საქმე №ბს-3-3(გ-15) 26 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - ჩ. მ-ი
მოპასუხეები - 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2014 წლის 19 დეკემბერს ჩ. მ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 სექტემბრის #882014486022-03 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 27 ნოემბრის #248173 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა და ჩ. და ჩა. მ-ების სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ჩ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
სასამართლოს განმარტებით, მართალია მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, თუმცა დავის საგანი მოიცავს არა მხოლოდ მისი გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შეფასებას, არამედ განსჯადი სასამართლოს მიერ ერთობლივად უნდა შეფასდეს, როგორც გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების (საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერება.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, რასაც მოცემულ შემთხვევაში რუსთავის საქლაქო სასამართლო წარმოადგენს.
რუსთავის საქალაქო სასამართლო 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესს, რომლის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.
მოცემულ საქმეზე მოსარჩელე მოპასუხედ ასახელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 სექტემბრის #882014486022-03 გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 27 ნოემბრის #248173 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 სექტემბრის #882014486022-03 გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომლის მიერაც საჩივარი არ იქნა განხილული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო.
სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებიოთ განსჯად სასამართლოს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფელის მიხედვით (ქ. თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ნ.ჩხეიძის ქ. N2) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ჩ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 სექტემბრის #882014486022-03 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ბათლად ცნობა;
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 27 ნოემბრის #248173 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა;
3. ჩ. და ჩა. მ-ების სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას საგნობრივი, ან/და ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე სადავო აქტი, კერძოდ,
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 სექტემბრის #882014486022-03 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 27 ნოემბრის #248173 გადაწყვეტილება ერთი და იგივე სამართალურთიერთობას ეხება, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არიან ერთიანი სისტემის ქვედა და ზედა ორგანოები. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დედაქალაქის სასამართლოში თავმოყრის ტენდენციის შესუსტების მიზნით, სასამართლო პროცესის ეკონომიურობის, მართმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქმის განხილვა უნდა მოხდეს ძირითადი აქტის გამომტანი ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად. ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციული ორგანოსათვის არის საქმიანობის თვითკონტროლის საშუალება, ადმინისტრაციული წარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობა ადგენს არა მხოლოდ პოზიტიურ, უდავო, არამედ ნეგატიური, სადავო ურთიერთობების გადამჭრელ პროცუდერებს მოქალაქესა და ადმინისტრაციას შორის, საჩივარი არის პირის უფლების დაცვის საშუალება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის მართლზომიერება. ამასთან, მოსარჩელე ჩ. და ჩა. მ-ების სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას ითხოვს.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით მხოლოდ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფელის (ქ. თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის ქ. #2) მიხედვით სარჩელი განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, რასაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჩ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე