#ბს-779-765(კ-14) 12 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 17 თებერვალს ა. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 16 იანვრის #16/01/01 განკარგულების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკურსში მონაწილე იმ კანდიდატის დანიშვნა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 30 დეკემბრის #30/12/01 განკარგულებით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 16 იანვრის #16/01/01 განკარგულების მოქმედების შეჩერება სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ვ. მ-ი, ხოლო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. კ-ის შუამდგომლობა სასამართლოს შემადგენლობის უმრავლესობის, მოსამართლეების - მანანა ჩოხელისა და ნინო ქადაგიძის აცილების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
გარდა აღნიშნულისა, კასატორმა იშუამდგომლა: საკასაციო საჩივრის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის განმარტების თაობაზე საკანონმდებლო ორგანოსათვის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისათვის მიმართვის, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის, საკასაციო სასამართლოს მიერ მოსამართლეთა აცილებაზე უარის თქმის შესახებ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა საოქმო განჩინებების დასაბუთებულობის საკითხზე მსჯელობისა და საკასაციო საჩივრის მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძის მონაწილეობის გარეშე განხილვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. კ-ის საკასაციო საჩივარი. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობები საკასაციო სასამართლოს მიერ განხილულ იქნებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ის შუამდგომლობები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის საკასაციო საჩივრის განსახილველად გადაცემის შესახებ კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: საქმე თავისი შიანაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის დიდი პალატისათვის იმ საფუძვლით გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, რომ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, განეკუთვნება საქმის განმხილველი საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებულ, დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის მიხედვით სასამართლო თავისი შეხედულებით და არა მხარის განცხადების საფუძველზე განსაზღვრავს საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის განმარტების თაობაზე საკანონმდებლო ორგანოსათვის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისათვის მიმართვის შესახებ შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. კ-ის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს;
2. ა. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;
4. სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე