Facebook Twitter

საქმე ბს-562-549(k-კს-14) 10 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ა-მა 2012 წლის 30 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ლ. პ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 16 დეკემბრის #305 ბრძანება - ი. ა-ისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 25 იანვრის #27 ბრძანების არარა აქტად აღიარების შესახებ; ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძვლად არსებული - 1996 წლის 8 ოქტომბერს ყვარლის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საბინაო-საექსპლოატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელ ტ. ღ-სა და ა. ც-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის, კერძოდ: 90 კვ.მ ნაწილში და აღნიშნულ ქონებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი, შესრულებული 2008 წლის 28 ნოემბერს ... მიერ, თანმდევი სამართლებრივი შედეგით; ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ა. ც-ზე განხორციელებული #882008364550 რეგისტრაცია, დაუზუსტებელი ფართი 114 კვ.მ; ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ლ. პ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია, დაუზუსტებელი ფართი- 114 კვ. მ. როგორც ა. ც-ზე განხორციელებული #882008364550 რეგისტრაციის თანმდევი სამართლებრივი შედეგი; დაევალოს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ი. ა-ისთვის ქ. ყვარელში, ... მდებარე საერთო საცხოვრებელში პირველ სართულზე არსებული ერთოთახიანი 22 კვ.მ. სასარგებლო ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ა-ის სასარჩელო მოთხოვნები: ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ა. ც-ზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი(განაცხადის N882008364550), დაუზუსტებელი ფართზე 114 კვ.მ. და ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ლ. პ-ის საკუთრების უფლების შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერი, დაუზუსტებელი ფართზე- 114 კვ. მ. დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. ი. ა-ის მოთხოვნები: ბათილად იქნეს ცნობილი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 16 დეკემბრის N305 ბრძანება და ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 1996 წლის 8 ოქტომბერს ყვარლის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საბინაო-საექსპლოატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელს ტ. ღ-სა და ა. ც-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სსასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ი. ა-ს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი – 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70 % _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება;

3. ი. ა-ს (პირადი ნომერი: ...) 2014 წლის 28 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე