Facebook Twitter

№ბს-510-497 (კ-კს-14) 10 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე;

კერძო საჩივრის ავტორი ( მოსარჩელე)_ ლ. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი -ქ. თბილისის მერია

დავის საგანი _ ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 მარტის №43395 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. ჯ-ის წარმომადგენლების ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ამ ეტაპზე ეთქვა უარი. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელე ლ. ჯ-ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა. ლ. ჯ-ეს დაუბრუნდა ნ. მ-ის მიერ მის სარჩელთან დაკავშირებით 2013 წლის 18 მარტს, საგადახდო დავალება №1, გადამხდელის ანგარიში GE81BR0000010700816443, ბანკის კოდი REPLGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ლ. ჯ-ეს უარი ეთქვა საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულ იქნა ლ. ჯ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ლ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.

2014 წლის 11 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა ლ. ჯ-ის წარმომადგენლის ბ. მ-ის განცხადება, რომელმაც მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება და საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება მოწინააღმდეგე მხარეებისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა და განჩინების გამოტანის თარიღად ,,2014 წლის 13 ივნისი’’ ნაცვლად მიეთითა 2014 წლის 17 ივნისი; ლ. ჯ-ის წარმომადგენლის ბ. მ-ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინებაში ცალკე არ ყოფილა მსჯელობა მოწინააღმდეგე მხარისათვის ლ. ჯ-ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებაზე, თუმცა პალატამ მიღებული განჩინებით სრულად შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, მათ შორის საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.

სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.2-ე, 47.2-ე, 102-ე მუხლებსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ აპელანტ ლ. ჯ-ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მოცემულ საქმეზე ადვოკატის ხარჯის გაწევა, ვინაიდან ადვოკატის ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი საქმეში.

განსახილველ შემთხვევაში, ლ. ჯ-ის მიერ სარჩელზე დართულია შემოსავლის ორდერი N6064082 500 ლარის გადახდის თაობაზე, იგი წარდგენილია ასლის სახით, ასევე სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გაუგებარია რა ანგარიშზეა აღნიშნული თანხა გადახდილი, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება ვერ ჩაითვლება იმის უტყუარ მტკიცებულებად, რომ ლ. ჯ-ემ აღნიშნული თანხა ნამდვილად გადაიხადა გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის.

მოცემულ საქმეზე, იმ პირობებში, როცა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე არ ყოფილა წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ლ. ჯ-ის მიერ საადვოკატო მომსახურების ხარჯის გაწევა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან აპელანტს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მოთხოვნათა დაცვით აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით ლ. ჯ-ემ გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ლ. ჯ-ის მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯების გადახდის დაკისრება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ფაქტიურად N6064082 ქვითარში ცალსახადაა მითითებული გადამხდელიც (ლ. ჯ-ე), მისი მიმღებიც-ნ. მ-ი და მისი ანგარიშის ნომერიც ბანკ ,,...’’. სწორედ ამ ანგარიშიდან აქვს ნ. მ-ს გადარიცხული სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ლ. ჯ-ის ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით. N6064082 ქვითრის შემოსავლის ორდერის დანიშნულებაში, ასევე, მითითებულია, რომ თანხა გადახდილია ლ. ჯ-ის მიერ მისივე ადმინისტრაციული საქმის წარმოებასთან დაკავშირებით. ქვითარში გარკვევითაა მითითებული გადახდის დანიშნულებაში-,,ლ. ჯ-ის ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით’’.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ საქმეში არსებული ქვითარი N6064082 სავსებით უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ლ. ჯ-ემ გასწია ხარჯები სასამართლოში საქმის გარემოებების თავისი დარღვეული უფლებების აღსადგენად, რისთვისაც მან თავის ადვოკატს ჩაურიცხა იურიდიული მომსახურების საფასური 500 ლარი ადვოკატის მიმდინარე ანგარიშზე ბანკ ,,...’’.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლზე დაყრდნობით ასევე განმარტავს, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც მხარის მიერ იქნა გაწეული კონკრეტული საქმის წარმოებისათვის მომსახურეობის მისაღებად, მოცემული ხარჯის გაწევისა და ოდენობის დადასტურება თავად მხარემ უნდა უზრუნველყოს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე ითხოვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 31 აგვისტოს N132611 გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 25 თებერვლის N882013078255-03 გადაწყვეტილების; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 მარტის N43395 წერილის ბათილად ცნობას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის შემდეგი შინაარსის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც ა) ბათილად იქნება ცნობილი ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 მარტის Nლეგ -426 ბრძანებით ლ. ჯ-ის სახელზე რეგისტრირებული 162,80 კვ.მ. ფართი სხვენიდან 70 კვ.მ. და ლ. ჯ-ის საკუთრებაში დარჩება 92.80 კვ.მ. ფართის მქონე უძრავი ნივთი, სხვენი მდებარე: ქ. თბილისი, ... ქ. N26, რომლის საკადასტრო კოდია: ... ბ) უცვლელად დარჩება ქ. თბილისი, ... ქ. 26, ბინა 7-ზე 2013 წლის 25 თებერვლამდე ლ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 212,27 კვ.მ. ფართით, რომლის საკადასტრო კოდია: ....

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 მარტის N43395 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ლ. ჯ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს მოცემულ ეტაპზე ეთქვა უარი, აღნიშნული გადაწყვეტილება უცლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინებით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების სადავო სამართალურთიერთობაზე გავრცელების წინაპირობა, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი ითვალისწინებს პროცესის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას ადმინისტრაციულო ორგანოსათვის იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით (იხ. ტ.1; სფ. 48-49, რწმუნებულება სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N121343497, რეგისტრაციის თარიღი 20.12.2012წ.), დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში იცავს ნ. მ-ი, ლ. ჯ-ის მიერ სარჩელზე დართულია შემოსავლის ორდერი N6064082, რომლის მიხედვით ნ. მ-ისათვის გადახდილია თანხა-500 ლარის ოდენობით. საქმის მასალებში იგი წარდგენილია ასლის სახით, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება ვერ ჩაითვლებოდა იმის უტყუარ მტკიცებულებად, რომ ლ. ჯ-ემ აღნიშნული თანხა ნამდვილად გადაიხადა გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სალაროს შემოსავლის ორდერის დედნის წარდგენის სამოქალაქო საპროცესო ვალდებულების არარსებობის შესახებ და მას განუმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლი მხარეს ავალდებულებს სწორედ წერილობითი მტკიცებულებების დედნის წარდგენის ვალდებულებას. მოცემული ნორმის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ კერძო საჩივარს- ტ.III;სფ.133 -ზე დაურთო 2013 წლის 6 მარტის N6064082 სალაროს შემოსავლის ორდერის დედანი, რომლითაც ნ. მ-ისათვის ლ. ჯ-ეს ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით გადახდილი აქვს 500 ლარი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში დედნის სახით წარმოდგენილი 2013 წლის 6 მარტის N6064082 შემოსავლის ორდერთან ერთობლიობაში უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ადვოკატის ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საკითხის გადასაწყვეტად მიიღოს დამატებითი გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო პალატის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხისათვის ადვოკატის ხარჯების დაკისრების თაობაზე შუამდგომლობა და საქმე ლ. ჯ-ის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დაკისრების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. ჯ-ის წარმომადგენლის ბ. მ-ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

3. საქმე ლ. ჯ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების დაკისრების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე