Facebook Twitter

Nბს-248-245 (2კ-14) 10 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი -ს. ფ-ი;

კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი- მ. ბ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ჯ-ა, წარმომადგენელი -გ. ფ-ა;

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინება,

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 18 სექტემბერს მ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 ივლისის #6/20339 წერილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 10 სექტემბრის #1-1/257 ბრძანების ბათილად ცნობა. აგრეთვე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მოსარჩელის მიერ 2013 წლის 13 იანვრის სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2003 წლის 13 იანვარს მ. ჯ-ასა და ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის ნოტარიულად გაფორმდა სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პრივატიზაციის საფუძველზე მოსარჩელემ შეიძინა სავაჭრო საიჯარო ფირმა „...“ ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთები და ძირითადი საშუალებები, მდებარე ქ. ზუგდიდის, ..., ... და ... ქუჩებზე. მყიდველს ქონების საპრივატიზებო ღირებულების გადასახდელად დარჩენილი ნაწილი ყოველკვარტალური შენატანებით უნდა გადაეხადა 3536 აშშ დოლარის ოდენობით. მითითებულ ვადაში მყიდველის მიერ ქონების საპრივატიზებო საფასური სრულად არ იქნა გადახდილი. 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენდა 693 აშშ დოლარს. საპრივატიზებო საფასური სრულად იქნა დაფარული 2005 წლის 28 აპრილს. მ. ჯ-ას არ ჩაბარებია წერილობითი გაფრთხილება საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის, დარღვევის გამოსასწორებლად ვადის მიცემისა და ჯარიმის დაკისრების შესახებ. გამყიდველს არ გამოუვლენია საკონკურსო პირობათა განმეორებით დარღვევის შემთხვევა. გამყიდველს ასევე არ მიუმართავს სასამართლოსათვის სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობისათვის კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით. იმავდროულად გამყიდველს მყიდველისათვის არ გაუცია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. გამყიდველის მიერ გაცემული ცნობებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე ერთ მისამართზე (ქ.ზუგდიდი,... ქ. 10) არსებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საჯარო რეესტრში მყიდველზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება, რაც შეეხება ორ დანარჩენ მისამართზე არსებულ უძრავ ქონებებს (ქ.ზუგდიდი,... ქუჩა და ... ქუჩა) მყიდველზე დარეგისტრირდა შენობა-ნაგებობების საკუთრების უფლება, ხოლო მიწის ნაკვეთები დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში. 2013 წლის 10 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელშეკრულებო ვალდებულებების მყიდველის მხრიდან შესრულების თაობაზე დოკუმენტის გაცემა. სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 ივლისის #6/20339 წერილით, განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაზეც წარდგენილი საჩივარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 10 სექტემბრის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.07.2013წ. №6/20339 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 10.09.2013წ №1–1/257 ბრძანება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2003 წლის 13 იანვარს მ. ჯ-ასა და ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის გაფორმდა სახელმწიფო ქონების ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება №1-57-ი, რომლის თანახმად კონკურსის ფორმით პრივატიზაციის საფუძველზე მ. ჯ-ამ შეიძინა ქ. ზუგდიდში, ... ქ. N124–ში, ... ქ. 8–ში და ... ქ. 10–ში მდებარე უძრავი ქონება და მათზე განთავსებული შენობა–ნაგებობები მყიდველის მიერ 12673 აშშ დოლარის სანაცვლოდ.

მ. ჯ-ას ხელშეკრულების გაფორმების დღეს გადახდილი ჰქონდა თანხის ნაწილი- 9137 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა- 3536 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ეტაპობრივად, ყოველკვარტალური შენატანებით – 884 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მყიდველის მიერ ქონების საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის ვალდებულება არ შესრულებულა. 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენდა 693 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხა დაფარულ იქნა 2005 წლის 28 აპრილს.

ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს მიერ 10.02.2003წ გაცემულია ცნობა, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები ... ქ. №10–ში მდებარე შენობისა და მის ქვეშ არსებული 4550 მ2 მიწის ნაკვეთის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით.

ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მყიდველისათვის არ გადაუცია წერილობითი გაფრთხილება საკონკურსო პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის, დარღვევის გამოსასწორებლად ვადის მიცემისა და ჯარიმის დაკისრების შესახებ.

ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ან მის უფლებამონაცვლეს სასამართლოსთვის არ მიუმართავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისათვის კონკურსის შედეგებისა და სახელმწიფო ქონების ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარი- ვალდებულების შესრულებულად აღიარების შესახებ აქტის გამოცემაზე, მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსზე, ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1–3/150 ბრძანებაზე, ,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ოქტომბრის №1–1/150 ბრძანებაზე და განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებს არ წარმოადგენს კონკურსში გამარჯვებულისთვის გადახდილი ბეს უაპელაციო ჩამორთმევა. პირიქით, კანონის მიზანია სახელმწიფო ქონების დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ გრაფიკის დარღვევა იწვევს დამატებით ვალდებულებებს - ფინანსურ სანქციებს (მუხლი მე-6 პუნქტი მე-3), რომელიც ასევე შესასრულებელია საკუთრების მოწმობის მისაღებად (ანუ შედის საბოლოო ფასში) და შესაბამისი გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემის შემდეგ საბოლოო ფასის გადახდაზე გამარჯვებულის მიერ უარის თქმის შემთხვევაში შესაძლებელია სასამართლოში მიმართვის გზით შეწყდეს ხელშეკრულება და გაუქმდეს აუქციონის შედეგები. ასეთ შემთხვევაში ვერ ექნება მყიდველს ბეს დაბრუნების მოთხოვნა.

სასამართლომ მიუთითა, რომ მყიდველს ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით არანაირი გაფრთხილება არ მიუღია, მართალია დაგვიანებით, მაგრამ სრულად გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ფინანსური სანქციების გადახდის მოთხოვნა არ წარუდგენიათ, თუმცა ვალდებულების სრულად შესრულებასაც არ უდასტურებენ და სურთ დაუმტკიცონ რომ კონკურსის შედეგები ბათილია, ხოლო ბე არ ექვემდებარება დაბრუნებას, რაც არ შეესაბამება არც ხელშეკრულების და არც ამ სფეროში მოქმედ სამართლებრივ აქტებს.

სასამართლომ განმარტა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულება ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია, ხოლო 405–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მე–2 მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის აზრი დაკარგა.

სასამართლომ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული ორგანოების გასაჩივრებული აქტები პირდაპირ ეწინააღმდეგებიან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოყვანილი ნორმების დანაწესებს, რადგან მათი გამოცემისას სრულყოფილად არ არის შესწავლილი და გამოკვლეული ვალდებულების შესრულების საკითხი ამ ნორმების გამოყენებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, როდის არის საპრივატიზაციო ქონების ფასის გადახდის ბოლო დღე, რა ვადით გადააცილა მოსარჩელემ გადახდას, ერიცხებოდა თუ არა ჯარიმა თითოეულ ვადაგადიცელებულ დღეზე 0,1 %–ის ოდენობით, წარადგინეს თუ არა მხარეებმა ურთიერთმოთხოვნები და ა.შ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, ჩათვალა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 ივლისის #6/20339 წერილი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მ. ჯ-ამ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით მ. ჯ-ას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები საქმის სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილსა და ამავე კანონის მე-10 მუხლზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 13 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და მ. ჯ-ას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება №01-57-ი, რომლის თანახმად, მყიდველს საკუთრებაში უნდა გადასცემოდა საიჯარო ფირმა ,, ...’’ ბალანსზე რიცხული ქალაქ ზუგდიდში, ... ქ. №124-ში, ... ქ. №8-ში და ... ქ. №10-ში მდებარე უძრავი ქონება და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მყიდველის მიერ 12 673 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმების თარიღისათვის მყიდველს გადახდილი ჰქონდა საპრივატიზებო ღირებულების ნაწილი - 9 137 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა - 3 536 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ეტაპობრივად, ყოველკვარტალური შენატანებით - 884 ლარის ოდენობით.

ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის აქტის თანახმად, სავაჭრო საიჯარო ფირმა ,, ...’’ საპრივატიზებო ღირებულება შეადგენდა 12 673 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. 2002 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გადახდილი იყო 8 542 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. დარჩენილი გამოსასყიდი თანხა 4 131 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო 2003 წლის 9 დეკემბრისათვის. 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გადახდილი იყო, მხოლოდ 3 438 აშშ დოლარი და შესაბამისად, მყიდველის დავალიანება შეადგენდა 693 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, რომელიც მყიდველის მიერ გადახდილი იქნა 2005 წლის 28 აპრილს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტი №1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული დებულების ,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტსა და ამავე დებულების მე-6 და მე-7 მუხლებზე დაყრდნობით დამატებით განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს (მოპასუხეს) ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, მათი მოსაზრება, რომ რადგანაც პრივატიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მყიდველის მიერ ქონების საფასურის სრულად გადახდის ვალდებულება არ შესრულდა, რაც იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მყიდველს ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით არანაირი გაფრთხილება არ მიუღია. მან, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ სრულად გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, მისთვის არც ფინანსური სანქციების გადახდის მოთხოვნა წარუდგენიათ. შესაბამისად, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველიც არ არსებობდა ზემოთ დასახელებული სამართლებრივი აქტების დანაწესიდან გამომდინარე.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 19 ოქტომბრის №1-1/150 ბრძანების ,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველს სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება კონკურსის ფორმით გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. (იგივე მოთხოვნას შეიცავს 1999 წლის 31 მარტი №1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული დებულების ,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ მე-6 მუხლის მეორე პუნქტი). შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ქ. ზუგდიდი, ... ქუჩა N124-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და ... ქუჩა №8-ში მდებარე შენობა-ნაგებობები (რაც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით კონკურსის წესით შეიძინა მ. ჯ-ამ) საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, აღრიცხულია შპს ,, ...’’-ის სახელზე საკუთრების უფლებით, უნდა გამოიკვლიოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ხომ არ მოხდა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე კონკურსის ფორმით შეძენილი ქონების განკარგვა.

2013 წლის 13 იანვრის სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის №01-57-ი ხელშეკრულების თანხმად, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა სანოტარო წესით დადასტურებისთანავე და გამყიდველი კისრულობდა შემდეგ ვალდებულებებს: საწარმოს ფუქციონირების უზრუნველყოფა, ობიექტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს, ხომ არ დაურღვევია მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი იძლევა შესაძლებლობას, რომ სასამართლომ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე, ბათილად ცნოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, აღნიშნულ გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო იღებს ამ გადაწყვეტილებას, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება (სზაკ-ის მე-6 მუხლი), შეფასების და მოქმედების თავისუფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, რაც მან ჯეროვნად ვერ გამოიყენა და რის შესახებ გადაწყვეტილებასაც ვერ მიიღებს სასამართლო, სანამ ადმინისტრაციული ორგანო თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ჯეროვნად არ გამოიკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს არ ავალებს კონკრეტული აქტის გამოცემას. ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს შესაძლებლობა, გამოსცეს ისეთივე ან სხვა შინაარსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არგუმენტაცია მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებაში, ვინაიდან მისი მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებირვი აქტის გამოცემა, ხოლო თავად უფლება მოსარჩელეს მოპოვებული აქვს 2003 წელს გამართული კონკურსისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების შედეგად თანხის მთლიანად დაფარვის შემდეგ (2005 წელი). სასამართლოს მიაჩნია, რომ არამართებულია ხანდაზმულობის ვადის დინების ათვლა დაიწყოს კონკურსის ჩატარების თარიღის გათვალისწინებით. ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს იმ პერიოდიდან, როდესაც პირმა მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, მოითხოვა საკუთრების უფლების დადასტურება და პრივატიზებულ ქონებაზე მას უარი განუცხადეს.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაასაჩივრეს.

კასატორი-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.03.1999წ #1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების’’ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, „გამარჯვებული“ მონაწილე ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დადგენილი გრაფიკის მიხედვით დაეფარა საბოლოო ფასი, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსის შედეგები უქმდება და შეტანილი „ბე“ არ ბრუნდება, რაც მათი მოსაზრებით, ნიშნავს თანხის (საბოლოო ფასის) ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კონკურსის შედეგების ავტომატურ გაუქმებას. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზებისას მყიდველმა საბოლოო თანხა უნდა დაფაროს არა უმეტეს 2 წლის ვადისა. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და მ. ჯ-ას შორის ხელშეკრულება დადებულია 2003 წლის 13 იანვარს, ხოლო მყიდველის მიერ საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდა განხორციელდა 2005 წლის 28 აპრილს, რაც კასატორის აზრით, იმას ნიშნავს, რომ მყიდველმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.

კასატორს ასევე მიაჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების ხანდაზმულობის ვადას წარმოადგენდა 3 წელი. მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განმარტებები ხანდაზმულობის ნაწილში ეწინააღმდეგება თავად პრივატიზაციის განმარტებას, რამდენადაც პრივატიზაცია წარმოადგენდა ერთიან პროცესს, როდესაც გამოიცემოდა ერთმანეთთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტები, მხარეთა შორის იდებოდა ხელშეკრულება და საბოლოოდ გაიცემოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ანუ პრივატიზაციის ერთიანი პროცესიდან გამომდინარე, არ შეიძლება სხვადასხვა ხანდაზმულობის ვადა არსებობდეს ან საერთოდ არ არსებობდეს კონკურსის შედეგების მიმართ და საკუთრების უფლების დადასტურების მიმართ. სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის უფლება თითოეულ ქონებასთან დაკავშირებით ხანდაზმულია და მისი საფუძვლიანობის არსებობის შემთხვევაშიც კი აღარ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

კასატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მ. ჯ-ას გადახდილი ჰქონდა თანხის ნაწილი- 9137 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების თანახმად, დარჩენილი თანხა-3536 აშშ დოლარი მყიდველს უნდა გადაეხადა ეტაპობრივად, ყოველკვარტალური შენატანებით - 884 აშშ დოლარის ოდენობით, ესე იგი მყიდველს დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა ერთი წლის განმავლობაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მყიდველის მიერ ქონების საპრივატიზებო საფასური სრულად გადახდის ვალდებულება არ შესრულებულა. მხარემ ვერ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო მყიდველთან სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოცემულ დავაში მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს, დაიცვა თუ არა მ. ჯ-ამ სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვის ვადა, ვადის დაუცველობამ განაპირობა თუ არა კონკურსის შედეგების ავტომატური გაუქმება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2001 წლის 9 დეკემბრის ოქმით მ. ჯ-ა არის სავაჭრო საიჯარო ფირმა ,,...’’ გასაყიდ კონკურსში გამარჯვებული (ტ.1.; სფ. 38-39).

2003 წლის 13 იანვარს მ. ჯ-ასა და ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის გაფორმდა სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება N1-57, რომლის თანახმად, კონკურსის ფორმით პრივატიზაციის საფუძველზე მ. ჯ-ამ შეიძინა ქ. ზუგდიდში, ... ქ. N124-ში, ... ქ. N8-ში და ... ქ. N10-ში მდებარე უძრავი ქონება და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მყიდველის მიერ 12673 აშშ დოლარის სანაცვლოდ.

როგორც ხელშეკრულების შინაარსიდან ირკვევა მ. ჯ-ას ხელშეკრულების გაფორმების დღეს გადახდილი ჰქონდა თანხის ნაწილი- 9137 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა- 3536 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ეტაპობრივად, ყოველკვარტალური შენატანებით-884 აშშ დოლაროს ოდენობით. წარმოდგენილი ხელშეკრულებით მყიდველი კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს შემდეგი პირობები: საწარმოს ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ობიექტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, გარემოს დაცვის უზრუნველყოფა, საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობისათვის შესაბამისი რეგულაციები.

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის 2005 წლის 10 მარტის აქტის თანახმად, სავაჭრო საიჯარო ფირმა ,, ...’’ პრივატიზებულია 2001 წლის 9 დეკემბერს. გაყიდვის ფასია 12673 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. 2002 წლის 1 იანვრისათვის გადახდილია 8542 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. დარჩენილი გამოსასყიდი თანხა 4131 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო 2003 წლის 9 დეკემბრისათვის. ფაქტობრივად 2004 წლის 1 იანვრისათვის გადახდილი აქვს 3438 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ვადაგადაცილებული დავალიანება შეადგენს 693 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას. ამდენად, როგორც საქმის მასალებით ირკვევა და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მყიდველის მიერ ქონების საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის ვალდებულება არ შესრულებულა, თუმცა საბოლოო ვალდებულება-საპრივატიზაციო თანხის სრულად დაფარვის თაობაზე მყიდველის მიერ შესრულებულია 2005 წლის აპრილის თვეში. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს ზემოაღნიშნულ რევიზიის აქტში მითითებულ გარემოებაზე, რომ მყიდველის მიმართ გაგზავნილია შეტყობინება გამოსასყიდი თანხის გადახდის შესახებ, თუმცა სამმართველოს ბუღალტერი ნ. შ-ა განმარტავს, რომ ობიექტის მყიდველზე გამოსასყიდი თანხის გადახდის შესახებ შეტყობინების ჩასაბარებლად მისვლისას მათ სახლში არავინ დახვდათ და მეზობლებისგან შეიტყვეს, რომ ობიექტის მყიდველი მოსკოვში იმყოფება სამკურნალოდ. ამდენად, საქმის გარემოებებით ირკვევა, რომ გამყიდველმა მყიდველს გაუგზავნა შეტყობინება ვალდებულების ჯეროვნად შესრულების თაობაზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დამრღვევი მხარისათვის შეტყობინების ჩაბარება, შესაბამისად, არ არის დადგენილი მოსარჩელის მიერ ნების გამოვლენა დარღვევის გამოსასწორებლად განხორციელდა თუ არა გაფრთხილებით დადგენილ ვადაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის N1-3/150 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაზე’’, როგორც ზემოაღნიშნული უძრავი ქონების კონკურსის წესით პრივატიზების დროს მოქმედ სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე; მოცემული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში ,,მყიდველი’’ იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ჯარიმდება დარჩენილი გადაუხდელი თანხის და / ან დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 %-ით, ამავე მუხლის მე-4 პუნქტით საკონკურსო პირობათა დაუცველობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად ,,გამყიდველის’’ მიერ, ,,მყიდველს’’ არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის N1-3/150 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ დებულების ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საკონკურსო პირობათა (ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას) მყიდველის მხრიდან დარღვევას ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლად მიიჩნევს მხოლოდ წერილობითი გაფრთხილების მიღების შემდგომ, საკონკურსო პირობათა დაუცველობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, რომ არ გამოიკვლია ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზაციო თანხის გადახდა განხორციელდა თუ არა მოპასუხის მიერ გაფრთხილებით განსაზღვრულ ვადაში. ადგილი ხომ არ ჰქონდა საკონკურსო პირობათა დაუცველობის განმეორებით გამოვლენას, რაც ზემოაღნიშნული დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსაზღვრული დამატებითი ვადის დაწესება არის აუცილებელი მოქმედება, რაც ხელშეკრულების მეორე მხარემ უნდა განახორციელოს დამრღვევი მხარის ნების სარწმუნოდ გამოსავლენად და მისაღებად. ვიდრე არ გაირკვევა მეორე მხარის ნება, დაუშვებელია ხელშეკრულების უპირობოდ მოშლა. ნება გამოვლენილად რომ ჩაითვალოს, საჭიროებს მისი მეორე მხარისათვის მიღებას ანუ ხელშეკრულების მოშლის ნების არსებობა დაკავშირებულია მისი მეორე მხარისათვის გაცნობის აუცილებლობლობასთან, მით უფრო, როდესაც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით ხელშეკრულების მოშლის კანონიერების საკითხზე მხარეთა შორის დავას სასამართლო განიხილავს (სადავო პერიოდში მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ’’ კანონის მე-11 მუხლი).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაზე, რომ მის მარწმუნებელს 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რევიზიის აქტში დაფიქსირებული დავალიანების -693 აშშ დოლარის არსებობის პირობებში 2004 წლის განმავლობაში თანხების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები ადასტურებს როგორც საპრივატიზაციო თანხის სრულად დაფარვას, ასევე საჯარიმო სანქციების მოსარჩელისათვის დაკისრებას, სწორედ საპრივატიზაციო თანხისა და ჯარიმების გადახდის ვადებისა და ოდენობის დადგენა განაპირობებს კანონშესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებას, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გადაცილება დაადგინა ხსენებულ პირობებზე მსჯელობის გარეშე.

თუკი მართლა ჰქონდა ადგილი მოსარჩელის მიერ ჯარიმის გადახდას, აუცილებელია გარკვეულ იქნეს რით იყო განპირობებული მოსარჩელის მიერ ჯარიმის გადახდა – საკუთარი ინიციატივით თუ მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაბამისი წერილობითი გაფრთხილებით, აქტით დაჯარიმების შესახებ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს თუ რა სამართლებრივი შედეგი შეეძლო გამოეწვია ან გამოიწვია აღნიშნულმა. მით უფრო, როდესაც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად აწესებდა იმ პროცესებს, რაც მოჰყვებოდა მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებას, რაც წარმოადგენს სანქციების დაწესებას, რომელიც მიმართულია იმისთვის, რომ მყიდველზე სამართლებრივი ზემოქმედების შედეგად გამოსწორებულიყო ხელშეკრულების დარღვევით შექმნილი მდგომარეობა და ხელი შეწყობოდა საჯარო მიზნის განხორციელებას-სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობას პრივატიზების გზით.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სადავო საკითხებთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემის დავალებას, რამდენადაც მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადოდ არ შეუფასებია ისინი, რის შედეგადაც გამოსცა დაუსაბუთებელი აქტი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არ გამოუკვლევია ის ძირითადი გარემოებები, რომელთა შეფასებაც მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რის გამოც გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს იმავე უფლებამოსილებაში შემავალი, მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე.

რაც შეეხება კასატორის ერთ-ერთ საკასაციო მოტივს მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რომ მყიდველს (მოვალეს) სააგენტოს მიმართ შესრულების დადასტურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მოთხოვნა უნდა დაეყენებინა მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდიდან 3 წლის ვადაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ’’ კანონის მე-11 მუხლი (დღეს მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22.2 მუხ.) განსაზღვრავდა პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე სასარჩელო ხანდაზმულობის 3 -წლიან ვადას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეეძლო მოეთხოვა უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა ანუ ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა. იმ პირობებში, თუკი დადგინდება პრივატიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, აღნიშნული გარემოება განაპირობებს კონკურსის წესით შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების არსებობას და ზემოაღნიშნული ნორმა არ მოიცავს შემზღუდველ დანაწესს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამის დადასტურების მოთხოვნით მიმართვისათვის, მოცემული ინსტიტუტის მიზნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის 3- წლიანი ვადა არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისათვის დროის შეზღუდვას. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს იმ პერიოდიდან, როდესაც პირმა მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, მოითხოვა საკუთრების უფლების დადასტურება და პრივატიზებულ ქონებაზე მას უკანონოდ ეთქვა უარი, სადაც უკვე სახეზეა დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის საჭიროება. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მ. ჯ-ამ ადრეც მოითხოვა ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ადმინისტრაციულმა ორგანომ მას უარი განუცხადა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მ. ჯ-ას ჩატარებული კონკურსის შედეგების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ის გარემოება, რომ მან საკუთრების უფლების დადასტურება არ მოითხოვა კონკურის ჩატარებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, მოთხოვნას ხანდაზმულს არ ხდის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მოთხოვნის შესასრულებლად და იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამასთან, მისაღები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის სამართლებრივი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს ამ პირს და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი მონაწილეობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გამოიყენეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

ამდენად, კასატორების მიერ ვერ იქნა გაბათილებული სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლოს განჩინებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე