს. შ-ისა და ჯ. ს-ის სარჩელი მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინებით უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი.

განმცხადებელთა მითითებით, გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მიუხედავად, იგი არ აღსრულებულა იმის გამო, რომ აღარ არსებობდა რწმუნებულის თანამდებობა, სადაც მოსარჩელეები მუშაობდნენ გათავისუფლებამდე. მოსარჩელეები იყვნენ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც თანამდებობაზე დანიშნულნი იყვნენ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოწყობის განსხვავებულ წესს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი გაუქმდა 2014 წლის 5 თებერვლის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, რომლითაც გაუქმდა ტერიტორიული ორგანოები და რწმუნებულის თანამდებობა.

განმცხადებელთა მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებობს გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა, რომელიც, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს N27 დადგენილებით დამტკიცებული კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-14 მუხლის თანახმად, თითქმის იგივე ფუნქციებს ასრულებს, რასაც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ახორციელებდა, გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება არ სრულდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განმარტების გაკეთება იმის თაობაზე, რომ შესაბამისი თანამდებობის არარსებობის პირობებში (თუმცა არსებობს ფუნქციურად იგივე თანამდებობა) როგორ უნდა აღსრულდეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს გორის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

ამდენად, მითითებული ნორმის დანაწესის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კი, თავის მხრივ, არ დაკმაყოფილდა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში აღსრულებას ექვემდებარებოდა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინების მიღების შედეგად.

ამდენად, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოადგენს, რომლის საპროცესო კომპეტენციასაც განეკუთვნება მოცემული განცხადების განხილვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე წარმოდგენილი განცხადება განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად უნდა გადაეცეს გორის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ვ. ქ-ის, ჯ. ა-ის, გ. ი-ის, დ. ქ-ის, ს. შ-ისა და ჯ. ს-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეცეს გორის რაიონულ სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე