№ბს-668-653 (გ-14) 10 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს ,,...'' სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 13 ნოემბრის №29/2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „ა...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 ივნისის განჩინებით შპს ,,...'' სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 13 ნოემბრის №29/2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომელიც მატერიალური თვალსაზრისით შემოწმებას ექვემდებარება კერძოსამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან დავის საგანი კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდანაა წარმოშობილი. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ უნდა შეფასდეს სასმელი წყლის მიწოდების თაობაზე წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების საკითხი, რის გამოც მისი მოსაზრებით, წარმოდგენილი სარჩელი მიეკუთვნებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას, შესაბამისად, განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ განსახილველ დავაში მონაწილობს ადმინისტრაციული ორგანო, ვერ შეცვლის დავის კერძოსამართლებრივ ხასიათს და ვერ განაპირობებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოცემული დავის განხილვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 08 სექტემბრის განჩინებით შპს ,,...'' სარჩელის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 13 ნოემბრის №29/2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ ,,...'' სარჩელი არ განეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით განსაზღვრულ საქმეთა კატეგორიას.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, აღძრული დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის საფუძველზეც მიუთითა ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ'' პუნქტზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო უფლებამოსილებების განმახორციელებელ კოლეგიური მართვის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს დამატებითი საჯარო უფლებამოსილება - გადაწყვიტოს მის რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებს, ასევე ამ საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის არსებული დავები, ხოლო დავები განიხილება საჯარო მოსმენის წესით და ამ საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც საჩივრდება საერთო სასამართლოში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილა მიმწოდებელს ანუ შპს ,,...'' და მომხმარებელს - შპს ,,ა...'' შორის არსებული დავა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 13 ნოემბრის №29/2 სადავო გადაწყვეტილება წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ, შედეგის წარმომშობ და შესასრულებლად სავალდებულო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულმა კომისიამ სადავო აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა საჯარო კანონმდებლობით - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ,,ელექტოენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ'' საქართველოს კანონით. შპს ,,...'' და შპს ,,ა...'' შორის არსებული კონკრეტული სადავო ურთიერთობა წარმოადგენს თუ არა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განსახილველ საკითხს და უნდა მიეღო თუ არა კომისიას მოცემული ურთიერთობის ფარგლებში გადაწყვეტილება საერთოდ, აღნიშნული ცალკე განხილვის საგანია და სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს ადმინისტრაციული სასამართლოს კვლევის საგანს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნული დავის წარმოდგენილი სახით განხილვა შეუძლებელია, ვინაიდან სადავო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება (უნდა მიეღო თუ არა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გადაწყვეტილება მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, როდესაც სახეზე არ არის სამართალდარღვევა) უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ შპს ,,...’’ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე საგნობრივი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ კოლეგიას და განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ამდენად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ და მეორე ნაწილში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და მისგან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებში, ამასთან აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დავის საგანზე, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნით სადავოდ გახადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 13 ნოემბრის N29/2 გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ’’ საქართველოს კანონით ეროვნული მარეგულირებელი ორგანო არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების’’ საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისგან და მოქმედებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
ამდენად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების’’ საფუძველზე კომისიის ერთერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, კომისიის სამართლებრივი აქტებია მისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – დადგენილება. კომისიის დადგენილებით მტკიცდება: ა) კომისიის დებულება; ბ) ადმინისტრაციული წარმოების დებულება; გ) სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები; დ) რეგულირების საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესი; ე) ლიცენზირების წესები; ვ) მიწოდებისა და მოხმარების წესები; ზ) ტარიფების მეთოდოლოგია; თ) ტარიფები (მათ შორის, ზღვრული); ი) ნორმატიული დანაკარგების ოდენობა და გაანგარიშების წესი; კ) ქსელის წესები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ამავე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მომხმარებლებისა და ბაზრის ოპერატორისათვის.
ამდენად, ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა არის საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განხორციელება და იგი წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებით’’ გათვალისწინებულ კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას, ხოლო ამ ფუნქციის განსახორციელებლად ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებული დარიცხვის კანონიერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა სწორედ ადმინისტრაციული ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, რამდენადაც დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურებით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და 26-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე და 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...’’ სარჩელი მოპასუხე _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
Tavmjdomare ლ. მურუსიძე
mosamarTleebi: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე