საქმე ბს-538-525(5k-14) 10 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს მთავრობის, ე. ბ-ისა და აჭარის ა.რ მთავრობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. გ-ემ 2009 წლის 16 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - აჭარის ა.რ. მთავრობის, საქართველოს მთავრობის, ქ. ბათუმის მერიის, საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. ბათუმის ნოტარიუს _ ხ. კ-ისა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 30 სექტემბრის №2-26-2428 წერილის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2008 წლის 26 ნოემბრის №01-22/4500 წერილის, საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 27 ნოემბრის ქ. ბათუმი, ... ქ. №70-72-ში მდებარე 116,18 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის, საქართველოს პრემიერ მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №151 განკარგულების სადავო ფართის აჭარის ა.რ. რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის 2009 წლის 10 მარტს დადებული ხელშეკრულებისა და შესაბამისი 2009 წლის 16 მარტს განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა.
ი. გ-ემ 2009 წლის 4 მაისს წარადგინა დამატებითი სარჩელი, რომლითაც მოპასუხედ მიუთითა ასევე ე. ბ-ე და დამატებით აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 18 მარტის №143 ბრძანების, აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ¹№201 ოქმისა და ე. ბ-ის სახელზე გაცემული ¹№938ა საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ივნისის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2008 წლის 26 ნოემბრის №01–22/4500 მიმართვა, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 27 ნოემბრის ჩანაწერი; ფართზე აუქციონის გამოცხადების შესახებ 2009 წლის 18 მარტის №143 ბრძანება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობას დაევალა ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2009 წლის 2 მარტის №151 განკარგულება, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა 2009 წლის 16 მარტის ჩანაწერის ძალადაკარგულად გამოცხადება. მოსარჩელის მოთხოვნა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2009 წლის 21 აპრილის №201 ოქმისა და 2009 წლის 24 აპრილის საკუთრების დამადასტურებელი №938ა მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. გ-ემ, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობამ და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავრობამ, ი. გ-ემ, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს მთავრობის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2009 წლის 21 აპრილის №201 ოქმისა და 2009 წლის 24 აპრილს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი №938ა მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის, აგრეთვე საქართველოს მთავრობისათვის 2009 წლის 2 მარტის №151 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის 2009 წლის 16 მარტს შესრულებული ჩანაწერის ძალადაკარგულად გამოცხადების დავალების ნაწილში. საქმე ამ ნაწილებში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის განკარგულება; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა/რ მთავრობას შორის დადებული 2009 წლის 10 მარტის ხელშეკრულება; ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმომქმედი სააუქციონო კომისიის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2009 წლის 21 აპრილის ოქმი და 2009 წლის 24 აპრილის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; ი. გ-ის სარჩელი ქ.ბათუმის მერიის 2008 წლის 30 სექტემბრის წერილის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ი. გ-ის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა, საქართველოს მთავრობამ, ე. ბ-ემ და აჭარის ა.რ მთავრობამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს მთავრობის, ე. ბ-ისა და აჭარის ა.რ მთავრობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს მთავრობის, ე. ბ-ისა და აჭარის ა.რ მთავრობის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სსასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ საქმეზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი – 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70 % _ 210 (ორას ათი) ლარი.
საკასაციო სსასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ი. კ-ს ე. ბ-ის საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი – 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70 % _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს მთავრობის, ე. ბ-ისა და აჭარის ა.რ მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (საიდენტიფიკაციო კოდი: 202238621) 2014 წლის 15 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).
4. ი. კ-ს (პირადი ნომერი: ...) 2014 წლის 28 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე