Facebook Twitter

#ბს-726-712(კ-14) 12 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. და ნ. შ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 19 დეკემბერს მ. და ნ. შ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურისა და ნე. შ-ის მიმართ.

მოსარჩელეებმა საგარეჯოში, ... ქ. #11-ში მდებარე უძრავი ქონების ¼ ნაწილის ნე. შ-ის სახელზე დარეგისტრირების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვეს 2003 წლის 20 ივნისის სააღრიცხვო ბარათით უძრავი ქონების ¼ ნაწილის ნე. შ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების, მიწის მართვის დეპარტამენტის 2003 წლის 25 ივლისის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ქონების ¼ ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე უძრავი ქონების ¼ ნაწილში რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 მაისის №882011228751-03 (ს/კ ...) და №882011228787-03 (ს/კ ...) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ნე. შ-ი.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით მ. და ნ. შ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 მაისის #882011228751-03 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში (ქ. საგარეჯო, ... ქ. #11 (ყოფილი #5) გათვალისწინებული, მოსარჩელეთა მამკვიდრებლის - ო. შ-ის საკუთრება, წილობრივი ლიტერა „ა“-დან ¼ აღირიცხა ნე. შ-ის სახელზე (საკადასტრო კოდი ...) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. საგარეჯო, ... ქ. #11 (ყოფილი #5) მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ნ. შ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება დ. შ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბერის განჩინებით მ. და ნ. შ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბერის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ნ. შ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. და ნ. შ-ების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და ნ. შ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. და ნ. შ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე