საქმე #ბს-334-330 (k-13) 26 მარტი, 2015წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი: ა. ვარდიძე
კასატორები (მოპასუხები): ქ. ბათუმის მერია,
ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ჟ. გ-ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ქ. ბათუმის საკრებულო;
მესამე პირი: თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების დემონტაჟის შემთხვვეაში გასაცემი საკომპენსაციო თანხის ოდენობის დამტიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 ნოემბრის №92 განკარგულების საფუძველზე შექმნილი კომისია;
დავის საგანი: კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა
გასაჩივრებული განჩინება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2013წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს თავჯდომარის 27.11.09. N92 განკარგულებით დამტკიცდა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტის დემონტაჟის შემთხვევაში გასაცემი საკომპენსაციო თანხის ოდენობა. განკარგულება მიზნად ისახავდა ქ. ბათუმის იერსახის მოწესრიგების მიზნით, უწესრიგოდ აშენებული ავტოფარეხების, ასევე სხვა საზოგადოებრივი (არასაცხოვრებელი) ობიექტების დემონტაჟისათვის მათი მფლობელებისთვის გონივრული კომპენსაციის მიცემას. განკარგულების თანახმად, ქალაქის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვით აშენებული კაპიტალური ავტოფარეხების დემონტაჟისას, მისი მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, დემონტირებული ავტოფარეხის მფლობელზე კომპენსაციის გაცემა 1კვ.მ-ზე 100 ლარის ოდენობით; კაპიტალური საზოგადოებრივი (არასაცხოვრებელი) ობიექტის დემონტაჟისას 1კვ.მ-ზე - 250 ლარის ოდენობით; საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისას - 1კვ.მ-ზე 250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით; მშემნებლობის ნებართვის გარეშე აშენებული ავტოფარეხის და სხვა საზოგადოებრივი (არასაცხოვრებელი) ობიექტის დემონტაჟისას - სულ 1500 ლარის ოდენობით; ნებართვის გარეშე აშენებული არაკაპიტალური ავტოფარეხის დემონტაჟისას - სულ 800 ლარის ოდენობით. მითითებული განკარგულების 6.3 პუნქტის თანახმად, განკარგულების მიზნებისათვის, ობიექტი ჩაითვლება მშენებლობის ნებართვით აშენებულად წერილობით განცხადებასთან ერთად არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული წერილის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს ობიექტის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარების ფაქტს. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს, ქალაქის მთავარი არქიტექტურის 28.10.1996 წ. წერილით ჟ. გ-ს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მერიის 30.09.1996წ. ტექნიკური კომისის N4 ოქმის თანახმად, სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარდა ... ქ. N11-ში ჟ. გ-ზე რიცხული შენობა.
ქ. ბათუმში ... ქ.N108, ბ.N34-ში მცხოვრები ჟ. გ-იმა №გ - 171 განცხადებით მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქ.N11-ში 44 კვ. მ. შენობის, როგორც საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის, დემონტაჟის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის გაცემა. ბათუმის საკრებულოს თავჯდომარის 13.10.10წ. N02/85 ბრძანებით შექმნილი კომისიის 19.10.10წ. N4 ოქმის მიხედვით, კომისიამ მიუთითა, რომ კომპენსაციის გაცემის საფუძვლად წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის მითითებული საზოგადოებრივი (არასაცხოვრებელი) ობიექტის მშენებლობის შესახებ, შესაბამისად საკრებულოს 27.11.09წ. N92 განკარგულების საფუძველზე 1კვ.მ. გაიცა 100ლ. ოდენობის კომპენსაცია, ამდენად დემონტირებული ფართის ოდენობის (47.6კვ.მ.) შესაბამისად ჟ. გ-ზე გაიცა 4760 ლარის ოდენობის საკომპენსაციო თანხა.
ჟ. გ-მა 15.04.13წ. სარჩელი აღძრა ქ. ბათუმის მერიისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის საკომპენსაციო თანხის გაცემის დავალება კვ.მ-ზე 250 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 11900 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. მოსარჩელემ 20.06.13წ. დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა საკომპენსაციო თანხის ოდენობის განმსაზღვრელი კომისიის 13.10.10წ. N4 ოქმის საოქმო გადაწყვეტილების ჟ. გ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, კერძოდ იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც დემონტაჟირებული ფართის ღირებულება 1 კვ.მ -ზე 100 ლარით, ხოლო მთლიანი საკომპენსაციო თანხა -4760 ლარით განისაზღვრა. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე მერიისათვის აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელეს საკომპენსაციო თანხა განისზღვრება 1კვ.მ-ზე 250 აშშ დოლარით, ხოლო მთლიანი თანხა - 11.900 აშშ დოლარით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობა რეალურად იყო კომერციული ფართი, რომელშიც მესაკუთრის თანახმობით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ ინდ.მეწარმე ს. გ-ეს კეთილმოწყობილი ჰქონდა საზოგადოებრივი დანიშნულების დაწესებულება - აბანო. ჟ. გ-მა მიმართა ქ. ბათუმის მერიას განცხადებით, რომლითაც „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების დემონტაჟის შემთხვევაში გასაცემი საკომპენსაციო თანხის ოდენობის შესახებ“ საკრებულოს 27.11.09წ. N92 განკარგულების მე-3 მუხლის საფუძველზე მოითხოვა 1კვ.მ. 250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის კომპენსაციის გაცემა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.09.13წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ჟ. გ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.03.13წ. გადაწყვეტილებით ჟ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საკრებულოს 13.10.10წ. N02/90 ბრძანება და ამ ბრძანებით დამტკიცებული საკომპენსაციო თანხის განმსაზღვრელი კომისიის სხდომის N4 ოქმი ჟ. გ-ზე თანხის გაცემის ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათუმის მერიას დაეკისრა ჟ. გ-ზე ქ. ბათუმში, ... ქ. N11-ში (ამჟამად ... ქ. N20-ში) მდებარე უძრავი ქონების (47.6 კვ.მ.) დემონტაჟის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდა 1კვ.მ-ზე 250 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის კუთვნილი ნაგებობა იყო კაპიტალური საზოგადოებრივი ობიექტი, შესაბამისად ანაზღაურება უნდა გაიცეს საკრებულოს თავჯდომარის 27.11.09წ. N92 განკარგულების მე-2 პუნქტის დანაწესის მიხედვით, რომლის თანახმად დემონტირებული ობიექტის მფლობელზე 1კვ.მ-ზე გასაცემი კომპენსაცია შეადგენს 250 ლარს. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება დემონტაჟირებული ობიექტის მფლობელზე 1კვ.მ-ზე 250 აშშ დოლარის კომპენსაციის გაცემის შესახებ, ვინაიდან ამ ოდენობის კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ საცხოვრებელ სახლზე, ასევე სხვა შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვით განსახორციელებელი უსახური მიშენების დემონტაჟის შემთხვევაში, რასაც ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მერიის მიერ და მერიის საზედამხედველო სამსახურის მიერ. კასატორებმა აღნიშნეს, რომ ჟ. გ-ის მიერ საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტში (ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ 28.10.1996წ. გაცემულ N10-12/150 წერილში), რომელიც განკარგულების მიზნებისთვის ითვლება მშენებლობის ნებართვად, პირდაპირ არ არის მითითებული, რომ სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარდა საზოგადოებრივი (არასაცხოვრებელი) ობიექტი. დავის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა განკარგულების მე-8 და 1-ლი პუნქტები და არა მე-2 პუნქტი. შესაბამისად, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. განკარგულების 1-ლი მუხლის თანახმად, საკონპენსაციო თანხის ოდენობა 1კვ.მ-ზე 100 ლარს შეადგენს. განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალიწინებული კომპენსაციის გაცემა, განკარგულების მე-8 პუნქტის თანახმად, შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ კომპენსაციის გაცემის საფუძვლად წარმოდგენილ დოკუმენტში პირდაპირაა მითითებული, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცა საზოგადოებრივი (არასაცხოვრებელი) ობიექტის მშენებლობისათვის. სანამ მე-8 პუნქტი ძალაშია, მისი გამოყენება სავალდებულოა.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარე კანონით დადგენილი წესით შეტყობინების მიუხედავად, სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ჟ.გ-ის სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების, თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 19.10.10წ. =02/90 ბრძანების ბათილად ცნობის და ქ. ბათუმის მერიისათვის 1 კვ.მ.-ზე 250ლ. ოდენობით საკომპენსაციო თანხის აპელანტის სასარგებლოდ დაკისრების საფუძვლად სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია ბათუმის საკრებულოს 27.11.09წ. =92 განკარგულება, რომლითაც დამტკიცდა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტის დემონტაჟის შემთხვევაში გასაცემი საკომპენსაციო თანხის ოდენობა.
წერილობით განცხადებასთან ერთად, არქიტექტურის სამსახურის წერილი, რომელიც ადასტურებს ობიექტის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარებას, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 27.11.09წ. =92 განკარგულების მე-6 პუნქტის შესაბამისად, განკარგულების მიზნებისათვის, მშენებლობის ნებართვით აშენებულად მიჩნევის საფუძველს იძლევა და განკარგულების 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად საკომპენსაციო თანხის გაცემის საფუძველს წარმოადგეს. ამასთანავე, განკარგულების მე-8 პუნქტის თანახმად საკომპენსაციო თანხა განკარგულების მეორე პუნქტის შესაბაისად (1 კვ.მ.-ზე 250 ლარის ოდენობით) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის გაცემის საფუძვლად წარმოდგენილ დოკუმენტში პირდაპირაა მითითებული მშენებლობის ნებართვის საზოგადოებრივი (არასაცხოვრებელი) ობიექტის მშენებლობისათვის გაცემის შესახებ.
საქმეში დაცული დოკუმენტები, კერძოდ საჯარო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 15.02.07 წ. წერილი, შენობის გეგმა, ქალაქის მთავარი არქიტექტურის 28.10.1996 წ. წერილი (ტ.1, სფ. 62, 67) ქმნის, საკრებულოს 27.11.09 წ. N92 განკარგულების მიზნებში, შენობის ნებართვის საფუძველზე აშენებულად მიჩნევის საფუძველს. ამასთანავე, მართებულია კომისიის მითითება, რომ კომპენსაციის გაცემის საფუძვლად წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის მითითებული საზოგადოებრივი (არასაცხოვრებელი) ობიექტის მშენებლობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კაპიტალურ საზოგადოებრივ (არასაცხოვრებელი) ობიექტის დემონტაჟს, სასამართლომ დაადგინა, რომ ობიექტში ფუნქციონირებდა აბანო, ნაგებობა მოსარჩელეს მიქირავებული ჰქონდა ინდ. მეწარმე ს. გოგიტიძეზე, რომელიც ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. სააპელაციო სასამართლო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის საფუძვლად უთითებს საკრებულოს თავჯდომარის 27.11.09 წ. N92 განკარგულებით დამტკიცებული გასაცემი საკომპენსაციო თანხის ოდენობებს. ხსენებული განკარგულებით სხვადასხვა ობიექტის დემონტაჟისათვის, კერძო და საჯარო ინტერესების ერთიანობის, ურთიერთშეფასებისა და გაწონასწორების საფუძველზე, დამტკიცებულია კომპენსაციის სხვადასხვა თანხები. საკომპენსაციო თანხის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო 27.11.09წ. =92 განკარგულების მე-2 პუნქტის დანაწესს, რომლის მიხედვით დემონტირებული ობიექტის მფლობელზე 1 კვ.მ-ზე გასაცემი კომპენსაცია 250 ლარს შეადგენს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ ხსენებული პუნქტის საფუძველზე კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა არის დაუსაბუთებელი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 17.09.03წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა საკრებულოს 27.11.09წ. =92 განკარგულების მე-8 პუნქტზე მითითებით, რომლის თანახმად კაპიტალური საზოგადოებრივი ობიექტის დემონტაჟისათვის დადგენილი საკომპენსაციო ოდენობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის გაცემის საფუძვლად წარმოდგენილ დოკუმენტში პირდაპირაა მითითებული საზოგადოებრივი (არასაცხოვრებელი) ობიექტის მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ საკრებულოს 27.11.09წ. =92 განკარგულების მე-8 პუნქტთან დაკავშირებით ყოველგვარი მსჯელობის გარეშე გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და კომპენსაციის ოდენობა განსაზღვრა აღნიშნული პუნქტის მოთხოვნის გაუთვალისწინებლად.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჟ.გ-ის კუთვნილი ობიექტი აშენდა მშენებლობის ნებართვის გარეშე, შენობის მშენებლობის გარეშე აშენება ჟ.გ-ს სადავოდ არ გაუხდია. მშენებლობის ნებართვით აშენებულად ობიექტი მიჩნეულ იქნა მხოლოდ ქ.ბათუმის საკრებულოს 27.11.09წ. =92 განკარგულების მიზნებისათვის ანუ აღსრულებული დემონტაჟის სანაცვლოდ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის უნდა მიენიჭოს არა იმას, თუ რა მიზნით იყენებდა უნებართვოდ აშენებულ ობიექტს მოსარჩელე, არამედ ხსენებული განკარგულებით დადგენილ პირობებს. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 27.11.09წ. =92 განკარგულების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით (კვ.მ.-ზე 250 ლარი) კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ პირობით, თუ კომპენსაციის გაცემის საფუძვლად წარმოდგენილ დოკუმენტში პირდაპირ იქნებოდა მითითებული საზოგადოებრივი (არასაცხოვრებელი) ობიქტის მშენებლობა. საქმეში დაცული დოკუმენტაცია ქმნის საკრებულოს 27.11.09წ. =92 განკარგულების მიზნებში შენობის მშენებლობის ნებართვით აშენებულად მიჩნევის საფუძველს, ამასთანავე, დოკუმენტაცია არ შეიცავს მითითებას ობიექტის დანიშნულებასთან დაკავშირებით. ასეთ მითითებას არ შეიცავს ქალაქის მთავარი არქიტექტორის წერილი, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალები. ამდენად, არ დასტურდება სააპელაციო პალატის მიერ გამოყენებული კომპენსაციის თანხის გაანგარიშების საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მავალდებელი სარჩელი (სასკ-ის 23-ე მუხ.), მოსარჩელე მოითხოვს 1 კვ.მ-ზე 250 ლარის ოდენობით კომპენსაციის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაკისრებას ადმინისტრაციულ ორგანოზე. მავალდებელი სარჩელი დასაბუთებულად მიიჩნევა, თუ აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნა შესაბამის სამართლებრივ საფუძველს ემყარება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს მოთხოვნილი აქტის გამოცემის უფლებამოსილებას და დაინტერესებული პირიც უფლებამოსილია მოითხოვოს აქტის გამოცემა. მოსარჩელის კანონიერი უფლების და ინტერესის არსებობა დგინდება მატერიალური სამართლის საფუძველზე. მოსარჩელე სადავო აქტის გაუქმების და მისთვის კომპენსაციის ოდენობის მინიჭების შესახებ აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საკრებულოს 27.11.09წ. =92 განკარგულებას. აქტის გამოცემის დავალების აუცილებელი პირობა არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. საერთო წესის თანახმად სასამართლოს გადაწყვეტილებით აქტის გამოცემის დავალება შეუძლებელია, თუ ბათილად არ გამოცხადდება ადმინისტრაციული ორგანოს ის აქტი, რომლითაც უარყოფილია მოსარჩელის მოთხოვნა. სააპელაციო პალატამ გამოცემული აქტის კანონიერებაზე მსჯელობის გარეშე დააკმაყოფილა მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სადავო აქტის უკანონობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარის 19.10.10წ. =02/90 სადავო ბრძანებით დამტკიცდა კომისიის 19.10.10წ. =4 ოქმის მე-3 პუნქტის თანახმად ჟ.გ-მა =გ-171 განცხადებით მოითხოვა ქ.ბათუმში, ... ქ. =11-ში 44 კვ.მ. შენობის დემონტაჟის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის იმ ოდენობით გაცემა, რომელიც განსაზღვრულია 27.11.09წ. =92 განკარგულებით საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის დემონტაჟისათვის. ოქმში მითითებულია, რომ კომპენსაციის გაცემის საფუძვლად წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის მითითებული საზოგადოებრივი (არასაცხოვრებელი) ობიექტის მშენებლობისათვის ნებართვის გაცემაზე. კომისიის პოზიცია ემყარება საკრებულოს 27.11.09წ. =92 განკარგულებას, რომლის საფუძველზეც მოითხოვს ჟ.გ-ი სარჩელით კომპენსაციის გაცემას. სააპელაციო სასამართლოს მითითება 27.11.09წ. =92 განკარგულების 6.3 პუნქტზე, რომლის თანახმად არქიტექტურის წერილი საკომპენსაციო თანხის გაცემის საფუძველს წარმოადგენს, არ ქმნის 1 კვ.მ.-ზე 250 ლ. ოდენობის (2 პ.) კომპენსაციის განსაზღვრის საფუძველს, ვინაიდან განკარგულების მე-8 პუნქტი ამ ოდენობის კომპენსაციის განსაზღვრის პირობად იმპერატიულად მოითხოვს განკარგულებით მშენებლობის ნებართვად მიჩნეულ დოკუმენტში პირდაპირ იმის მითითებას, რომ მშენებლობის ნებართვა საზოგადოებრივი (არასაცხოვრებელი) ობიექტის მშენებლობისათვის იყო გაცემული. ჟ.გ-ის მიერ წარდგენილ მთ.არქიტექტორის 28.10.1996წ. =01-12/150 წერილში მითითებულია მხოლოდ შენობის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარების თაობაზე. ამდენად, გაურკვეველია თუ რა მოსაზრებებით უარყო სააპელაციო პალატამ 27.11.02წ. =92 განკარგულების მე-8 და 1-ლი პუნქტებით დადგენილი კომპენსაციის განსაზღვრის წესები, რა მოსაზრებების გამო მიიჩნია სააპელაციო პალატამ კომისიის 19.10.10წ. =4 ოქმით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა უმართებულოდ და რის გამო ცნო ბათილად საკრებულოს თავმჯდომარის 19.10.10წ. =02/90 ბრძანება ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 13.10.10წ. =02/85 ბრძანებით შექმნილი კომისიის 19.10.10წ. სხდომის =4 ოქმი ჟ. გ-ზე საკომპენსაციო თანხის გაცემის ნაწილში. ამასთანავე, სააპელაციო პალატის 07.03.13წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითება თვითმმართველი ქალაქის ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 19.10.10წ. =02/90 ბრძანების და ამ ბრძანებით დამტკიცებული კომისიის სხდომის =4 ოქმის ჟ.გ-ზე საკომპენსაციო თანხის გაცემის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი) ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 19.10.10წ. =02-90 ბრძანება მთლიანად და არა მხოლოდ კომისიის =4 ოქმის ჟ.გ-ის განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების ნაწილში, რითაც სააპელაციო სასამართლო სსკ-ის 248-ე მუხლის დარღვევით გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 27.11.09წ. =92 განკარგულების მე-13 პუნქტის თანახმად საკრებულოს 28.03.06წ. =3-7 დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ ობიექტზე, რომლის დემონტაჟიც 28.03.06წ. =3-7 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა. სააპელაციო პალატამ ამ გარემოების გამოკვლევის გარეშე მოახდინა კომპენსაციის გადაანგარიშება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება დემონტირებული ობიექტის 1 კვ.მ-ზე 250 აშშ დოლარით განსაზღვრის შესახებ, რადგან 27.11.09წ. =92 განკარგულების თანახმად ამ ოდენობის თანხა გაიცემა მხოლოდ საცხოვრებელი სახლის ან შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვით განხორციელებული უსახური მინაშენის დემონტაჟის შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. ანალოგიური მოტივაციით მოსარჩელის მოთხოვნის ამ ნაწილს უარი ეთქვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო პალატამ ბათუმის საქალაქო სასამართოს 17.09.13წ. გადაწყვეტილება გააუქმა მთლიანად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, რაც თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზულოციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ბათუმის მერიისა და ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2013წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე,
მოსამართლეები: ლ.მურუსიძე
მ.ვაჩაძე