Facebook Twitter

საქმე ბს-542-529 (კ-14) 10 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ხ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 4 ივლისს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ’’ მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურისა და ა. ხ-ას მიმართ, რომლითაც მოსარჩელემ ა. ხ-აზე ლანჩხუთის რაიონში, ... ქ. N8-ში მდებარე 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და მისი, როგორც თანმდევი შედეგის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 2 მარტის N882009050598-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2013 წლის 25 ივლისს ა. ხ-ამ შეგებებული სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა მოითხოვა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა შეგებებული სარჩელის დაუშვებლად ცნობის შესახებ და ა. ხ-ას შეგებებული სარჩელი ცნობილი იქნა დაუშვებლად, შეწყდა საქმის წარმოება შეგებებულ სარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ა. ხ-ას სახელზე, ქ. ლანჩხუთში, ... ქუჩა N8-ში მდებარე 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განხორციელებული 1999 წლის 22 დეკემბრის და 2009 წლის 2 მარტის სარეგისტრაციო ჩანაწერები, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N...; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ა. ხ-ას სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; მოპასუხეებს ა. ხ-ას და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურს სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ა. ხ-ამ გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ა. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება ა. ხ-ასათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში ა. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით ა. ხ-ამ გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე