საქმე ბს-700-686(2k-14) 10 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. უ-მა 2013 წლის 29 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 30 აპრილის №79 ბრძანება; დაევალოს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის ზ. უ-ის სამსახურში აღდგენა და იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს გადახდა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 30 აპრილის №79 ბრძანება; სასარჩელო მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ზ. უ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ზ. უ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ზ. უ-მა 2014 წლის 17 მარტს დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა არარად იქნეს აღიარებული ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 30 აპრილის №79 ბრძანება. დაევალოს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის ზ. უ-ის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარად იქნა აღიარებული ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 30 აპრილის №79 ბრძანება. მოპასუხე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა აღადგინოს ზ. უ-ი ახმეტის მუნიციპალიტეტის ქალაქ ახმეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (რწმუნებულის) თანამდებობაზე და მიეცეს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინებით ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე