Facebook Twitter

¹924აპ ქ. თბილისი

2 დეკემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

პ. სილაგაძე, მ. ოშხარელი

სხდომის მდივან _ ოლღა დუმბაძის,

პროკურორების _ ქ. ჩ-სა და დ. ხ-ს,

ადვოკატ _ გ. ჯ-ს,

მსჯავრდებულ _ გ. უ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენით გ. უ-ძე, _ დაბადებული ..წლის ...., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით იმაში, რომ დამამძიმებელ გარემოებებში _ ჯგუფურად და ანგარებით ჩაიდინა მკვლელობა.

ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელ დ. მ-ს შორის, რომლის თანახმად, დ. მ., _ დაბადებული ... წლის ....... საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 13 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „დ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ დ. მერაბიშვილს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 4 აპრილიდან.

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის თებერვლის თვეში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, გ. უ., რომელიც მუშაობდა სოფელ დიღმის შინაგან საქმეთა განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ნაცნობ დ. მ-ს, რომელმაც შეატყობინა, რომ ბათუმიდან ჩამოყვანილი ჰყავდა მეგობარი ქალი ნ. ჯ.. მან ბათუმში გაყიდა ბინა და აღებული თანხა ინახებოდა მათთან. გ. უ-მ და დ. მ-მა განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ აღნიშნულ თანხას და ამ მიზნით გადაწყვიტეს ნ. ჯ-ს ჯგუფურად მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მათ შეარჩიეს თბილისში, გლდანის ხევი, ...........ბინა ¹....., რომელიც ეკუთვნოდა გ. უ-ს დეიდაშვილ დ. გ-ს. ბინა დაკეტილი იყო და იქ არავინ ცხოვრობდა. დ. მ-მა ბინის პატრონს სთხოვა, რომ რამდენიმე დღით ბინა მისთვის დაეთმო, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა და აპირებდა ბინის დაგირავებას, რის შემდეგაც მის გასაღებს უკან დაუბრუნებდა. დ. გ-საგან გასაღების მიღებისთანავე მან ნ. ჯ. წაიყვანა ხსენებულ ბინაში, სადაც ასევე შეთანხმებისამებრ მივიდა გ. უ.. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დ. მ-მა ნ. ჯ. გაიყვანა სააბაზანო ოთახში, სადაც შემდეგ შევიდა გ. უ-ც, რომელმაც ნ. ჯ-ს დაუწყო დახრჩობა, ხოლო დ. მ-მა გაუკავა ხელ-ფეხი, რათა მას წინააღმდეგობა არ გაეწია. გ. უ-მ და დ. მ-მა ჯგუფურად მოკლეს ნ. ჯ. რის შემდეგაც დ. მ-მა მაღაზიიდან მიიტანა პოლიეთილენის პაკეტები. მათ დაანაწევრეს გვამი, დანაშაულის კვალის მოსპობის მიზნით გვამის ნაწილები ჩააწყვეს დ. მ-ს კუთვნილი ავტომანქანის საბარგულში, რომლის საჭესთანაც დაჯდა გ. უ., მან წაიღო ნ. ჯ-ს სხეულის ნაწილები და გადამალა.

აღნიშნული ქმედებისათვის გ. უ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 19 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 11 მაისიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. ჯ-მ და მსჯავრდებულ გ. უ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ტ-მ.

დაზარალებულის უფლებამონაცვლემ მოითხოვა სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობა, გ. უ-სათვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და თავისი შვილის ქონების დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა, ხოლო ადვოკატმა ა. ტ-მ _ გ. უ-ს ქმედების სსკ-ის 375-ე მუხლით დაკვალიფიცირება, მისთვის პირობითი სასჯელის შეფარდება და სასამართლო სხდომის დარბაზიდან განთავისუფლება.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას დაზარალებულის უფლებამონაცვლემ მოხსნა სააპელაციო საჩივარი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, ხოლო მსჯავრდებულმა გ. უ-მ და მისმა ადვოკატმა დააზუსტეს თავიანთი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს გ. უ-ს გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებულ გ. უ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ჯ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა, იგი უნდა გაუქმდეს და გ. უ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგანაც განაჩენი დადგენილია საპროცესო კანონის არსებითი დარღვევით, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სსსკ-ის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ხოლო მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სსსკ-ის მე-19 და 132-ე მუხლების იმპერატიულ მოთხოვნათა შესაბამისად და წესით; სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობა არამც თუ უტყუარად, არამედ _ ალბათობის რაიმე ხარისხით მაინც დაადასტურებდა გ. უ-ს მიერ სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

კასატორის განმარტებით, განაჩენში მითითებული უნდა იყოს დანაშაულის ჩადენის დრო, რადგან ნ. ჯ-სა და დ. მ-ს თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დ. მ-ს გ. უ-სთან პირველი შეხვედრის თარიღის განსაზღვრას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს გ. უ-ს უდანაშაულობისა თუ ბრალეულობის საკითხის ობიექტურად გადაწყვეტისათვის; წინასწარ გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა მცდელობა, დადგენილიყო ნ. ჯ-ს მკვლელობის თარიღი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ საერთოდ გვერდი აუარა ამ საკითხის დადგენას; დაცვა ადასტურებდა, რომ ნ. ჯ. 2007 წლის 26 იანვარს, 11 საათსა და 25 წუთზე უკანასკნელად დაუკავშირდა დედას დ. მ-ს ტელეფონით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების _ ლ. ჩ-სა და მ. ლ-ს ჩვენებების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, მოწმეების _ გ. თ-სა და ლ. ჯ-ს ჩვენებების გათვალისწინებით, დადგენილია, რომ მკვლელობა ჩადენილია 2007 წლის 26 იანვრის 11 საათსა და 25 წუთიდან 2007 წლის 30 იანვრის დაახლოებით 12 საათამდე პერიოდში, ხოლო დ. მ-ის გ. უ-სთან პირველი შეხვედრა მოხდა არა უადრეს 2007 წლის 30 იანვრის საღამოსი; შესაბამისად, გ. უ. ვერანაირად ვერ მიიღებდა მონაწილეობას ნ. ჯ-ს მკვლელობაში.

ექსპერტ ლ. ჩ-ს ჩვენებით, გარდაცვალების ხანდაზმულობის კატეგორიულად განსაზღვრა ძნელია, თუმცა, ზამთრის პირობების გათვალისწინებით, ნ. ჯ- არანაკლებ 3-4 დღის გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო, ხოლო ექსპერტ მ. ლ-ს ჩვენებით, გვამური გაშეშება უნდა მოიხსნას 72 საათის შემდეგ, რაც მოცემულ შემთხვევაში უკვე მოხსნილი იყო და მისი ვარაუდით, სამ დღეზე მეტი არ უნდა ყოფილიყო გასული; სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ექსპერტი მ. ლ- 2007 წლის 3 თებერვალს უშუალოდ მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და მოკვეთილი ზედა კიდურის ამოღების პროცესში; ამდენად, დაცვამ, ექსპერტთა ჩვენების გათვალისწინებით, სავსებით საფუძვლიანად აითვალა დრო კიდურის აღმოჩენის მომენტიდან _ 2007 წლის 3 თებერვლის დაახლოებით 12 საათიდან.

საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ექსპერტ თ. ქ-ს პროცესზე არ უჩვენებია, რომ კუნთოვანი ქსოვილების ლპობასა და სახის ძვლებიდან მოცილებას იწვევს ნესტიანი ნიადაგი (ფრაზა „ნესტიანი” სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირებული არ არის), ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ხსენებული მტკიცებულების აღმოჩენისას ქვედა ყბა განსახსრებულია თავის ქალასაგან, მდებარეობს მისგან გარკვეულ მანძილზე და თვალნათლივ ნამდვილად არ ჩანს ის, რომ, თითქოსდა, ჯერ ამოიღეს ადამიანის ქვედა ყბა, შემდეგ _ თავის ქალა, ბოლოს კი _ თმა, როგორც ამის შესახებ განაჩენშია დაფიქსირებული; ზემოაღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, ასევე არასრულად, მხოლოდ სააპელაციო პალატისათვის სასურველი და მისაღები კონტექსტით არის შეფასებული ექსპერტ ქ. ბ-ს ჩვენება; მან პროცესზე განაცხადა, რომ ქვედა ყბა რბილი ქსოვილების გარეშე ამოიღეს, განსახსრებული იყო თუ არა, არ ახსოვს, მაგრამ ჩანაწერის მიხედვით, განსახსრებული იქნებოდაო; ექსპერტის ეს განცხადება აშკარად ასაბუთებს დაცვის მხარის პოზიციას და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს სააპელაციო პალატის დასკვნის მიკერძოებულობას, რომ: „ვარაუდი იმისა, რომ გ. უ-ს საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში შემდგომში მოხდა ერთმანეთისაგან განსახსრებული თავის ქალისა და ქვედა ყბის დამარხვა, უსაფუძვლოა”.

გ. უ-ს მსჯავრდება რეალურად ემყარება მხოლოდ ამავე საქმეზე მსჯავრდებულ დ. მ-ის მიერ წინასწარ გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს, რაც მან გ. უ-ს თანამონაწილეობის ნაწილში უარყო სააპელაციო სასამართლოში დამატებით დაკითხვისას; საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება ვერ მიუთითებს გ. უ-ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და ნ. ჯ-სთან მის რაიმე სახის, თუნდაც, უმნიშვნელო კონტაქტზეც კი; განაჩენის სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ ძნელი დასაჯერებელია, სუსტი აღნაგობის დ. მ-ს, რომელსაც წელის არეში ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები, მარტოს მოეკლა ნ. ჯ. დაენაწევრებინა მისი გვამი და გაეტანა სახლიდან; გაუგებარია, სად ამოიკითხა სააპელაციო პალატამ იმის შესახებ, რომ დ. მ-ს დანაშაულის ჩადენის პერიოდშიც ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები წელის არეში; სხდომის ოქმში ასეთი რამ დაფიქსირებული არ არის, მეტიც, დ. მ-მა აჩვენა, რომ თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ტკივილს არ შეუწუხებია.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ ნ. ჯ-ს დ. გ-ის ბინაში მკვლელობის ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია დ. მ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმებით, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით და მიიჩნია, რომ დ. მ. პოლიეთილენის პარკებისა და ჭურჭლის გასარეცხი ჟელეს შესაძენად ვარკეთილიდან გლდანულაში არ წავიდოდა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება მხოლოდ ნ. ჯ-ს სისხლის ერთი ლაქის არსებობა ხსენებულ ბინაში, რაც ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად მკვლელობის ადგილის განსაზღვრისათვის, რადგან იმავე გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ბინაში ასევე აღმოაჩინეს მდედრობითი სქესის სხვა პირის სისხლის ორი ლაქაც და აღნიშნული არ გამხდარა სხვა პირის მკვლელობაში ბრალდების საფუძველი; ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმით კი დადგინდა, რომ დ. მ-ს მიერ მითითებულ ადგილზე აღმოჩნდა „პოკერ-კლუბი” და საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ დადგენილა, იყო თუ არა ოდესმე იმ ნაგებობაში განთავსებული მაღაზია, ასევე არ დაუდგენიათ მაღაზიის გამყიდველი და სხვა გარემოებები; ამრიგად, სააპელაციო პალატის მტკიცება, რომ ჩვენების ადგილზე შემოწმებისას დ. მერაბიშვილმა, თითქოსდა, ზუსტად მიუთითა ის მაღაზია, სადაც შეიძინა ცელოფნის პარკები და ჟელე, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 232-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით არ დააკმაყოფილა გ. უ-ს დაცვის შუამდგომლობები დ. მ-ის დამატებითი დაკითხვისა და შპს „ჯეოსელიდან” დ. მ-ის მფლობელობაში არსებული ტელეფონის ნომრიდან განხორციელებული ზარების დეტალური ანგარიშის ამოღების შესახებ; შესაბამისად, შეიზღუდა გ. უ-ს უფლებები და ხელი შეეშალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას; ასევე არ დაკმაყოფილდა დაცვის შუამდგომლობა საქმეზე სასამართლო-სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ.

ადვოკატ გ. ჯ-ს საჩივრის მიხედვით, მსჯავრდებულ დ. მ-ის 2008 წლის 14 მაისის განცხადებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება გ. უ-ს მსჯავრდების უკანონობა და ის, რომ ნ. ჯ-ს მკვლელობა ჩაიდინა მხოლოდ დ. მ-მა 2007 წლის 26 იანვარს ვარკეთილის ტერიტორიაზე, რაც ასევე გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ მკვლელობა არ მომხდარა დ. გ-ის ბინაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განაჩენის გაუქმებასა და გ. უ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ან საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად, ასევე _ სააპელაციო პალატის 2008 წლის 30 აპრილისა და 7 მაისის განჩინებების გაუქმებას გ. უ-ს დაცვის შუამდგომლობათა უარყოფის შესახებ.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. ჯ-მ მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ გ. უ-ს დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში არ მოიპოვება მისი მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები.

თავისი დამცველის მოთხოვნას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულმა გ. -მ და განმარტა, რომ დ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. გარდა ამისა, თავად არ იყო დარწმუნებული, რომ დ. მ. ჩაიდინა მკვლელობა.

პროკურორმა ქ. ჩ-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული გ. უ-სათვის მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა პროკურორმა დ. ხ-მაც იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი მასალებით შეუძლებელია გაირკვეს ნ. ჯ-ს მკვლელობის ზუსტი დრო, მაგრამ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და ექსპერტების სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ იგი მოკლული იქნა დაახლოებით 2007 წლის იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში. ეს გარემოება, საქმის მასალებით, რაიმე ეჭვს არ იწვევს.

საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ეს დრო არ ემთხვევა მსჯავრდებულ დ. მ-ს მიერ მიცემულ გ. უ-ს მამხილებელ ჩვენებებს, რის გამოც ეს ჩვენებები არ შეიძლება გამოდგეს გ. უ-ს ბრალის დასადასტურებლად. პალატა ამ მოტივს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, საქმის მასალების ანალიზი ცხადყოფს დ. მ-ს მიერ წინასწარი გამოძიების პროცესში და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული, გ. უ-ს მამხილებელი ჩვენებების სარწმუნოობას.

სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა დ. მ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომელიც არსებითად განსხვავდება მისი ადრე მიცემული ჩვენებებისაგან.

2007 წლის 1 ივნისს დ. მ., მისი ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, გაყვანილ იქნა ქ. თბილისში, ........ მე-8 მიკრორაიონის 27-ე კორპუსის მე-3 სადარბაზოს სარდაფში. დ. მ-მა გამოძიებას მიუთითა რომ, როგორც მისმა თანამონაწილე გ. უ-მ მოუყვა, ამ უკანასკნელმა სწორედ აქ დამარხა ნ. ჯ-ს თავი. ამასთან, დ. მ-მა თავის ზუსტი ადგილმდებარეობა ვერ მიუთითა, ვინაიდან, მისი განმარტებით, ეს გ. უ-ს მისთვის არ უთქვამს. თავის ნაწილები აღმოჩენილ იქნა მხოლოდ მთელი სარდაფის შემოწმების შედეგად. აღნიშნული გარემოება მიუთითებს დ. მ-ის ამ ჩვენების სარწმუნოობაზე. მოკლულის თავი მისი დამარხული რომ ყოფილიყო, კონკრეტულ ადგილსაც მიუთითებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გ. უ-ს მხილება არ უნდოდა, საერთოდ არ განაცხადებდა მოკლულის თავის ადგილმდებარეობის შესახებ.

მანამდე, 2007 წლის 11 მაისს, დ. მ., მისი ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, გაყვანილ იქნა ქ. თბილისში, გლდანულას დასახლებაში მდებარე „პოკერ კლუბთან”, სადაც ადრე იყო მაღაზია, რომელშიც მან გ. უ-ს დავალებით შეიძინა ცელოფანის პარკები და სარეცხი საშუალება ნ. ჯ-ს დანაწევრებული გვამის გადასატანად და სისხლიანი სააბაზანოს გასარეცხად. ამ საგამოძიებო მოქმედების დროს დ. მ. დაწვრილებით აღწერს, თუ როგორ დაახრჩვეს მან და გ. უ-მ გლდანულას დასახლების მე-8 კორპუსში ნ. ჯ., და დაანაწევრეს მისი გვამი, რომელიც შემდეგ ავტომანქანით წაიღო გ. უ-მ.

დ. მ-ის აღნიშნული ჩვენება დასტურდება გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლის მიხედვით გლდანულას დასახლების მითითებული ბინიდან ამოღებული სისხლის ლაქა ეკუთვნის მოკლულ ნ. ჯ-ს.

საქმის ეს მასალები მიუთითებენ საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრების უსაფუძვლობაზეც, რომ თითქოსდა ნ. ჯ. მოკლული იქნა მხოლოდ დ. მ-ის მიერ, და არა ზემოთმითითებულ ბინაში, არამედ ვარკეთილის მასივში.

სავსებით სწორად არ იქნა გაზიარებული მოწმე ლ. ყ-ს ჩვენება, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2007 წლის იანვარში თუ თებერვლის დასაწყისში, გლდანის მე-8 მიკრორაიონის 27-ე კორპუსთან, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, დაინახა სარდაფიდან ამომავალი დ. მ., რომელიც ტანსაცმელს იბერტყავდა. ამ პერიოდში დ. მ.ამხელდა გ. უ-ს, ხოლო ლ. ყ-ს ჩვენება მიმართული იყო იმის სამტკიცებლად, რომ გ. უ-ს საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში თავი დამარხა დ. მ-მა და არა თვით გ. უ-მ.

2008 წლის 4 აპრილს, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, უკვე ცდილობს რა ნ. ჯ-ს მკვლელობაში გ. უ-ს ბრალის გამორიცხვას, დ. მ., ლ. ყ-ს ჩვენების შესაბამისად აცხადებს, რომ მოკლულის თავი გ. უ-ს სადარბაზოს სარდაფში თვითონ დამარხა და ეს გააკეთა დღის თორმეტ ან პირველ საათზე. თუმცა დ. მ-ს დღის პირველი საათი აერია ლ. ყ-ს მიერ ნათქვამ ღამის პირველ საათში, რაც მისი ჩვენების სიცრუეზე მიუთითებს.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დ. მ-ს განმარტება იმის შესახებ, რომ ეგონა, ნ. ჯ-ს მკვლელობაში გ. უ-მ დააბეზღა და ამიტომ დააბრალა მას დანაშაულში თანამონაწილეობა წინასწარი გამოძიებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის პროცესში, შემდეგ დარწმუნდა, რომ გ. უ-ს იგი არ დაუბეზღებია და ამიტომ ამბობს სიმართლეს. მაგრამ დ. მ-ს ჯერ კიდევ წინასწარი გამოძიების დასრულებამდე ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა საქმის მასალებს და გაერკვია, რომ გ. უ-ს მის სამხელად არაფერი უმოქმედია. დ. მ-ს ასეთი მტკიცების უსაფუძვლობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს განაჩენში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებითა და ობიექტური ანალიზით უტყუარადაა დადგენილი და ეჭვს არ იწვევს, რომ გ. უ-მ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა, ხოლო მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განაჩენი გ. უ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.