ბს-550-537(კს-14) 10 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი - არარეზიდენტი ფ/პ ა. წ-ის წარმომადგენელი ე. ტ-ე;
დავის საგანი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება;
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ქ.ქუთაისის მერიის და ქ. ქუთაისის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ.ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 იანვრის №15 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის მითითებით შპს „...“ და ქალაქ ქუთაისის მერიას შორის 2007 წლის 7 ნოემბერს დაიდო აღნაგობის ხელშეკრულება, რომელშიც ბოლო ცვლილებები განხორციელდა 2010 წლის 31 აგვისტოს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „...“ პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით, 45 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 2171 კვ.მ., რომელზეც შპს „...“ მიერ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები. მითითებული ხელშეკრულება, შპს „...“ წინასწარ შეუტყობინებლად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის მოტივით, გაუქმებულ იქნა ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 20 იანვრის ბრძანებით, რაც მოსარჩელის აზრით, უკანონოა, ვინაიდან შპს „...“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულების პირობების დარღვევას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლითაც თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოსა და მერიას შორის აღდგა ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის 2007 წლის 07 ნოემბერს დადებული №4 აღნაგობის ხელშეკრულების მოქმედება 2011 წლის 10 იანვრიდან და შპს „...“ გააგრძელა აღნაგობით გადაცემული მიწის ნაკვეთით სარგებლობა ზემოთ მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულომ და მერიამ იკისრეს ვალდებულება შპს „...“ მიერ თვითმმართველობის მიმართ არსებული დავალიანების- 19226 ლარის დაფარვიდან 5 დღის ვადაში ქ. ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს დადებული №4 აღნაგობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 იანვრის №15 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების უზრუნველყოფა; შპს „...“ აღიარა, რომ ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს დადებული №4 აღნაგობის ხელშეკრულების ფარგლებში მას თვითმმართველი ქ. ქუთაისის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს აღნაგობის ქირის დავალიანება, რაც შეადგენს 19226 ლარს და მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე იკისრა მისი გადახდის ვალდებულება; დადგენილ იქნა სადავო თანხის დაფარვისა და ,,ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს დადებული №4 აღნაგობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 იანვრის №15 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შემდგომ ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს დადებული №4 აღნაგობის ხელშეკრულების ამოქმედება მასში დადგენილი წესით შეტანილი ყველა ცვლილების გათვალისწინებით; ხელშეკრულებით გათვალისწინებული აღნაგობის ქირის ათვლა დაიწყო 2011 წლის 1 იანვრიდან; შპს „...“ აიღო ვალდებულება უზრუნველეყო 2012 წლის 1 აპრილამდე აღნაგობით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის (სავაჭრო ცენტრის) გარე იერსახე და ფასადის კეთილმოწყობა; შპს „...“ და მ. წ-ეს, გ. კ-ეს, ჯ. ა-ეს, ს. ბ-ეს, თ. ქ-ეს, ო. თ-ესა და ვ. ბ-ს შორის გაფორმებული წინასწარი ვადიანი ნასყიდობის/საიჯარო ხელშეკრულებების მოქმედების მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს დადებული №4 აღნაგობის ხელშეკრულების ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც ნასყიდობის ობიექტი, საკუთრებაში რჩება პირვანდელ მესაკუთრეს ან წინამდებარე მორიგების შპს „...“ ბრალით (რაც გულისხმობს შპს „...“ მიერ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას) გაუქმების, ასევე აღნაგობით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლით დადგენილი წესით გამოსყიდვის შემთხვევაში -თვითმმართველს ქალაქ ქუთაისს; შპს „...“ იკისრა ვალდებულება, რომ მიწის ნაკვეთით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში მიწის ნაკვეთზე მშენებარე ან აშენებულ შენობა- ნაგებობებზე, ან მის რომელიმე ნაწილზე მის მიერ მესამე პირებთან წინასწარი ვადიანი ნასყიდობის, ვადიანი ნასყიდობის ან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემთვევაში ხელშეკრულების ვადა იქნება არაუმეტეს ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის 2007 წლის 07 ნოემბერს დადებული №4 აღნაგობის ხელშეკრულების ვადისა, რომლის გასვლის შემდეგაც ნასყიდობის/იჯარის ობიექტი, საკუთრებაში რჩება პირვანდელ მესაკუთრეს ან წინამდებარე მორიგების შპს „...“ ბრალით (რაც გულისხმობს შპს „...“ მიერ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას) გაუქმების, ასევე აღნაგობით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის თვითმმართველი ქ. ქუთაისის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლით დადგენილი წესით გამოსყიდვის შემთხვევაში - თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს; შპს „...“ იკისრა ვალდებულება სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს დადებული №4 აღნაგობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე მორიგების (ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს დადებული №4 აღნაგობის ხელშეკრულებისა და წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას) გაუქმების შემთვევაში ქალაქ ქუთაისში, ... გამზირი №67-ის დასავლეთით მდებარე ტერიტორიასა და გზის მონაკვეთზე, მიწის ნაკვეთზე (ფართობით 1871 კვ.მ) აშენებულ ან მშენებარე ნაგებობასთან დაკაშირებით შპს „...“ და მესამე პირებს შორის დადებული ყოველგვარი ხელშეკრულება, მათ შორის როგორც ვადიანი ნასყიდობის, ასევე წინასწარი ვადიანი ნასყიდობის და საიჯარო ხელშეკრულებებიც ძალაშია არაუმეტეს ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს დადებული №4 აღნაგობის ხელშეკრულების ვადით, რომლის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების ობიექტი გადადის თვითმმართველი ქ.ქუთაისის საკუთრებაში, ხოლო შპს „...“ და თვითმმართველი ქ.ქუთაისის მერიას შორის შემდგომი უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრა 2007 წლის 7 ნოემბრის №4 აღნაგობის ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2014 წლის 5 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა არარეზიდენტი ფ/პ-ის ა. წ-ის წარმომადგენელმა ე. ტ-ემ, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინებით ა. წ-ის წარმომადგენლის ე. ტ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქაალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე და 422-ე მუხლებით და მიუთითა ზემოაღნიშნული განჩინებით დამტკიცებული გარიგების შინაარსზე, კერძოდ სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ „თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულო და მერია თანახმა არიან აღდგეს ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს დადებული №4 აღნაგობის ხელშეკრულების მოქმედება 2011 წლის 10 იანვრიდან და შპს „...“ გააგრძელოს აღნაგობით გადაცემული მიწის ნაკვეთით სარგებლობა ზემოთ მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად“. ამდენად, ამ განჩინების საფუძველზე არ მომხდარა თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს და მერიის მიერ ქონების (... გამზირის №50-ის დასავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთის) უშუალო განკარგვა. აღნიშნული ქონება განკარგულია ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს დადებული №4 ხელშეკრულებით, რომლითაც შპს „...“ პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით 45 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, საერთო ფართით 2171 კვ/მ, მდებარე ქ ქუთაისში, ... გამზირზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაკვეთი № 5 – 1037კვ.მ.; ნაკვეთი №6 – 834 კვ/მ და ... გამზირის №50-ის დასავლეთით უნივერმაღი „...“ მიმდებარე 300 კვ/მ მიწის ნაკვეთი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის განმარტებით, რომ იგი ელოდებოდა ქ. ქუთაისში, ... გამზირზე მდებარე ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე უფლების შეძენას და მას ქუთაისის მერია აღუთქვამდა მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემას, არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად დადგენილ იქნეს, რომ აღნიშნული მოლოდინი საკუთრების უფლების შეძენით დამთავრდებოდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული განჩინება ა. წ-ის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ არ შეხებია და, შესაბამისად, არ არსებობს საქმის წარმოების განახლებისათვის, კანონით დადგენილი, აუცილებელი საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. წ-ის წარმომადგენელმა ე. ტ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით არ მომხდარა თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს და მერიის მიერ ქ. ქუთაისში, ... გამზირის №50-ის დასავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთის უშუალო განკარგვა, ასევე აღნიშნული ქონება განკარგულია ქ. ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს დადებული №4 ხელშეკრულებით და ა. წ-ი არ წარმოადგენდა ქ.ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 იანვრის №15 ბრძანებით ბათილად ცნობილი 2007 წლის 7 ნოემბრის ხელშეკრულების მხარეს. განმცხადებლის მოსაზრებით, ა. წ-ი მართალია არ იყო ხელშეკრულების მხარე, თუმცა ის, რომ იგი დაინტერესებული პირია და რომ აღნიშნული განჩინება მის კანონიერ ინტერესებს ეხება ეს ცალსახაა.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე განმარტავს, რომ ა. წ-ის მიერ 2008 წელს გასაჩივრებულ იქნა ქ.ქუთაისის მერის №1691 ბრძანება და ამის საფუძველზე ქ.ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის დადებული 2007 წლის 7 ნოემბრის №4 ხელშეკრულება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მისი მოთხოვნა არ დაკამყოფილდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სწორედ ამ ეტაპის შემდგომ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოებისას, არარეზიდენტ ფ/პ-ის ა. წ-ის წარმომადგენელმა გამოიხმო სარჩელი, ვინაიდან ქ.ქუთაისის მერია მას დაპირდა, რომ ქ.ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის დადებული 2007 წლის 7 ნოემბრის №4 ხელშეკრულება გაუქმდებოდა, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა კიდეც, თუმცა იგი ასევე დაპირდა კერძო საჩივრის ავტორს, რომ მასთან დადებდა ხელშეკრულებას ქ. ქუთაისში, ... გამზირი N50-ში უნივერმაღი ,,...’’ დასავლეთით მდებარე 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ქ.თბილისის მერიასა და შპს „...“ შორის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტით აღდგა ქ.ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის დადებული 2007 წლის 7 ნოემბრის №4 ხელშეკრულება, რომლითაც შპს „...“ განსაკარგავად გადაეცა ქ.ქუთაისში, ... გამზ. N50ა-თან მიმდებარე ტერიტორიის 1300 კვ.მ მიწის ფართობი, რაც პრაქტიკულად იყო ა. წ-ის გამგებლობაში და რაზეც დღემდე იხდის ქონების გადასახადს.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორი დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალტის 2014 წლის 8 აპრილის განჩინებას, მოითხოვს მის გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას, რომელზეც არარეზიდენტი ფ/პ ა. წ-ი, როგორც დაინტერესებული პირი მიწვეული იქნება საქმის განხილვაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველ ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტის მიზნით საქმისწარმოების პროცესს, რომელიც მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების რეალიზების პროცესუალური საშუალებაა.
ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაბმა უზრუნველყოფს ამ პირის სამართლებრივი (სამართლის ნორმებით დაცული) ინტერესებისა და უფლებების დაცვას, საქმის ყოველმხრივ განხილვას, პროცესის ეკონომიურობას, სამართლებრივ უზრუნველყოფას. საქმეში მესამე პირად ჩასაბმელი პირის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება მისი როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე პროცესუალურ-სამართლებრივი დაინტერესებით საქმის მსვლელობისადმი. მესამე პირთა ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვან ინსტიტუტს განეკუთვნება, შესაძლებლობას ანიჭებს საქმეში ამ სტატუსით მონაწილე პირებს მოახდინონ თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირთა ინსტიტუტი მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული პროცესის მხარეებს, მაგრამ შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მესამე პირთა ორ კატეგორიას - მარტივ და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს.
ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირთა მარტივი მოწვევა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სავალდებულო მოწვევა - სასამართლოს ვალდებულებას.
როგორც აღინიშნა, მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ მოახდინონ საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია ა. წ-ი იმ პირად, რომლის ინტერესებსაც ეხებოდა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რამდენადაც განმცხადებელი მოცემულ სადავო სამართალურთიერთობის მონაწილედ მიიჩნევს იმ საფუძვლით, რომ იგი პრეტენზიას აცხადებს იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მხარეთა შორის გაფორმებულია ზემოაღნიშნული აღნაგობის ხელშეკრულება, ამასთან, იგი აცხადებს, რომ ქ. ქუთაისის მერია ხელშეკრულების გაუქმების პირობებში პირდებოდა სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საქმის, რომელზეც განმცხადებელი ითხოვს წარმოების განახლებას, დავის საგანზე-ქ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 იანვრის N15 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიასა და შპს „...“ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს დადებული N4 აღნაგობის ხელშეკრულება, შპს „...“ მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო. კანონიერ ძალაში შესული განჩინებით გადაწყვეტილ საქმეზე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები ეხებოდა არა ხელშეკრულების საგანზე უფლების წარმოშობის კანონიერებას, არამედ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე- შპს „...“ და ქ. ქუთაისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე მიღებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორის მიერ დასახელებული გარემოებები არ განაპირობებს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით გადაწყვეტილი დავის მიმართ მის კანონიერ ინტერესს და დავის საგანთან შემხებლობას, რამდენადაც მესამე პირის პროცესუალური ინსტიტუტი პირს აძლევს შესაძლებლობას, საპროცესო უფლებების გამოყენების გზით სადავო სამართალურთიერთობაში უზრუნველყოს მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა, ხოლო სარჩელის ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მოცემულ საქმეში წარმოდგენილი დავის საგანი არ ქმნის განმცხადებლის უშუალოდ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ მიჩნევის საფუძველს, რაც გამორიცხავს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. წ-ის კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შესაბამისად, არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მატერიალური და პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 422-ე, 262-ე, 420-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არარეზიდენტი ფ/პ ა. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
Tavmjdomare ლ. მურუსიძე
mosamarTleebi: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე