Facebook Twitter

922აპ ქ. თბილისი

21 ნოემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დავით სულაქველიძე

მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 მარტის განაჩენით ნ. ხ., _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, უცოლშვილო, ...... განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, ქ-ს ქ. ¹21ა-ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

განაჩენის მიხედვით, ნ. ხ-ს მსჯავრი დაედო ყაჩაღობისთვის, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: ნ. ხ. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს. ისინი შეთანხმდნენ, ყაჩაღური თავდასხმის გზით მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ სხვისი მოძრავი ნივთი _ მობილური ტელეფონი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2006 წლის 20 ოქტომბერს ნ. ხ. გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად მივიდა თბილისში, მუშტაედის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კომპიუტერულ ოფისში, სადაც თანმხლებ პირებთან ერთად გაიცნო რ. მ. და ლ. ს.. ნ. ხ-მ რ. მ-სა და ლ. ს-ს დარეკვის მიზნით მოსთხოვა მობილური ტელეფონი, მაგრამ ისინი შეშინდნენ და უარი განუცხადეს. ვინაიდან ნ. ხ-მ შეამჩნია, რომ რ. მ-ს ჯიბეში ჰქონდა ტელეფონი, სთხოვა ხალხისგან მოფარებულ ადგილას გადანაცვლება, რის შემდეგაც ნ. ხ-მ და მისმა თანმხლებმა პირებმა რ. მ-ს დაჟინებით მოსთხოვეს მობილური ტელეფონის მათთვის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნ. ხ. რ. მ-ს დაემუქრა შარვლის საქამრეში მოთავსებული იარაღის გამოყენებით, რაც მან დაანახვა იქ მყოფ პირებს. აღნიშნულის შემდეგ რ. მ-ს შეეშინდა და ხმალაძეს გადასცა კუთვნილი, 208 (ორას რვა) ლარად ღირებული ,,სიმენსის’’ ფირმის ,,ჩ-65’’ მოდელის მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც თავდამსხმელები მიიმალნენ. ეს ტელეფონი ნ. ხ-მ იმავე დღეს თავისივე პირადობის დამადასტურებელი მოწმობით 80 (ოთხმოცი) ლარად გაასხვისა მოქალაქე გედენიძეზე, რომელიც ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდა მობილური ტელეფონებით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ხ-მ, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანასა და სასჯელის სახით მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმუმის განსაზღვრას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ნ. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ხ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისლხის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს განაჩენით მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებას კანონით გათვალისწინებულ მინიმუმამდე იმ შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომლებიც მას გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ნ. ხ-ს მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მასალებიდან არ გამომდინარეობს, რომ მსჯავრდებულმა ნ. ხ-მ ყაჩაღობა ჩაიდინა ჯგუფურად. უწინარესად, უნდა აღინიშნოს შემდეგი: მართალია, საბრალდებო დასკვნასა და გასაჩივრებულ განაჩენში აღნიშნულია, რომ ნ. ხ-მ ყაჩაღობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად, მაგრამ მათში არაფერია მითითებული, თუ ნ. ხ-ს თანმხლებმა სხვა პირებმა რა მოქმედებები შეასრულეს მასთან ერთად ყაჩაღობის ჩასადენად, რაც საფუძველს შექმნიდა დასკვნისათვის, რომ ნამდვილად ჯგუფური ყაჩაღობა განხორციელდა. უფრო მეტიც, საქმეში არ მოიპოვება სარწმუნო მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ დაზარალებულის მიმართ ნ. ხ-ს გარდა სხვა პირებიც მიმართავდნენ რაიმე ძალადობას ან ძალადობის მუქარას მისი ქონების დასაუფლებლად.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში არ მოიპოვება დასაბუთებული საფუძველი დასკვნისათვის, რომ ნ. ხ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ. ხ-ს მსჯავრდებისას არასწორად გამოიყენა სისხლის სამართლის კანონი _ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, საქართველოს სსკ-ის 562-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და 564-ე მუხლის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაჩენის შეცვლის საფუძველია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. ხ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყაჩაღობის, ე.ი. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმის ჩადენისათვის.

საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული დანაშაულისათვის ნ. ხ-ს, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, ვინაიდან მან დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანების დროს, რის გამოც ნ. ხ-ს საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ნ. ხ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით _ 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრის თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.