Facebook Twitter

საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე =ბს-73-71(ს-15) 26 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ვ-ის საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა.ვ-ემ 12.08.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მიმართ 29.05.2014წ. =093051 და 30.05.2014 წ. =გგ408967 სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.09.2014წ. დადგენილებით ა.ვ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა ა.ვ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.2014წ. დადგენილებით ა.ვ-ის საჩივარი დარჩა განუხილველი. აპელანტს განემარტა, რომ დადგენილება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.2014წ. დადგენილება საჩივრით გასაჩივრდა ა.ვ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საჩივრისა და გასაჩივრებული დადგენილების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ვ-ის საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეების მიერ შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდეს საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 404.2 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებები (განჩინებები) და ის აქტები, რომლებიც საპროცესო კანონმდებლობის თანახმად ექვემდებარება გასაჩივრებას.

განსახილველ შემთხვევაში ა. ვ-ეს გასაჩივრებული აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დადგენილება, რომელიც გამოტანილია არა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ"ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე. მიმდინარე საქმეში სადავოდ არის გამხდარი შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ა. ვ-ეს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი ასკ-ის 1811.1 მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, ვინაიდან დავის საგანი ასკ-ის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაა, ამიტომ სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული წესით (XXII თავი) უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება. ასკ-ის 272.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გასაჩივრდეს ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორმა 30.05.2014წ. ა.ვ-ის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ა.ვ-ის მიერ გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოში. ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს 09.07.2014წ. ბრძანებით ა.ვ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც ა.ვ-ის მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.09.2014წ. დადგენილებით ა.ვ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა ა.ვ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.2014წ. დადგენილებით ა.ვ-ის საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასკ-ის 272.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქალაქო (რაიონული) სასამართლოს დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობას (იხ. სუს 22.01.2015წ. ბს-454-448(კს-14) განჩინება). ამდენად, ა. ვ-ე არ არის უფლებამოსილი პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება რომელიმე საპროცესო საშუალებით გაასაჩივროს ზედა ინსტანციის სასამართლოებში, შესაბამისად მართლზომიერია სააპელაციო პალატის გასაჩივრებული დადგენილება ა.ვ-ის საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა.ვ-ის საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოედექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ვ-ის საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილვევად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ.ვაჩაძე