საქმე ბს-472-461 (3კ-14) 10 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ა. პ-ის, ჯ. ყ-ის, გ. ბ-ისა და მ. ყ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 6 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს მ. ს-მა, ჯ. ყ-მა, გ. ბ-მა და გ. დ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა მ. ყ-მა მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გარდაბნის რაიონის გამგეობის მიმართ, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა გარდაბნის რაიონის გამგების 2005 წლის 24 ივნისის N629/ა მომართვის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2006 წლის 26 აპრილს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N62 ოქმის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ა. პ-ის სახელზე რიცხული 369528 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გაუქმება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის დავალებოდა სოფ. ... შემდეგ მიწის ნაკვეთებზე-მ. ს-ის-ნაკვეთის ნომერი N12, ჯ. ყ-ის-ნაკვეთის ნომერი N6, გ. ბ-ი-ნაკვეთის ნომერი N15, გ. დ-ი-ნაკვეთის ნომერი N10 საჯარო რეესტრის ამონაწერების მომზადება საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების, სარეგისტრაციო მოწმობისა და აზომვითი ნახაზების ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაება ა. პ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის რაიონის გამგეობის 2005 წლის 24 ივნისის ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ჯ. ყ-ის, გ. ბ-ისა და მ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მ. ს-მა, ჯ. ყ-მა, გ. ბ-მა და მ. ყ-მა გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის საოქმო განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქმეში მესამე პირად ჩაება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ჯ. ყ-ის, გ. ბ-ის და მ. ყ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის რაიონის გამგეობის 2005 წლის 24 ივნისის N629/ა მიმართვა იმ ნაწილში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა მ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N62-მ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა კანონით დადგენილი წესით, მ. ს-ის საკუთრებაში გარდაბნის რაიონი, კოჯორი, სოფ. ..., კვარტალი 99, ნაკვეთი 139,0,13 ჰა მიწის ნაკვეთის აღრიცხვა; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ა. პ-მა, მ. ს-მა, ჯ. ყ-მა, გ. ბ-მა და მ. ყ-მა გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ა. პ-ის, ჯ. ყ-ის, გ. ბ-ისა და მ. ყ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ა. პ-ის, ჯ. ყ-ის, გ. ბ-ისა და მ. ყ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ა. პ-ს, ასევე გ. კ-ეს მ. ს-ის, ჯ. ყ-ის, გ. ბ-ისა და მ. ყ-ის საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა. პ-ს უნდა დაუბრუნდეს 300 ლარის 70% _ 210 ლარი, ასევე მ. ს-ის, ჯ. ყ-ის, გ. ბ-ისა და მ. ყ-ის წარმომადგენელს გ. კ-ეს 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ა. პ-ის, ჯ. ყ-ის, გ. ბ-ისა და მ. ყ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ა. პ-ს (საიდენტიფიკაციო კოდი N...) 2014 წლის 30 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი ლარი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).
3. გ. კ-ეს (საიდენტიფიკაციო კოდი N...) 2014 წლის 4 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი ლარი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).
4. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: პ.სილაგაძე
ნ. სხირტლაძე