Facebook Twitter

საქმე ბს-773-759 (კს-14) 26 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. თ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.11.14წ. განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გორის რაიონული სასამართლოს 28.09.11წ. გადაწყვეტილებით ო. თ-ის სარჩელი მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის სარეგისტრაციო სამსახურის, შპს „...“ და რ. თ-ის მიმართ გორის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო ჩანაწერის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.11წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. თ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.11წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. თ-მა.

საკასაციო სასამართლოს 02.05.12წ. განჩინებით ო. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.08.12წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რ. თ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერი 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 90.40 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ივლისის №101910 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. თ-მა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, გორის სარეგისტრაციო სამსახურმა და რ. თ-მა.

საკასაციო სასამართლოს 25.12.12წ. განჩინებით საკასაციო საჩივრები მიჩნეული იქნა დაუშვებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.13 წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.08.12წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ო. თ-მა 06.03.14წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.08.12წ. კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში რ. თ-ის (მესაკუთრის) მაგიერ დღევანდელი მესაკუთრის - ი. ბ-ის (ჩ-ის) ჩაწერა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.14წ. განჩინებით ო. თ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.08.12 წ. გადაწყვეტილებაში მითითებული მხარის შეცვლის (უფლებამონაცვლეობის დადგენის) თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-მა.

საკასაციო სასამართლოს 17.06.14წ. განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.14წ. განჩინება და განცხადების განხილვის სტადიიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.11.14წ. განჩინებით ო. თ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.08.12წ. გადაწყვეტილებაში რ. თ-ის უფლებამონაცვლედ ჩაბმული იქნა ი. ბ-ი (ჩ-ე).

განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ო. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.08.12წ. გადაწყვეტილებით ო.თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გორის რაიონული სასამართლოს 28.09.11წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ო.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი რ.თ-ის სარჩელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 02.11.10წ. განხორციელებული ჩანაწერი (=66.59.06.17) 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 90.40 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 05.07.11წ. =101910 გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე გადაწყვეტილებით ო.თ-ს ამ ეტაპზე უარი ეთქვა სადავო საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის მის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნაზე. სააპელაციო სასამართლოს 30.08.12წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ო.თ-ის, რ.თ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქ.გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.12.12წ. განჩინებით ო.თ-ს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის სარეგისტრაციო სამსახურის და რ. თ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. შესაბამისად, ძალაშია შესული სააპელაციო სასამართლოს 30.08.12წ. გადაწყვეტილება. სსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, გადაწყვეტილების ობიექტური ფარგლებიდან გამომდინარე, არ აქვთ უფლება ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძვლებზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.11.14წ. განჩინება გამოტანილია ო.თ-ის განცხადებაზე უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებით, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლო წარმოება მიზნად ისახავს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელის შეწყობას სამართალურთიერთობიდან პირის გასვლის შემთხვევაში (გადაწყვეტილების ობიექტური ფარგლები) და არ მოიცავს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადგენილი მდგომარეობის შეცვლის, სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი განცხადების შეტანა იქნებოდა კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვის დამატებითი საშუალება, რასაც საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. უარის თქმის ნაწილში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის საფუძველია გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ვინაიდან დაუშვებელია უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებით გამოტანილ განჩინებაზე კერძო საჩივარში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას კერძო საჩივარში მითითებულ ისეთ გარემოებებზე, რომელიც ძალაში მყოფი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას ეხება (ანდერძი, მემკვიდრეობის მოწმობა, მიწათმოწყობის ნახაზი და სხვ.).

საკასაციო პალატა მიინევს, რომ უფლებამონაცვლის ჩაბმასთან დაკავშირებით განცხადებაზე მიღებულ სასამართლო აქტზე შეტანილი კერძო საჩივრის ფარგლები არ იძლევა კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების ბათილობაზე მსჯელობის შესაძლებლობას. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ო.თ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.08.12წ. =3ბ/811-12 გადაწყვეტილებაში რ.თ-ის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ი.ბ-ი, კერძო საჩივარი არ შეიცავს მითითებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.11.14წ. განჩინების უსწორობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვლისწინებული წესების დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობას. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (სსკ-ის 396.3). ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული 04.11.14წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ო. თ-ის განცხადება, საქმეში რ. თ-ის უფლებამონაცვლედ ჩაერთო ი. ბ-ი. ამდენად, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილებულია ო.თ-ის მოთხოვნა, კეძო საჩივარში არ იკვეთება მისი უფლებადამცავი ინტერესი, შესაბამისად იგი არ არის სააპელაციო პალატის 04.11.14წ. განჩინების გასაჩივრებაზე უფლებამოსილი სუბიექტი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლისა და 396-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ო.თ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. თ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნას განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე