Facebook Twitter

საქმე №ბს-468-457(გ-14) 10 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ე. ა-ე

მოპასუხეები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. ა-ემ 2014 წლის 14 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 31 მარტის №882014153656-03 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 ივნისის №84670/17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით ე. ა-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით მოწესრიგებულია სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის საკუთრების უფლების, ქონების უფლებირივი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს N1/150-2007 გადაწყვეტილებით ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” განისაზღვრა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, 23-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავი ნივთი - მიწის ნაკვეთი მდებარეობს ხელვაჩაურში, .... ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მომხდარიყო იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეკიამ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,

მოსარჩელე ე. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადააგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის განჩინებით სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად ე. ა-ის სარჩელი გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (მის: ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32).

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთებზე უფლებას, შეიძლება შეტან იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 7 აგვისტოს №1/170 გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების თანახმად, „ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“, ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რიგი ტერიტორიები მოექცა ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში. აღნიშნულმა განაპირობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გარკვეული ტერიტორიული ერთეულების თემების ნაწილობრივ დაყოფა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში როგორც სასარჩელო განცხადებით ირკვევა დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაური, მწვანე კონცხი, რომელიც დღეის მდგომარეობით თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებშია შესული. შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, ე. ა-ის სარჩელი წარდგენილი უნდა ყოფილიყო სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ე. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიაჩნია, რომ ე. ა-ის სარჩელი საქმესთან ერთად უნდა დაუბრუნდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასამართლოთა შორის დავა საქმის განსჯადობის თაობაზე, შესაბამისად, სახეზე არ არის ამავე მუხლით დადგენილი საკასაციო სასამართლოს იურისდიქცია - სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის უფლებამოსილების თაობაზე, ვინაიდან ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო არ დავობს, რომ საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ განხილვას ექვემდებარება, არამედ, მიაჩნია, რომ საქმე სრულიად სხვა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განხილვის საგანს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, არამედ ამავე მუხლის მე-2 ნაწილით და საქმე გადაეგზავნა უფლებამოსილი სასამართლოსათვის, რომელიც თუ მიიჩნევდა, რომ განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე წამოიწყებდა დავას განსჯადობის შესახებ, რა შემთხვევაშიც საკასაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება, გადაწყვიტოს დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, სახეზე იქნებოდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავა განსჯადობის თაობაზე, რომლის გადაჭრის უფლებამოსილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გააჩნია საკასაციო სასამართლოს, გულისხმობს სასამართლოთა შორის შეუთანხმებლობას დავის საგანთან მიმართებაში სასამართლოს უფლებამოსილების პრინციპის გათვალისწინებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მსჯელობა სასამართლოთა შორის ასეთი დავის არსებობისა და შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით საქმის საკასაციო სასამართლოსათვის გადმოგზავნის თაობაზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ე. ა-ის სარჩელის საგანი წარმოადგენს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას, რადგან სადავო უძრავი ქონება სოფ. ... მდებარეობს; ხოლო ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, ნაცვლად განსჯადობაზე დავის წამოწყებისა, საქმე უნდა გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის განსახილველად იმ მოტივით, რომ ე. ა-ის მიერ აღძრულ სარჩელში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები არიან - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შესაბამისად დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეთა მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოცემული ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება. აღნიშნულის გამო, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები და არა მე-18 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური განსჯადობის წესები, რომელზეც უთითებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757–Iს დადგენილებაზე აპელირებით, რომლის თანხამად, სოფ. ... მდებარე სადავო უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებშია მოქცეული. თუმცა, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს აღნიშნული დასაბუთებითაც საქმე უნდა გადაეგზავნა განსჯადი - ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის და არა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს შორის არ არსებობდა დავა განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა კლასიკური დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თუ ბათუმის საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმებოდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მსჯელობას დავის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადად მიჩნევის თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უფლებამოსილი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ საქმის გადაგზავნის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლო წამოიწყებდა დავას ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ სადავოა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე ტერიტორიული განსჯადობა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, რომლის მსჯელობის საგანი არც გამხდარა წინამდებარე საქმის განხილვის კომპეტენცია, რაც ნათლად მიანიშნებს, რომ ამ ვითარებაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შორის არ არსებობს დავა განსჯადობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაშვებული სასამართლოებს შორის საქმის განსჯადობის შესახებ დავა უზრუნველყოფილია და ემსახურება საქმის მხოლოდ იურისდიქციული ორგანოს მიერ განხილვის იმპერატიული დანაწესის შესრულებას, ხოლო საკასაციო სასამართლოსათვის მინიჭებული კომპეტენცია განსჯადობის შესახებ გულისხმობს ორი სასამართლოს მსჯელობის სამართლებრივ შეფასებას. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საკასაციო სასამართლო მსჯელობს მოდავე სასამართლოების დასაბუთებულ შეხედულებებზე კომპეტენციის თაობაზე და წყვეტს დავას სწორედ ერთ-ერთი სასამართლოს მსჯელობის, სამართლებრივი კვალიფიკაციის გაზიარების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსჯადობის შესახებ დავის არარსებობის გამო საქმე უნდა დაუბრუნდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე - ე. ა-ის სარჩელისა გამო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, დაუბრუნდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე