ბს-718-704(კ-7კს-14) 6 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი - ა. ვარდიძე
კასატორები (მოსარჩელეები) – შ. ი-ი, ი. ჭ-ი, შ. კ-ი, მ. ფ-ი, მ. კ-ი; წარმომადგენელი - ი. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; წარმომადგენელი - ლ. ს-ი; 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო საატესტაციო კომისია
მესამე პირები - მი. კ-ი, გ. წ-ი, ა. კ-ი, ხ. კ-ი, ვ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 23 იანვარს შ. ი-მა, ი. ჭ-მა, შ. კ-მა, მ. ფ-მა და მ. კ-მა სარჩელი აღძრეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში დუშეთის მუნიციპალიტეტში მოპასუხეების: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ და მოითხოვეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ მუშაობდნენ დუშთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2013 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის გარდა, ყველა სხვა თანამდებობაზე გამოცხადდა კონკურსი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეთა ნაწილი უვადოდ იყო დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობებზე და მათი საშტატო ერთეულები არ იყო ვაკანტური, მათ თანამდებობებზეც გამოცხადდა კონკურსი. ყველა მოსარჩელემ მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევ კონკურსში.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით ყველა მოსარჩელეს მიეცა არადამაკმაყოფილებელი შეფასება, რაც გასაჩივრებულ იქნა საპრეტენზიო კომისიაში.
მოსარჩელეების განმარტებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საპრეტენზიო კომისიის მიერ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვამდე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან სამსახურის ვადის გასვლისა და ატესტაციის შედეგების საფუძველზე, რასაც საფუძვლად დაედო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი და ამავე კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, გარდა ი. ჭ-ისა, რომლის გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ, სამსახურის ვადის გასვლა.
მოსარჩელეების მითითებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საპრეტენზიო კომისიის მიერ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვამდე, მოსარჩელეთა მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, ადგილობრივ მოხელეებათ დაინიშნენ სხვა პირები.
შ. ი-ის, შ. კ-ის, მ. კ-ის მიმართ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში, მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ შევიდა ცვლილებები, იმ კუთხით, რომ გათავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანების საფუძვლებიდან ამოღებულ იქნა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლი 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობდა მოსარჩელეთა გათავისუფლებას სამსახურიდან ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთი მიზეზია მათ მიერ დაკავებული საშტატო თანამდებობაზე მუშაობის ვადის გასვლა. ამასთან, შ. ი-ი დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში მუშაობის დროს არაერთგზის იყო წახალისებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ გამოცემის დღიდან შ. ი-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის N12 ბრძანების, შ. ი-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის N86 ბრძანების (მეორედ გათავისუფლების შესახებ პირველი ბრძანების ძალაში ყოფნის პირობებში საერთო ჯამში ერთი თანამდებობიდან შ. ი-ი ერთ დღეს 2 - ჯერ გაათავისუფლეს), ი. ჭ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის N11 ბრძანების, შ. კ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის უნომრო ბრძანების (რომელსაც ასევე გამოცემის თარიღად იმავე ბრძანებაში მითითებული აქვს 2014 წლის 6 იანვარიც, ხოლო სარეგისტრაციო ნომრად 2), მ. ფ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 იანვრის N157 ბრძანების, მ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის N32 ბრძანების, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის უარმყოფელი საოქმო გადაწყვეტილებების მოსარჩელეთა შესახებ, მათი თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვრის N9 საოქმო შემაჯამებელი საბოლოო უარმყოფელი გადაწყვეტილების, შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ის, მ. კ-ის ნაწილში; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 10 მარტის N47 წერილის, როგორც მოსარჩელეთა მიმართ მიღებული უარმყოფელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ის, მ. კ-ის დაუყოვნებლივ აღდგენას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იმ თანამდებობებზე, საიდანაც მოხდა მათი გათავისუფლება იმავე პირობებით. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ის, მ. კ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრებას, მათი თანამდებობაზე არ ყოფნის მთელი პერიოდისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოსარჩელეება ასევე მოითხოვეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით საქმეში მესამე პირებად მი. კ-ის, გ. წ-ის, ა. კ-ის, ხ. კ-ის, ვ. კ-ის ჩაბმა და მოცემულ საქმეზე მისაღები პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესის არსებობისა და მნიშვნელოვანი სოციალური ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეები: მი. კ-ი, გ. წ-ი, ა. კ-ი, ხ. კ-ი, ვ. კ-ე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №86 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანება და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №2 ბრძანება, რომლის გამოცემის თარიღად მითითებულია ასევე 2014 წლის 6 იანვარიც. მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; სადავო საკითხთან დაკავშირებით ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვრის №9 ოქმი, იმ ნაწილში, რომლითაც არ იქნა გაზიარებული შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ის, მ. კ-ის მიმართ მიღებული საპრეტენზიო კომისიის დასკვნა და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მოქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიჩნეული გარემოებების საფუძველზე მიიჩნია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №86, 2014 წლის 3 იანვრის №12, 2014 წლის 3 იანვრის №11, 2014 წლის 3 იანვრის №2 (გაცემის თარიღად მითითებულია ასევე 2014 წლის 6 იანვარიც) ბრძანებები და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვრის №9 საოქმო გადაწყვეტილების (გასაჩივრებულ ნაწილში) გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან გასაჩივრებული ბრძანებები არ შეიცადა სათანადო დასაბუთებას. ასევე დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლიც. ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად არ გამოიკვლია მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის პირადი საქმეები და არასწორად დაადგინა თითქოს ისინი იყვნენ თანამდებობაზე დროებით (განუსაზღვრელი ვადით) დანიშნულნი.
ამასთან, გასაჩივრებული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №86, 2014 წლის 3 იანვრის №12, 2014 წლის 3 იანვრის №11, 2014 წლის 3 იანვრის №2 (გაცემის თარიღად მითითებულია ასევე 2014 წლის 6 იანვარიც) ბრძანებები არ არის დასაბუთებული და არასწორად არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში სამსახურის ვადის გასვლის გამო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძვლით არ შეიძლებოდა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის გათავისუფლება სამსახურიდან. მითითებული მუხლის შესაბამისად, სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო არჩეული ან დანიშნული. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 21 თებერვლის N51, 2012 წლის 21 თებერვლის N59 და 2011 წლის 7 ნოემბრის N573 ბრძანებებით შ. ი-ი, ი. ჭ-ი და შ. კ-ი დაინიშნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის თანამდებობებზე. მითითებულ ბრძანებებში არ არის აღნიშნული იმის შესახებ რომ შ. ი-ი, ი. ჭ-ი, შ. კ-ი დანიშნულნი იყვნენ თანამდებობაზე გარკვეული ვადით, ასევე ბრძანებების საფუძვლად არ არის მითითებული ნორმა (მაგალითად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის „დ“ ან ,,ვ“ ქვეპუნქტი) რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა მითითებული მოხელეები ჩათვლილიყვნენ განსაზღვრული ვადით დანიშნულად ან დროებით მოვალეობის შემსრულებლად. შესაბამისად, ეს პირები თანამდებობაზე დანიშნულები იყვნენ განუსაზღვრელი ვადით. ამასთან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ასევე რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოხელეებს გააჩნდათ კანონიერი ნდობა მათი თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებების მიმართ, ვინაიდან, მათ იცოდნენ რომ მოპოვებული ჰქონდათ საჯარო მოხელის უფლებამოსილება განუსაზღვრელი ვადით. თუ ეს პირები განსაზღვრული ვადით იყვნენ მიღებული თანამდებობაზე მაშინ ეს უნდა მითითებულიყო შესაბამის ბრძანებებში და მოსარჩელეებს უნდა სცოდნოდათ ამის შესახებ, სხვა შემთხვევაში ისინი განსაზღვრული ვადით დანიშნულად ვერ ჩაითვლებოდნენ.
საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით დადგინდა, რომ საჯარო სამსახურში პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 29 ივნისის N6611 კანონით. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 21 თებერვლის N51, 2012 წლის 21 თებერვლის N59 და 2011 წლის 7 ნოემბრის N573 ბრძანებების გამოცემისას არ მოქმედებდა.
ამასთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანება შ. ი-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკვე გამოცემული იყო, როდესაც გამოიცა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №86 ბრძანება შ. ი-ის იმავე თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, №86 ბრძანება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს და არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №12, 2014 წლის 3 იანვრის №11, 2014 წლის 3 იანვრის №2 (გაცემის თარიღად მითითებულია ასევე 2014 წლის 6 იანვარიც) ბრძანებები შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ.კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვრის №9 საოქმო გადაწყვეტილება.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე - ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის განხილვისას ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 14 თებერვლის N84 ბრძანებით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის თანახმად, შტატების რაოდენობა განისაზღვრა 124 საშტატო ერთეულით. ხოლო, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 5 ივლისის N329 ბრძანებით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის თანახმად, რომელიც ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან, შტატების რაოდენობა შემცირდა და განისაზღვრა 82 საშტატო ერთეულით. მითითებული გარემოების გათვალისწინებით დასადგენია შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის მიერ 2013 წელში მოქმედი საშტატო განრიგის თანახმად დაკავებულ თანამდებობებს 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საშტატო განრიგის რომელი თანამდებობა შეესაბამება და რომელ მოხელეს ჰქონდა უფლება დარჩენილიყო შესაბამის თანამდებობაზე შტატების შემცირების გათვალისწინებით.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ამ ეტაპზე ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს და მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე და 127-ე მუხლებზე, რომლეთა შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხემ განაცდური ხელფასი მოხელეს უნდა აუნაზღაუროს მხოლოდ თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვრის №9 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან მიმართებაში, რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. აღნიშნული ნორმის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უნდა გაითვალისწინოს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება. ამასთან დასაშვებია, რომ საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება არ იქნეს გაზიარებული, თუმცა ამ შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უნდა დაასაბუთოს თუ რატომ არ იზიარებს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვრის N9 საოქმო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომისია არ იზიარებს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას მოსარჩელეებთან მიმართებაში, თუმცა არ არის მითითებული და დასაბუთებული თუ რატომ არ იზიარებს, რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა.
ამასთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვრის N9 საოქმო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. ბუნებრივია მითითებული ნორმა არ ანიჭებს კომისიის რომელიმე წევრს, მათ შორის, თავმჯდომარეს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება. ამასთან საკონკურსო-საატესტაციო კომისია არის კოლეგიური ორგანო და ბუნებრივია ვერ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას გამოცემის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 10 მარტის N47 წერილი, როგორც მოსარჩელეთა მიმართ მიღებული უარმყოფელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა ვინაიდან მითითებული წერილით მოსარჩელეებს ეცნობა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა მხედველობაში მიეღო საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მათ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, მას დამოუკიდებელი სამართლებრივი შედეგი არ გამოუწვევია და ის წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის წერილობით დოკუმენტს და არა მოსარჩელეთა მიმართ მიღებულ უარმყოფელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს. ამდენად, აღნიშნული წერილის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაიონულმა სასამართლომ განმარტება, რომ ასევე უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა მ. ფ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 იანვრის N157 ბრძანებისა და მ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის N32 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზეც, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მ. ფ-ი და მ. კ-ი თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 94-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო არჩეული ან დანიშნული.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 25 ივნისის N371 ბრძანებით მ. ფ-ი დროებით, კონკურსის წესით მოხელის შერჩევამდე დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 29 მარტის N204 ბრძანებით მ. კ-ი დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად. მითითებული ბრძანებებით ნათლად არის განსაზღვრული, რომ ეს მოსარჩელეები იყვნენ მოვალეობის შემსრულებლები. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დროებით მოვალეობის შემსრულებელი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვის ვადით. იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია. მითითებული ნორმა ამ შინაარსით ამოქმედდა 2013 წლის 1 ივლისიდან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის 3 იანვრის N32 და 2014 წლის 13 იანვრის N157 ბრძანების გამოცემისას მოპასუხე უფლებამოსილი იყო მოსარჩელეები მ. ფ-ი და მ. კ-ი გაენთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რადგან გასული იყო მათი უფლებამოსილების ვადა განსაზღვრული ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
მოსარჩელეებმა სასარჩელო განცხადებით და მათი წარმომადგენლის 2014 წლის 25 მარტის განცხადებით სასამართლოს მიუთითეს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის ძალით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების მხედველობაში მიღებით სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ და მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულ - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №12, 2014 წლის 3 იანვრის №11, 2014 წლის 3 იანვრის №2 (გაცემის თარიღად მითითებულია ასევე 2014 წლის 06 იანვარიც) ბრძანებები სასამართლომ ბათილად ცნო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში ამ ეტაპზე სარჩელი არ კმაყოფილდება ამასთან, მ. ფ-ისა და მ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე შ. ი-თან დაკავშირებით მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანებასთან მიმართებაში, ი. ჭ-თან დაკავშირებით მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანებასთან მიმართებაში, შ. კ-თან დაკავშირებით მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №2 ბრძანებასთან მიმართებაში, რომლის გამოცემის თარიღად ბათილად ცნობილ ამავე აქტში ასევე მითითებულია 2014 წლის 6 იანვარიც. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბათილად ცნობილ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვრის №9 ოქმთან დაკავშირებით (რომლითაც არ იქნა გაზიარებული შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ის, მ. კ-ის მიმართ მიღებული საპრეტენზიო კომისიის დასკვნა. აპელანტი ასევე ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები, ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების ნაწილში წარმოადგენს ასევე კერძო საჩივარსაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ; კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 10 მარტის №47 წერილის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დავის ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება განჩინების სახით; მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურო საატესტაციო კომისიის, მესამე პირების - მი. კ-ის, გ. წ-ის, ა. კ-ის, ხ. კ-ისა და ვ. კ-ის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებით აღძრული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა ნაწილობრივ; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 10 მარტის №47 წერილის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის გამო არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის კერძო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ; კერძოდ, მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულად ბათილად ცნობაზე, ასევე სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და დავის ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანება მოსარჩელე შ. ი-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. ი-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მოსარჩელე - შ. ი-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანება მოსარჩელე ი. ჭ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ი. ჭ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ი. ჭ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის (2014 წლის 6 იანვრის) ბრძანება მოსარჩელე შ. კ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. კ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა შ. კ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 15 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები; მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა მოსარჩელეების საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 21 თებერვლის N51 ბრძანებით შ. ი-ი დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (რწმუნებულის) თანამდებობაზე. ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძველად მიეთითა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანებით შ. ი-ი გათავისუფლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და 94-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 2014 წლის 6 იანვრიდან.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 8 იანვრის №151 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ცვლილება შევიდა შ. ი-ის გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანებაში და მისი გათავისუფლების საფუძვლად, ნაცვლად ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა, მიეთითა მხოლოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის” 94-ე მუხლის პირველი პუნქტი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №86 ბრძანებით შ. ი-ი გათავისუფლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის” 94-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 2014 წლის 6 იანვრიდან.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 9 იანვრის N145 ბრძანებით მესამე პირი - მი. კ-ი დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად. დადგენილია, რომ მი. კ-ის თანამდებობაზე განმწესება მოხდა გამგეობის მიერ 2013 წლის დეკემბერში ორგანიზებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 21 თებერვლის N59 ბრძანებით ი. ჭ-ი დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (რწმუნებულის) თანამდებობაზე. ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანებით ი. ჭ-ი გათავისუფლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 2014 წლის 6 იანვრიდან.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 იანვრის N178 ბრძანებით მესამე პირი - გ. წ-ი დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად. დადგენილია, რომ გ. წ-ის თანამდებობაზე გამწესდა გამგეობის მიერ 2013 წლის დეკემბერში ორგანიზებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 7 ნოემბრის N573 ბრძანებით შ. კ-ი გადაყვანილი იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №2 ბრძანებით (ბრძანების გაცემის თარიღად მითითებულია ასევე 2014 წლის 6 იანვარიც) შ. კ-ი გათავისუფლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2014 წლის 6 იანვრიდან.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 8 იანვრის №152 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ცვლილება შევიდა შ. კ-ის გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანებაში და მისი გათავისუფლების საფუძვლად ნაცვლად ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის” 94-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა მიეთითა მხოლოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის” 94-ე მუხლის პირველი პუნქტი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 6 იანვრის N129 ბრძანებით მესამე პირი - ა. კ-ი დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად. დადგენილია, რომ ა. კ-ის თანამდებობაზე გამწესდა გამგეობის მიერ 2013 წლის დეკემბერში ორგანიზებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით.
შ. კ-ი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ყოფნის დროს ახორციელებდა სოციალური დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ შრომით მოვალეობებს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 25 ივნისის N371 ბრძანებით მ. ფ-ი დროებით, კონკურსის წესით მოხელის შერჩევამდე დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 იანვრის №157 ბრძანებით მ. ფ-ი გათავისუფლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალურ სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 2014 წლის 13 იანვრიდან.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 იანვრის N148 ბრძანებით მესამე პირი - ხ. კ-ი დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. დადგენილია, რომ ხ. კ-ის თანამდებობაზე გამწესდა გამგეობის მიერ 2013 წლის დეკემბერში ორგანიზებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 29 მარტის N204 ბრძანებით მ. კ-ი დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №32 ბრძანებით მ. კ-ი გათავისუფლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... საკითხებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2014 წლის 6 იანვრიდან.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 8 იანვრის №150 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ცვლილება შევიდა მ. კ-ის გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 3 იანვრის №32 ბრძანებაში და მისი გათავისუფლების საფუძვლად, ნაცვლად ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის” 94-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა, მიეთითა მხოლოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის” 94-ე მუხლის პირველი პუნქტი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 6 იანვრის N112 ბრძანებით მესამე პირი - ვ. კ-ე დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტუქტურის განვითარების, ტერიტორიის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად. დადგენილია, რომ ვ. კ-ის თანამდებობაზე გამწესდა გამგეობის მიერ 2013 წლის დეკემბერში ორგანიზებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 14 თებერვლის N84 ბრძანებით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის თანახმად, შტატების რაოდენობა განისაზღვრა 124 საშტატო ერთეულით.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №23 დადგენილებით დამტკიცდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება. აღნიშნული დებულების 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ გამგეობის ყველა ვაკანტური თანამდებობა შეივსებოდა კონკურსის წესით. ამასთან კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო და ჩატარებულიყო სტრუქტურული ერთეულების მიხედვით, გამგებლის მიერ საკონკურსო - საატესტაციო კომისიასთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული გეგმა-გრაფიკების შედეგად.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ივლისის №41 განკარგულებით შეიქმნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია და განისაზღვრა გამგეობის მოხელეთა შესარჩევი კონკურის მოსამზადებელი ღონისძიებები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მოსარჩელეებმა - შ. ი-მა, ი. ჭ-მა, შ. კ-მა, მ. ფ-მა და მ. კ-მა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით შ. ი-ს უარი ეთქვა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე იმ მოტივით, რომ დუშეთის ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელად მუშაობის დროს, როგორც გასაუბრებისას გაირკვა, მას დაშვებული ჰქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით ი. ჭ-ს უარი ეთქვა დუშეთის მუნიციპალიტეტის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე იმ მოტივით, რომ მისი ამ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის პერიოდში მის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა და შემოიფარგლა მხოლოდ მრავალი წლის განმავლობაში არსებული პრობლემების ჩამოთვლით.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით შ. კ-ს უარი ეთქვა დუშეთის მუნიციპალიტეტის დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროში მთავარი სპეციალისტის ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების, ტერიტორიის ... განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე იმ მოტივით, რომ მისი მუნიციპალიტეტში მუშაობის პერიოდში მას არ შეუმუშავებია მუნიციპალური პროგრამა და არ იცის მისი მნიშვნელობა, თუმცა მისი შემუშავება აღნიშნულ პოზიციებზე მომუშავე პირის პირდაპირი მოვალეობა იყო.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით მ. ფ-ს უარი ეთქვა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე იმ მოტივით, რომ მისი ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში არ შემუშავებულა მუნიციპალური პროგრამები, იქმნებოდა მხოლოდ ღონისძიებათა პაკეტი, რომელთაც ჰქონდათ კონკრეტული დატვირთვა და არ ემსახურებოდა ერთიანი მიზნის მიღწევას. ყველა იდეა რომელიც მის მიერ იყო მიწოდებული, მოკლებული იყო მათი განხორციელების გზების, სავარაუდო ხარჯებისა და აუცილებლობების დასაბუთებას, რაც სამსახურის უფროსის პირდაპირი მოვალეობა იყო.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით მ. კ-ს უარი ეთქვა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, ტერიტორიის ... განყოფილების უფროსის და ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე იმ მოტივით, რომ გასაუბრებისას არსებითად არ პასუხობდა დასმულ კითხვებს და მრავალსიტყვაობით ცდილობდა შეექმნა საქმის მცოდნე მოხელის შთაბეჭდილება, ამასთან მისი სიტყვიერი განცხადების მიუხედავად მას არ დაუმთავრებია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და არც ივანე ჯავახიშვილის სახელობის დუშეთის ფილიალი ასეთი დაწესებულების არარსებობის გამო.
მოსარჩელეებმა - შ. ი-მა, ი. ჭ-მა, შ. კ-მა, მ. ფ-მა და მ. კ-მა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები მათი შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივრეს საპრეტენზიო კომისიაში.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ის და მ. კ-ის საჩივრები განიხილა 2014 წლის 22 იანვრის სხდომაზე; სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საპრეტენზიო კომისიამ ხუთივე მომჩივანის საჩივარი დააკმაყოფილა.
საპრეტენზიო კომისიის 2014 წლის 22 იანვრის საოქმო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელით 2014 წლის 23 იანვარს მიღებული იქნა N9 საოქმო გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისია არ იზიარებს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას შ. ი-თან, ი. ჭ-თან, შ. კ-თან, მ. ფ-თან, მ. კ-თან დაკავშირებით და ძალაში დარჩა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები. ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ერთპიროვნულად.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 10 მარტის N47 წერილით, მ. კ-ს და მ. ფ-ს ეცნობათ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა მხედველობაში მიეღო საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მათ საკითხთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 5 ივლისის N329 ბრძანებით დამტკიცებული ახალი საშტატო განრიგის პირობებში დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ შეინარჩუნა უკლებლივ ყველა რწმუნებულის, მათ შორის - ... და ... ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების თანამდებობა; ამ ფაქტების უტყუარობაზე მოწმობს არა მარტო ახალი საშტატო განრიგი და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №23 დადგენილებით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება, არამედ, აგრეთვე, ამ თანამდებობებზე (... და ... ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების თანამდებობებზე) მესამე პირების - მი. კ-ისა და გ. წ-ის დანიშვნის ბრძანებები (დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 09.01.2014 წლის N145 ბრძანება, 13.01.2014 წლის N178 ბრძანება);
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 5 ივლისის N329 ბრძანებით დამტკიცებული ახალი საშტატო განრიგის პირობებში დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ შეინარჩუნა ასევე ... სფეროში მმართველობითი საქმიანობის განმახორციელებლი გამგეობის სტრუქტურული ერთეული - ... სამსახური, რომლის ფარგლებში ასევე შენარჩუნებულ იქნა მთავარი სპეციალისტის ორი თანამდებობა, გათვალისწინებულ იქნა წამყვანი სპეციალისტის ერთი თანამდებობა; სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებსა და მხარეთა ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით დაადგინა როგორც გამგეობის ძველი და ახალი სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) იგივეობა მათი ფუნქციებიდან გამომდინარე, ისე - ამ სტრუქტურული ერთეულის შიგნით გათვალისწინებული თანამდებობების - მთავარი სპეციალისტის თანამდებობის იდენტურობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების რაიმე აუცილებლობა - ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი, რამაც თავშივე განსაზღვრა აპელანტებს - შ. ი-ს, ი. ჭ-ს, შ. კ-სა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამეგობას შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილი შინაარსი, უკვე დადგენილია, გამოკვლეულია, შეფასებულია სასამართლოს მიერ ისე, რომ შეუძლებელია და დაუშვებელი, რომ სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს სხვა დამატებითი ფაქტების კვლევის/დადგენის ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მოცემულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში გამგეობამ უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ მოხელეს ჰქონდა უფლება დარჩენილიყო შესაბამის თანამდებობაზე შტატების შემცირების გათვალისწინებით. პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მხრიდან ამგვარი მითითება იმ შემთხვევაში იქნებოდა საქმისთვის რელევანტური, თუკი სადავო ადმინისტრაციული აქტები - (დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის N12 ბრძანება (შ. ი-ის შესახებ), 2014 წლის 3 იანვრის N11 ბრძანება(ი. ჭ-ის შესახებ), 2014 წლის 3 იანვრის (2014 წლის 6 იანვრის) ბრძანება (შ. კ-ის შესახებ) გამოცემული იქნებოდა არა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 94.1. მუხლის საფუძველზე, ანუ სამსახურის ვადის გასვლის გამო მოტივით, არამედ იმავე კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ანუ შტატების შემცირების მოტივით. უდავოა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას აპელანტები სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია შტატების შემცირების საფუძვლით. ამასთან, უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 5 ივლისის N329 ბრძანებით დამტკიცებული ახალი საშტატო განრიგის პირობებში დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ შეინარჩუნა უკლებლივ ყველა რწმუნებულის, მათ შორის - ... და ... ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების თანამდებობები. დაუშვებელია, რომ ზოგადად შტატების შემცირების პიროებებში, უკეთესი მოხელის ამორჩევის მიზნით, რწმუნებულის თანამდებობაზე მყოფი მოხელე თავისი შრომითი საქმიანობის გამოცდილებით, შრომითი და პირადი რეპუტაციით, უნარ-ჩვევებით და კვალიფიკაციით დაუპირისპირდეს გამგეობის სისტემის შიგნით გათვალისწინებულ სხვა (მაგრამ არა რწმუნებულის) თანამდებობაზე მყოფი მოხელის იმავე მახასიათებლებს, სხვა თანამდებობაზე მყოფი მოხელისა იმიტომ, რომ ახალი დებულების და ახალი საშტატო განრიგის პიროებებში არ მომხდარა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების გამსხვილება/გაუქმება და მასთან ერთად ასევე რწმუნებულების თანამდებობათა შემცირება. თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ შტატების შემცირების პირობებში ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება უკეთესი/საუკეთესო მოხელეების შერჩევის და შენარჩუნების ვალდებულება, უკეთესი მოხელის ამორჩევა უნდა მოხდეს ერთი სტრუქტურული ერთეულის შიგნით იდენტურ თანამდებობებზე, იდენტური ფუნქციების განმახორციელებელ, იდენტური განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ორ ან მეტ მოხელეს შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა მოხელეთა შრომითი საქმიანობის გამოცდილებების, შრომითი და პირადი რეპუტაციების, უნარ-ჩვევებებისა და კვალიფიკაციების ერთმანეთთან დაპირისპირება იქნებოდა კანონსაწინააღმდეგო, ფორმალური ხასიათის, მიზნის მიღწევისთვის არაეფექტური.
რაც შეეხება რაიონული სასამართლოს განმარტებას, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა და ყურდაღება გაამახვილა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირვანდელ რედაქციაზე, რომელიც მოქმედებდა დუშეთის მინუციპალიტეტის გამგეობის 21.02.2012 წლის N51 ბრძანების (შ. ი-ის შესახებ), 21.02.2012 წლის N59 ბრძანების (ი. ჭ-ის შესახებ) და 07.11.2011 წლის N573 ბრძანების (შ. კ-ის შესახებ) გამოცემის დროს, კერძოდ, კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი იყო, რომ პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კონკურსის შედეგების გათვალისწინებით. იმავე 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ამ დაწესებულებაში გარკვეული თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი, გარდა 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
უდავოა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი (პირვანდელ რედაქციით) ადგენდა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ორ ალტერნატიულ გზას - კონკურსით და კონკურსის გარეშე, როგორც კონკურსის შედეგების მიხედვით, ისე - პირდაპირი წესით პირების თანამდებობებზე განმწესება წარმოადგენდა იდენტური შინაარსისა და მნიშვნელობის მქონე იურიდიულ ფაქტებს ისე, რომ კანონი კონკურსით და კონკურსის გარეშე დანიშნულ მოხელეებს აყენებდა და ამყოფებდა თანაბარ სამართლებრივ მდგომარეობაში იმ თვალსაზრისით, რომ არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების პირობებში ურთიერთობის მონაწილე არცერთი მხარე არ განიხილავდა და ეჭვქვეშ არ აყენებდა პირდაპირი წესით (ანუ, კონკურსის გარეშე) დანიშნული მოხელის თანამდებობაზე ყოფნის ვადას/ხანგრძლივობას, კომპეტენციას, კვალიფიკაციას, საჯარო სამსახურის ფარგლებში მის (მოხელის) მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და შეძენილი უფლებების მოცულობას, ლეგალურობას.
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე’’ 29.06.2012 წლის N6611 კანონის საფუძველზე შეიცვალა რა კანონის 29-ე მუხლის შინაარსი, ამ უკანასკნელის 1-ლი პუნქტით დადგინდა, რომ პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, სახეცვლილი კანონის 29-ე მუხლმა დაადგინა ცვლილებამდე მოქმედი წესისგან განსხვავებული წესი იმ თვალსაზრისით, რომ დღეის პირობებში საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კონკურსის გზით, ახალმა კანონმა უარყო პირდაპირ, კონკურსის გარეშე თანამდებობის დაკავების ალტერნატიული წესი და შესაძლებლობა (აქ არ იგულისხმება კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისები);
დუშეთის მინუციპალიტეტის გამგეობის 21.02.2012 წლის N51 ბრძანების (შ. ი-ის შესახებ), 21.02.2012 წლის N59 ბრძანების (ი. ჭ-ის შესახებ), ასევე 07.11.2011 წლის N573 ბრძანების (შ. კ-ის შესახებ) შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დასახელებული პირები თანამდებობებზე დაინიშნენ (გადაყვანილ იქნა) განუსაზღვრელი ვადით, წინააღმდეგ შემთხვევაში აქტების (ბრძანებების) გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო ბრძანებებში შესაბამისი შინაარსის ჩანაწერის გაკეთების გზით დაადგენდა, რომ მოხელეები თანამდებობებზე ინიშნებოდნენ დროებით, კანონით გათვალისწინებული ამა თუ იმ პირობით ისე, როგორც ეს მითითებულ იქნა სხვა აპელანტების - მ. ფ-ისა და მ. კ-ის შემთხვევაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' კანონის 29-ე მუხლის პირვანდელი რედაქციის მოქმედების დროს კონკურსის გავლის გარეშე, პირდაპირი წესით პირის თანამდებობაზე დანიშვნა არ ნიშნავდა პირის დანიშვნას დროებით, სამომავლოდ კონკურსის გავლის პირობითა და კონკურსის შედეგების გათვალისწინებით. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამოგეობა არ იყო უფლებამოსილი, რომ აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის შემთხვევაში გამოეყენებია ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 94.1. მუხლი, კერძოდ, ამ უკანასკნელით დადგენილია, რომ სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო არჩეული ან დანიშნული. უდავოა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის N12 ბრძანების (შ. ი-ის შესახებ), 2014 წლის 03 იანვრის N11 ბრძანების (ი. ჭ-ის შესახებ), 2014 წლის 03 იანვრის (2014 წლის 06 იანვრის) ბრძანების (შ. კ-ის შესახებ) გამოცემის მომენტში არ იყო გასული აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის სამსახურის ვადა, ანუ, აპელანტების დაკავებულ თანამდებობებზე ყოფნისა და მუშაობის ვადა იმ მიზეზით, რომ აპელანტები დაკავებულ თანამდებობებზე განმწესდნენ განუსაზღვრელი ვადით.
რაც შეეხება გამგეობის მიერ 2013 წლის დეკემბრის თვეში ორგანიზებულ კონკურსს, კონკურსის შედეგებს, სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. უდავოა, რომ აპელანტების მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობები არ იყო ვაკანტური, ისინი ამ თანამდებობებზე დანიშნულნი იყვნენ განუსაზღვრელი ვადით, შესაბამისად, გამგეობას არ უნდა გამოეცხადებინა აპელანტების მიერ განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე კონკურსი, უკიდურეს შემთხვევაში გამგეობას არ უნდა მიეღო მხედველობაში აღნიშნულ თანამდებობებზე კონკურსანტთა გამოცდის, ტესტირების, გასაუბრებისა და შეფასების შედეგები, გამგეობას არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება აპელანტების დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის N12 ბრძანება (შ. ი-ის შესახებ), 2014 წლის 03 იანვრის N11 ბრძანება (ი. ჭ-ის შესახებ), 2014 წლის 3 იანვრის (2014 წლის 06 იანვრის) ბრძანება (შ. კ-ის შესახებ) ეწინააღმდეგება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 93-ე, 94-ე, 31-ე მუხლებს, რაც ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველია.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
იმავე კანონის 112-ე მუხლით დადგენილია, რომ სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მოსარჩელეებმა - შ. ი-მა, ი. ჭ-მა და შ. კ-მა თავისი სარჩელით მოითხოვეს როგორც ბრძანებების ბათილად ცნობა, ისე - სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება; შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ნორმების თანახმად, მოსარჩელე შ. ი-ი უნდა აღდგეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მოსარჩელე ი. ჭ-ი უნდა აღდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მოსარჩელე შ. კ-ი უნდა აღდგეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; მოპასუხეს - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა დაევალოს მოსარჩლეებისთვის - შ. ი-ისთვის, ი. ჭ-ისთვის და შ. კ-ისთვის იძულებითი განაცდურის სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. შ. ი-ს, ი. ჭ-ს და შ. კ-ს უარი უნდა ეთქვათ მათი თანამდებობებზე არყოფნის მთელი პერიოდისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ საკითხს აწესრიგებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი, რომლის თანახმადაც იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. სააპელაციო პალატა ვერ გაცდება ამ ნორმით დადგენილი განაცდურის ანაზღაურების ფარგლებს.
რაც შეეხება პელანტების - მოთხოვნას მ. ფ-ისა და მ. კ-ის მოთხოვნებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 13.01.2014 წლის N157 ბრძანებასთან, ასევე, 03.01.2014 წლის N32 ბრძანების ბათილად ცნობასთან მიმართებაში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შემდეგ მოსაზრებათა გამო: სადავო არ არის ის, რომ აპელანტები - მ. ფ-ი და მ. კ-ი, თავის დროზე, გამგეობის 25.06.2010 წლის N371 ბრძანების, ასევე 29.03.2011 წლის N204 ბრძანების საფუძველზე, თანამდებობებზე განმწესდნენ დროებით, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, მოხელის კონკურსის წესით შერჩევამდე ვადით. მოცემულ შემთხვევაში გამგეობამ სწორად გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი - უდავოა, რომ აპელანტების მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობები იყო ვაკანტური, შესაბამისად, გამგეობა უფელბამოსილი იყო, გამოეცხადებინა აპელანტების მიერ განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე კონკურსი, ასევე უფლება ჰქონდა მხედველობაში მიეღო აღნიშნულ თანამდებობებზე კონკურსანტთა გამოცდის, ტესტირების, გასაუბრებისა და შეფასების შედეგები; გამგეობამ სადავო შემთხვევაში სწორად გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 94.1. მუხლი - როგორც კი გამოირკვა კონკურსზე გამარჯვებული/მოწონებული კანდიდატების ვინაობა და გადაწყდა მათი თანამდებობებზე დანიშვნის საკითხი, სწორედ ამ მომენტიდან ამოიწურა აპელანტების თანამდებობებზე ყოფნის ვადა, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა მათი დაკავებული თანამდებობებიდან განთავისუფლება.
რაც შეეხება აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ის და მ. კ-ის მოთხოვნას მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე, ეს უკანასკნელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ისე, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები, კომისიას უნდა დაევალოს მოსარჩელეების საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სააპელაციო სასამართლოს განმარტენით, გამგეობის ვაკანტურ თანამდებობებზე შესაფერისი კანდიდატების შერჩევის მიზნით ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე პირმა, მათ შორის - მოსარჩელეებმა და მესამე პირებმა; კონკურსის არსი, ზოგადად, და კონკურსანტთა სიმრავლე, მოცემულ სადავო შემთხვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიას აკისრებს კანდიდატთა შორის ერთი, შესაფერისი კანდიდატის ამორჩევის ვალდებულებას; კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილია, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. ამდენად, საკონკურსო-საატესტაციო კომისია ირჩევს რა ერთ კანდიდატს, სწორედ რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს კონკურსანტების შეფასების, ამა თუ იმ კონკურსანტის გამარჯვებულად გამოცხადების ან პირიქით - კონკურსანტის დაწუნების, მისთვის რეკომენდაციის არგაწევის თაობაზე. კონკურსის პირობებში საკონკურსო კომისია ვალდებულია, კონკურსანტთა შორის არჩევანის გაკეთების გზით გამოავლინოს მოწონებული, გამარჯვებული კონკურსანტები (შესაბამისად, დაწუნებული კონკურსანტებიც); სააპელაციო პალატის აზრით, დისკრეციული უფლებამოსილება არათუ ათავისუფლებს, პირიქით - ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ტვირთს და ვალდებულებას; გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება გულისხმობს, პირველ რიგში, თითოეული კონკურსანტის შეფასების დასაბუთებას უშუალოდ ამ კონკურსანტთან დაკავშირებით არსებულ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე მითითებით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებები მესამე პირებთან, ისევე როგორც აპელანტებთან მიმართებაში არის დაუსაბუთებელი, არამოტივირებული, რის გამოც შეუძლებელია გამორკვეულ იქნეს საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად და კანონშესაბამისად მოიქცა კომისია, როდესაც მან მესამე პირებს გაუწია რეკომენდაცია ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად და პირიქით - არ გაუწია რეკომენდაცია აპელანტებს. შესაბამისად, აპელანტები უფლებამოსილნი არიან, მოითხოვონ არა მარტო თავიანთი უარმყოფელი პასუხების, არამედ სხვა კანდიდატის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ დადებითი გადაწყვეტილებების მოტივაცია, აპელანტები უფლებამოსილნი არიან, იცოდნენ, რის გამო, რა მიზეზით არ აირჩაისინი საკონკურსო კომისიამ და რატომ გაიმარჯვა სხვა კანდიდატმა; ასეთის ცოდნის უფლება გამომდინარეობს სწორედ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 05 თებერვლის N46 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის’’ მე-3 მუხლიდან, რომელიც ადგენს, რომ კონკურსი უნდა იყოს ობიექტური, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული, საჯარო.
ძირითადი საკონკურსო პროცედურული დოკუმენტი - გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 25.12.2013 წლის სხდომის ოქმი (ოქმის შინაარსი) არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მესამე პირები თავიანთი განათლებით, კვალიფიკაციით, შრომის სტაჟით, პიროვნული თვისებებითა და სხვა საკვალიფიკაციო პირობებით არიან სხვა კონკურსანტებზე უკეთესები, შესაბამისად, სავალდებულოა, რომ თითოეული კანდიდატის შესახებ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ჩამოყალიბდეს ანალიტიკური დასკვნის სახით, რომლის ფარგლებშიც მოხდება კანდიდატის პიროვნების, მისი პერსონალური მონაცემების გაანალიზება და შეფასება კონკურსის მიზნებისა და ამოცანების ჭრილში;
სადავო ოქმში არ არის მითითებული კონკუსთან, თითოეულ კონკურსანტთან დაკავშირებულ არც ერთი ფაქტი და გარემოება, ასევე არ არის მითითებული რაიმე სახის მოტივირებული, მტკიცებულებებით გამყარებული მსჯელობა, არგუმენტი და მოტივი, რომლებზე დაყრდნობითაც კომისიამ მიიღო სადავო გადაწყვეტილებები; ანუ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.4. და 96.1. მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგო, კომისია არ მსჯელობს მნიშვნელოვანი ფაქტების მნიშვნელოვნებაზე, რამაც განსაზღვრა კონკურსის შედეგები. არც კომისიის სხდომის ოქმი, არც სახვა რაიმე დოკუმენტი არ ასახავს ინფორმაციას იმის შესახებ, მოხდა თუ არა კონკურსანტების საკონკურსო დოკუმენტაციის შინაარსობრივი მხარის გაანალიზება და ისეთი ფაქტორების წინა პლანზე წამოწევა, რომლებმაც განსაზღვრეს არჩევანის შინაარსი.
რაც შეეხება კომისიის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვრის N9 სხდომის ოქმს, დავის ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ მოსაზრებათა გამო: სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს დავის ამ ნაწილში საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. ინიაშვილმა, ი. ჭ-მა, შ. კ-მა, მ. ფ-მა და მ. კ-მა.
კასატორები საკასაციო საჩივრაში მიუთითებდნენ, რომ არამართებულია სააპელაციო სასამართოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება, ვინაიდან, სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე ზემოაღნიშნული ნორმა შესაძლებელია გამოიყენოს სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმის მასალები არ იძლევა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოების გამოკვლევისა და სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას, რომელთა გამორკვევის, ანალიზისა და შეფასების გარეშე საქმეზე ვერ იქნება მიღებული სწორი გადაწყვეტილება. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული თუ რა გარემოებები უნდა იკვლიოს მოპასუხემ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას. ფარგლები, რომლის არეალში უნდა იმსჯელოს მოპასუხემ არ დადგენილა ახალი გადაწყვეტილებით. კასატორების განმარტებით, მ. ფ-თან მიმართებაში სააპელაციო პალატამ არ მისცა შეფასება მის უკანონო გათავისუფლებას, ვინაიდან, ის ჯერ გათავისუფლდა და შემდეგ მოხდა გარკვეული პერიოდის შემდეგომ მის ადგილზე სხვა პირის გამწესება, თუმცა მისი გათავისუფლების საფუძვლად გამოყენებულ იქნა ნორმა, რომელიც ითვალისწინებს კონკურსის შედეგების მიხედვით პირის თანამდებობაზე დანიშვნის გამო მოვალეობის შემსრულებლის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
კასატორების განმარტებით, ასევე არაწორია, ის რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შ. ი-ს, ი. ჭ-ს და შ. კ-ს აუნაზღაურდათ მხოლოდ მიუღებელი განაცდური ხელფასი სახით 3 თვის თანამდებობრივი სარგო, რაც დაეფუძნა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შინაარსს, რომლის გათვალისწინებით ,,იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით“, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ,,ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“. იგივე დანაწესს შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, რომლის თანახმად, ,,სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.“ კასატორების განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის წინააღმდეგობრივი ჩანაწერების არსებობის პირობებში სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლით და აღდგენილ მოხელეთა სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის უნდა დაეკისრებინა გათავისუფლების დღიდან სამსახურში იძულებით არ ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასი სრული ოდენობითა და მოცულობით აღდგენის დღემდე.
კასატორების განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები (სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები) მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც“, ხოლო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე“ და არა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაეწესებულებები და ორგანიზაციები რაც იყო მოპასუხეების სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძველი.
ამასთან, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, საქართველოში ბიუჯეტი იყოფა 3 ჯგუფად - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და ისინი არ მოიცავენ ერთმანეთს. ამდენად, ცალსახაა კანონმდებლის ნება, რომ საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ დაწესებულებები (ორგანიზაციები) და არა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებები და ორგანიზაციები. ამდენად, უსწოროა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხეების სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ნაწილშიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, კერძოდ: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 იანვრის №157 ბრძანების - მ. ფ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალურ სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, ასევე მ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №32 ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობას, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამეგობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას. კასატორებმა ასევე მოითხოვეს შ. ი-ისათვის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება არა სამი თვის პერიოდის, არამედ სამსახურში იძულებით არ ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში და ასევე მოპასუხეებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრება.
ს ა მ ო ტ ი ც ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 21 თებერვლის N51 ბრძანებით შ. ი-ი დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (რწმუნებულის) თანამდებობაზე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 21 თებერვლის N59 ბრძანებით ი. ჭ-ი დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (რწმუნებულის) თანამდებობაზე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 7 ნოემბრის N573 ბრძანებით შ. კ-ი გადაყვანილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 25 ივნისის N371 ბრძანებით მ. ფ-ი დროებით, კონკურსის წესით მოხელის შერჩევამდე დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 29 მარტის N204 ბრძანებით მ. კ-ი დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანებით შ. ი-ი გათავისუფლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და 94-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 2014 წლის 6 იანვრიდან.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 8 იანვრის №151 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ცვლილება შევიდა შ. ი-ის გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანებაში და მისი გათავისუფლების საფუძვლად, ნაცვლად ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა, მიეთითა მხოლოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის” 94-ე მუხლის პირველი პუნქტი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანებით ი. ჭ-ი გათავისუფლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 2014 წლის 6 იანვრიდან.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №2 ბრძანებით (ბრძანების გაცემის თარიღად მითითებულია ასევე 2014 წლის 6 იანვარიც) შ. კ-ი გათავისუფლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2014 წლის 6 იანვრიდან.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 8 იანვრის №152 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ცვლილება შევიდა შ. კ-ის გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანებაში და მისი გათავისუფლების საფუძვლად ნაცვლად ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის” 94-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა მიეთითა მხოლოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის” 94-ე მუხლის პირველი პუნქტი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 იანვრის №157 ბრძანებით მ. ფ-ი გათავისუფლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალურ სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 2014 წლის 13 იანვრიდან.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №32 ბრძანებით მ. კ-ი გათავისუფლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... საკითხებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2014 წლის 6 იანვრიდან.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 08 იანვრის №150 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ცვლილება შევიდა მ. კ-ის გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 3 იანვრის №32 ბრძანებაში და მისი გათავისუფლების საფუძვლად, ნაცვლად ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის” 94-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა, მიეთითა მხოლოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის” 94-ე მუხლის პირველი პუნქტი.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №23 დადგენილებით დამტკიცდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება. აღნიშნული დებულების 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დადგინდა, გამგეობის ყველა ვაკანტური თანამდებობის კონკურსის წესით შევსება. ამასთან კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო და ჩატარებულიყო სტრუქტურული ერთეულების მიხედვით, გამგებლის მიერ საკონკურსო საატესტაციო კომისიასთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული გეგმა-გრაფიკების შედეგად.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ივლისის №41 განკარგულებით შეიქმნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია და განისაზღვრა გამგეობის მოხელეთა შესარჩევი კონკურის მოსამზადებელი ღონისძიებები. მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ჩატარდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ხუთივე მოსარჩელემ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებებით ხუთივე მოსარჩელეს უარი ეთქვა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობაზე დანიშვნაზე, სხვადასხვა მოტივებით.
ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილებები მათი შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ შ. ი-მა, ი. ჭ-მა, შ. კ-მა, მ. ფ-მა და მ. კ-მა გაასაჩივრეს საპრეტენზიო კომისიაში.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 22 იანვრის წერილით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ შ. ი-ი აკმაყოფილებდა დუშეთის რწმუნებულის აუცილებელ მოთხოვნებს, ასევე ი. ჭ-ს, შ. კ-ს, მ. ფ-სა და მ. კ-ს ეცნობათ, რომ გამოავლინეს თანაბარი შესაძლებლობები დასანიშნად წარდგენილ კონკურსანტებთან შედარებით.
აღნიშნულის მიუხედავად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვარს N9 საოქმო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ კომისია არ იზიარებს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას შ. ი-თან, ი. ჭ-თან, შ. კ-თან, მ. ფ-თან, მ. კ-თან დაკავშირებით და ძალაში დარჩა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილები. ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ერთპიროვნულად.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 10 მარტის N47 წერილით, მ. კ-ს და მ. ფ-ს ეცნობათ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა მხედველობაში მიეღო საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მათ საკითხთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველი დავის საგანს შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებების კანონიერების დადგენა, სამუშაოზე აღდგენა და მთელი გაცდენილი პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ; კერძოდ, მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულად ბათილად ცნობაზე, ასევე სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და დავის ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანება მოსარჩელე შ. ი-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. ი-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მოსარჩელე - შ. ი-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანება მოსარჩელე ი. ჭ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ი. ჭ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ი. ჭ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის (2014 წლის 6 იანვრის) ბრძანება მოსარჩელე შ. კ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. კ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა შ. კ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 15 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები; მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა მოსარჩელეების საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. ი-მა, ი. ჭ-მა, შ. კ-მა, მ. ფ-მა და მ. კ-მა.
აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მხოლოდ წარმოდგენილი - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 იანვრის №157 ბრძანების მ. ფ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №32 ბრძანების მ. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და შ. ი-ისათვის, ი. ჭ-ისათვის და შ. კ-ისათვის იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის სრულად ანაზღაურების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 იანვრის №157 ბრძანების მ. ფ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 03 იანვრის №32 ბრძანების მ. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბათილად ცნობასთან დაკავშირებით უარის თქმის თაობაზე და განმარტავს, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მ. ფ-ი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 25 ივნისის N371 ბრძანებით დროებით, საკონკურსო წესით მოხელის შერჩევამდე, 2010 წლის 25 ივნისიდან დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ი სამსახურის უფროსის თანამდებობაზე (იხ. ს.ფ. 77; ტ.1) მ. კ-ი 2010 წლის 29 დეკემბრის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის N787 ბრძანებით სამი თვის გამოსაცდელი ვადით 2010 წლის 29 დეკემბრიდან 2011 წლის 29 მაისამდე დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის ... სამსახურის ტერიტორიის ... განყოფილებაში ... საკითხებში მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად (იხ. ს.ფ. 126; ტ.1). დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის N204 ბრძანებით მ. კ-ი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, დროებით, საკონკურსო წესით მოხელის შერჩევამდე, 2011 წლის 29 მარტიდან დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის ... სამსახურის ტერიტორიის ... განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად (იხ. ს.ფ. 211; ტ.1).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ფ-ი და მ. კ-ი სამსახურში დანიშნულები იყვნენ დროებით, საკონკურსო წესით მოხელის შერჩევამდე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავით რეგლამენტირებულია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, ერთ-ერთი მათგანია მოხელის სამსახურიდან განთავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო, კერძოდ, 94-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო არჩეული ან დანიშნული. შესაბამისად, როგორც აღვნიშნეთ მ. ფ-ი და მ. კ-ი დანიშნული იყვნენ დროებით, საკონკურსო წესით მოხელის შერჩევამდე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №23 დადგენილებით დამტკიცდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება, რომლის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით განისაზღვრა, რომ გამგეობის ყველა ვაკანტური თანამდებობა შეივსებოდა კონკურსის წესით. შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ივლისის №41 განკარგულებით შეიქმნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია და განისაზღვრა გამგეობის მოხელეთა შესარჩევი კონკურის მოსამზადებელი ღონისძიებები.
უდავოა, რომ მ. ფ-ისა და მ. კ-ის მიერ დაკავებული თანამდებობი იყო ვაკანტური, ვინაიდან ისინი დანიშნული არ იყვნენ კონკურსის წესით და ამასთან, დანიშვნის ბრძანებებში მითითებული იყო, რომ დანიშნულები იყვნენ კონკურისის წესით მოხელის შერჩევამდე. როდესაც გამოცხადდა კონკურსი და მოხდა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, მოხელეთა შერჩევა მ. ფ-ი და მ. კ-ი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის შესაბამისად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მოსაზრებას შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის ნაწილში და განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ,,საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი“, აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებამ კონკურსი რომ გამოაცხადოს სავალდებულო პირობაა, რომ თანამდებობა იყოს ვაკანტური, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსის გამოცხადება დაუშვებელია, კონკრეტულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ შ. ი-ი, ი. ჭ-ი და შ. კ-ი თანამდებობებზე დანიშნული იყვენე განუსაზღვრელი ვადით, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ მიერ დაკავებული თანამდებობები არ ყოფილა ვაკანტური, შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი გამოეცხადებინა კონკურსი მათ მიერ დაკავებულ თანამდებობეზე და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გადაწყვეტილებებით უარი ექთვა დაკავებულ თანამდებობაზე დანიშვნაზე.
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის მიმართ საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის მიმართ საოქმო გადაწყვეტილებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის მიმართ 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სამართლებრივ შეფასებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომაც დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის მიერ დაკავებული თანამდებობები არ იყო ვაკანტური. აქვე საკასაციო მიუთითებს, რომ ასევე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სადავო ბრძანებები და აღადგინა გათავისუფლებმადე დაკვებულ თანამდებობებზე.
ხოლო რაც შეეხება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებებს მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში, საკასაციო სასამართლოს მითითებით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მ. ფ-ი და მ. კ-ი დროებით, საკონკურსო წესით მოხელის შერჩევამდე ანუ მათი თანამდებობი იყო ვაკანტური, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მათ მიერ დაკავებულ თანამდებობეზე გამოეცხადებინა კონკურსი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებული კონკურსის ჩატარების წესით“ გათვალისწინებულია კონკურსის ჩატარების მიზნები და ამოცანები, რომელთა შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრას. კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მიმდინარეობა უნდა იყოს გამჭვირვალე, პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები ასევე უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული და გასაგები ყველა პრეტენდენტისათვის. კონკურსის ძირითადი პრინციპია ასევე კონკურსანტთა შორის სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული საჯარო მოხელის, არამედ მთლიანად საჯარო სამსახურისათვის.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციის ფარგლებში, სასამართლოს ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს სწორედ იმ საკითხის განსაზღვრა, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამ უფლების გამოყენება მოხდა თუ არა კანონიერების ფარგლებში, დაცულია თუ არა კანონის წინაშე პირთა თანასწორობის ფუძემდებელი პრინციპები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და დასკვნებს, რის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის კასაციის მოტივს იძულებითი განაცდურის მთელი პერიოდის ანაზღაურებასთან დაკვშირებით და განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს უნდა მიეცეს არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. კოდექსი განმარტავს იმ პროცედურულ დარღვევებსაც, რომლებიც შეიძლება აქტის ბათილად ცნობას დაედოს საფუძვლად. ასეთ საფუძვლად დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიიჩნევა სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. ამდენად, კანონმდებლობა პირის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის ბათილობის ორი სახის საფუძველს გამოყოფს: 1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის მატერიალური საფუძვლები - აქტი არ ემყარება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებს; 2. ფორმალური საფუძვლები - აქტი გამოცემულია კანონით დადგენილი პროცედურული ნორმების არსებითი დარღვევით.
საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში“.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხს საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის საკასაციო საჩივრის შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ისათვის იძულებითი გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებების არსებითად ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უნდა დაკმაყოფილდეს შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის სარჩელი და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის ნაწილში, მათვე აუნაზღაურდეთ იძულებითი განაცდურის სახით ხელფასი - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ისათვის იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებების მათ მიმართ არსებითად ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნას ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ის ნაწილში;
5. მოპასუხეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს მოსარჩელეების: შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ისათვის იძულებითი განაცდურის სახით - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება;
6. შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე