საქმე №ბს-ბს-245-242 (კს-14) 05 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე.
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს „ს...“;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისია;
მესამე პირი - შპს „...“.
დავის საგანი _ საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება.
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.2014წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
26.09.13წ. შპს „ს...“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 26.08.2013წ. №529/10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მისი მიღების დღიდან (რომლითაც საეთერო ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „...“), საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის შესაბამისი მაუწყებლობის ლიცენზიის შპს „ს...“ გაცემის დავალდებულება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 15.01.14წ. გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე კომისიის 26.08.13წ. N529/10 გადაწყვეტილება, რითაც გაუქმდა შპს „...“ მიმართ გაცემული მაუწყებლობის ლიცენზია. კომისიის გადაწყვეტილება ემყარებოდა შემდეგ საფუძველს: შპს „...“ დირექტორი და პარტნიორი კ. ბ-ი არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, პალატა არის ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მისი პრეზიდენტი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37.2 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. აღნიშნული გარემოება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან 26.08.13 №529/10 გადაწყვეტილების მიღების დროს კომისიისათვის აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი არ იყო, რაც გახდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 26.08.13წ. N529/10 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.01.14წ. გადაწყვეტილებით შპს „ს...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხი გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 26.08.2013წ. N529/10 გადაწყვეტილება ქ. თბილისში კერძო საერთო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ, მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაევალა ამავე კომისიის 21.06.13წ. N403/10 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში კერძო საერთო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლის შპს „ს...“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას მოპასუხის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი კომისიის სხდომის საჯაროობის პრინციპის დაცვა. ასევე არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კომისიის 3 წევრის მიერ, რომელთაგანაც ორი არაუფლებამოსილი პირი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მოსარჩელის მიერ აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული კიდევ ერთი გარემოება - შპს „ს...“ პროგრამული მრავალფეროვნების უგულებელყოფა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებისა, სახეზე იყო სზაკ-ის 601 მუხლით გათვალისწინებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ იყო გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 371. 1 მუხლით გათვალისწინებული დანაწესი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...“ ბენეფიციარი მესაკუთრე კ. ბ-ი ამავდროულად იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი - ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. აღნიშნული გარემოება გამოკვლეული რომ ყოფილიყო წარმოების დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.01.2014წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2014 წ. განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სააპელაციო საჩივარი.
13.05.2014წ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის შეჩერების შესახებ. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს „...“ სარჩელი 26.08.13წ., №529/10 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კომისიის 15.01.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. შპს „...“ სადავოდ ხდის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ადმინისტრაციულ ორგანოდ აღიარების ფაქტს. აღნიშნულის გამო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვა შეუძლებელია შპს „...“ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რის გამოც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.07.2014წ. განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზე იყო სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო პირობა, ვინაიდან მითითებულ საქმეებს შორის არსებობს პირდაპირი კავშირი. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ შპს „...“ სარჩელზე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არ არის ადმინისტრაციული ორგანო, მაშინ აღარ იარსებებს ის საფუძველი, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს „ჰ...“ სარჩელი და ბათილად ცნო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 26.08.2013წ. N529/10 გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.07.2014წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს...“, რომელმაც განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მოცემული საქმისთვის არა აქვს მნიშვნელობა შპს „...“ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან განსხვავებულია შპს „ს...“ სარჩელისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, შპს „...“ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ადმინისტრაციულ ორგანოდ აღიარების ფაქტი. ამასთან, შპს „ს...“ და შპს „...“ მიერ სხვადასხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია გასაჩივრებული. შპს „...“ სარჩელზე განსახილველ საქმეზე შპს „ს...“ არ არის მხარე. შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს გამოტანილი შპს „...“ სარჩელზე, ის გავლენას ვერ მოახდენს განსახილველი დავის შედეგზე. განსახილველ საქმეზე საქმის წარმოების შეჩერება იწვევს დავის განხილვის გაჭიანურებას, რითაც შპს „ს...“ უსაფუძვლოდ ეზღუდება სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს „ს...“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 21.07.2014წ. განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია სასამართლოს ვალდებულება შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. განსახილველ შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო წინაპირობად სააპელაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა სხვა საქმის განხილვა. მოცემულ შემთხვევაში შპს „ს...“ მიერ სადავოდ არის გამხდარი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 26.08.13წ. N529/10 გადაწყვეტილება, მოსარჩელე ითხოვს აქტის ბათილად ცნობას შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული აქტის მიღებისას მოპასუხის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი კომისიის სხდომის საჯაროობა, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კომისიის 3 წევრის მიერ, რომელთაგანაც ორი არაუფლებამოსილი პირი იყო, გადაწყვეტილების მიღებისას უგულებელყოფილი იქნა შპს „ს...“ პროგრამული მრავალფეროვნება. საქმის განხილვის მსვლელობისას მოსარჩელის წარმომადგენელმა კონკურსში გამარჯვებული შპს ,,...“ მაუწყებლის ლიცენზიის მაძიებლის სტატუსთან შეუსაბამობის, კომისიის მიერ სადავო აქტის საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გამოცემის, სადავო აქტით ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 37-ე და 371 მუხლების, სზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის დასადასტურებლად წარადგინა მტკიცებულებები. შპს „...“ მიერ სადავოდ არის გამხდარი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 15.01.2014წ. გადაწყვეტილება, რომლის გამოცემის საფუძველი გახდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ადმინისტრაციულ ორგანოდ მიჩნევა, შპს ,,...“ დამფუძნებლის და დირექტორის მიერ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნა. კომისიამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა, რაც გახდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 26.08.13წ. N529/10 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს „...“ მიერ აღძრულ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შპს „ს...“ სარჩელზე მიმდინარე საქმისწაროების შეჩერების სავალდებულო წინაპირობაა. შპს „ს...“ და შპს ,,...“ მოითხოვენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხვადასხვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას (26.08.13წ. და 15.01.14წ. ), ამასთანავე, შპს „ს...“ დამატებით მოითხოვს კომისიისათვის აქტის გამოცემის დავალებას. შესაბამისად, სახეზეა სხვადასხვა სახეობის სარჩელი, ერთ შემთხვევაში (შპს„ს...“ სარჩელი) სახეზეა მავალებელი (სასკ-ის 23-ე მუხ.), ხოლო შპს ,,...“ სარჩელის შემთხვევაში შეცილებითი (სასკ-ის 22-ე მუხ.) სარჩელი. საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული სარჩელების განსხვავებული საფუძვლების არსებობის გამო სახეზე არ არის საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობა. შპს ,,...“ სარჩელზე დავის საგანია კომუნიკაციის ეროვნული კომისიის 15.01.14წ. გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველია 26.08.2013წ. გადაწყვეტილება. შპს „ს...“ სარჩელზე დავის საგანს შეადგენს კომისიის 26.08.13წ. გადაწყვეტილება, რომელთან დაკავშირებითაც მიღებულია კომისიის 15.01.14წ. გადაწყვეტილება. ამდენად, არ არის დასაბუთებული თუ რატომ უნდა შეჩერდეს საქმის წარმოება სახელდობრ შპს „ს...“ სარჩელზე. კომისიის 26.08.13წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი აღძრულია კომისიის 15.01.14წ. გადაწყვეტილების მიღებამდე და შესაბამისად 15.01..14წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის შპს ,,...“ მიერ აღძვრამდე. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ერთი სარჩელის გადაწყვეტამდე მეორე სარჩელის განხილვის შეუძლებლობას, შემთხვევას, როდესაც საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე. საქმის წარმოების შეჩერება თავისი არსით არის სასამართლოს მიერ სასამართლო განხილვის სტადიაში პროცესუალური მოქმედებების დროებითი შეჩერება, გამოწვეული ობიექტური, სასამართლოსგან დამოუკიდებელი, პროცესის დამაბრკოლებელი გარემოებებით. სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამდენად, საქმის წარმოების შეჩერებას განაპირობებს საქმის განხილვის შეუძლებლობა და არა განსახილველი საქმისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, მით უფრო, რომ არ არის დადასტურებული შპს ,,...“ სარჩელზე შპს „ს...“ საქმეში ჩაბმა მაშინ, როდესაც სსკ-ის 106-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს თუ სხვა საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომისიის 15.01.14წ. გადაწყვეტილებით 26.08.13წ. გადაწყვეტილება ცნობილი იქნა არა ბათილად მისი გამოცხადების დღიდან, როგორც ამას მოითხოვს შპს „ს...“, არამედ ძალადაკარგულად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება მოიცავს როგორც აქტის ბათილად ცნობას, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. ბათილად ცნობის ობიექტია უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ძალადაკარგულად ცხადდება კანონიერი აქტი. ორივე შემთხვევაში აქტი წყვეტს მოქმედებას, მათ შორის განსხვავება გაუქმებული აქტის სამართლებრივ ბუნებაში მდგომარეობს. მოცემულ შემთხვევაში კომისიის 15.01.14წ. გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე კომისიის 26.08.13წ. =529/10 გადაწყვეტილება, აქტის გაუქმების საფუძვლად მითითებულია ახლად აღმოჩენილი გარემოება (სზაკ-ის 61.2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი). აღნიშნული თავის მხრივ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კომისიის მიერ 26.08.13წ. =529/10 გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა ამ გადაწყვეტილების მოქმედების ძალის დაკარგვის ასპექტის გათვალისწინებით ანუ იმის გათვალისწინებით, რომ 26.08.13წ. =529/10 გადაწყვეტილებამ ძალა დაკარგა მისი ძალადაკარულად გამოცხადების დღიდან. სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის გაუქმებას. ძალადაკარგულობა სამართლებრივ შედეგს იწვევს მომავალში, სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილი ხაზს უსვამს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას ახალი აქტის გამოცემიდან, სამომავლოდ (ex nunc) და არა მანადმე (ex tunc). კომისიის მიერ თავისი 26.08.13წ. გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება, სზაკ-ის 61-ე მუხლის საფუძველზე ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო აღმჭურველი აქტის გაუქმება გამოიწვევს არა ჩატარებული კონკურსის შედეგების ხელახალ შეფასებას, არამედ ახალი კონკურსის ჩატარებას მაშინ, როდესაც მოსარჩელე - შპს „ს...“ ითხოვს დარღვევების გამო კონკურსის შედეგების გაუქმებას ანუ 28.08.13წ. გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ბათილად ცნობას აქტის უკანონობის გამო, კონკურსანტების მონაცემების შეფასებას და ახალი აქტის გამოცემით ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულად მის გამოცხადებას, შესაბამისი მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემას. კონკურსის შედეგის ძალადაკარგულად გამოცხადებით კონკურსი დაიწყება საერთო საფუძვლით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 43.1 მუხლის შესაბამისად. მოსარჩელე „ს...“ სასარჩელო მოთხოვნის მიზანია არა ახალი კონკურსის ჩატარება, არამედ უკვე ჩატარებული კონკურსის ფარგლებში ახალი აქტის გამოცემა, ახალი კონკურსის ჩატარება „ს...“ უცვლის სასტარტო პირობებს. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - კომისიის 26.08.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნას საფუძვლად უდევს ჩატარებულ კონკურსში მოსარჩელის გამარჯვებულად გამოცხადების ინტერესი, რაც სადავო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ვერ მიიღწევა. შესაბამისად, არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერებისათვის სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე.
შპს ,,...“ სარჩელის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, შპს „ს...“ განსხვავებით, არის ერთადერთი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ადმინისტრაციულ ორგანოდ მიჩნევის უარყოფა. შპს ,,...“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 15.01.14წ. გადაწტვეილების ბათილად ცნობის საფუძვლების შემთხვევაშიც კი, დადასტურდება კომისიის 26.08.13წ. გადაწყვეტილების მიღება ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 37.2 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მაშინ როდესაც შპს „ს...“სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული სხვა გარემოებანი და ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობა.
საქმის მასალებით არ დასტურდება წარმოების შეჩერების შუამდგომლობის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქალაქო სასამართლოს 27.01.14წ. გადაწყვეტილებით შპს „ს...“ სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების, კომისიის 26.08.13წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და დავის გადაწყვეტის გარეშე ახალი აქტის გამოცემის დავალების ერთადერთი საფუძველი იყო შპს ,,...“ ბენეფიციარი მესაკუთრის სტატუსის - ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის დაკავების საკითხის გარკვევის საჭიროება. პირველი ინსტანციის სასამართლოს 27.01.14წ. გადაწყვეტილება მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელის მიერ თანამდებობის პირის დაკავების გარკვევის გარდა კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს აგრეთვე პროგრამული მრავალფეროვნების კრიტერიუმზე და აღნიშნავს ახალი გადაწყვეტილების ამ კრიტერიუმზე დაყრდნობით გამოცემის სავალდებულობას. სააპელაციო სასამართლო სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების პირობად ის გარემოება მიუთითა, რომ თუ შპს ,,...“ სარჩელზე სასამართლო დაადგენს, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არ არის ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად არ იარსებებს ის საფუძველი, როს გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს „ს...“ სარჩელი და ბათილად ცნო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 26.08.13წ. =529/10 გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის ეს მოსაზრება არ არის დასაბუთებული, ვინაიდან სააპელაციო წესით გასაჩივრებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ემყარება მხოლოდ ამ ერთ არგუმენტს. გადაწყვეტილებაში სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებულია აგრეთვე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების სავალდებულობა პროგრამული მრავალფეროვნების კრიტერიუმით. ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.01.14წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ცალკე პუნქტად (7.5 პ, ტ.2, გვ.160-165) სასამართლო მიუთითებს ორ გარემოებას: კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების სავალდებულობა პროგრამული მრავალფეროვნების კრიტერიუმით და მაუწყებლობის ლიცენზიის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის მიერ მფლობელობის დაუშვებლობას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის შპს „ს...“ თავდაპირველი სარჩელის ძირითადი საფუძველი არის ის, რომ მისი განცხადება პასუხობდა კონკურსის ძირითად კრიტერიუმს - პროგრამულ მრავალფეროვნებას (ტ.1, ს.ფ. 7-9). დაზუსტებულ სარჩელში (ტ.1, ს.ფ. 112-117) მოსარჩელე დამატებით ყურადღებას ამახვილებს მისი და შპს ,,...“ სამაუწყებლო კონცეფციებში სამაუწყებლო პროგრამების თემატიკაზე და ამ თემატიკის ფარგლებში კონკრეტული პროგრამების რაოდენობაზე, კონკურსის მაუწყებლობის დეპარტამენტის დასკვნაზე, კომისიის ვალდებულებაზე ემსჯელა ლიცენზიის მაძიებელთა სამაუწყებლო კონცეფციის შეთავაზებული პროგრამული მრავალფეროვნების ასპექტზე, ზოგადი პროგრამული მრავალფეროვნების გამოცხადებული კრიტერიუმის შესაბამისად გამარჯვებულის გამოვლენის ვალდებულებაზე და სხვ.. მოსარჩელის ამ მოსაზრებებთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს 27.01.14წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღინიშნა ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-9 პუნქტების დებულებები (კომისიის მიერ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას დოკუმენტაციის პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მრავალფეროვნების, აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობის, ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე მაუწყებლობის განხორციელების მხედველობაში მიღების შესახებ), კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 21.06.13წ., =403/10 გადაწყვეტილება (რომელშიც გამარჯვებულად გამოვლენის იგივე კრიტერიუმია დადგენილი), აგრეთვე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 22.08.13წ. დასკვნა (დასკვნაში მითითებულია, რომ ვინაიდან საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები ამ ეტაპისათვის განსაზღვრული არ იყო, დეპარტამენტმა საძიებელი ლიცენზიის სახეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია წარდგენილი კონცეფციების შეფასება/ანალიზი განეხორციელებინა პროგრამული მრავალფეროვნების გათვალისწინებით. დეპარტამენტის აზრით, თემათა მრავალფეროვნება მეტწილად უზრუნველყოფილი იყო შპს „ს...“ მიერ წარდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში. დეპარტამენტმა გაითვალისწინა აგრეთვე, რომ „ს...“ რადიომაუწყებლობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია). საქალაქო სასამართლოს 27.01.14წ. გადაწყვეტილების ტექსტი არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონკურსის ძირითადი კრიტერიუმის - პროგრამულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოსაზრებები უარყოფილ იქნა, რის გამო საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი არ ყოფილა მხოლოდ ლიცენზიის მაძიებლის სტატუსი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძვლიანია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობის შესახებ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საპროცესო კანონმდებლობას არ ემყარება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლები, რის გამოც საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს...“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.07.2014წ. განჩინება და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე