საქმე #ბ-1553-8 (ა-14) 05 მარტი, 2015 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარს სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მ. ვაჩაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მ. ზ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.14წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.12.13წ. გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, გენერალური ინსპექციის 16.08.13წ. №44-2013 დასკვნის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 20.08.13წ. №989 ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე მ. ზ-ის კერძო აღმასრულებლის ლიცენზიის აღდგენის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 20.08.13წ. №989 ბრძანება და დაევალა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ზ-ესთან მიმართებაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და მ. ზ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.14წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ და მ. ზ-ემ.
საკასაციო სასამართლოს 17.10.14წ. განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლოს 17.10.14წ. განჩინებით მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ზ-ემ, რომელმაც საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მის მიერ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არ იყო დარღვეული. კერძოდ, საკასაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 11.09.14წ., მან სწორედ 11.09.14წ. ჩააბარა საკასაციო საჩივარი ფოსტას. აღნიშნულის დასტურად საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საქართველოს ფოსტის გზავნილის რეესტრი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უნდა განახლდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს 17.10.14წ. განჩინებით განუხილველად დარჩა მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, კერძოდ, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დართული ჰქონდა კონვერტი, რომელზე დასმული შტამპით დაფიქსირებული იყო თარიღი _ 12.09.14წ., სხვა ინფორმაცია საკასაციო საჩივრის შეტანის ვადასთან დაკავშირებით საქმის მასალებით არ დგინდებოდა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უზენაესი სასამართლოს მიერ დატოვებულ იქნა განუხილველად, რამდენადაც საკასაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 11.09.14წ..
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, კერძოდ, საქართველოს ფოსტის მიერ გაცემული რეესტრიდან ირკვევა, რომ მ. ზ-ის გზავნილი სააპელაციო სასამართლოსადმი (№010026174383) ფოსტას ჩაბარდა 11.09.14წ.. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ზ-ის მიერ დაცული იყო საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე უნდა განახლდეს საქმის წარმოება.
ვიხელმძღვანელე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე, 431-ე მუხლებით და
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:
1. მ. ზ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.14წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.14წ. განჩინება.
3. განახლდეს საქმის წარმოება მ. ზ-ის საკასაციო საჩივარზე;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე